რა ელის ეროვნულ ვალუტას: ლარის კურსი, პოლიტიკური კრიზისი და სანქციები - "პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა გადიოდეს ეკონომიკის ჩამოქცევაზე“ - კვირის პალიტრა

რა ელის ეროვნულ ვალუტას: ლარის კურსი, პოლიტიკური კრიზისი და სანქციები - "პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა გადიოდეს ეკონომიკის ჩამოქცევაზე“

ბოლო დღეებში ლარი დოლარის მიმართ უფასურდება. თუმცა, როგორც ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, ლარის კურსის ეს ცვლილება არსებით გაუფასურებას არ ნიშნავს და საგანგაშო არაფერია. ქვეყანაში კი პროტესტი გრძელდება და ბიზნესის წარმომადგენლებიც სულ უფრო მეტ პრობლემაზე საუბრობენ. რამდენად სარისკოა ვითარება და უახლოეს პერიოდში რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, ამ საკითხებზე ეკონომიკის დოქტორს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ.

- მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის, ბევრი გამოწვევაა, ბევრი საკითხია გადასაჭრელი და მთავარია, ისე გადაიჭრას, რომ საქართველო, ერთი მხრივ, დასავლეთის ორბიტაზე დარჩეს და მეორე მხრივ, დასავლეთმა გვაღიაროს, რომ ამ ორბიტაზე ვართ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ საქართველოს ეკონომიკას, კრიზისული პერიოდი ნამდვილად არ უდგას. პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს. შესაძლოა არა იმიტომ, რომ ვინმესთან კონფრონტაციაში ვართ აშკარად თუ ფარულად, არამედ იმიტომ, რომ სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველო ამ ყველაფრის ფონზე ახერხებდა წლების განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა და 2025-შიც ორნიშნა თუ არა, მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა ექნება. შესაბამისად, ეკონომიკური გადმოსახედიდან ქვეყანაში კრიზისი არ არის, მაგრამ კრიზისი არის სოციალური, პოლიტიკური, საზოგადოებაში განხეთქილება, ასევე რაღაც დოზით საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორისაც და ეს ყველაფერი მოსაგვარებელია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - წმინდა ეკონომიკურ კონტექსტში საქართველოში კრიზისი ნამდვილად არ არის.

- ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ ჩერდებიან ან მალე საქმიანობასაც ვეღარ შეძლებენ. თუნდაც ტურიზმი, რომელსაც არსებითი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, მათი პრობლემები რეალური არ არის და არ მოქმედებს ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე?

- პრობლემა როგორ არ არის, მაგრამ ის, რომ ბიზნესის ერთმა ნაწილმა, ასეულმა ან თუნდაც ათასმა კომპანიამ თქვას, რომ აჩერებს აქტიურობას, - ყველა მსხვილი ბიზნესი ხომ არ არის, ზოგი საშუალოა და ზოგიც მცირე, საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი კომპანიაა - ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა გაჩერდა? მით უმეტეს, ვინც ამას ამბობს, იმათაც არ შეუწყვეტიათ საქმიანობა. შეიძლება განცხადების დონეზე კი, მაგრამ რეალურად იმ კომპანიებს, რომლებიც ოპოზიციურ ორბიტაზე მოიაზრებიან, საქმიანობა არ გაუჩერებიათ. ამასთან, თითქმის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2024 წელს. მართალია, ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან, დასრულდება კარგი ან ცუდი შედეგით, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციური სურათი გაცილებით უფრო ნეგატიურად იხატება, ვიდრე რეალურად არის, მეორე მხრივ, ხელისუფლებისა გაცილებით უკეთესად იხატება, ვიდრე არის. ასე რომ, სიმართლე სადღაც შუაშია.

- და რა არის ეს სიმართლე, თქვენი შეფასებით?

