დაფნის მოყვანა სულ უფრო მომგებიანი ხდება
სანამ საქართველოში ახალ კულტურათა გაშენებაზე მსჯელობენ, მანამდე, როგორც აღმოჩნდა, ტრადიციულმა დაფნამ გაიხარა და გალაღდა. უფრო მეტიც, საქართველო მსოფლიოში დაფნის მსხვილ ექსპორტიორად იქცა. აქ წარმოებული დაფნა თითქმის მთლიანად ექსპორტზე გადის, მათ შორის ესპანეთში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, ნაწილი - რუსეთსა და თურქეთში. ქართული დაფნა მიეწოდება ყაზახეთს, ბელარუსს, უზბეკეთს და სხვა. როგორც ვხედავთ, სია შთამბეჭდავია. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ შარშან საქართველოდან დაფნა უკვე ჩინეთშიც გაიტანეს, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა პოტენციალი აქვს ქართულ, იმავე კოლხურ დაფნას, რომელსაც ასევე კეთილშობილ დაფნასაც უწოდებენ.
თუკი დაფნის მწარმოებლები თანამედროვე სამეურნო სტანდარტებსა და ხარისხზე მოთხოვნას გაითვალისწინებენ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაფნის შემოსავალი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ცნობისთვის: 2023 წელს ქვეყანამ დაფნით 17,7 მლ დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია. 2024 წლის დაფნის ექსპორტი ჯერ კიდევ არ არის დათვლილი. თუმცა, სავარაუდოდ, ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი დაფნა გავიდა, რაკი საექსპორტო ბაზრებს ჩინეთიც დაემატა.
პერსპექტივების მიუხედავად, დარგში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. როდესაც ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მეწარმე... აკაკი ჯობავამ დაფნის სანერგე შექმნა, ეს გამოწვევებიც დაინახა.
- ქართულ დაფნაზე მოთხოვნა იმდენად იზრდება, კიდევ მეტი პლანტაციები გაშენდება. ჩვენი ნიადაგი საუკეთესოა ამ საქმისთვის. ჩითილის გამოყვანას სპეციალური ჭურჭელი არც სჭირდება. საკმარისია დაფნის თესლი გრუნტში ჩააგდო, რომ ორ წელიწადში შესანიშნავ ნერგს მოგცემს, ეს არ არის მარტივი საქმე. რაც იმან გამიადვილა, რომ მთელი ბავშვობა ოჯახში დაფნას შევყურებდი, ვუვლიდი და ფოთოლს ვაბარებდით. ნერგების გამოყვანაც მაშინ ვისწავლე. შემდეგ რეალიზაციის საქმეშიც ჩავიხედე და ახლა რეალიზაციას მთელი უბნის ნერგებსაც ვუწევ. სხვათა შორის, ზოგიერთი კლიენტი დაკვეთას გვაძლევს, რომ პლანტაციებიც ჩვენ გავუშენოთ ჩვენივე ნერგით.
- ეს მომსახურების ახალი სერვისია?
- დიახ, უკვე რამდენიმე პლანტაცია მაქვს გაშენებული ჩემივე ნერგებით. ასე რომ, სულ სეზონის 80 000 ნერგიდან უკვე 50 000 ნერგი დარგული გვაქვს. თუმცა ჩვენი დახმარება ყველას ხომ არ ესაჭიროება, ზოგი თავადაც აშენებს პლანტაციას, მით უფრო, რომ დარგვა ხარჯთან არის დაკავშირებული.
- მიხარია, რომ ეს შეძელით და რაც მთავარია, დაფნის ბევრი ახალი პლანტაციაც შენდება.
- ძალიან ბევრი პროდუქციაც იქმნება არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. უბრალოდ, ჩვენ ხასიათის ის უარყოფითი თვისება გვაქვს, რომელიც მსგავს საქმეებს გვიფუჭებს და უკან გვხევს. როდესაც საქმეს ფული შემოაქვს, იმის ნაცვლად, შემოსავალს გავუფრთხილდეთ და უფრო გულმოდგინედ ვიმუშაოთ, ფულს ვხარბდებით და საქმეს ვაფუჭებთ. წლეულს სეზონზე ჩვენი დაფნის შესაძენად ჩინური კომპანიები ჩამოვიდნენ. ამან პროდუქციაზე მოთხოვნა ისე გაზარდა, რომ კილოგრამი ხმელი დაფნის ფასი 6-დან 13 ლარზე მეტად გაიზარდა. ეს რომ ზოგიერთმა მეწარმემ დაინახა, უფრო მეტი ფული მოინდომა და, ალბათ, მიხვდებით, რაც გააკეთა, - ხარისხიან პროდუქციაში ცოტაოდენი უხარისხო მასა გაურია და გაგზავნა პარტნიორებთან ჩინეთში. იქ, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ. ამის შემდეგ ჩინეთიდან კლიენტების რაოდენობაც შემცირდა და დაფნის ფასიც ისევ ძველებურ ნიშნულზე დავიდა - ახლა 13 ლარის ნაცვლად 1 კილოგრამი დაფნა ისევ 6 ლარი ღირს.
- დაფნის გაზრდილ წარმოებას, ალბათ, მეტი მუშახელის დასაქმებაც მოჰყვა და ესეც კარგია.
- კი, ასეა. მხოლოდ ჩემს სოფელში დაფნის ექვსი ასაწონი პუნქტია, რაც მოწმობს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით დაფნა გადის საწარმოებში გადასამუშავებლად. საწარმოებსაც უამრავი მუშახელი ჰყავს დასაქმებული. რაც მთავარია, დაფნა დამხმარეა იმ შემოსავლის მიღებაში, რომელიც მოსახლეობას ადგილზე აჩერებს და უცხოეთში გაქცევას არ აიძულებს. მშრალი რიცხვებით რომ ვთქვათ, 1 ჰექტარზე დაახლოებით 5 ტონა გამხმარი დანის ფოთოლი იწარმოება, რაც შეიძლება გადავამრავლოთ დაფნის ფასზე და სეზონური დაფნის ფასიც დავიანგარიშოთ. ასე რომ, ვნახოთ, მთავარია, შრომაში ბეჯითი და კეთილსინდისიერი ვიყოთ, თორემ ქართული კეთილშობილი დაფნა მზად არის შემოსავალი მოგვცეს.