იაპონურ-ჩინური ბონსაის თბილისური „ცხოვრება“ - კვირის პალიტრა

იაპონურ-ჩინური ბონსაის თბილისური „ცხოვრება“

ბონსაი იაპონური სიტყვაა - "ბონ" პატარა ქოთანს ნიშნავს, ხოლო "საი" - ხეს. ბონსაი სპეციალური ტექნიკით, ხის მინიატიურულად გაზრდის გზით მიიღება. ეს საქმე იაპონელებს ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. ამ ტექნიკის გამოყენებით ხე პატარა რჩება და ბუნებრივი, სრულყოფილი ხის შეხედულება ეძლევა. საქართველოშიც ბოლო დროს მემცენარეობაში ბონსაი მოდური მიმდინარეობა გახდა. არჩილ ქოქრაშვილი, მეტყევე ინჟინერი, თბილისის ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექციის კურატორია. ის კერძო კოლექციონერიც არის, არადა, ბონსაით შემთხვევით დაინტერესდა.

- ერთხელ ტყეში მუხის ნერგი ვნახე, ამოვიღე და ქოთანში ჩავრგე. ხუთ წელიწადს ვზრდიდი, მაგრამ გახმა და რომ ამოვიღე, ფესვები ქოთნის შიგნით იყო დახვეული. მივხვდი, რომ ამის გამო ვეღარ განვითარდა და ქოთანში ნერგს პერიოდულად ფესვების შეჭრა სჭირდებოდა. ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო იყო, სტუდენტი გახლდით და არც ბონსაი ვიცოდი, რა იყო და არც ის, თუ ასეთი დარგი არსებობდა და ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი. მაშინ ჩვენს ქვეყანაში ამის შესახებ ლიტერატურაც არ იყო, ან თუ იყო, ძალიან მწირი. ვინც იცოდა, რომ ეს საკითხი მაინტერესებდა, ბროშურები მაჩუქეს. მერე რუსულად ნათარგმნი ინდური წიგნი აღმოვაჩინე, სადაც დეტალები ზოგადად იყო მოყოლილი. მოკლედ, ამ საქმეს მაინც პრაქტიკით დავეუფლე და 40 წელია, ამ საქმეს ვემსახურები.

093909ff-286b-427a-a81b-ee37b306f59e-1738230499.jpg
იაპონური გარგარი - 45 წლის

- აღნიშნეთ, რომ ბონსაის შესახებ მითები არსებობს, რას გულისხმობთ?

- სამი ძირითადი მითი არსებობს: რომ თითქოს ბონსაი მცენარის განსაკუთრებული ჯიშია, სინამდვილეში კი ნებისმიერი მცენარის ქოთანში გაზრდით შესაძლებელია მისი გამოყვანა, რისთვისაც პერიოდულად ტოტების, ფოთლებისა და ფესვების შეკვეცა სჭირდება. მეორე მითის მიხედვით, ეს იაპონური ხელოვნებაა. სინამდვილეში იაპონია ყველა იმ ოსტატის სამშობლოა, ვინც კი ოდესმე ხელოვნების ეს დარგი ამ დონეზე აიყვანა. ბონსაის კულტურა ჩინეთიდან მოდის. პირველი ისტორიული წყარო IV საუკუნეში, აღმოსავლეთ ცინის დინასტიის დროს გვხვდება. თავიდან პენსაი ერქვა ("პენ" ქოთანია და "საი" - ხე). იაპონელებმა თითქმის 1000 წლის მერე გაიგეს, რომ ასეთი ხელოვნება არსებობდა. საერთოდ კი, ბონსაი ბუნების წარმოდგენაა უკიდურესად შეზღუდულ სივრცეში.

ert-erti-pirveli-bonsai-rcxila-30-wlis-1738230499.jpg
არჩილ ქოქრაშვილის ერთ-ერთი პირველი ბონსაი - რცხილა 30 წლის

მესამე მითი ყველაზე დესტრუქციულია, რომ ბონსაი ოთახის მცენარეა. არადა, ბონსაი ოთახში ვერ ძლებს, რადგან ვერც კონდიციონერს იტანს და ვერც ვენტილაციას. უნდა იყოს ბაღში ან აივანზე, ღია სივრცეში, რადგან წელიწადის ოთხივე დრო უნდა გაიაროს.

საბედნიეროდ, ჩვენთან ისეთი კლიმატია, რომ ძლიერი ყინვა არ იცის. საშიშია, თუ ტემპერატურა -5°ჩ-ს ქვემოთ დაეცემა. გაყინვა ზედა ნაწილს არ ემუქრება, მთავარია, ფესვი არ გაიყინოს, მით უფრო, თუ ახალი მორწყულია... ვინც ბონსაით არის დაინტერესებული ან ყიდვა უნდა, თუნდაც მისი გამოყვანა, უნდა იცოდეს, რომ ოთახში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბონსაის შეტანა. ტყის ჯიშები ოთახში ვერ გაძლებს.

