გაირკვა - ისრაელიდან უკრაინისკენ ნახმარი „კალაშნიკოვების“ ნაცვლად, „პეტრიოტის“ რაკეტები გაუგზავნიათ - კვირის პალიტრა

გაირკვა - ისრაელიდან უკრაინისკენ ნახმარი „კალაშნიკოვების“ ნაცვლად, „პეტრიოტის“ რაკეტები გაუგზავნიათ

26 იანვრის სტატიაში „მართლაც მიაწოდა თუ არა ისრაელმა უკრაინას „ჰამასისთვის“ წართმეული რუსული შეიარაღება?“, გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ ისრაელს პოლონეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით შეიძლება ის ნაალაფარი შეიარაღება გაეგზავნა, რომლებიც „ჰამასს“, „ჰეზბოლასა“ და ასადის ყოფილ არმიას წაართვა, თუმცა იქვე დავძენდით,რომ თელ-ავივი,რომელსაც სამი წლის განმავლობაში საერთოდ არ მიუწოდებია შეიარაღება უკრაინისთვის, ახლა მით უმეტეს არ გაიფუჭებდა საქმეს მოსკოვთან...

და ასეც აღმოჩნდა - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Boeing C-17 Globemaster III ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა მართლაც შეასრულეს რამდენიმე რეისი ისრაელის ჰაცერიმის სამხედრო აეროდრომიდან პოლონეთის ჟეშუვის აეროპორტამდე, მაგრამ მათ „ჰეზბოლასთვის“ წართმეული ნახმარი „კალაშნიკოვების ნაცვლად, თურმე...„პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტები გადაუტანიათ!

ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს ისრაელის გამოცემა Axios-ი, რომლის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, საზენიტო-სარაკეტო სისტემის Patriot-ის 90 -მდე საზენიტო რაკეტა ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა პოლონეთში გადაიტანეს, საიდანაც ისინი დიდი ალბათობით „პეტრიოტის“ იმ გამშვებებზე დაყენდებიან, რომლებსაც უკრაინელი მეზენიტეები რუსი აგრესორების საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად იყენებენ...

1-pet1-1738139404.jpg
ისრაელს აქვს იმის ფუფუნება, რომ მოძველებული საზენიტო „პეტრიოტებიც“ კი ჩამოწეროს...

მაგრამ ჩაითვლება კი ეს ისრაელის მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ პირველ და ასეთ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებად?

არა, რადგან ეშმაკმა და ჭკვიანმა ისრაელელებმა კვლავ დაიტოვეს მანევრირების უნარი და არც „მწვადი დაწვეს და არც შამფური“, რადგან „პეტრიოტის“ ეს რაკეტები თან არის ისრაელის და თანაც არა!

მოკლედ ისტორია ასეთია -2024 წლის 2 მაისს ამ ბლოგის სტატიაში „დაუჯერებელი ამბავი ანუ რაზე გაბრაზდებიან უკრაინელები - ისრაელი "პეტრიოტებს" შეიარაღებიდან ხსნის, მაგრამ კიევს არ მისცემს“, ვწერდით, რომ „პირველი MIM-104 Patriot PAC-2-ები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1990-1991 წლებში გამოჩნდნენ, როდესაც სადამ ჰუსეინის ერაყის არმიამ ქუვეითის ოკუპაცია განახორციელა და ამის შემდეგ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურმა კოალიციამ „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაცია წამოიწყო. მაშინ სადამ ჰუსეინის ბრძანებით, ისრაელის მიმართულებით, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობდა „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციაში, Scud-ის (საბჭოთა „ელბრუსის“ საექსპორტო ვარიანტები) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, რომელთა ნაწილის მოსაგერიებლად სწორედ „პეტრიოტების“ საზენიტო რაკეტები იქნა გამოყენებული, ოღონდ ამერიკული არმიის განკარგულებაში არსებულის.

მას შემდეგ ისრაელის საჰაერო თავდაცვის 138-ე ბატალიონის შეიარაღებაში „პეტრიოტის“ ოთხი ბატარეა ირიცხება, თუმცა თავად ადგილობრივების აღიარებით, ამ „პეტრიოტებმა“ განვლილ 33 წელში მხოლოდ 19 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს და მათგან პირველი - 2014 წელს.

2-pet1-1738139783.png
ისრაელელმა და ამერიკელმა გენერლებმა „პეტრიოტებით“ რთული „საჭადრაკო სვლები“ განახორციელეს, რომ პუტინის რისხვა აერიდებინათ თავიდან...

არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის გენშტაბის ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ისტორიაში პირველად, 13-14 აპრილს, ირანის მხრიდან ისრაელისკენ გაშვებული 320-მდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე, კამიკაძე დრონების მოგერიებისას ამ „პეტრიოტების“ ბატარეების მოქმედების დაბალმა საბრძოლო ეფექტიანობამ...

საქმე ის არის, რომ ისრაელის განკარგულებაში არსებული ამერიკული „პეტრიოტების“ - MIM-104 Patriot PAC-2-ის ძველი მოდიფიკაციის კომპლექსები და საზენიტო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ აეროდინამიკურ სამიზნეებთან - თვითმფრინავებთან, შვეულმფრენებთან, ფრთოსან რაკეტებთან და დრონებთან საბრძოლველად და მათ არ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების მოგერიება.

