"თქვენ რომ იცოდეთ, აფხაზეთიდან რა ხალხი იყო ჩამოსული... მათ შორის ე.წ. ომის გმირები, ერთმა აქ ბავშვი მოანათვლინა ქართველს..." - მამუკა არეშიძის პროგნოზი: საით იყურებიან აფხაზები?!
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში კომპრომატებით ბრძოლა დაიწყო და დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხებზე ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, ადგურ არძინბას გასაშავებლად ბოლო დროს ძალიან ბევრი ამბავი გავრცელდა, მათ შორის დიდი ადგილი უჭირავს ქართულ თემატიკას.
კომპრომატების ჩამონათვალი არცთუ ცოტაა. ერთ-ერთის მიხედვით, ოპოზიციის ლიდერი არძინბა ფუფუნებაში ცხოვრობს, როცა აფხაზეთში ახალი წლის დღეებშიც მოსახლეობას შუქი გრაფიკით მიეწოდებოდა; წერენ, რომ არძინბას ბინა აქვს პარიზში, იმ ქვეყანაში, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს; მას აფხაზეთში მაინინგის დიდი ფერმებიც აქვს და აფხაზეთი პირად ბანკომატად აქცია. ისიც დაიწერა, რომ ახალი წელი არძინბამ სოჭის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ოჯახისა და ახლო "ძმების" გარემოცვაში აღნიშნა, ხოლო სასტუმროსა და კაზინოებში არძინბას გართობა მის ცოლს დაახლოებით მილიონი რუბლი დაუჯდა. გარდა ამისა, არძინბა მთვრალი მართავდა მანქანას, დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც რუსეთში მართვის მოწმობა ჩამოართვეს. არძინბას კომპრომატად მიიჩნევა მისი კრიმინალური გარემოცვაც - კრიმინალი ნათესავები, ბიძაშვილი ადამირ ფაჩალია, იგივე "ფაჩახა", და ხაჯიმბას დაცვის ყოფილი უფროსი ახრა ჯოპუა - ორივე "საქართველოში" იმალებოდა, ახლა კი წინასაარჩევნოდ ჩავიდნენ აფხაზეთში.
"სახელისუფლებო" ტელეგრამარხების ცნობით, "ფაჩახა" მეტისმეტად აქტიურობს ოპოზიციურ კამპანიასა და კრიმინალურ გარჩევებში. მან თანამზრახველებთან ერთად იანვარში რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი გაიტაცა და ვალის დაფარვამდე დააკავა. გატაცების ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა. ტელეგრამარხის "ამრა-ლაიფის"“წყაროების ცნობით, "ფაჩახა" იყო ნოემბერში ბჟანიას გადაყენების ერთ-ერთი სპონსორიც, რომელმაც ქართული ოპოზიციის ფული შემოიტანა აფხაზეთში: გადატრიალების დაწყებამდე "ფაჩახა"“საქართველოში იმალებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამო, მაგრამ "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" შენობის დაკავებისას ის საქართველოდან ფულით დაბრუნდა...
"ამრა-ლაიფის" თქმით, ადგურ არძინბას პარიზული ბინაც მნიშვნელოვანია: "არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი ფაქტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მან ღიად გამოხატა მხარდაჭერა აფხაზეთში პუტჩისტების ქმედებების მიმართ".
არძინბას კომპრომატად მიიჩნევა ახრა ჯოპუას ადგურ არძინბას მხარდამჭერთა შორის გამოჩენაც. ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს ახრა ჯოპუა ხაჯიმბას დაცვის უფროსი იყო. ის ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც იტაცებდა ადამიანებს გამოსასყიდისთვის და ენგურს გაღმა საქართველოში იმალებოდა, ახლა კი აფხაზეთში დაბრუნდა.
არძინბას ბიძაშვილია ომარ სმირიც, ოპოზიციონერი აქტივისტი, რომელიც გასული წლის დეკემბერში რესტორანში თავს დაესხა გაგრის რაიონის პროკურორს და დასაშინებლად ესროლა კიდეც. გაგრის პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სმირი დარბაზიდან გაათავისუფლა ისე, გირაოც არ დააკისრა.
არძინბას ერთ-ერთ მთავარ კომპრომატად მიიჩნევა მისი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას ჯინჯოლიც. გუნბას მხარდამჭერების თქმით, ჯინჯოლი, როგორც ნარკომანი, არაერთხელ გამოიჭირეს ქართულ მხარესთან კავშირში. ის ცდილობდა პარლამენტში გადაეტანა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი. არძინბას კომპრომატად უთვლიან იმასაც, რომ დამთავრებული აქვს თურქული ბაშარანის კოლეჯი და "ამრა-ლაიფის" ცნობით, მის საარჩევნო კამპანიას თურქეთიდანაც აფინანსებენ ანტირუსული დიასპორის წევრები.
როგორც გუნბას მხარდამჭერი ტელეგრამარხები წერენ, შარშანდელი გადატრიალების შემდეგ თბილისი უკვე ასი პროცენტით სარგებლობს აფხაზების პრობლემებით და ამ ანტირუსული ოპოზიციით, რათა კრემლი მიიმხროს.
