საზამთროსა სიწითლითა პლაჟი აუყროლებია - დასვენება ქართულად - გაგრძელება - კვირის პალიტრა

საზამთროსა სიწითლითა პლაჟი აუყროლებია - დასვენება ქართულად - გაგრძელება

ეს კვირა ძალიან "დანაგვიანებული" გამომივიდა. როგორც ვწერდი გასულ კვირას ლისის ტბაზე მქონდა შესაძლებლობა დაბინძურებული ადგილებზე მებოდიალა იხილეთ პოსტი.

სამიოდ დღის შემდეგ, მოსაღამოვებულზე თბილისის ზღვაზე გავასეირნე სიცხისგან გათანგული ცოლ-შვილი და იქაც მსგავსი სიტუაცია დამხვდა. განსხვავება იმაში იყო, რომ, თუ ლისის ტბაზე უცნობებს ძირითადად ყველანაირი ნაგავი ერთად ჰქონდათ მოგროვებული და ალაგ-ალაგ დახროვებული, თბილისის ზღვაზე ასეთი "ყურადღებით" არავინ იწუხებდა თავს.

ნაგავი მთელ ტერიტორიაზე თანაბრად არის გადანაწილებული, რაშიც ქარსაც შეაქვს თავისი წვლილი. პლასტმასისა და პოლიეთილენის ნაგვის დიდი მოცულობა წყლის ზედაპირზეც ტივტივებს... თუმცა პლასტმასის ბოთლების კონცენტრაციით თბილისის და მისი შემოგარენის სხვა ადგილებიც განთქმულია, მაგრამ რაც შეეხება საზამთროსა და მის ნარჩენებს აქ ლიდერობას წყალსატევები არავის უთმობენ. ეტყობა წესი, ტრადიცია და მოდაა, რომ წყალში საჭყუმპალაოდ რომ წახვალ ერთი ორი ხაბურზაკი უნდა წაიმძღვანიო, ბოლომდე არ ჭამო და იქვე დატოვო...

როდესაც წუხილი ნაპირზე დამეზობლებულ დამსვენებელს გავუზიარე, კეთილმა მოხუცმა საზამთროს მოყვარულებს გამართლება მოუძებნა - თურმე დილა-საღამოს იმ არემარეში ნახირი დაყავთ მწყემსებს და საზამთროს ნარჩენს ძროხები შეჭამენო...

არა მგონია, რომ საქციელით პირუტყვებს დამსაგავსებულმა ადამიანებმა ნარჩენები ძროხებს დაუტოვეს, მაგრამ კეთილი მოხუცის მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება... სამაგიეროდ, გარშემო მყოფთაგან ვერანაირი გამართლება ვერ მოუძებნეს იმ ჯეელს რომელმაც თავისი "სტოძევიანოსტა მერსედესი" ზადნით შეაყენა წყალში და სახელდახელოდ ჩამორეცხა მთელი დღის ტაქსაობის დროს მოგროვებული მტვერი და ჭუჭყი...

სამწუხაროდ, როცა ეს დავინახე, ტელეფონი თან არ მქონდა და ფოტოდოკუმენტს ვერ გაახლებთ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, ასეთები ყოველ დღე ძალიან ბევრნი არიან...

საოცარი ის არის, რომ სადაც იმ კაცმა მანქანა შეაყენა წყალში, იქვე რამდენიმე მოჭყუმპალავე სკოლამდელი ასაკის ბავშვს ორი მამაკაცი ადევნებდა თვალს. ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, ბავშვებს მიუთითეს რომ მანქანის ნარეცხ წყალს გაცლოდნენ...

ალბათ მე ვარ ძალიან პრეტენზიული და ყვეალფერი ასეც უნდა ხდებოდეს...