- და დღეს მდიდარი კოლექციის პატრონი ხართ...

- ალბათ, 100 ეგზემპლარამდე მექნება - მუხა, ნეკერჩხალი, აკაცია, ფიჭვები, კედრები და ყველა ხე, რაც კი არსებობს. დიდფოთლიან მცენარეს ვერიდები. მაგალითად, ჭადრის ფოთოლს შეიძლება ერთი ცხოვრება არ ეყოს, რომ დაპატარავდეს და იმ დონეზე მივიდეს, ქოთანში ლამაზად გამოიყურებოდეს. ამიტომ არჩევენ ისეთ ჯიშებს, რომლებიც ფოთლის დაპატარავებას ადვილად დაექვემდებარება და ნაყოფსაც გაიკეთებს. მაქვს იაპონური გარგარი, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავის და ნაყოფსაც ინარჩუნებს. უბრალოდ, ნაყოფი არ პატარავდება, მაგრამ მაინც ლამაზი სანახავია.

f6d88bee-08d3-4250-a0d0-ddef699967c5-1738230499.jpg
იაპონური ფიჭვი - 44 წლის

- ბოტანიკურ ბაღში ბონსაის კოლექციის კურატორი ხართ, სადაც ასევე მრავალფეროვანი კოლექცია გაქვთ...

- კი, როდესაც აქ სამუშაოდ მომიწვიეს, 10 ბონსაით დავიწყეთ, რომლებიც შეძენილი იყო. ახლა ბოტანიკურ ბაღში ბონსაის რაოდენობა სადღაც 400-მდე ავიყვანეთ. დავდივარ ტყეში და ისეთ ეგზემპლარებს ვარჩევ, რომელიც გადატეხილია, ზოგს ისეთი ფორმა აქვს, რომ პატარა შრომის შემდეგ, 2-3 წელიწადში ფორმის მიცემის შემდეგ ნელ-ნელა დაიხვეწება. მოკლედ, ნერგებს ველური ბუნებიდან ვიღებთ, რათა მათ გამოსაყვანად დიდი დრო არ დაგვჭირდეს.

kavkasiuri-akaki-20-wlis-1738230498.jpg
კავკასიური აკაკი - 20 წლის

წელიწადში ერთხელ ბოტანიკურ ბაღში მასტერკლასებიც ტარდება და ბევრ რამეს ვასწავლით, ისედაც ვეხმარები ბევრს რჩევებით. ამ პროცესს ვერაფერს შევადარებ - როცა ვმუშაობ, ვისვენებ. არ ვცდილობ ხისგან ბონსაის გაკეთებას, ვცდილობ ჩემი ბონსაი დავამსგავსო ნამდვილ ხეს ბუნებაში.

- მოკლედ, ამ დარგში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი...

- დიახ, ნიადაგს უნდა შერჩევა, მორწყვასაც თავისი წესები აქვს, განათებას, კვებას, დაავადების კონტროლს, ფორმირებას - ყველაფერს ცოდნა უნდა... ვისაც სურს ბონსაი ჰქონდეს, ეს საკითხები უნდა იცოდეს.

- შინ 100-მდე ჯუჯა ხე რომ გაქვთ, ერთმანეთთან თანაცხოვრება არ უჭირთ?

- არა, უბრალოდ, მათთვის შესაბამისი ფართობია საჭირო - ბაღი ან აივანი. მე აივანზე მაქვს თაროები. ფოთლოვნებს ყოველ გაზაფხულზე ქოთნიდან ვიღებ და ფესვებს ვაჭრი. მთავარია პროპორციის დაცვა: მიწის ქვემოთ - 1/3 და გასხვლის დროს ზემოთ 2/3-ზე უნდა იქნეს დატოვებული, რათა მცენარე ჯანსაღად გაიზარდოს. თუ ნახევარი ნახევარზეა, ანუ რაც მიწაშია, ზემოთაც იმდენი იქნება, მაშინ ფესვი უფრო გაძლიერდება. ამ დროს ტოტებს ე.წ. აალება ექნება, სადაც მუხლთშორისები ერთმანეთს უფრო დიდად დასცილდება და ულამაზო გამოვა (მუხლთშორისი არის ღეროს ან ყლორტის მონაკვეთი ორ მომიჯნავე მუხლს, ანუ ფოთლების მიმაგრების ადგილს შორის. - ლ.ფ.), ხოლო თუ ფესვი იქნება უფრო პატარა, მაშინ ტოტებს გაზრდა მეტად გაუჭირდება და დაიჩაგრება. ბონსაი 2-3 წელიწადში არ იქმნება - მას დრო და მოთმინება სჭირდება.

