ავიაკატასტროფა თეთრი სახლიდან 4 კილომეტრში - რამ გამოიწვია ვაშინგტონში შემზარავი ტრაგედია (ვიდეო)
თეთრი სახლიდან ოთხ კილომეტრში დიდი ავიაკატასტროფა მოხდა...
მდინარე პოტომაკში, რომელიც აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გადის, ამ დროსაც ეძებენ ადამიანებს, რომლებიც იქ საშინელი ავიკატასტროფის შედეგად მოხვდნენ...
30 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლიდან სულ რაღაც ოთხიოდე კმ-ში ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია PSA-ს სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი UH-60 Black Hawk-ი...
სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ღამისეულ ცაში დაბალ სიმაღლეზე, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონის როლანდ რეიგანის სახელობის აეროპორტში დასაჯდომად ეშვებოდა, მას მარჯვენა ბორტის მხრიდან მიუახლოვდა სამხედრო შვეულმფრენი და შეჯახებისას წარმოქმნილმა აფეთქებამ ცა გაანათა...

სამგზავრო თვითმფრინავ Bombardier CRJ700-ში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, სამხედრო შვეულმფრენ UH-60 Black Hawk-ში კი, სავარაუდოდ, მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი.
ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ფრაგმენტები, ისევე, როგორც ამ საფრენ აპარატებში მსხდარი ადამიანები მდინარე პოტომაკში ჩაცვივდნენ.

მდინარეში წყლის ტემპერატურა მხოლოდ 2,7 გრადუსია, ცელსიუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ადამიანი ათიოდე წუთზე მეტს ვერ გაძლებს, სხეულის გადაცივება დაეწყება.
მაშველები მდინარე პოტომაკში ეძებენ ავიაკატასტროფას გადარჩენილებს...

ჯერ იმაზე ლაპარაკი, თუ რამ გამოიწვია ეს საშინელი კატასტროფა, ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ფრენის წესების უხეშ დარღვევას, რომელშიც დანაშაული მიუძღვით ან ავიამეთვალყურეებს რეიგანის სახელობის აეროპორტიდან (რომლებმაც დროულად ვერ გააფრთხილეს ეკიპაჟები სახიფათო დაახლოების თაობაზე), ან კიდევ პილოტებს, შეიძლება უფრო სამხედრო შვეულმფრენის ეკიპაჟს, რადგან სამგზავრო თვითმფრინავის პილოტები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით ეშვებოდნენ აეროპორტში და მათ ძალიან გაუჭირდებოდათ 32 მ სიგრძის ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავის სწრაფი მანევრირება დაბალ სიმაღლესა და მცირე სიჩქარეზე...
შეჯახების ვიდეოკადრები