ყმაწვილი ფერმერი 7-წლიანი სამეურნეო „კარიერით“ - კვირის პალიტრა

ყმაწვილი ფერმერი 7-წლიანი სამეურნეო „კარიერით“

"მყავს აბრეშუმის ჯიშის ქათამი, რომელსაც ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს. კიდევ, შვიდი სახეობის ქათამი, სხვადასხვა ჯიშის ინდაურები, ბატები, იხვები, მტრედები, მწყრები, ციცრები, ფარშავანგები, სხვადასხვა ჯიშის ცხოველები", - ამბობს 16 წლის ნიკა სანთელაძე, რომელიც უკვე შვიდი წელიწადია შინამეურნეობას უძღვება.

- ექვსი წლისას ბიძამ თხის ციკანი მომიყვანა. თითქმის მარტომ გავზარდე, ადრე ვდგებოდი, მიხაროდა საბალახოდ წაყვანა, ისიც სულ დამდევდა და მეთამაშებოდა. სამწუხაროდ, მოიწამლა, მომიკვდა და ისე ძალიან ვიდარდე, მშობლებს ჩემთვის ცხოველი აღარ მოჰყავდათ...

- სად აღიზარდეთ, ბავშვობა როგორ გარემოში გაატარეთ?

- ამბროლაურის რაიონის სოფელ ჟოშხაში დავიბადე. არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ოჯახში ყველა მანებივრებდა, თუმცა ჩემები შეძლებისდაგვარად სოფლის საქმეებშიც მრთავდნენ. იმ დროიდან შემიყვარდა სოფლის მეურნეობა. ბებია და ბაბუა ბოსელში საქონელთან რომ მიდიოდნენ, მეც მივყვებოდი. ვცდილობდი, ძროხა მომეწველა, ცხადია, არ გამომდიოდა, მაგრამ ინტერესი მემატებოდა. ჩვენმა ძროხამ ხბო რომ მოიგო, "ლომა" დავარქვი. ბაბუა ამბობდა, შენი გაზრდილიაო, თუმცა მე უბრალოდ ვუყურებდი, როგორ უვლიდა. ძალიან შემიყვარდა და მივხვდი, ყველა ცხოველის თვისებაა, სიყვარულს თუ აჩვენებ, იმავეს დაგიბრუნებს... ჩემი და ჩემზე ცოტა უფროსი ძმის ოცნება იყო, ცხენი გვყოლოდა. შვიდი წლისას დაბადების დღეზე მამამ მომიყვანა ცხენი და იმ დღიდანვე დავჯექი. დღეს სამი მყავს და იმედია, მეტიც მეყოლება.

71b8f198-2252-4c86-9c7b-d8ea48a89dbb-1738230500.jpg

- დამოუკიდებლად როდიდან უძღვებით მეურნეობას?

- 9 წლიდან. ბაბუას ძველებურად ძალა აღარ ერჩოდა, დედა პედაგოგია, მამას სხვა ბევრი საქმე აქვს. 9 წლის ბავშვი ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ გაუძღვება, მაგრამ ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, ოჯახის მხარდაჭერა მქონდა. მამიდა დღემდე მეხმარება, სხვადასხვა ფრინველს მიგზავნის... 16 წლის ვარ და შვიდწლიანი გამოცდილება მაქვს, რაც ცოტას არ ნიშნავს.

10f0ed0e-1e50-468f-9153-3e55148290af-1738230497.jpg

- ქათამი მყავდა, როდესაც მოკრუხდა, ბებიამ თქვა, წიწილებს არ გამოვაჩეკინებთ, რადგან ამ პერიოდში ძნელად იზრდებიანო. ქათამი მოვიპარე, კვერცხები მოვაგროვე, ძველ შენობაში დავსვი და წიწილები გამოვაჩეკინე... 9 წლიდან გადავწყვიტე, საღამოობით საქონელი საძოვრიდან მე წამომეყვანა. მთელი სოფლის საქონელი მომყავდა. შორს იყო, ჩემი მშობლები ღელავდნენ, მაგრამ იქ ხალხს ვენახები, ყანები აქვთ და დღისით საშიში არაფერია. ოჯახიდან თუ რამ ნამატი გაიყიდებოდა, ფულის ნაწილს მეც მჩუქნიდნენ, რაც მეტ მოტივაციას მიქმნიდა. ახლობელმა ბაჭია მაჩუქა, რომელიც მომიკვდა, შემდეგ მამამ სამი ბაჭია მიყიდა, გამრავლდნენ და 50 კურდღელი მყავდა, მაგრამ მელია და მეძებარი ძაღლები შემოგვეჩვივნენ და ძალიან ცოტა დაგვრჩა. ისინი ძალიან მიყვარდა და ისეთ ადამიანს მივყიდე, რომელზეც ნამდვილად ვიცოდი, რომ არ დაკლავდა...

11 წლის ვიყავი მამამ ქართული გრძელბეწვიანი ნაგაზის ლეკვი რომ მომიყვანა. ბობი გავზარდე, მაგრამ სამწუხაროდ მომიკვდა. ამის შემდეგ მამამ და დედამ თუთიყუში მომიყვანეს. ინტერნეტში მოვძებნე, როგორ მიმეჩვია. უკვე ოთახში ვუშვებდით, ერთხელ ფანჯარა ღია დაგვრჩა, გაგვიფრინდა და გარეთ რომ გავედი, თავად მოვიდა და მხარზე დამაჯდა. თუთიყუში დილაობით მთელ სოფელს შემოიფრენდა, მერე ბრუნდებოდა, მხარზე დამაჯდებოდა და შინ შემყავდა. ერთხელაც ცუდ ამინდში დაბლა ფრენდა და მანქანამ გაიტანა. ესეც დიდი ტკივილი იყო ჩემთვის.

