"კაცი, რომელიც კითხულობდა ძველ ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს" - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელიც კითხულობდა ძველ ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს"

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა დამწერლობის ფენომენის შექმნაა. შეიძლება ითქვას, რომ დამწერლობის გარეშე არ განვითარდებოდა ცივილიზაცია და შესაბამისად, კულტურა.

დამწერლობის დამსახურებაა ადამიანის სწრაფი ევოლუცია ე.წ. პირველყოფილი, თემური მდგომარეობიდან თანამედროვეობამდე. ის არის ადამიანის სულიერი და კულტურული მოთხოვნილებების ერთ-ერთი ძირითადი გამომხატველი.

დამწერლობის მნიშვნელობა ისტორიული თვალსაზრისით განუსაზღვრელია. სწორედ წერილობითი ძეგლების წყალობით გახდა შესაძლებელი უძველესი ცივილიზაციების სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების თითქმის სრული სურათის წარმოჩენა. შესაბამისად, თვით დამწერლობათა გაშიფვრის საკითხები ყოველთვის იყო მეცნიერთა და ასევე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული წარწერის ამოკითხვის ისტორია ყველასთვის საინტერესოა. ეს ერთგვარი რომანტიკული თავგადასავალია ადამიანთა მთელი პლეადისა, რომლებიც ათეულობითა და ასეულობით წლების, თაობათა განმავლობაში ცდილობდნენ, საიდუმლოებით მოცული ნიშნები ამოეკითხათ.

1822 წლის 14 სექტემბერს ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში გააკეთა მოხსენება ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის შესახებ. ეს დღე ითვლება ეგვიპტოლოგიის დაბადების თარიღად. თუმცა მას მრავალი დღე, წელიწადი თუ საუკუნე უსწრებდა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ეროვნების მკვლევართა შრომისა ერთი მიზნის მისაღწევად - ამოეხსნათ იეროგლიფების საიდუმლოება.

პირველები, რომლებმაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მიაპყრეს იეროგლიფებს ყურადღება, ძველი ბერძნები იყვნენ. ისინი იეროგლიფებს ღვთიურ დამწერლობად მიიჩნევდნენ. IV საუკუნის ბერძენი მოაზროვნის, ჰორაპოლონის ორტომიან ტრაქტატში მოცემულია მრავალი იეროგლიფის მნიშვნელობა. სხვა მასალის უქონლობის წყალობით, ეს ნაშრომი დაედო საფუძვლად გაშიფვრის ყველა შემდგომ მცდელობას. ჰორაპოლონის წარმოდგენით, იეროგლიფური დამწერლობა ხატოვან დამწერლობათა ტიპებს განეკუთვნებოდა და ყოველ იეროგლიფს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, კურდღლის გამომსახველი იეროგლიფი აღნიშნავდა „გახსნას“, „გაღებას“, ვინაიდან „კურდღელს თვალები მუდამ გახელილი აქვს“. „შამპოლიონის მიერ იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ იეროგლიფების განვითარების ისტორია მართლაც სიმბოლური გამოსახულებებით იწყებოდა. სახლის აღმნიშვნელი იეროგლიფი მართლაც სახლს აღნიშნავდა, დროშის – ღმერთს, მაგრამ ეს იყო დასაწყისში. მოგვიანებით კი მდგომარეობა შეიცვალა და ამიტომ ჰორაპოლონის მიერ მოცემული გეზი არასწორ გზაზე აყენებდა მკვლევრებს“, - წერდა კერამი (ჩ.ჭ. ჩერამ გახლდათ ფსევდონიმი გერმანელი ჟურნალისტისა და ავტორისა, კურტ ვილჰელმ მარეკისა) თავის უპოპულარულეს წიგნში „ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები“.