- რა დრო სჭირდება?

- 7-8 წელიწადში შეიძლება ფორმა მისცეთ... მაგალითად, 30 წლის რცხილა მაქვს, რომელსაც დღემდე კორექციას ვუკეთებ. ეს უწყვეტი პროცესია, სწორედ იმაშია ბონსაის ხიბლი, რომ არასოდესაა დასრულებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ქოთანს. ჩვენს პირობებში არ არის შესაბამისი ქოთანი. არის რამდენიმე მოყვარული, რომლებიც ბონსაის ქოთნებს აკეთებენ. შეძენას გამოწერით ვახერხებთ ან შეკვეთით ვამზადებინებთ. ქოთანი თიხის უნდა იყოს და აუცილებლად გარედან მოჭიქული. ბონსაი პლასტმასის ქოთანში დიდხანს არ უნდა გაჩერდეს. აუცილებლად გახვრეტილი უნდა იყოს დრენაჟირებისთვის, რათა იმდენი წყალი აიღოს, რამდენიც სჭირდება. ბონსაის ყველა ქოთანს ფეხები აქვს. ზედაპირი, სადაც გახვრეტილია, არ უნდა ეხებოდეს ქვეშ მდგარ ლანგარს. წყალმა ადვილად უნდა გაიაროს, რათა ფესვთა სისტემა არ დალპეს.

- როგორი ნიადაგია საჭირო?

- საბაღე ცენტრებში მზა ნიადაგი კი იყიდება, მაგრამ მირჩევნია თვითონ დავამზადო სუბსტრატი. 1/1-ზე ვიღებ მინდვრის გაცრილ მიწას, ტორფს, ყვითელ ქვიშას და ვაზავებ. მას შემდეგ, რაც ქოთანში პემზის ცოტა მსხვილ ფრაქციას ჩავყრი, ქოთანში გაკრეჭილი ფესვთა სისტემა ჩაისმება.

6d1a2a50-429f-4d30-96d3-da796775d595-1738230498.jpg
კომპოზიცია - ''იფნარი''

- კოლექციიდან რომელიმე ბონსაი თუ გაგიყიდიათ?

- რთული ამბავია... 40 წლის განმავლობაში 6-7 ბონსაი თუ მექნება გაყიდული, ზოგს ვჩუქნი. სანამ იმ ადამიანს არ გავესაუბრები და არ დავრწმუნდები, რომ მიხედავს, არ დაღუპავს, მიჭირს მისთვის მცენარის გადაცემა... გაყიდვისას ოსტატმა მყიდველს დეტალურად უნდა უთხრას, როგორ მოუაროს. თუ არ გააფრთხილებს, ასეთი ადამიანისგან არც უნდა იყიდოს. ნიადაგი, რომელშიც ბონსაი ზის, პერიოდულად იფიტება, საკვები ნივთიერებები იცლება და ამიტომ კვება მისთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად, ორგანული საკვებით ვკვებავ. მორწყვასაც თავისი სისტემა აქვს. ონკანის წყალი არ უნდა დავასხათ. წყალი ონკანიდან 24 საათის აღებული მაინც უნდა იყოს. პერიოდულად საჭიროა მცენარის დათვალიერება, რათა ტკიპა ან სხვა მავნებელი არ შეეპაროს. მათთან საბრძოლველად ამჟამად უამრავი საშუალებაა.

- ალბათ, ბევრჯერ უკითხავთ - დიდი ხე ასე მაინც როგორ პატარავდება და ჯუჯავდება?

- ძირითადად, გასხვლით. წიწვიანებს შემოდგომაზე ფორმის მისაცემად სპილენძის მავთული ეხვევა - სხვა ლითონთან შედარებით სპილენძი რბილია. დროთა განმავლობაში მერქანში მავთული რომ არ ჩაიჭრას, გაზაფხულზე უნდა მოიხსნას. მერე მავთულს საითაც გადასწევთ, რაც თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, ხე ისეთ ფორმას მიიღებს. ფოთლოვნებზე ის ტოტი იჭრება, რომელიც არ მოგწონთ და შემდეგ იმ მიმართულებით მიდის, როგორც გსურთ. ყველაფერში მოთმინებაა მთავარი, მით უმეტეს, ბონსაის შემთხვევაში. ბონსაის მოყვარულებს კი ვეტყოდი, უყვარდეთ ბუნება და ხშირად გავიდნენ ბუნებაში.