ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე, ველიკა ნოვოსილკასთან, რუსების ალყაში უკრაინელებთან ერთად, ქართველებიც მოყვნენ. სამხედრო ანალიტიკოსების ინფორმაციით, ველიკა ნოვოსილკა უკვე დაცემული კურახოვოდან 30-იოდე კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტს, მაგრამ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ დროულად არ გასცა ბრძანება იქ თავდაცვაში მყოფი უკრაინის არმიის 110-ე მექანიზირებული და, ასევე, 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დანაყოფების პირადი შემადგენლობის დროული და ორგანიზებული უკანდახევის შესახებ. შესაბამისად, უკრაინის დამცველები, მათ შორის - ქართველებიც, რუსულ „ტომარაში“ მოყვნენ. მალევე გავიგეთ სასიხარულო ამბავი, ქართველებმა - ბესო მანუკოვმა და მალხაზ ქავთარაძემ ალყიდან გამოაღწიეს და თანამებრძოლებს გარედან გაუწიეს დახმარება. როგორ მოახერხეს ქართველებმა ალყიდან თავის დაღწევა და რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, ამის შესახებ ალყიდან გამოსული ქართველი ბესო მანუკოვი გვესაუბრება. ბესო მანუკოვი: - სამწუხაროდ, ველიკა ნოვოსილკა დავკარგეთ... 110-ე საინჟირნო ასეულში სულ ორი ქართველი ვართ - მე და მალხაზ ქავთარაძე. ჩვენს შესვლამდე სოფელში უკვე გამაგრებული იყო 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დანაყოფების პირადი შემადგენლობა, საინჟინრო ჯგუფიც იქ იყო. მე და მალხაზი დასახმარებლად შევედით. ჩვენი დავალება იყო კომბინირებული დაბრკოლებების ზოლის შექმნა - მავთულხლართების გავლება, დანაღვმა და ა.შ. მსგავსი დავალებების შესასრულებლად, ძირითადად, ღამით გავდივართ. როგორც წესი, ამჯერადაც ღამით შევედით პოზიციაზე და გადაადგილებისას საარტილერიო დაბომბვაში მოვხვდით. სოფელს ისედაც მასობრივად, შეუსვენებლად ბომბავდნენ, მაგრამ როდესაც მცირე გადაადგილებას შენიშნავდნენ, იმ ტერიტორიას მთლად მიწასთან ასწორებდნენ. ისე მოხდა, რომ პიკაპზე ღამის ხედვის ფარები გაგვიფუჭდა, იძულებულები ვიყავით, ჩვეულებრივი ფარებით შევსულიყავით. რა თქმა უნდა, მტერმა ძალიან მარტივად აღმოგვაჩინა და ზუსტად მაშინ, როდესაც ტვირთის გადმოცლა დავიწყეთ, დაბობმვა გააძლიერა. ჩვენთან ერთად იყო მძღოლი, მისი დამხმარე და რამდენიმე სამხედრო, რომლებიც ტვირთის ჩამოცლაში უნდა დაგვხმარებოდნენ. დაბომბვის შედეგად, მხოლოდ მე დავიჭერი, მსუბუქად. მასობრივი და შეუჩერებელი დაბობვის გამო, დავალების შესრულება ვერ მოვახერხეთ. საერთოდ, განძრევასაც კი ვერ ვახერხებდით. შეუსვენებლად დაფრინავდნენ ღამის ხედვის კამერებითა და თბოიზოლატორებით აღჭურვილი დრონები. როგორც კი რაიმე მცირე მოძრაობას მაინც დააფიქსირებდნენ, მომენტალურად გადასცემდნენ არტილერიას და ისინიც მაშინვე ცეცხლს გვიხსნიდნენ. ამას გარდა, მუშაობდნენ ყუმბარმტყორცნი დრონები და, ასევე, კამიკაძე დრონები. ეს ყველაფერი დაფრინავდა შეუჩერებლად დღის და ღამის განმავლობაში. შესაბამისად, საინჟინრო ჯგუფმაც ვეღარ შეძლო მუშაობა, ის კი არა, ჩვენამდეც ვეღარ მოდიოდნენ. - სამხედრო