სწორედ ჰორაპოლონის თეორია დაედო საფუძვლად XVII საუკუნის გერმანელი იეზუიტის, მათემატიკის პროფესორ ათანასე კირხერის ნაშრომს ეგვიპტურ იეროგლიფიკაზე. სამწუხაროდ, კირხერის დასკვნები იმდენად აბსურდული იყო, რომ მან „ჰორაპოლონის ყველაზე ღრმააზრიანი ახსნები გაახუნა“. მაგალითად, იმპერატორ დომიციანეს ბერძნული ტიტულის, ავტოკრატორის აღმნიშვნელ იეროგლიფთა ჯგუფს კირხერი შემდეგნაირად „კითხულობდა“: „ნაყოფიერებისა და მთელი მცენარეულობის შემოქმედი ოსირისი, რომელიც ნაყოფიერების უნარს თავის სამეფოში დაუშვებს ციდან...“

კირხერის აზრით, თვალის გამომხატველი იეროგლიფი, რომელიც აღნიშნავდა კიდეც არსებით სახელს „თვალი“ ან ზმნა „კეთება“, იკითხებოდა როგორც „ანუბისის სიფხიზლე“, ხოლო თანხმოვან „ნ“-ის აღმნიშვნელი, მდინარის დინების გამომხატველი ზიგზაგი, როგორც „ბუნების ტენიანობა“.

მიუხედავად ამგვარი მცდარი დასკვნებისა, კირხერი იყო პირველი, რომელიც ჩასწვდა კოპტური ენის მნიშვნელობას იეროგლიფიკის გაშიფვრისთვის. სწორედ კირხერმა გამოსცა რომში კოპტური ენის ლექსიკონი და გრამატიკა, რამაც საშუალება მისცა შემდგომი ეპოქების მკვლევართ, კოპტური ენა შეესწავლათ. ინგლისელმა ეპისკოპოსმა უილიამ უორბერტონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იეროგლიფებს ჰქონდათ არა მარტო იდეოგრამული, არამედ ბგერითი მნიშვნელობაც და რომ ტექსტები შეიცავენ არა მარტო რელიგიურ, არამედ საყოფაცხოვრებო ხასიათის ინფორმაციასაც. ეს აზრი არაერთმა მკვლევარმა გაიზიარა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე ჟოზეფ დე გინი, რომლის ფანტასტიკური მოსაზრებით, ჩინელები ეგვიპტელი კოლონისტები არიან. გამოითქვა საპირისპირო მოსაზრებაც უკვე ეგვიპტელთა ჩინელ კოლონისტებად წარმოჩენის შესახებ. ჩნდებოდა კიდევ უფრო ფანტასტიკური და კურიოზული ხასიათის მოსაზრებებიც. ერთ-ერთი მათგანი იეროგლიფებს წარმოადგენდა ორნამენტებად, რომელთაც ეგვიპტელები ბერძნების მოსატყუებლად დამწერლობად ასაღებდნენ. სხვა ჰიპოთეზის თანახმად კი იეროგლიფები მიწათმოქმედებასთან, ასტრონომიასა და სხვ.

დაკავშირებული ემბლემები იყო. გერმანელ პროფესორ სამუელ სიმონ ფიტემ ივარაუდა, რომ იეროგლიფები ქვისმთლელთა მუშაობის ნაყოფი იყო, ხოლო ობელისკები და პირამიდები - ვულკანური ამოფრქვევების შედეგი... ერთ-ერთმა ე.წ. მეცნიერმა საზოგადოებას წარწერათა გაშიფვრის ფრიად ორიგინალური ხერხი შესთავაზა. მისი ღრმა რწმენით, საჭირო იყო დავითის ფსალმუნების თარგმნა ჩინურ ენაზე და ძველი ჩინური დამწერლობით ჩაწერა. ამ გზით, როგორც იგი ირწმუნებოდა, მიიღებოდა ძველეგვიპტურის ანალოგიური დამწერლობა.