მერე დაბადების დღეზე 250 ლარი დავაგროვე, ოჯახშიც დამიმატეს და მაკე თხა ვიყიდე. ციკანი გაჩნდა, შემდეგ თხა კიდევ მივამატე და რვა დაგროვდა. მდინარის გაღმა რომ გადავიდოდნენ, სახლიდან სახელებით დავუძახებდი და მორბოდნენ. ორი წლის მერე გაზაფხულზე, ცუდი ამინდი იყო და საძოვრიდან მხოლოდ ორი დაბრუნდა. ოთხი თხა მგელს დაეგლიჯა. აღარ ღირდა თხების ფერმაზე ფიქრი, რადგან მგელი უკვე შემოჩვეული იყო. ამიტომ დარჩენილები ისეთ ადამიანს მივეცით, რომელიც არ დაკლავდა...

თხების შემდეგ აღარავის ეგონა, რომ ჩემი მიზნებისკენ სწრაფვას გავაგრძელებდი. თუმცა ოჯახი, ახლობლები გვერდში დამიდგნენ, ჩემი პედაგოგის სიტყვებმა ძალიან გამაძლიერა და ფრინველების მოშენებაზე გადავედი, ქათმები და ინდაურები მოვიყვანე, ბიძაჩემის ახლობელმა იხვის კვერცხები მაჩუქა. ამის მერე დავიწყე სოციალურ ქსელში ჩემი ფერმის გვერდების შექმნა. იხვის კვერცხებზე იყო ჩემი პირველი ტიკტოკ-ვიდეო. მერე ინკუბატორი მაჩუქა ბიძამ და წიწილებს ვაჩეკინებდი.

940d8916-0319-4674-9e23-f32ce30b9f43-1738230500.jpg

- განსხვავებული ჯიშის ფრინველებზეც გვიამბეთ..

- ჩემი გვერდი როცა შევქმენი, მურმან გვასალიას, სენაკელი ფერმერის ვიდეოები მხვდებოდა და ერთში ქათამი და წიწილები ჩანდა. კომენტარში დავწერე, რა ლამაზი ქათმებია-მეთქი, და მომწერა, თუ გინდა, ერთ ცალს გაჩუქებო... სენაკიდან რაჭის სოფელში გამომიგზავნა. დეკორატიული მილფერი ძალიან მომეწონა. მამალია და მეწყვილეც შევუძინე... შემდეგ გავიგე, რომ კიდევ უამრავი ჯიშის ქათამი არსებობს. დღეს შვიდი სახეობის ქათამი მყავს. ჩემს ფერმაში ბეწვიან ქათამსაც ნახავთ. მას აბრეშუმის ჯიშის ქათამი ეწოდება, დეკორატიული სახეობაა და ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს... მყავს ასევე მეკვერცხულ-მეხორცული: ლივენური, მარმარილოს ორპინგტონი, თეთრი ოქროს ვიანდოტი, ხარკო მასტერგრეი, ამერაოკანი, რომელიც დებს ლურჯი შეფერილობის კვერცხს, ასევე მეკვერცხულ-მეხორცული - ბრამა ორაგული. ლინდას ჯიშის ბატი, ჯავახური. იხვი - მუშკის ჯიშის, ყიყინა, ინდაური - კანადური, ბურბონი, ჩვეულებრივი ქართული, მწყრები, მტრედები, ციცრები. ოცნება ავიხდინე და სამი ფარშავანგი შევიძინე. წარმოიდგინეთ, ბუც მყავდა. დაბრკოლება და პრობლემა ბევრია, თუმცა მიზნებზე უარს არ ვიტყვი. სამწუხაროდ, ბაბუა გარდაიცვალა, მას უდიდესი წვლილი ედო ჩემი საქმის განვითარებაში.

- როგორც ვიცი, მხოლოდ ფერმერობა არ არის თქვენი ინტერესის სფერო.

- უმაღლესში ვაბარებ. დავდიოდი სიმღერაზე, ცეკვაზე, ვსწავლობდი ფანდურის დაკვრას. ტიხრული მინანქარიც შევისწავლე. ვმონაწილეობდი სასკოლო ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებში, სამკაულებს ვაკეთებდი. კერვა ბებიამ მასწავლა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა ბიჭის საქმეაო, მაგრამ ეს სტერეოტიპები ჩემზე არ მოქმედებს. მამაჩემი ხელოსანია და მეც ხელოსნობის ნიჭი გამომყვა.

ამჟამად ათი ათასი გამომწერი მყავს, ერთ კომპანიას ვაპიარებ და მცირედი შემოსავალი მაქვს. სეზონზე ფრინველებისა და ცხოველების ნამატსაც ვყიდი, მხოლოდ საჯიშეს.

დასასრულს მინდა გითხრათ, რაც არსად მითქვამს: როცა კურდღლები მყავდა, ჩემი ოცნება იყო გადაცემა "ფერმაში" მოხვედრა. მივწერე სოციალურ ქსელში, მაგრამ უარი მითხრეს და გული იმდენად დამწყდა, მიზნად დავისახე, ყველაფერი ისე მომეწყო, ინტერესი აქეთ გამოეხატათ და ასეც მოხდა. დღეს ვინც რჩევას მკითხავს, ყველას ვეუბნები, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გულით მოინდომო და მიზნის მისაღწევად ძალა არ დაიშურო.