ამასთან, ისრაელს აქვს იმის ფუფუნება, რომ „პეტრიოტის“ ეს მოძველებული კომპლექსები ჩაანაცვლოს ბევრად უფრო თანამედროვე და ძლიერი საზენიტო და ანტისარაკეტო სისტემებით, მათ შორის - David's Sling-ით, Arrow-2-ით და Arrow-3-ით (ინფორმაციისთვის - ძალზე გაპიარებული Iron Dome - „რკინის გუმბათი“ ახლო მოქმედების საზენიტო და ანტისარაკეტო საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია 50-200 კმ ფრენის სიშორის არამართვადი, მათ შორის - „ჰამასის“ ნახევრად-კუსტარული რაკეტების მოსაგერიებლად და ის ნაკლებად გამოდგება ირანიდან სტარტააღებული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად).

აქედან გამომდინარე, უკვე არცთუ ისე სენსაციურად მოჩანს ისრაელის გენერალიტეტის სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად „მოიშოროს“ თავიდან ამერიკული წარმოების ძველი მოდიფიკაციის „პეტრიოტები“, რომელთა საბრძოლო ექსპლუატაცია არც თუ მცირე თანხებთანაა დაკავშირებული.“

ისრაელმა MIM-104 Patriot PAC-2-ის მოძველებული მოდიფიკაციის კომპლექსები და საზენიტო რაკეტები მართლაც ჩამოწერა გასულ წელს,მაგრამ მათ გადაეცემას არ ჩქარობდა.

იმავე Axios-ის მტკიცებით, კიევმა მაშინ ვაშინგტონს იდეით მიმართა-ისრაელი „პეტრიოტის“ ჩამოწერილ საზენიტო რაკეტებს უბრუნებს აშშ-ს თითქოსდა გასარემონტებლად, რის შემდეგაც ამერიკელები მათ უკრაინის არმიას გადასცემენ, ისე, რომ მოსკოვმა ეს არ ჩათვალოს ისრელისგან უკრაინისთის პირდაპირი სამხედრო დახმარების აღმოჩენადო...

3-pat-1738139734.jpg
ისრაელის მიერ ჩამოწერილი შედარებით მოძველებული MIM-104 Patriot PAC-2-ის საზენიტო რაკეტებით უკრაინელები რუსულ აერობალისტიკურ „ისკანდერებს“ ვერა, მაგრამ საფრონტო ბომბდამშენებს კი ჩამოაგდებენ...

გასული წლის ოქტომბრამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამ საკითხს გადაწყვეტას ბლოკავდა, სამაგიეროდ არც უკრაინის პრეზიდენტი ზელენკის წყვეტდა ულტრაორთოდოქსი ისრაელელების უკრაინის უმანში ყოველწლიურ სალოცავად ჩასვლის პრობლემას...

საბოლოოდ „პოლიტიკური ბუტიაობა“ დამთავრდა და ისრაელი დათანხმდა ჩამოწერილი „პეტრიოტის“ რაკეტების აშშ-სთვის დაბრუნებასა და უფრო ახლით ჩანაცვლებას,თუმცა თავი მაინც დაიზღვია და საქმის ყურში თავიდანვე...მოსკოვი ჩააყენა -ჩვენ მხოლოდ ამერიკელებს ვუბრუნებთ ამ რაკეტებს და არა უკრაინას ვუწევთ სამხედრო დახმარებას - ერთგვარად თავი იმართლა პუტინის წინაშე ნეთანიაჰუმ...

მართალია, „პეტრიოტის“ ამ მოძველებული MIM-104 Patriot PAC-2-ის მოდიფიკაციით უკრაინა ვერ მოიგერიებს რუსი აგრესორების აერობალისტიკურ „ისკანდერებსა“ და „კინჟალებს“, მაგრამ სამაგიეროდ, 160 კმ-ის სიშორიდან დაემუქრება იმ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიც ფრონტის ხაზამდე არმიფრენილი, 50-70 კმ-ის სიშორიდან აგდებენ პლანირებად და კორექტირებად საავიაციო ბომბებს და დიდი პრობლემები შეუქმნეს უკრაინელ მებრძოლებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე, თავდაცვით ზღუდეებზე არსებულ სანგრებსა და თვით ბუნკერებშიც...

P.S. ისე, აქტუალურობას არ კარგავს ისრაელის „ცახალის“ მიერ ნაალაფარი შეიარაღების შემდგომი ბედიც - მარტო სამხრეთ ლიბანიდან ისრაელს თურმე გამოუზიდია „ჰეზბოლასთვის“ წართმეული 85 ათასზე(!) მეტი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის 5 ათასი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 840 ყუმბარსატყორცნი და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარი, 2 250 რაკეტა და საარტილერი დანადგარი.

შეიძლება უკრაინელებს ამ ნაალაფარზეც ეჭიროთ თვალი, მაგრამ რუსეთის ფაქტორის გავლენით ისრაელი უკრაინას მას არ გადასცემს...

TOP.GE