ბუნებრივია, ამგვარი ფანტასმაგორიული მოსაზრებანი გამოწვეული იყო დამწერლობის ნიმუშების უკმარისობით. არ არსებობდა ბილინგვა, ორენოვანი წარწერა, რომელიც მკვლევართ საშუალებას მისცემდა, იეროგლიფები სხვა ცნობილ დამწერლობასთან შეედარებინათ. ზემოხსენებულ ფანტასტიკურ და უსაფუძვლო მოსაზრებათა პარალელურად, ცნობილმა დანიელმა მკვლევარმა, არაბისტმა კარსტენ ნიბურმა შეამჩნია, რომ იეროგლიფები ორ ჯგუფად იყოფოდა: დიდებად და პატარებად. მან ივარაუდა, რომ დიდი იეროგლიფები იდეოგრაფიული დატვირთვისა იყო, ხოლო პატარები - ანბანურისა. ნიბურმა ისიც შენიშნა, რომ იეროგლიფთა საერთო რაოდენობა არც იმდენი იყო, როგორც მანამდე ვარაუდობდნენ. ეს კი ეჭვქვეშ აყენებდა დამწერლობის იდეოგრაფიულ ხასიათს - დამწერლობის პრინციპს, როცა გრაფიკული ერთეული შეესაბამება სიტყვას ან მორფემას (მნიშვნელობის მქონე უმცირეს ენობრივ ერთეულს). ამ დასკვნის წყალობით კარსტენ ნიბურმა დაიკავა საპატიო ადგილი იმ მეცნიერთა შორის, რომლებმაც ხელი შეუწყეს იეროგლიფების გაშიფვრას.

1799 წელს ეგვიპტეში ნაპოლეონის ჯარები გადასხდნენ. კამპანიაში ნაპოლეონს მეცნიერთა დიდი ჯგუფი ახლდა, ხოლო საექსპედიციო გემები დატვირთული იყო სამეცნიერო ლიტერატურით რეგიონის შესახებ. ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას სამხედრო ინჟინერმა პიერ ფრანსუა ბუშარმა შემთხვევით იპოვა იეროგლიფების გაშიფვრის გასაღები - შავი ბაზალტის სტელა, რომელზეც სამ ენაზე სამი სხვადასხვა დამწერლობით იყო შესრულებული წარწერა. ეს ქვა, რომელიც „როზეტას ქვის“ სახელით არის ცნობილი, გახდა ის ბედნიერი აღმონაჩენი, რომელმაც იეროგლიფების ამოკითხვას დაუდო საფუძველი. სტელას პირველი და ყველაზე დაზიანებული წარწერა 14-სტრიქონიანია. შესრულებულია ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობით.

იგი ძლიერ არის დაზიანებული, მომტვრეული აქვს მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მეორე, შუა წარწერა, 32-სტრიქონიანია. იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ და შესრულებულია ე.წ. დემოტური (სახალხო) დამწერლობით. ეს დამწერლობა ეგვიპტეში გამოიყენებოდა ძვ.წ. 800 - ახ.წ. 200 წწ-ში. მესამე, 54-სტრიქონიანი წარწერა ბერძნულ ენაზე, არქაული ბერძნულით არის შესრულებული. მასში ნათქვამია, რომ ტრილინგვა შესრულებულია „წმინდა“, „სახალხო“ და ელინური დამწერლობებით. მეცნიერებმა პირველად „სახალხო“ დამწერლობის გაშიფვრა სცადეს, ვინაიდან იგი ნაკლებად იყო დაზიანებული და თავისი გრაფიკული მოხაზულობით საკმაო მსგავსებას ამჟღავნებდა სხვა ცნობილ აღმოსავლურ დამწერლობებთნ. პირველი საყურადღებო მცდელობა ჰქონდა ცნობილ ფრანგ აღმოსავლეთმცოდნეს სილვესტრ დე სასის, რომელიც შეეცადა, დემოტურ ვერსიაში ეპოვა ბერძნულში მოხსენიებული საკუთარი სახელები, პტოლემაიოსი და ეპიფანე. ფარგლით შეიარაღებულმა დე სასიმ მართლაც გამოთვალა ამ სახელების ადგილი დემოტურში, დაყო ისინი მარცვლებად, მაგრამ ამაზე შორს ვეღარ წაიწია. დე სასის შემდეგ იგივე სცადა კოპტური ენის სპეციალისტმა შვედმა დევიდ ოკერბლადმა. სახელების დამარცვლით მან 16-ასოიანი ანბანი მიიღო, რომლის საშუალებითაც დემოტურის რამდენიმე სიტყვის ამოცნობა შეძლო.