ანალიტიკოსები წერდნენ, რომ სასწაულსაც კი აღარ შეეძლო თქვენი გამოხსნა ალყიდან. როგორ გამოხვედით? - ჩვენი ევაკუაცია მოხერხდა 24 საათში - ორი ჯგუფი, რომელსაც ჩვენი ევაკუაცია უნდა მოეხდინა, 200 მეტრში იყო, მაგრამ მოახლოებას ვერ ახერხებდა. ერთი საევაკუაციო მანქანა რუსებმა ააფეთქეს და, სამწუხაროდ, 2 კაცი დაიღუპა, ორიც - დაიჭრა. ბოლოს "ბეემპე" შემოვიდა და იმის საშუალებით გამოგვიყვანეს. ჩვენ რომელ სახლშიც ვიყავით, ის სახლი სამ დღეში აიღეს. უკვე ორი დღეა, რაც ალყის ყელი სრულად შეიკრა. ჩვენმა ბიჭებმა მაინც მოახერხეს შესვლა, მდინარეებზე პონტომის ხიდების გასადებად, მაგრამ ისინიც დაბომბვაში მოყვნენ. მათ გამოიტანეს ამბავი, რომ მდინარის პირას ძალიან ბევრი დაღუპული სამხედროა. - "ბეემპეთი" მხოლოდ თქვენ გამოგიყვანეს? - არა, საინჟინრო ჯგუფიც. საინჟინრო ჯგუფს მაქსიმალურად უფრთხილდებიან, იმიტომ, რომ ეს ხალხი სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებს და მათი დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი კადრების მოძიება და მომზადებაა საჭირო, ამის დრო კი ახლა ნამდვილად არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯგუფმა ვერ იმუშავა, მუშაობას ვინ ჩივის, მასობრივი დაბომბვების გამო, თავშესაფარიდან თავშესაფარში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. - პონტომის ხიდების გადება ვეღარ მოახერხეს? - სამწუხაროდ, რუსულმა არტილერიამ არც ამ ბიჭებს მისცა მუშაობის საშუალება. - დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა თუ არის ცნობილი? - ამას ჩვენ არავინ გვეტყვის, თუმცა ვიცით, რომ მსხვერპლი ძალიან დიდია. - ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, აღმოსავლეთ ფრონტზე მუდმივ თავდაცვაში მყოფი უკრაინული არმიის დანაყოფები ძალიან ხშირად ხვდებიან რუსულ „ტომარაში“. უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ამის მიზეზი მთავარსარდალი სირსკია, რომელიც ცდილობს, მებრძოლები ბოლო წუთამდე შეატოვოს იმ პოზიციებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე დაკარგულია და მის შესანარჩუნებლად დამატებითი მსხვერპლის გაღება ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული. - ჩემი აზრით, ველიკა ნოვოსილკა, ისევე, როგორც ნებისმიერი სოფელი და ქალაქი, ნებისმიერი გოჯი მიწა, მნიშვნელოვანია. ყოველი დაკარგული მიწისთვის ჩვენ თავიდან მოგვიწევს ბრძოლა. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი? არის ქალაქები, სადაც საერთოდ არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მაგალითად, ზაპოროჟიე, დნეპრი და კიევი, მაგრამ ყოველდღიურად იბომბება საავიაციო ბომბებით. დღე არ გადის, რომ ამ ქალაქებში რამდენიმე ადამიანი არ დაიღუპოს და არ დაიჭრას, მათ შორის - ბავშვებიც. ჩვენ ისეთ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელიც ადამიანებს არსად და არასდროს არ ინდობს. - სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებს ალყაში მოქცეული უკრაინული არმიის ჯარისკაცები ტყვეებად არ აჰყავთ და