- სიმართლე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკას ამწუთას გადამწყვეტი სირთულეები არა აქვს. მართალია, არის პოლიტიკური დაძაბულობა თუ კონფრონტაციული გამოწვევები, მაგრამ ეკონომიკური სირთულეები ჯერ ამას არ გამოუწვევია. წლეულსაც და მომდევნო წლებშიც შეიძლება დაგვაკლდეს ცალკეული ქვეყნებიდან ინვესტიციები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნებიდან შემოვლენ კომპანიები, რომლებიც ამ ნიშას აითვისებენ. შეიძლება პირდაპირ ამერიკული კომპანია არ შემოვიდეს იმ ნეგატიური პროპაგანდის გამო, რომელიც იყო აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა უამრავი ქვეყნიდან იქნება ინვესტირების მსურველი კომპანია. რა თქმა უნდა, ყველა შესაძლოა ჩვენთვისაც არ იყოს სასურველი, მაგრამ ეს უკვე ტექნიკის ამბავია და პოლიტიკის საკითხია, ვის რა დოზით მივცემთ შემოსვლის შესაძლებლობასა და ბიზნესის კეთების თავისუფლებას.

ფინანსური ნაკადები ქვეყანაში არ გაჩერებულა და არც ეკონომიკა. ლარის კურსიც, ამდენი ხანია კრიზისი გრძელდება და, ფაქტობრივად იქვე არის, სადაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თეთრით მერყეობს. ამ ნეგატიურ განწყობას ვინც ხატავს და საუბრობს, ბიზნესმენებს ვგულისხმობ, რეალურად ბიზნესოპერაციებს არ აჩერებენ. საყოველთაო გაფიცვა რომ გამოცხადდა, 3-საათიანი გაჩერება რომ უნდა ყოფილიყო, პრაქტიკულად ყველა კომპანია ამ განცხადებისა და პლაკატების ფონზე მაინც აგრძელებდა მუშაობას იმ 3 საათის განმავლობაშიც. შესაბამისად, ის რეალობა არა გვაქვს, რა ფერებსა და რა ზომებშიც იხატება ვითარება.

- ლარის კურსზე საზოგადოება მწვავედ რეაგირებს. მათთვის ათთეთრიან გაუფასურებასაც კი აქვს არსებითი მნიშვნელობა, მით უმეტეს, წლების განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,65-ის ფარგლებში იყო, რეალურად 25-თეთრიანი გაუფასურება გამოდის. ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის შესაძლოა ეს არ არის საგანგაშო მონაცემები, მაგრამ საზოგადოებამ რა უნდა ქნას?

- საზოგადოება ამ პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აჰყვეს, ეს არ არის სიმართლე. 3%-იანი გაუფასურება ამხელა პოლიტიკური რყევის ფონზე არ არის იმ მასშტაბის კრიზისი, რომ ხვალინდელი დღე არ გათენდეს. 3%-იანი გაუფასურება რეალურად არც წნეხს ქმნის ეკონომიკისთვის და არც რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგრამ თუ პოლიტიკურ აჟიოტაჟს ავყვებით, მაშინ ლარი შეიძლება მართლა გაუფასურდეს. ამიტომ ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი თუ გვინდა, სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. თორემ თუ პროპაგანდას ავყევით და ყველამ ერთბაშად დავიჯერეთ, რომ კატასტროფა მოხდება, ვერც ლარის კურსს შევაკავებთ, ვერც ეკონომიკას შევინარჩუნებთ და ვერც სამუშაო ადგილებს. არა მგონია, ეს ვინმეს ინტერესში იყოს, გარდა ცალკეული პოლიტიკოსისა, ვისაც შეიძლება არეულობა აწყობდეს. საქართველოს მოსახლეობასა და არც ერთ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს არ აწყობს, რომ სანქციები დაგვიწესდეს, წარმოება გაჩერდეს, სამუშაო ადგილები დაიკარგოს, ხელფასები ვერ აიღოს ათიათასობით კაცმა. ეს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოქალაქესაც არ აწყობს. ის ხვდება, რომ შესაძლოა პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა გადიოდეს ეკონომიკის ჩამოქცევაზე. პოლიტიკა პოლიტიკურ მხარეს უნდა გაიმართოს, ეკონომიკა ეკონომიკურ ნაწილში უნდა იყოს გამართული და ერთის მეორესთან გადაკვეთა ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს, რაც არც მთავრობისთვის, მით უმეტეს, არც ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციონერისთვის სასურველი არ უნდა იყოს. უნდა ვიმსჯელოთ ქვეყნის და არა ვიღაც კონკრეტული პოლიტიკოსის ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც ხელისუფლებაში მოსასვლელად შეიძლება ყველაფრის გაკეთება უღირს.

წაიკითხე ვრცლად

TOP.GE