სიტყვა "ყიზილბაში" ავად შემორჩენია ქართულ ენას - კვირის პალიტრა

სიტყვა "ყიზილბაში" ავად შემორჩენია ქართულ ენას

გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა, და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ და გდევნიან თქვენ.

სახარება მათესაგან - 5,44

გიყვარდეთ მტერნი თქვენნიო - ეს შეეძლო ეთქვა მხოლოდ მაცხოვარს, მოვლენილს ამქვეყნად კაცთა სულების სახსნელად.

მანამდე უთქმელი სიტყვა დაუპირისპირა მრავალჯერ თქმულს: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენიო.

განუმარტავდა კიდეც მოულოდნელი მცნებისაგან, ალბათ, გონდაბნეულ მსმენელს: თუ გეყვარება მხოლოდ მოყვასი შენი, განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიანო? თუ მოიკითხავ მხოლოდ შენს მოძმეს, განა წარმართნიც ასევე არ იქცევიანო?

უკიდეგანო სიკეთისა და სათნოების მთესველს, მთელი სულითა და გულით დაუცხრომლად ეწადა, რომ ძე კაცისა ისევე სრულქმნილი ყოფილიყო, როგორც სრულქმნილი იყო მამაზეციერი.

...XX საუკუნის დიდებული რუსი პოეტი ბორის პასტერნაკი, რომელმაც უბადლო ლექსების ციკლი მიუძღვნა მაცხოვარს, კერძო საუბარში ამბობდა: ურწმუნომაც კი უნდა აღიაროს საყოველთაო-ისტორიულ სასწაულად, რომ ცხოვრება და ვნებანი ქრისტესი დღესაც განუშორებელია კაცობრიობისგან, უდიდესი ადგილი უჭირავს მის წარმოსახვაში, ხელოვანთა და მოაზროვნეთა შთაგონების უშრეტ წყაროდ ქცეულა. შეიძლება მოგეჩვენოს, თუკი ფხიზელი საერო ენით ვიტყვით, რომ მარტოსულის ეს ტრაგიკულად ეული ხვედრი არ იყო შესაფერი პირდაუბანელი კაცობრიობისა, მაგრამ გამოირკვა, რომ ჭეშმარიტება და მშვენიერება, წმინდა შარავანდივით რომ ადგას თავზე ტანჯულსა და ჯვარცმულს, თუმცა ვერ დამკვიდრდა კაცობრიობის ცნობიერებაში, მაგრამ სავსებითაც არ გარიყულაო. პასტერნაკი დასძენს, რომ თვით "დიდი წარმართიც" კი, როგორც არაზუსტად უწოდებენ გოეთეს, თაყვანს სცემდა მაცხოვარს, როგორც "ღვთაებრივ გამოცხადებას და ზნეობის უმაღლეს პრინციპს".

ილია იხსენებს ბავშვობას

ილია ჭავჭავაძეს თავის საახალწლო მოთხრობაში, "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი" რომ ჰქვია, გაუხსენებია ბავშვობის დროინდელი ერთი ეპიზოდი.

ორმოც წელს გადაცილებულ მწერალს ტკბილად აგონდება ის მშვენიერი დრო, როდესაც დედ-მამაც ცოცხალი ჰყავდა, და-ძმანიც და ერთად ეგებებოდნენ ახალ წელიწადს.

დგებოდა პატარებისათვის ყველაზე სანატრელი დღე. აბა, გარეთ რაღა გაიყვანდათ! აღარც გუნდაობა ახსოვდათ, აღარც კაკანათის დაგება, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. დედა ტკბილეულს ამზადებდა საახალწლოდ, ბავშვები მის გარშემო ტრიალებდნენ, ხანდახან თითსაც ამოავლებდნენ თაფლში პირის ჩასატკბარუნებლად და დედა უგულოდ უჯავრდებოდა აცელქებულ შვილებს.

ტკბილად აგონდება ხანში შესულ მწერალს ის დაუვიწყარი წლები. მერე მწარედ გაიფიქრებს, რომ ახლა დედ-მამაც და სამნი და-ძმათაგან სამარეში განისვენებენ და იქვე ჩამარხულა მისი ცხოვრების უბედნიერესი ხანა, წასულა და აღარ დაბრუნდება.

ილიას ყველაზე მეტად დამახსოვრებია ერთი ახალი წლის წინა ღამე. ალბათ იმიტომ დამახსოვრებია, რომ იმ ღამით მამას უჩვეულო საახალწლო ზღაპარი უამბნია შვილებისთვის. სხვა რა გზა ჰქონდა, საქმით გადატვირთულ დედას არ ასვენებდნენ, და ისიც შეევედრა ქმარს, ღვთის გულისათვის ეს ბაჯაჯღანები იქითა ოთახში გაასხი და ზღაპარი რამე უამბე, იქნება დაეძინოთ და მომასვენონო.