ძველეგვიპტურში ხმოვნები არ იწერებოდა. ჯერ კიდევ დე სასისა და ოკერბლადს მიაჩნდათ, რომ დემოტური დამწერლობა ანბანური იყო. სწორედ ამ დროს გამოვიდა ასპარეზზე ფრანგი მეცნიერი ჟან ფრანსუა შამპოლიონი. 16 წლის ასაკში იგი ფლობდა ყველა მნიშვნელოვან აღმოსავლურ ენას. 18 წლის ასაკში ის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს... პირველ ყოვლისა, მან სწორად ამოიკითხა დემოტური ნიშნების უმრავლესობა. შემდეგ ეტაპზე დაადგინა, რომ ეგვიპტეში იყენებდნენ არა მარტო იეროგლიფურსა და დემოტურ დამწერლობებს, არამედ იეროგლიფიკის სწრაფწერას, ე.წ. ჰიერატიულ დამწერლობას, რომელიც ძირითადად პაპირუსზე საწერად გამოიყენებოდა, განსხვავებით მონუმენტებსა და ობელისკებზე ამოტვიფრული იეროგლიფებისგან. შამპოლიონმა იმდენად შეისწავლა სამივე დამწერლობა, რომ შეეძლო დემოტური ტექსტის ჰიერატიულზე გადატანა, ხოლო ამ უკანასკნელის იეროგლიფებით გამოსახვა.

"როზეტას ქვის" ტექსტის ბერძნული ვარიანტის სიტყვების რაოდენობის (486) დათვლის შემდეგ მან იგი შეუსატყვისა 1419 იეროგლიფს და სწორად ივარაუდა, რომ იეროგლიფებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ იდეოგრამული მნიშვნელობანი. ეგვიპტურ წერაში გამოიყენებოდა მოგრძო კონტურებით ტექსტის შემოფარგვლა, ქვემოდან ჰორიზონტალური ხაზით - კარტუში. ის ტექსტში სამეფო სახელზე მიანიშნებს. შამპოლიონი მიხვდა, რომ კარტუშებში სახელები ფონეტიკური პრინციპით უნდა წაკითხულიყო. მართლაც, მან პტოლემაიოსის სახელის შემცველი კარტუში წაიკითხა, როგორც „პტოლმის“. ერთ-ერთი დემოტური ტექსტიდან შამპოლიონმა იცოდა, როგორ იწერებოდა სახელი კლეოპატრა. მან ვარაუდით დაწერა იეროგლიფებით ეს სახელი და როდესაც 1822 წელს ხელთ ჩაუვარდა ჯოვანი ბატისტა ბელცონის, ცნობილი იტალიელი მოგზაურის ჩანახატთაგანი, შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ობელისკზე გამოსახულ კარტუშში სახელი კლეოპატრა ზუსტად იმ იეროგლიფებით იყო ამოტვიფრული, როგორითაც ეს მან ივარაუდა. ეს უდიდესი აღმოჩენა გახლდათ.

ამის შემდეგ შამპოლიონი უკვე ადვილად კითხულობდა ისეთ ბერძნულ-რომაულ სახელებს, როგორებიცაა ალექსანდრე, დომიციანე, ტრაიანე, ტიბერიუსი და სხვ. ამასთანავე, მას არ ჰქონდა წაკითხული არც ერთი წმინდა ეგვიპტური სახელი, რის გამოც შეცდომით დაასკვნა, რომ ბგერითი ნიშნებით ეგვიპტელები მხოლოდ უცხოურ სახელებს წერდნენ, მაგრამ 1822 წლის 14 სექტემბერს მან წაიკითხა ორი კარტუში, რომლებშიც მოიხსენიებოდნენ ეგვიპტის უდიდესი მეფეები რამზესი და თუთმოსი. სწორედ ეს დღეა მიჩნეული ეგვიპტოლოგიის, როგორც მეცნიერების დაბადების ჭეშმარიტ თარიღად. სიცოცხლის ბოლო წლებში შამპოლიონმა ეგვიპტეში იმოგზაურა. ყველა დაინტერესებული იყო „ენახა კაცი, რომელიც კითხულობდა ძველ ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს“.

ერეკლე ასტახიშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”