ვლადიმერ პუტინი, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც თავის გამარჯვებაში სრულიად დარწმუნებული ადამიანი", - წერს ბრიტანული ჟურნალი „სპექთეითორი“ (The Spectator) სტატიაში სათაურით: „რატომ არის პუტინი თავდაჯერებული?“ (ავტორი - სვეტლანა მორენაცი, უკრაინელი ჟურნალისტი). „რუსეთის ჯარების შეტევა გრძელდება, ხოლო უკრაინის არმიის ძალები იფიტება - კიევს საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები არ ჰყავს, ჯარის მართვაში ქაოსია შექმნილი. შესაბამისად, სულ უფრო მეტ უკრაინელს უჩნდება აზრი, რომ აუცილებელია კომპრომისი, მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით კირილ ბუდანოვის სკანდალური განცხადება ამას წინათ უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადას) დახურულ სხდომაზე სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს -კირილ ბუდანოვს ჰკითხეს, - კიდევ რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა წინააღმდეგობის გაწევასო? გენერლის პასუხმა აუდიტორია გააოცა: „თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკება არ გაიმართება, შეიძლება ძალიან სახიფათო პროცესები დაიწყოს, რომლებიც უკრაინის არსებობას საფრთხეს შეუქმნიან“. მოგვიანებით დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კირილ ბუდანოვის ნათქვამი არასწორად იქნა აღქმული, მაგრამ გენერლის ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ვლადიმერ პუტინს აქვს იმის საფუძველი, თქვას, რომ იგი მიმდინარე წელს გამარჯვებას მიაღწევს. სწორედ ამიტომ მას განზრახული აქვს ომის მშვიდობიანი დასრულების გაჭიანურება და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების დამუხრუჭება. დღეს რუსეთის არმია წინ უფრო სწრაფად მიიწევს, ვიდრე - 2022-ში. გასულ წელს რუსებმა ხელში ჩაიგდეს თითქმის 4 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია, მათ შორის - ოთხი ქალაქი: ავდეევკა, სელიდოვო, უგლედარი და კურახოვო. მიმდინარე იანვარში მათ უკვე დაიკავეს 20-მდე დასახლებული პუნქტი და რუსები უკვე დნეპროპეტროვსკის (დნიპროს) ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს უახლოვდებიან. ამასობაში კი უკრაინის არმიის თავდაცვა ინგრევა, რადგან ფრონტს ჯარისკაცები არ ჰყოფნის, ქვედანაყოფებს შორის არსებული კოორდინაცია კი უმდაბლეს დონეზეა. უკრაინის არმიის წინაშე დგას რაოდენობით თითქმის ორჯერ მეტი რუსული სამხედრო დაჯგუფება. სამწუხაროდ, ცოცხალ ძალაში სხვაობა სულ უფრო მატულობს, უკრაინელთა საზიანოდ. დაწყებული ლაპარაკი, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო გარიგებას დადებს, კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებს ჯარისკაცებზე, აქვეითებს მათ საბრძოლო სულს. შექმნილი არასასურველი სიტუაცია იწვევს დეზერტირობის ზრდას - სამშვიდობო მოლაპარაკების მოახლოების კვალობაზე, უკრაინელ მებრძოლებს არ სურთ ბრძოლა და ომში დაღუპვა... ახალგაზრდები თავს არიდებენ ჯარში სამსახურს. როგორი განწყობაა უკრაინელ საზოგადოებაში?! მოკლედ, უკრაინელ საზოგადოებაში განწყობები იცვლება: ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ისეთი უკრაინელი, რომელსაც ომში ახლობელი, ნათესავი და მეგობარი არ ჰყავდეს დაღუპული. და რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება საომარი მოქმედება, მით უფრო ძლიერდება დათმობა-კომპრომისის სურვილი, რომ როგორმე ეს ჯოჯოხეთი შეწყდეს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამჟამად უკრაინელთა 52% მხარს უჭერს კომპრომისს, რათა საომარი მოქმედებები შეჩერდეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ განმტკიცდება უსაფრთხოების გარანტიები. ორი წლის წინათ კი მოსახლეობის 90% სრულ გამარჯვებაში იყო დარწმუნებული. ვოლოდიმირ ზელენსკის „კარგი გარიგების“ დადებისათვის დრო ეწურება - რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი მაინც მზად არის, ომი უსასრულოდ გააგრძელოს, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევს და სანამ უკანასკნელი უკრაინელი ჯარისკაცი არ დაიღუპება. ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებას: რუსეთს არ სურს მოლაპარაკების დაწყება, სანამ უკრაინას თავისი პირობების კარნახი შეუძლია. კრემლი დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის დემილიტარიზებას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რათა მის ტერიტორიაზე არ იყოს არც ერთი ნატოელი ჯარისკაცი, რათა მოსკოვმა თავისუფლად შეძლოს სამომავლოდ კიდევ ერთი თავდასხმა უკრაინაზე ისე, რომ საპასუხო დარტყმის შიში არ ჰქონდეს. თავის პრეტენზიებში მოსკოვი არ იფარგლება მხოლოდ დონბასის ხელში ჩაგდებით, მას კიდევ უფრო მეტი სურს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ შეიძლება უკრაინამ და მოლდოვამ არსებობა შეწყვიტონ. მაგრამ დონალდ ტრამპი გულუბრყვილო არ არის - საეჭვოა, რომ მან მხარი დაუჭიროს ისეთ სამშვიდობო დარეგულირებას, რომლითაც გამარჯვება რუსეთს დარჩება და რომელიც ამერიკელებს ჯო ბაიდენის მმართველობის დროს მომხდარს - ქაბულიდან დამამცირებელ გამოქცევას გაახსენებს. როგორც აშშ-ის ადმინისტრაცია უსვამს ხაზს, ორივე მხარემ საომარი მოქმედებების შესაწყვეტად რაღაცაზე უარი უნდა თქვას. აშშ-ის პრეზიდენტს თავის რუს კოლეგაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს: თუ აშშ შეძლებს ნავთობის ფასების შემცირებას, მაშინ პუტინს შემოსავლები მოაკლდება და იგი იძულებული იქნება, დათმობაზე დათანხმდეს. საქმე ის არის, თუ რამდენი ხანი დასჭირდება იმას, ვიდრე სანქციები შედეგს გამოიღებენ და როდის დაიწყებს ტრამპი იმდენი ნავთობის გაყიდვას უფრო იაფად, რომ რუსულ ნავთობს მყიდველები აღარ ჰყავდეს. 100-დღიანი ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დაადგინა კონფლიქტის შესაჩერებლად, შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. როგორც ამბობენ, პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკება უახლოეს კვირებში თუ დღეებში გაიმართება. ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კიევს თავის გეგმებზე, რუსეთის მეთაურთან სრულფორმატიან შეხვედრასთან დაკავშირებით. კიევი, თავის მხრივ, იმედოვნებს, რომ მოახერხებს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკების სტრატეგიის შეთანხმებას. არსებობს რწმენა, რომ თებერვლის დასაწყისიდან, როცა ვაშინგტონში „უკრაინის კვირეული“ ჩატარდება, უკრაინელი ჩინოვნიკები თავიანთ ამერიკელ კოლეგებთან კონტაქტებს ააწყობენ. და მაინც, არ არის დიდი საფუძველი იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას უახლოეს დროში მიაღწიონ. ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებაში მხოლოდ მაშინ მიიღებს მონაწილეობას, როცა სრულიად იქნება დარწმუნებული თავის გარდაუვალ გამარჯვებაში, ვადების მიუხედავად. წყარო