ილიას მამას კარგი ზღაპრები სცოდნია და შვილებსაც ძალზე ჰყვარებიათ მისი ნაამბობის მოსმენა, მაგრამ იმდღევანდელი ზღაპარი სრულიად სხვაგვარი გამოდგა, წინანდელ ზღაპრებს არა ჰგავდა - არც დევების ჭაჭანება იყო, არც გველეშაპებისა, არც ოქროსთმიანი მზეჭაბუკი ლამობდა მძინარე მზეთუნახავის გადარჩენას.

მამამ ახალი, აქამდე უთქმელი ზღაპარი გამოჩხრიკა თავის მდიდრულ სალაროში და ასე დაიწყო: "მე ადრევაც მიამბნია, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ემტერებოდნენ თათრები. მოსვენებას არ გვაძლევდნენ, ხან აქედამ, ხან იქიდამ მოგვესეოდნენ ხოლმე. ჩვენც, რაც შეგვეძლო, რაც ძალი და ღონე გვქონდა, ვებრძოდით, ვეომებოდით. ყველას უყვარს, შვილებო, თავისი ქვეყანა, და როცა უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გამოიმეტოს. ბევრიც იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნისათვის თავდადებით. აი, ერთი ამისთანა ვაჟკაცის ამბავს გეტყვით და კარგად დაიხსომეთ".

ილია ჭავჭავაძის საახალწლო მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ისტორიული სინამდვილიდან არის აღებული და ერთგვარ ახსნა-განმარტებას მოითხოვს სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად.

ისპაანში ხელს ითბობდნენ

მოქმედება მიმდინარეობს XVII საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც სეფიანთა ირანს იმდენი ძალ-ღონე აღარ მოსდგამდა, რომ დაემორჩილებინა და "გაეთათრებინა" საქართველო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და ათასგვარი ხრიკით ცდილობდა თავისი ოდინდელი გავლენის აჩრდილი მაინც შეენარჩუნებინა. მარჯვედ სარგებლობდა დაქუცმაცებულ ქვეყანაში ატეხილი შინაომებით და ხელს ითბობდა.

სეფიანთა სამეფო კარზე მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი დაიბადა. უარშიო ქართლის მეფეს გიორგი XI-ს მისი სამფლობელო ჩამოართვეს და კახეთის ბაგრატიონთა საგვარეულოს ნაშიერს, სახელოვანი თეიმურაზ პირველის შვილიშვილს ერეკლეს უბოძეს. მის სამკვიდრო კახეთს ყიზილბაში ხანი განაგებდა და როგორ წაართმევდნენ! მოსკოვიდან დაბრუნებული და რუსეთის დახმარებაზე იმედგაცრუებული ერეკლე იძულებული გახდა, გამაჰმადიანებულიყო და ამ გზით მოეხვეჭა მეფობა. ისპაანში ნაზარალი-ხანი შეარქვეს და ქართლში გასაბატონებლად გამოისტუმრეს.

გიორგი XI, რასაკვირველია, უომრად არ დათმობდა ქართლს და უკვე მერამდენედ, ყიზილბაშთა წყალობითა და ხელშეწყობით, გაჩაღდა ომი ძმათა შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართლის მეფე უნიჭიერესი მხედართმთავარი და უშიში პიროვნება იყო (როგორც ერთხმად გვარწმუნებენ ქართული და ევროპული წყაროები), გამარჯვების სასწორი ნაზარალი-ხანის მხარეს უფრო იხრებოდა, ვინაიდან ყიზილბაშები უჭერდნენ მხარს.

მართალია, ამ ყიზილბაშებს აღარ ეთქმოდათ უწინდელი ყიზილბაშობა, რითაც თავს იწონებდნენ შაჰ-აბას პირველის ხელმწიფობისას, ანუ, როგორც დავით გურამიშვილი ამბობს: "ხმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მიხვდა ლბობისა; ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა", მაგრამ... დიახაც, სულს ღაფავდა ოდესღაც ძლევამოსილი იმპერია, მაგრამ ურთიერთქიშპით გართულ ქართველებთან დროდადრო მაინც ყიზილბაშობდნენ ხოლმე ძველებური რიხითა და თავდაჯერებით.

გიორგი XI-ის უიღბლობას ისიც განსაზღვრავდა, რომ ქართლის ფეოდალთა გარკვეული ნაწილი დღენიადაგ ღალატობდა ქართლის მეფეს და "მწყალობელი ყაენის" მიერ ნაბოძებ ხალათებსა და ჯამაგირს ხარბდებოდა.

გიორგი XI-ის ერთ-ერთ შებრძოლებას ყიზილბაშებთან ლაკონიურად აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი, ვისი თხზულებიდანაც აუღია ილიას მამას საახალწლო მოთხრობად გამიზნული ეპიზოდი.

