ნაბიჯ-ნაბიჯ დაწყებული საოცნებო საქმე
როცა ძალიან გინდა რამე კარგის გაკეთება, მიზანს ისახავ, მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ და შედეგიც არ აყოვნებს. ჩვენი რესპონდენტის, შალვა ხუციშვილის ფერმერული ამბავიც ასეთია. ამბობს, რომ საყვარელი საქმის პატიოსნად კეთება ყოველთვის ამართლებს და ასე ადამიანი ნაოცნებარსაც აიხდენს. რატომ გადაწყვიტა მან მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობა და რამ მისცა საამისო მოტივაცია, ამის შესახებ გვიამბობს მეურნე, რომელმაც მარანი სამ თვეში ააშენა, პარალელურად კი ყურძენს წურავდა და ქვევრებში ღვინოს აყენებდა.
შალვა ხუციშვილი:
- ზაფხულობით თელავის რაიონის სოფელ ართანაში ვისვენებდი. სოფელი, ვენახი, ვაზი პაპაჩემმა შემაყვარა. როდესაც გავიზარდე, ძალიან მინდოდა მარანი მქონოდა და ამის შესაძლებლობა მომეცა. ჯერ პატარა ნაკვეთი შევიძინე, მერე პაპაჩემის დანატოვარზე მარნის აშენება დავიწყე. სახელზე დიდხანს არ მიფიქრია - პაპის პატივსაცემად და უკვდავსაყოფად ელიბოს მარანი დავარქვი (პაპაჩემს ელიზბარი ერქვა, შემოკლებით ელიბოს ეძახდნენ. დედის მამა გახლდათ, გვარად ბეშკანაძე). ამდენად, ამ სახელს "ღვინის ქურდებთან" საერთო არაფერი აქვს...
- მარნის აგება როდის დაიწყეთ?
- დაახლოებით სამი თვეა დავიწყე მშენებლობა. დაწყებისთანავე, თითქმის საძირკველი მქონდა ჩაყრილი, რომ ქვევრებიც ჩავალაგე. სექტემბრის ბოლოს რთველმაც მოუწია და მარნის მშენებლობის პარალელურად, საფერავი და ქისი დავწურე. ქისი ჩემი პატარა ვენახიდანაა, ხოლო საფერავი - მამაჩემის, ორივე საოჯახო ვენახებია.
მარანი უკვე აშენებულია, გარე ფასადი მოპირკეთებული, დამრჩა შიდა მოპირკეთება, კედლების შელესვა და სხვადასხვა საქმე. ღვინოც მზად არის, აპრილის ბოლოს გაიფილტრება. ხუთჯერ შევამოწმე ლაბორატორიულად, რომ არ "გაიქცეს" ღვინის მჟავიანობა და ა.შ. მარანი შემოსავლების სამსახურშიც დავარეგისტრირე.
- ქვევრები იმერეთიდან ჩამოიტანეთ?
- კი, ტყემლოვანიდან, მექვევრეების ცნობილი სოფლიდან. ჯამში 10 ტონის ტევადობის ქვევრები მაქვს, რომელშიც ქისი და საფერავი დაიწურა. თვით ვენახი 2 წლის წინ შევიძინე, იმავდროულად პატარა მიწის ნაკვეთიც, რომელზეც ჯერჯერობით ნამყენი მაქვს ჩაყრილი. 1 თვის წინ შევიძინე უფრო დიდი ვენახი, ნახევარ ჰექტარზე... წლეულს 3 ტონა და 300 კგ დავწურე. 10 ტონა სრულად არ გამივსია, ამდენი მოსავალი არ მქონდა.
- პაპას მართლაც შეუყვარებია თქვენთვის მეღვინეობა-მევენახეობა.
