"პოლიტიკოსები მოღალატეები მგონია. "ქართული ოცნება" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემომთავაზა, ჩვენს პარტიას გვერდით დაუდექიო. არავის ნდობა არ მაქვს"
"საერთოდ პოლიტიკოსები მოღალატეები მგონია - პოლიტიკური სპექტრის მიმართ ასეთი მძიმე შეფასებით ვარ წარმოდგენილი... ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პოზიციისა თუ ოპოზიციის სახეები წლებია არ იცვლებიან, არიან და არიან. ჩემი აზრით, კარგადაც შეთამაშებული არიან... არანაირი პარტიის და პოლიტიკოსის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს. ეს ჩემდა სამწუხაროდ, ასეა - ცხოვრობ ქვეყანაში და არ გყავს არც ერთი პოლიტიკოსი, ვისაც ენდობი" - გვეუბნება მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებები AMBEBI.GE-სთან გააკეთა.
- არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვენდობი იმაში, რომ ის მიხედავს შენს ხალხს, არ მექნება შიში, რომ ჩემი არჩეული რომელიღაც პოლიტიკური ძალა, მაღაროში მუშებს ფეხებზე დაიკიდებს. ფეხებზე დაიკიდებს მსახიობებს, რომლებსაც ძალიან მიზერული ხელფასები აქვთ და დღემდე ხმას არ ვიღებთ, ხელფასზე არ ვლაპარაკობთ. რამე როგორ უნდა ვთქვათ, როცა მაღაროში მუშები მძიმე მდგომარეობაში არიან... მსახიობს, ვიღაცებისგან განსხვავებით, იმდენი ღირსება კიდევ აქვს შემორჩენილი, რომ ეს არ გააკეთოს.
ნდობა პოლიტიკოსების მიმართ იმიტომ არ მაქვს, რომ ვინც ავირჩიეთ, ყველამ გვიღალატა, კუთხეში მიგვაგდო და თავიანთი ინტერესების შესრულება დაიწყო. ჩვენ კი მათთან ყოველთვის ბრძოლა გვიწევს. ამიტომ მაქვს განცდა, რომ განუწყვეტელი ღალატი მიმდინარეობს - ღალატი ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის ინტერესების, გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიმართ. პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირი უპასუხისმგებლობით სავსე ადამიანებით არის გაჟღენთილი. „შტანგის“ ამწევები გადაწყვეტილებების მიმღებები ხდებიან, კრიმინალებს პოლიციელებად ხდიან... ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. ამიტომ არ მომწონს პოლიტიკოსები და არც მათი მიმდევრები. ჩემი ქვეყანა მადარდებს და ვიცი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. რაღაც წერტილამდე უნდა მივიდეთ, უნდა გამოჩნდნენ ახალი სახეები, რომლებიც ნდობით იქნებიან აღჭურვილი და წლების განმავლობაში არ იქნებიან რაღაც სისულელეებში გათხვრილი.
- არასდროს გქონიათ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი?
- პოლიტიკა არ არის ჩემი სფერო, არც მათი სფერო არ არის, ვინც პოლიტიკაში მიდის. როგორ შეიძლება, მსახიობი იყო, ამ სფეროს, სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და უცებ პოლიტიკოსად მოევლინო ხალხს?! პოლიტიკა სულ სხვა სამყაროა, სხვა სფერო და სხვა გარსია. პოლიტიკას პოლიტიკოსები სჭირდება. რა უნდა „შტანგისტს“ იქ, რისი გადაწყვეტილების თავი აქვს?! ეს მისი საქმე არ არის... მე სადაც მომწონს და რაც მიყვარს, იქ ვარ...
ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, - დაუდექი ჩვენს პოლიტიკურ პარტიას გვერდითო. მაგალითად, უნდოდათ, რომ ფოტო გადამეღო ერთ-ერთ კანდიდატთან ერთად... ასეთი წინადადება ბევრჯერ ყოფილა. ამ მიმართულებით, „ქართული ოცნება“ იყო ერთ-ერთი პირველი... ყველას უარი ვუთხარი - ბოდიში, მაგრამ ვერანაირ პოლიტიკურ მარათონში გვერდით ვერ დაგიდგებით... მიხვდნენ, რომ ვარ მსახიობი და ჩემი თავისუფალი ცხოვრება მაქვს. ყველა ასე უნდა ფიქრობდეს.
- დღევანდელ პროტესტში მსახიობები აქტიურად ხართ ჩართული, მაგრამ საპირისპირო პოზიცია აქვთ თქვენს სხვა კოლეგებსაც. მხარდაჭერას და სოლიდარობას ბოლოდროინდელ ამბებში დაზარალებულ ადამიანებს არ უცხადებენ... როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?
- გარდა იმისა, რომ ჩვენ მსახიობები ვართ, ვართ ჩვეულებრივი ადამიანებიც. ცხოვრებაში ადამიანებს თავიანთი პოზიციები გააჩნიათ. ზოგს საერთოდ არ უნდა, რომ თავი აიტკივოს და თავისი აზრი ხმამაღლა გამოთქვას. ზოგი ფარულად მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მართალია, მაგრამ ხმას მაინც არ იღებს. ზოგი ამბობს, რომ ვიღაც ღირსია, რომ დაიჭირეს, ალბათ დააშავა და არც კითხულობს, მან რეალურად დააშავა თუ არა რამე. ასე ვლინდება ამ ადამიანების ხასიათები. ურჩევნიათ, ხმა არ ამოიღონ და თავისთვის კომფორტის ზონაში ისხდნენ. მე დემოკრატის და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი ვარ და მჯერა, რომ ვისაც რა პოზიცია აქვს, ის უნდა ჰქონდეს. ვინმეს დამუნათება, რატომ არ გაქვს ეს პოზიცია, - არ არის სწორი. ასე ვერც შედეგს მივაღწევთ და ტყუილი ლაპარაკია. ისე კი, ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მიკვირს ამ ადამიანების, მაგრამ მერე რომ ვფიქრდები, ვხვდები, რომ პოზიციის გამოხატვა სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ. ზოგს ნამუსი არ აქვს, ზოგს შიში აწუხებს, ზოგი საერთოდ უპირისპირდება თავის მოსახლეობას და ამბობს, რომ ღირსები ხართ, რაც გემართებათ. რომ „ქართულ ოცნება“ საოცრებაა და ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ მათ. ეს უკვე მხარის დაჭერაა.
მე მიმაჩნია, რომ მსახიობი ყოველთვის ხალხის გვერდით უნდა იდგეს და არა პარტიების გვერდით. როგორც კი პარტიის მხარეს დაიჭერ, მერე იმ მხარის გამართლება გიწევს. ამ დროს მსახიობს თვალსაწიერი გივიწროვდება და ვიწრო აზროვნების ხდები, რასაც მერე სიტყვებით და ფრაზებითაც ადასტურებ. ყველა მსახიობს ვუსურვებ, ის წერტილი, რასაც თავისუფლება და აზრის გამოხატვა ჰქვია, არ დაეკარგოს.
- 23 იანვარს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მანიფესტი ვიხილეთ... რას იტყვით ამაზე?
- ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და უწყვეტი ემოცია ჰქონდა მთელ იმ მანიფესტს ყველასთვის, ვინც იქ იდგა. თეატრის მნიშვნელობა ემოციის გამოწვევაა. მისი არსია, რომ ადამიანებში გამოიწვიოს ემოცია, რაც გამოსაწვავია. იმ მანიფესტზე ეს მოხდა. ჩემი აზრით, ის ყველაფერი იყო კარგი და შედგა.