ადგილზე ხვრეტენ. ხშირ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს ჯარისკაცების წამებასაც. - კი, ეს ასეა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსი ჯარისკაცები ავრცელებენ. როგორც ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები ამბობენ, ტყვეების ადგილზე დახვრეტა სამხედრო ხელმძღვანელობისგან აქვთ ნაბრძანები. - ამ ბარბაროსობაზე უკრაინული მხარის პასუხი როგორია? - უკრაინული მხარე ტყვეებს არათუ არ ხოცავს, დაჭრილებსაც კი მკურნალობს, უვლის, აცმევს, კვებავს... მათი უსაფრთხოებაც კი უზრუნველყოფილია. უფრო მეტსაც გეტყვით, თითოეულ რუს ტყვეს ყოველთვიურად 12 000 გრივნა ერიცხება. ტყვეების გაცვლის პროცესი რომ ნახოთ, გაოცდებით - რუსებს გამოჰყავთ ნაწამები, გამხდარი, გასაცოდავებული ტყვეები, უკრაინელებს კი ნაპატიები და საუკეთესო ფორმაში მყოფი ტყვეები. - მთავარსარდალ სირსკის სტრატეგია თქვენც გიჩენთ კითხვებს? - მე ვარ მებრძოლი და არ ვაკეთებ არც პოლიტიკურ და არც სამხედრო ანალიზს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღევანდელი დღისთვის თავდაცვის ზღუდეების გაძლიერება საუკეთესო გამოსავალია, იმიტომ, რომ რუსები ძალიან სწრაფად მოიწევენ წინ, მათ ჩვენზე გაცილებით მეტი რესურსი აქვთ. რაც უნდა ილაპარაკონ დასავლელმა პოლიტიკოსებმა, ჩვენამდე დროულად არ მოდის შესაბამისი დახმარება. ფრონტი ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და 24 საათის განმავლობაში ბომბავენ ყველაფერს. ერთმანეთს ხშირად ვეკითხებით, ნუთუ აღარ ელევათ ეს ოხერი?! ფაქტია, რომ არ ელევათ... დღეისათვის მეორეხაზოვანი პოზიციების გამაგრება მიმდინარეობს, რათა უკანდახევის შემთხვევაში, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ზღუდის მიღმა მოახერხონ თავის დაცვა. - მებრძოლების განწყობა როგორია? - დაიღალა ხალხი, სამხედროებს ყველა ფრონტზე მოუხდათ ყოფნა, იოლი არ არის სამი წელი ფრონტის ხაზზე, მით უფრო - ასეთ ომში... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ მსოფლიოს არ ახსოვს. - ქართველებიც დაიღალეთ? - როდესაც იდეისთვის იბრძვი, დაღლას ვერ გრძნობ. ვინმეს მართლა ხომ არ ჰგონია, რომ აქ ანაზღაურების გამო ვართ?! ჯერ ერთი, ის ფული, რასაც აქ ვიღებთ, ისევ ჩვენს სამხედრო აღჭურვილობას ხმარდება, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ნუთუ შეიძლება კაცმა საკუთარი სიცოცხლე იმ ფასად შეაფასოს, რასაც აქ ჯარისკაცები ვიღებთ?! ეს ხომ აბსურდია! ჩვენი ბრძოლის ერთადერთი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მივაყენოთ რუსეთს. რუსეთი ისევ აგრძელებს მცოცავი ოკუპაციით საქართველოს მიწების მიტაცებას. თუ მთლიანად ვერ ჩამოვშლით ამ სისხლიან იმპერიას, იმდენი მაინც უნდა შევძლოთ, რომ საკუთარი ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნათ და ჩვენთვის უბრალოდ ვეღარ მოიცალონ. ჩემი ოცნება აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაა, ამისთვის ვიკლავთ თავს მეც და ჩემი თანამებრძოლებიც. ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)