- ასეა, მასწავლა ვენახისა და შრომის სიყვარული. პაპასთან ერთად დავდიოდი სიმინდის სათოხნად, მოსარწყავად, ვენახის გასასხლავად, თავის გადასაჭრელად, ძირების შემოსათოხნად, თითქმის ყველა პროცედურაში ვეხმარებოდი. პაპა აკეთებდა, მე გვერდით დავყვებოდი და რასაც მავალებდა, წვრილმან რაღაცებს ვასრულებდი. მე თვითონაც ინტერესი მქონდა, მიყვარდა სოფელი, პაპაჩემის საქმიანობა, რასაც ოჯახისთვის აკეთებდა, მომწონდა. ვინტერესდებოდი მის თავს გადახდენილი ამბებითაც და რომ მოეყოლა, ამისთვის ბევრ კითხვას ვუსვამდი. თავად დიდად არ უყვარდა საუბარი, მშვიდი და ჭკვიანი ადამიანი იყო. მერე პაპას მონათხრობზე ჩემთვის ვფიქრობდი. სოფელში აფასებდნენ, კარგი სახელი დატოვა. ამიტომ მინდოდა მასავით კარგი საქმეები მეც მეკეთებინა, მისთვის მიმებაძა, რომ შემდგომში ისეთივე სახელი დამეტოვებინა... ჩემთვის პაპაჩემი მამაკაცის იდეალი იყო - სამაგალითო ადამიანი.
- დღეს თქვენთან ერთად ვინ მუშაობს?
- დედა მეხმარება, ასევე მეუღლე და ჩემი 3 წლის შვილი, შეძლებისდაგვარად სულ ჩვენ გვერდითაა. პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში ერთი-ორ მეზობელს ვიშველიებ. ძირითადად, საოჯახო მეურნეობა მაქვს, რომელიც ჯერ კიდევ სრული მასშტაბით დატვირთული არ არის, რაკი მშენებლობის პროცესში ვარ. სრულად წლეულს შემოდგომიდან დავიტვირთები.
- იაფი აგროკრედიტით ხომ არ გისარგებლიათ?
- ქვევრების ყიდვა რომ მინდოდა, ჯგუფებში ვწერდი და იქ ერთმა ადამიანმა, ბატონმა ამირანმა მომწერა და კონსულტაცია გამიწია. როგორც მერე გაირკვა, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. მითხრა, ქვევრების შეძენა სად, რომელ სოფელში და ვისთან შემეძლო და მისი რეკომენდაციით ორჯერ ჩამოვატანინე ქვევრები, ორივეჯერ კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში ჩამომიტანეს. ბატონ ამირანს მადლობა გადავუხადე და თქვენი საშუალებითაც ვეტყვი მადლობას.
- მარანი რამხელაა?
- დაახლოებით 140 კვადრატია. მშენებლობა ჩემი ხარჯით დავიწყე, 40 კვადრატის აშენება მქონდა ჩაფიქრებული, რასაც ჩემი ფინანსები გასწვდებოდა. ამ შემთხვევაშიც ბატონმა ამირანმა მირჩია აგროსესხის აღება. აგროსესხი 14%-ში დამიმტკიცდა, 11%-ს სახელმწიფო მიფინანსებს, ხოლო 3%-ს მე ვიხდი.
სავსებით უანგაროდ დამეხმარა სრულიად უცნობი ადამიანი. იმაშიც დამაკვალიანა, რომ სერიოზულ შედეგს უნიკალური და იშვიათი ყურძნის ჯიშების ჩაყრით მივაღწევდი და ეს რჩევაც გავითვალისწინე.
ვინაიდან მიწის ნაკვეთები კიდევ შევიძინე და კიდევ მოლაპარაკების პროცესში ვარ, კახური მცვივანი უნდა გავაშენო, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური და იშვიათი ჯიშია, ასევე ხიხვი. ამ ჯიშების პოპულარიზაცია ბოლო ათწლეულში მოხდა. ასევე უნდა გავაშენო საფერავი, ოღონდ ბუდეშურისებრი. მისგან ერთ-ერთი უნიკალური და პირველი ხარისხის ღვინო დგება. მეოთხე კახური მწვანეა, მეხუთე კი ფართოდ ცნობილი რქაწითელი.