მთხრობელს ეს ერთადერთი ეპიზოდი შეურჩევია, ვინაიდან ათას ომსა და სისხლის ღვრას დაჩრდილავს ის ერთი მჭევრმეტყველი და სულის ასამაღლებელი ამბავი - უჩვეულო, გაუგონარი, ლამის დაუჯერებელი, ლამის წარმოუდგენელი.

მოლანდება წარსულისა

როდესაც ბრძოლა გაცხარებულა, ერთ ყიზილბაშს ცხენი გამოუჭენებია მოედანზე, ამაყად გაუქროლ-გამოუქროლებია ქართველების წინ, თითქოს ჯირითში ვარჯიშობდა და აინუნშიც არ აგდებდა, რომ ირგვლივ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ფეთქავდა და საფრთხე ყოველი მხრიდან ემუქრებოდა თავზე ხელაღებულს.

ყიზილბაშის თავხედობით გაგულისებული ერთი ქართველი ჭაბუკი თავისიანებს გამოეყო და ცხენი ზედ ყიზილბაშს მიაგდო. ილიას სიტყვით, "ყიზილბაშმა ჰკრა შიგ გულის ფიცარში შუბი და საბრალო ვაჟკაცი ჯერ ჩამოეკიდა ცხენს და მერე უსულოდ დაეცა დედამიწაზედ".

ახლა მეორე ქართველმა შეუტია გამარჯვებულ ყიზილბაშს და იმასაც იგივე ბედი ეწია. გახალისებულმა ყიზილბაშმა ცხენი გაათამაშ-გამოათამაშა მოედანზე. თითქოს ნიშნის მოგებით მიმართავდა ქართველებს, გამოდით, თუ შნო გაქვთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთო.

ილია განაგრძობს: "გავიდა მესამე, გავიდა მეოთხე, გავიდა მეხუთე და ყველას ცალკე იგივე დღე დააყენა თათარმა. ასეთი ყმაწვილი კაცები დახოცა, რომ უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა. შეწუხდა ქართველობა: ეს სირცხვილი როგორა ვჭამოთო, შინ რა სახელითღა მივიდეთო. არ იცოდნენ, რა ექნათ. ყველას შიში და ფიქრი მიეცა. ვეღარავინ ჰბედავდა გასვლას".

ასეთი უმსგავსობა, ალბათ, შაჰ-აბასის დროსაც არ მოხდებოდა, როდესაც საქართველოში მოთარეშე ყიზილბაშებს ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად.

სიტყვა "ყიზილბაში" დღემდე ავად შემორჩენია ქართულ ენას. დიახ, დღესაც იტყვიან ხოლმე გულქვა და დაუნდობელ კაცზე, ნამდვილი ყიზილბაში ყოფილაო.

ძალზე ძნელია, რომ უდრტვინველად აღნუსხო ის საშინელებანი, რაც საქართველოს თავს დაატეხეს მუდამ სხვისი ქვეყნების დასაპყრობად და საძარცვავად იარაღასხმულმა ყიზილბაშებმა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი ქეთევან დედოფლისა და ლუარსაბ მეფის უბრალო სისხლი იკმარებდა მათი სახელის შესაჩვენებლად. ახლა კახეთის უმაგალითო აოხრება თქვით, ახლა ათასობით გადასახლებული გაიხსენეთ, რომელთაც აღარ ეწერათ მშობელი ქვეყნის ხილვა. დედებს მკერდიდან გლეჯდნენ ჩვილებს და გზაზე ტოვებდნენ, ყვავ-ყორანთა ლუკმად რომ გამხდარიყვნენ ანდა ყიზილბაშთა ცხენებსა და აქლემებს გადაექელათ. ტყვეები პირუტყვზე გაცილებით იაფად იყიდებოდნენ. გავერანებულ-გაპარტახებული სოფლები, აჩეხილი ვენახები, ნასახლარზე გალაღებული ტყეები, შინაური საქონლის სადგომში თავშეყრილი მგლები და ტურები - ლამის უდაბნოდ გადაქცეულიყო ერთ დროს აყვავებული მხარე.

მაშინდელი ნაწერებიდან დამოწმებულ ორ ციტატასაც კი ძალუძს თქვას მთავარი სათქმელი და გული გატკინოს თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ:

"ხოლო თვით (შაჰ-აბასი) ჩამოვიდა კახეთს, მოსრნა, მოსტყვევნა, აჰყარნა და მოაოხრნა, განძარცვა ეკლესიანი, ხატნი და ჯვარნი შემუსრნა და სამკაულნი მათნი ჰყო ხარჭათა თვისთა აღსამკობელად" (ვახუშტი ბატონიშვილი).

