"მართლა თბილისში ტანკებით ხომ არ შემოვლენ?!" - გია ხუხაშვილის ანალიზი: "ოცნების" ევროპული დემარში და ერთადერთი გამოსავალი
გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას მხარი 114-მა დაუჭირა, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
"საქართველოს ოფიციალური პირებისგან დაჟინებით მოითხოვს ინკლუზიური პროცესის დაუყოვნებლივ ინიცირებას ყველა ჩართული პირისა და სოციალური აქტორების ჩართულობით, მათ შორის - მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების, რათა სასწრაფოდ პასუხი გაეცეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც საჭირო საარჩევნო გარემოს შექმნის ნამდვილად დემოკრატიული ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს. [საქართველოს ოფიციალური პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს, განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები; [საქართველოს ოფიციალური პირებისგან დაჟინებით მოითხოვს] დაუყოვნებლივ დაასრულონ საპოლიციო სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევები, ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევები და დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეკავების ან მათ წინააღმდეგ შურისძიების მიზნებისთვის სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება დაასრულონ, და სრულიად სცენ პატივი გამოხატვისა და შეკრების უფლებებს. გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე”, - ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პროგრესის შესაბამისად, ასამბლეას საშუალება ექნება, ხელახლა შეაფასოს საქართველოს დელეგაციის მანდატები 2025 წლის აპრილის სესიაზე. ასევე ცნობილია, რომ ასამბლეამ "ქართული ოცნების" დელეგატების მიერ წარდგენილი სამივე შესწორება უარყო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებას მყისიერად უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს მუშაობას:
"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და "ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს.
საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ყურადღებისთვის, ჩვენ თბილისიდან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას ვგრძნობდით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დელეგაციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას, მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ.
თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი.
რაიმე არსებითი მნიშვნელობა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ამ გადაწყვეტილების ასპექტი, რომელიც ანალიზს იმსახურებს“.
საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი.
"ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით... ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმედება არ გაკვირვებია, რადგან ისინი რუსული გზით მიდიან:
- რა კომენტარი უნდა გავაკეთო?.. ფაქტია, ეს ხელისუფლება ბოლო ხიდებსაც წვავს კონსტიტუციით განსაზღვრულ, ქვეყნის განვითარების ვექტორთან დაკავშირებით. ხელისუფალი კონსტიტუციის სისტემური დარღვევის მდგომარეობაშია გადასული მთლიანად, რაც წარმოუდგენელია. რაც მთავარია, უტიფრად ცდილობს, მერე ეს ევროპელებს და ჩვენც დაგვაბრალოს, გარკვეულწილად, მათ, ვისთვისაც ევროპული გზა არის უალტერნატივო.
ასე იქცევა ეს ხელისუფალი.
რომ ნახოთ, 2022 წელს რუსეთის დუმამ როგორც შეწყვიტა ამ ასამბლეაში მუშაობა, ზუსტად ისე შეწყვიტეს ამათაც. ისინიც ასე დემონსტრაციულად გავიდნენ, როცა იყო მათ მიმართ უკმაყოფილება უკრაინის ომთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე შინაარსის განცხადებები გაკეთდა მაშინ, რაც თქვა კობახიძემ.
კობახიძე სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რასაც რუსული დელეგაცია საუბრობდა მაშინ, რასაც დუმა აკეთებდა და იმავეს აკეთებენ ესენიც, მიჰყვებიან უფროსი ძმების გზას. ეს ხდება დღეს. საბოლოოდ წვავენ ბოლო ხიდებს ევროპასთან ანუ თავზე გვახევენ კონსტიტუციას. თან ისე უტიფრად, რომ იქით ევროპას ედავებიან და აქეთ - ჩვენ. სამართლებრივად და ფაქტობრივად ადგილი აქვს სახელისუფლებო კაბინეტებში მოკალათებული დაჯგუფების მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამ დროს ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს, მოვალეობაა, აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და დააბრუნოს ქვეყანა კანონით განსაზღვრულ განვითარების გზაზე. სწორედ ამ პროცესში ვიმყოფებით ახლა.
- ევროსაბჭოს მოწოდება რომ შეაფასოთ - ახალი არჩევნებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას.
- ეს იყო აბსოლუტურად სწორი მოწოდება. როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მისი გადალახვის ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამისკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმა აქვს ამ არჩევნებთან დაკავშირებით - გაყალბდა, არ გაყალბდა, - ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ცალსახაა, ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა, შესაბამისად, ეს არის ცივილიზებული, იმ სტანდარტის მოთხოვნა, რაც დამახასიათებელია ევროკავშირისთვის. მაგრამ ვხედავთ ამათ ქმედებებს და მათ ქმედებებით ვაფასებ - ისინი სრულიად ცალსახად და გამჭვირვალედ მიდიან რუსეთისკენ. აქ ორი აზრი არ არსებობს, თუ ევროპისკენ არ მივდივართ, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ რუსეთის გარდა სხვა გზა გვრჩება.
- რა პასუხი ექნება ევროპის საბჭოს საქართველოს ამ ქმედებაზე?
- რა პასუხი უნდა ჰქონდეს, მართლა თბილისში ტანკებით ხომ არ შემოვლენ? გამოჩნდება, პროცესი აჩვენებს, ურთიერთობების სტერილიზაცია მოხდება და კიდევ უფრო დაშორება ევროპასთან. სასანქციო პოლიტიკა გაგრძელდება.
- მოქალაქეები ამდენი ხანია, ქუჩაში დგანან და პროტესტი გრძელდება, ამ ფონზე ხალხმა და ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს?
- ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოთხოვნები, საბოლოო ჯამში, ამ კრიზისის გასაღები მაინც საქართველოშია და ჩვენ ამ ბრძოლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალური განვითარების გზაზე.
(სპეციალურად საიტისთვის)