"მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა" - რას ამბობს ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი - კვირის პალიტრა

"მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა" - რას ამბობს ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი

მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, - ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში“ აცხადებს.

როგორც გულნოსა საიდი აღნიშნავს, ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა.

ის მოუწოდებს ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

„პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.

ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ“, - აცხადებს გულნოსა საიდი.

კითხვაზე - რას ბრალდებაზე, რომელიც ამაღლობელს აქვს წაყენებული? გულნოსა საიდი პასუხობს: „რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს- მზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ - ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც, სავარაუდოდ, მას [მზიას, დაკავების] შემდეგ შეაფურთხა“.

„მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ.

მაგრამ, ასევე, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ [მზიას] მიმართ არ იქნება ასეთი, პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა. ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება გამოძიების მსვლელობის დროს. "დანაშაულისთვის" სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა.

იცით, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტოკრატია გახდა. სამწუხაროდ, მოშიმშილე პატიმართან მიმართებაში არსებული ეს ტაქტიკა მსგავსია სხვა ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლების ციხის ადმინისტრაციისა, მაგალითად, ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის ტაქტიკას. აზერბაიჯანში გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები შიმშილობენ. მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივ, ხანდახან თვეების განმავლობაში შიმშილობას, რადგან ეს ერთადერთი გზაა მათთვის, მათ საქმეებზე ყურადღების მისაქცევად, პროტესტის გამოსახატად იმ ბრალდებებისადმი და მოპყრობისადმი, რაც მათ მიმართ აქვთ“, - აღნიშნავს გულნოსა საიდი.

მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ აზერბაიჯანის მსგავსია და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საქართველო ცნობილი იყო, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა კავკასიაში“.

„ჩვენ, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში“ არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო- მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.

ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი", რომლებიც თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და მისი კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო.

მზიას და სხვა ჟურნალისტების შემთხვევები, რომლებიც მიზანში თავიანთი საქმიანობის გამო ამოიღეს და უსამართლოდ ექცევიან, აჩვენებს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში ნათლად უკან მიდის. მთავრობის პოლიტიკაზე დაკვირვება, იმის ნახვა, როგორ დისტანცირებიდან ისინი ევროკავშირისგან, იმისგან რაც აქამდე მათი ქვეყნის მთავარი მიზანი იყო და რასაც ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს, იმის ნახვა, როგორ ხშირად არღვევენ პრესის თავისუფლებას და ზოგად ადამიანის უფლებებს, ძალიან სევდისმომგვრელია. განსაკუთრებით, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც წლებია პრესის თავისუფლების მიმართულებით მუშაობს”, - აცხადებს საიდი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"