"აფხაზეთში არაერთი ორგანიზაცია თბილისის გავლით დასავლეთიდან ფინანსდებოდა"
მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი: - როგორც ბადრა გუნბას, ასევე ადგურ არძინბას შტაბიც ერთმანეთის შავი პიარით არიან დაკავებული. კრიმინალები ყველა კანდიდატის გუნდში საკმარისადაა, მაგრამ ახლა არძინბაა მიზანში... არის მაინერების თემაც - აფხაზი პოლიტიკოსები ერთმანეთს აბრალებენ მაინინგის რაოდენობის უსაზღვროდ გაზრდას, იმ დროს, როცა თავადაც აქვთ ფერმები. დეკემბერში ე.წ. პარლამენტში დეპუტატებს შორის სროლა სწორედ მაინინგის გამო ატყდა. ადგურ არძინბა და კან კვარჩიაც თავად ფლობენ მსხვილ ფერმებს და კვარჩიასა და ადგურ ხარაზიას შორის შელაპარაკებაც ამის ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ხარაზიამ შემთხვევით გამშველებელი "დეპუტატი" მოკლა. "ფაჩახაც"“კლანური კრიმინალია, რომელიც ხაჯიმბას გუნდში მოიაზრებოდა და ამ სარგებლის გადანაწილების საქმეში დაპირისპირებული იყო ბჟანიას გუნდთან. ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებაც ერთგვარი ტენდენციაა აფხაზეთში და "ფაჩახაც" იტაცებდა ხალხს. ახლაც, როგორც კი ჩავიდა სოხუმში, ადამიანი ისევ გაიტაცა. ხშირად მკვლელობის შემსრულებლებს არც აკავებენ. ადგურ ხარაზია, რომელმაც "დეპუტატი" მოკლა, გულრიფშის სოფელ ბაღმარანშია მოკალათებული და კაციშვილი ვერ ეკარება მის სახლს, ბრესტის ციხესიმაგრეს დაამსგავსა იქაურობა. იანვარში მოხდა კიდევ ერთი მკვლელობა - სოხუმის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ასლან დოჩიამ კაფე "ბისკვიტში" სამი კაცი მოკლა მიწის ნაკვეთის გამო და მასაც არ მოუწევს დიდი სასჯელი.
ახლა არძინბას ძალზე მძიმე ფონი შეუქმნეს... თავად ვერ ახერხებს იმავეს ბადრა გუნბას გასაშავებლად, თუმცა შავი პიარი მასაც არ აკლია. გუნბა იმ გუნდის კანდიდატია, რომლის ხელმძღვანელი ბჟანია თანამდებობიდან გადააყენეს უზარმაზარი "სახელმწიფოებრივი" გადაცდომებისა და დანაშაულების გამო. მეტი რა კომპრომატი უნდა?! ადგურ არძინბას შემთხვევაში მთავარი მისი სიმამრია, გვარად ჯინჯალი, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს, ძალიან დიდი გავლენის კაცია. ადგურ არძინბაზე გავლენიანი ფიგურაა მისი ცოლი მარინა. ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად მას დასახელებული ჰყავს ცოლისძმა ალხას ჯინჯალი, პროფესიით ექიმი. მას ნარკოტიკების მოხმარების გამო არაერთხელ აქვს საყვედური მიღებული. თუმცა თავხედობის ხარისხი ნახეთ - მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოიაზრებენ პირს, რომელზეც მთელ აფხაზეთში იციან, რომ ნარკომანია, მაგრამ...
- ფაჩალიასა და ჯოპუას არაოკუპირებულ საქართველოში ყოფნაზე თუ იცით რამე?
- ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ "ფაჩახა" რამდენიმე თვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. ჯოპუა რომ ენგურს აქეთ იყო, აფხაზური მედიიდან გავიგე. ნუ დაგვავიწყდება, რომ გალში დაახლოებით 40 000 ქართველი მოსახლეობაა. არიან გალის გარეთ მყოფი ქართველებიც, რომლებსაც აფხაზებზე გარკვეული გავლენა აქვთ. აფხაზეთსა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც არსებობენ კრიმინალური წრეები და ამ წრეებში ქართული წარმომავლობის ავტორიტეტულ პირებს დღემდე აქვთ გავლენა აფხაზეთში. გავიხსენოთ კრიმინალური ავტორიტეტი გია გალსკი და სხვები, რომლებიც მოსკოვში არიან. საქმე ის არის, აფხაზეთში ერთგვარი ტრენდია, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, საქართველოსთან კავშირებზე ლაპარაკობენ და ახლაც ეს ხდება - ამბობენ, რომ საქართველოა ჩართული აფხაზი ოპოზიციის მხარეს. ამბობენ იმასაც, რომ ესა თუ ის ოპოზიციონერი თურქეთის ინტერესების გამტარებელია. ეს შავი პიარის ერთ-ერთი ფორმაა და ამართლებს. ერთი რამ ობიექტურად უნდა ვთქვა - დღეს საქართველოსთან კონტაქტი ისე მკაფიოდ უარყოფითად აღარ აღიქმება. აფხაზი საზოგადოების აზროვნებაში გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათი დასჯა მოინდომა და შეასრულა. ახლა აფხაზები ფიქრობენ, თუ ჩვენ არა გვყავს ერთგული და მზრუნველი მოკავშირე, არამედ გვყავს მხოლოდ უფროსი ძმა, რომელიც როცა უნდა დაგვსჯის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, მით უმეტეს, შეგვიძლია მათთან ვივაჭროთ ან ქართველების მეშვეობით გარღვევები გვქონდეს მესამე ქვეყნებთანო?! ამის რეალიზაციის პროცესი დაიწყეს და ენგურს აქეთ კონტაქტების დამყარებაც მიდის.