რქაწითლისა და კახური მწვანის კუპაჟისგან ერთ-ერთი არომატული და საუკეთესო ღვინო გამოდის. ზოგადად, კახური მწვანის კუპაჟს ვაკეთებ რქაწითელსა და ხიხვთან, ხოლო კახურ მცვივანს ცალკე ვწურავ. ეს სასარგებლო ინფორმაციაც იმავე კეთილისმყოფელმა მომაწოდა.
- მოკლედ, ჩანაფიქრი ნაწილობრივ აისრულეთ და სხვა გეგმებიც გაქვთ.
- ყველას ხომ გვაქვს ერთი ოცნება, ჩემი ეს იყო. როდესაც ადამიანი ოცნებას აისრულებ, სიტყვებით ვერ გადმოსცემ, რამდენად ბედნიერი ხარ და შინაგანად მდიდარი, რადგან აკეთებ იმას, რაც გიყვარს, იმას, რაც შენს წინაპარს უყვარდა და რაც მათში შენც გიყვარდა. ამ ყველაფერს ენით აღუწერელი ბედნიერება და სიხარული მოაქვს.
- როგორი პროდუქტის შექმნაა თქვენი მიზანი?
- ვაწარმოებ ნატურალურ, სუფთა ღვინოს. ვენახის შესაწამლავად საქართველოში ყველაზე ხარისხიან და ძვირად ღირებულ, საუკეთესო პრეპარატებს ვიყენებ. ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით ვაყენებ. ქვევრში დაწურულ-დავარგებული და შემდგომ ბოთლებში გადატანილი ღვინოა - თან ტრადიციული და თან კლასიკური ანუ გაფილტრული. აპრილის ბოლო-მაისის შუა რიცხვებში უკვე გაფილტრულს ბოთლებში ჩამოვასხამ. ღვინო, როგორც ვთქვით, უკვე მზადაა და ფილტრაციას ელოდება.
- როგორია თქვენი მარნის ახლო და შორეული პერსპექტივები?
- ჩემი სურვილია ჩემი მარნის ღვინო უპირველესად საქართველოში ფართოდ გაიცნონ, იმავდროულად, უცხოეთშიც, ევროპასა და ამერიკაში. ახლო მომავალში მინდა სადეგუსტაციო დარბაზი გავხსნა, სადაც სტუმარი ჩემი ხუთი სახეობის ღვინოს გასინჯავს. იქნება მწვადი, კახური შოთი და მოსვენების საშუალებაც. ვფიქრობ ჩავდგა რამდენიმე კოტეჯი, იქნებ ვინმეს დარჩენის სურვილიც გაუჩნდეს, რომ მეგობრებთან ერთად მოვიდეს და კარგი დრო გაატაროს. ჩვენთან მშვენიერი სანახებია, მათ შორის, კავკასიონის საოცარი ხედი, ჩემი სახლიდან 9 კილომეტრია კავკასიონის ქედზე ასასვლელად.
მარნის გაკეთება ვისაც უნდა, ვურჩევდი, იმხელა მარანი ააშენოს, რამხელას შესაძლებლობაც აქვს. ყურძენიც იმდენი მოიწიოს, რამდენის შესაძლებლობაც აქვს, რომ მერე მისი გაყიდვა ადვილად მოახერხოს. ნებისმიერი საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებს და იშრომებს, პატიოსნად აკეთოს.
ამ საქმეში პატიოსნება ძალიან ფასობს. სოციალურ ქსელში მაქვს გვერდი, სადაც 22 ათასი გამომწერი მყავს და კვლავაც მემატებიან. ყველაფერს, რასაც წრფელი გულით ვაკეთებ, საზოგადოებას ვამცნობ. ვსაუბრობ ღვინის შესახებ, ნაკვეთს როგორ ვამუშავებ, მარანს როგორ ვაშენებ, ვცდილობ ადამიანებს ვაჩვენო, რამდენად მნიშვნელოვანია შრომა და პატიოსნება. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი არა მხოლოდ ადამიანებისგან, ღვთისგანაც ფასდება.