"ხოცვა და რბევა, ძარცვა, ტყვევნა და ნგრევა ქვეყნისა და გავერანება სახლებისა და საცხოვრებლებისა, კახეთის ქრისტიანებს თავს რომ დაატყდათ, არ გაგონილა ისლამის გაჩენის დროიდან აქამდე" (სპარსელი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში).

არც ისე შორეული წარსული იყო, რომ დავიწყებოდათ...

ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცეს

დავუბრუნდეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობას.

ის გულადი ყიზილბაში ისევ დააჯირითებს თავის ცხენს მოედანზე და დაცინვით ათვალიერებს ქართველებს. ნუთუ "ყიზილბაშობის" წყეული ხანა აღდგა ოდინდელი ძალით? ნუთუ არავინ უნდა გამოუჩნდეს მომრევი ერთ თავგასულ ყიზილბაშს? ეშმაკმა დალახვროს, ნუთუ ისე გადაშენდნენ გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი, ედიშა ვაჩნაძე და აღათანგ ხერხეულიძე, რომ ერთი ღირსეული შთამომავალი არ დაუტოვეს სამშობლოს?

დაბნეულ-აფორიაქებულ ქართველებს უეცრად ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი გაახსენდებათ. ისღა თუ გვიშველისო, ყვირიან და გამალებით ეძებენ. თურმე, გაცხარებულ ბრძოლაში ტრიალებდა და თავისი სახელი რომ გაიგონა, მყისვე მიატოვა იქაურობა. ჩოხის კალთით წმენდდა გასისხლიანებულ ხმალს. მიცვივდნენ თავლაფდასხმული მეომრები და თავიანთი გასაჭირი შესჩივლეს.

სახელგანთქმულ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს უკვე მორეოდა სიბერე. ძველებურად აღარც მკლავი ერჩოდა და აღარც მუხლი. თავდაპირველად იუარა ახალგაზრდა ყიზილბაშთან შერკინება, მაგრამ თავგადაკლულნი ევედრებოდნენ, ხუთი ვაჟკაცი მოგვიკლაო, იმათი სისხლი როგორ უნდა შევარჩინოთო?!

ბოლოს და ბოლოს, დაიყოლიეს.

გოსტაშაბიშვილმა ახსენა ღმერთი და გამარჯვებულ ყიზილბაშთან მიაგდო თავისი ცხენი. ყიზილბაშმა შუბი წამოუღერა, მაგრამ გოსტაშაბიშვილმა ხელი აუკრა და მარჯვედ აიცდინა. მეორე შემოტევა აღარ აცალა, წასწვდა, ერთი-ორი ღონივრად შებღერტა და ცხენიდან ძირს ჩამოაგდო. დაცემულს გაუჭირდა წამოდგომა. მაშინ თვითონ გოსტაშაბიშვილი ჩამოხტა ცხენიდან, წამოაყენა დამარცხებული ყიზილბაში და დაამშვიდა:

"ნუ გეშინია, თავს არ მოგჭრი. შენი სიცოცხლე შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცეს".

ყიზილბაშმა პასუხად მიუგო: "მეც სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანაო". სალამი მისცა და წავიდა.

როგორც ჩანს, უფრო რომ გაემძაფრებინა ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის მართლაც ზღაპრული დიდსულოვნებისა და რაინდობის ამბავი, ილია ჭავჭავაძემ არსებითი შესწორება შეიტანა ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვაძუნწ მონათხრობში. ქართველი ისტორიკოსის მიხედვით ძნელი გასაგებია, იმ გულადმა ყიზილბაშმა სიკვდილი აგემა თუ არა ქართველ ჭაბუკებს. ამბობს, ცხენიდან "ჩამოჰყარნაო", რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, თითქოს ხუთივე დაღუპულიყო. ხოლო ილიას ხაზგასმით აქვს აღნიშნული: "ასეთი ყმაწვილი კაცები დაჰხოცა, რომ უკეთესს კაცი ვერ ინატრებდა".

...ყველაზე მჭევრმეტყველი კეთილშობილების მაგალითი ამოარჩია საქართველის წარსულიდან. მოყვასის სიყვარული (თუნდაც უცხო ხილი მრავალთათვის) რა ბედენა არისო, გიყვარდეთ მტერნი თქვენნიო...

ბრძენთა ბრძენ მოძღვარს საზრდოდ უნდა ჩაეგონებინა მშობელი ხალხისთვის ღმერთკაცის უკვდავი მცნებანი. მაგრამ, ვაი რომ, უჭირს ქრისტიანულ სულს მოსავლის აღება უღმერთობის სენით შეპყრობილ დუნიაზე. აკი თვითონ მასაც, ქართველი ერის უპირველეს მოჭირნახულეს, წილად ხვდა გოლგოთა მაცხოვრისა.

თამაზ ნატროშვილი