ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რთუ­ლია, ხალხი ისევ ქუჩაშია გამოსული­ და ხელახალ არჩევნებსა და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გვესაუბრება: - პროტესტი გრძელდება, მაგრამ ხელისუფლება არც იმჩნევს, რომ პროტესტი მასშტაბურია და ცდილობს თავი დააჯეროს, ეს არაფერია, დღეს-ხვალ მორჩება. ჯერ გაიძახოდნენ, 20 იანვარი მოვაო, გავიდა 20 იანვარიც, იმედი აქვთ, რომ ტრამპი­ და პუტინი მორიგდებიან. ივანიშვილი ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, ცოტა პარადოქსულია და უცნაური ასეთი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ. ეს პოლიტიკოსის საქციელს არ ჰგავს. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოებრიობას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რაღაცას აპროტესტებს, შენ კი მას არ უსმენ და უფრო და უფრო რეპრესიულ კანონებს­ იღებ. სპეციალურად იღებენ ასეთ კანონებს,­ აანონსებენ რაღაც ღონისძიებებს. მაგალითად, უმაღლესი განათლების კომისიამ თქვა, პრობლემებია და რეფორმას საჭიროებსო. ამ დროს ეს არის დაანონსება იმის, რომ დაიწყება იდეური წმენდა, პოლიტიკური რეპრესიები უნივერსიტეტებში. აქამდე შედარებით თავისუფალი იყო აკადემიური სივრცე, წინა ხელისუფლებასთან შედარებით­ ბევრად თავისუფალი პოლიტიკური წნეხისგან, მაგრამ ახლა ჩათვალეს, რომ ეს პრობლემაა და ცდილობენ ასე მოუარონ ამ საკითხს.­ სურთ დაიღალოს ხალხი და ქვეყანაში რა მოხდება, ეს არ აინტერესებთ. მართლა ჰგონიათ, ხალხი დაიღლება, დაიქანცება და პროტესტი მიილევა, თუმცა ეს თუ არ მოხდა, იმედი აქვთ, რომ ამასობაში ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ და ამის შემდეგ შეწყდება ზეწოლა ამერიკიდან ბიძინა ივანიშვილზე, რომ სანქციები გაუქმდება და ყველაფერი კარგად იქნება­. მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, დარწმუნებულია, რომ ამ პროტესტს ამერიკა­ უძღვის წინ და თუ ტრამპი და პუტინი მოილაპარაკებენ, ჰგონია, პროტესტი შეწყდება, ამერიკა უბრძანებს თავის­ ჯაშუშებს და დაწყნარდება სიტუაცია საქართველოში. როცა ეგენი ჯაშუშებსა და აგენტებზე ლაპარაკობენ, ზოგს ჰგონია, მხოლოდ პროპაგანდაა. არა, ეს მხოლოდ პროპაგანდა არ არის, მართლა ასე ჰგონიათ. ივანიშვილს მართლაც ჰგონია, რომ იმდენად მაგრად ჰყავს ამერიკას აქ აგენტურა, რომ ჩვენმა სუს-მა ვერ იპოვა მტკიცებულებები. ამას არაფერი უშველის, მაინც ასე ეგონება, როგორც არ უნდა წარიმართოს მოვლენები. - ხალხმა მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ ხელისუფლება მათ დაელაპარაკოს? - რომ არ გამოსულიყო ამდენი ადამიანი ქუჩაში, არ იქნებოდა დასავლეთიდან­ ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც სანქციები დაუწესდებოდათ და შერჩებოდა გაყალბებული არჩევნები ხელისუფლებას. ამ პროტესტმა აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ტრამპის დამოკიდებულება არ იქნება ისეთი, როგორსაც­ "ქართული ოცნება" ელის. ერთადერთი, რაც პროტესტს სჭირდება, გაფართოებაა, სხვადასხვა სფეროს ადამიანების ჩართვა და რაც მთავარია, ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია გამოიკვეთოს პოლიტიკური ალტერნატივა ამ პროტესტიდან. ხალხი ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალ პოლიტიკურ ალტერნატივას, ისეთ ძალას, რომელსაც ენდობა. ამ პროტესტის ერთ-ერთი პარადოქსი­ ის არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პოპულარობამ მოიკლო ამ პროტესტის განმავლობაში. არადა, პირიქით ხდება ხოლმე, ოპოზიციის რეიტინგი იზრდება. ახალი ძალის შექმნა ადვილი არ არის. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, სულ ახალი ხალხი, რომელსაც არავინ იცნობს. რომ შეიკრიბონ და გამოაცხადონ, ჩვენ ვართ ახალი ძალაო, მასაც ხალხი ბრმად არ გაჰყვება, ამიტომ შუალედური ვარიანტი უნდა მოიძებნოს. ერთი მხრივ, უნდა გამოჩნდნენ ახლებიც და გადაჯგუფება მოხდეს არსებულ პოლიტიკურ ფიგურებშიც. ვფიქრობ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე სიმბოლური გამაერთიანებელი ფიგურა სალომე ზურაბიშვილი იქნება. თუ სწორი კომუნიკაცია იქნება ხალხთან, ამის შემდეგ, ვფიქრობ, იქნება ნახტომისებური მომენტი პროტესტის განვითარებაში და ეს მოკლე ხანში ახალ კონტინგენტს შემატებს აქციას. ახალი პოლიტიკური ალტერნატივა სჭირდება დასავლეთსაც, რათა იქიდანაც გაძლიერდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, და არა არსებული პოლიტიკური ძალები,­ რომლებსაც მხოლოდ ხელისუფლების ხისტი პოლიტიკა აერთიანებთ. დავუშვათ, ხვალ ხელისუფლებამ გამოაცხადა, კი ბატონო, ჩავატარებ ახალ არჩევნებსო, დავუშვათ, გადააყენა კობახიძე, ყველას რომ ჰყავს­ დავიწყებული ყაველაშვილი,­ ის გამოვიდა და დანიშნა ახალი არჩევ­ნები, ვთქვათ, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, და რა ხდება ამ დროს? წინასწარ გეტყვით - ოპოზიციური ძალების მნიშვ­ნელოვანი­ ნაწილი იტყვის, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არაფერში, ეს ხაფანგია, ხელისუფლება აგებს და ახლა ეს უნდა გააკეთოს. პირიქით, ყველანი ქუჩაში უნდა გავიდეთ და ბოლომდე გავტეხოთ "ქართული ოცნება" წელშიო. მეორე ნაწილი კი იტყვის, აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ხელისუფლება გატყდა და უკან იხევსო. ხელისუფლება ერთ ნაწილს ამას კონსტრუქციულობაში­ ჩაუთვლის, მეორეს დესტრუქციულობაში. აი, ასეთი სცენარისთვის არ არის დღეს ოპოზიცია მზად. წაიკითხე ვრცლად