"წუხელ ცუდად გახდა, ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ...", "მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო..." - რას ამბობენ მეგობრები ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალებაზე
მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.
მათი ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მომღერალმა დავით არჩვაძემ გაავრცელა.
"აი, ამ სიყვარულით, ღიმილით, იუმორით, კაცობით სავსე ღირსეულმა კაცმა დამაობლა...“ - წერს მსახიობის შვილი ნიკოლოზ თეთრაშვილი.
ბატონი ალეკოს გარდაცვალებით მისი მეგობრები და კოლეგები შოკში არიან. მოულოდნელი აღმოჩნდა კოლეგის დაკარგვა გია ბაღაშვილისთვის.
ცუცა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ალეკო, როგორ გვატკინე ყველას გული, როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი? სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, 48 წელი ერთად თეატრში, პა-სეანსი, იუმორინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე ჩამოსული რომ ვიყავი.
ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო... გითხარი - ამაღამ მივფრინავ და ბოდიში, მაგრამ მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ-მეთქი.
ჩამო, ჩამო, ჯიგარო, დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას, გეყო ამერიკაო.
რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი მახსენდება ახლა ჩვენზე, ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო.
მშვიდობით ჩემო კარგო, სასუფეველი შენს სულს შევხვდებით იქ სადაც მართალნი განისვენებენ".
ცნობილი "პასეანსელი“ ლევან ლელაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იცოდა, რომ ალეკო ბოლო დროს ცუდად იყო, არ ელოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა:
- ბოლო დროს ყოველდღიური ურთიერთობა აღარ მქონდა.