C ჯგუფი - B ჯგუფი 2-0 (ევრო 2012, დღე XXI) - კვირის პალიტრა

C ჯგუფი - B ჯგუფი 2-0 (ევრო 2012, დღე XXI)

ბრავო უკრაინა-პოლონეთის ჩემპიონატი. მივიღეთ ის, რაც ოცნებადაა ხოლმე ქცეული ფეხბურთის ჭეშმარიტი მოყვარულისათვის. ანუ ფინალში ითამაშებს ორი გამორჩეული და რაც მთავარია, სხვებთან შედარებით სათამაშო კლასით მაღლა მდგომი გუნდი საუკეთესო მეკარეებით, მცველებითა თუ ნებისმიერ პოზიციაზე განლაგებული მოთამაშეებით...

იტალიისა და გერმანიის ეროვნული გუნდების გუშინდელი მატჩი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე ჩემპიონატზე, მკითხველი ამაში დაგვეთანხმება, მაგრამ წინ რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრა გველის და ეს ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის ჯგუფური ეტაპის მატჩმაც ცხადყო, შეიძლება ამაშიც იდოს ჭეშმარიტების მარცვალი.

დიახაც, ამაზე თამაშის ვიზუალური მხარის გარდა, სტატისტიკაც მეტყველებს, რადგან გერმანელები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ორჯერ ზედიზედ დამარცხდნენ ესპანელებთან ისე, რომ გოლი ვერ გაიტანეს და ასევე ორჯერ დამარცხდნენ იტალიელებთან – შინ 2006-ში მსოფლიო ჩემპიონატზე და წუხელ ისე, რომ ამ ორ მატჩში გატანილი ერთადერთი ბურთი შესაძლოა მსაჯის "ვაჟკაცობასაც" მივაწეროთ.

კი ბატონო, გერმანიამ გუშინდელ მატჩში არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ იტალიას რამდენი უნდა გაეტანა 2-0-ის შემდეგ? მაგრამ გაიტანა ერთადერთი და ისიც თამაშგარე მდგომარეობიდან. კვლავ იჩინა თავი იტალიელთა სინდრომმა – "სკუადრა აძურა" დიდი ანგარიშით ვერ იგებს თამაშებს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის უგებს გერმანიას...

გულის სიღრმეში კი, ვინ იცის, ფიქრობს კიდევაც დელ ბოსკე – ნეტავი ვერ მოგვეგო ხორვატიისათვის, მოვდუნებულიყავით, გაგვეშვა საპასუხო გოლი, იტალია ირლანდიას მესამე ბურთს ვერ გაუტანდა და ამ შემთხვევაში ფინალში გერმანიას, ან რომელიმე სხვა გუნდს, მაგრამ არა იტალიას დავეტაკებოდითო... ამას ესპანელთა სახელგანთქმული თავკაცი რა თქმა უნდა ხმამაღლა არასოდეს იტყვის, თუმცა ანდრეას ინიესტა რომ ფინალში ანდრეა პირლოს ნაცვლად ბასტიან შვაინშტაიგერს გაცილებით დიდი სიამოვნებით იხილავდა, ამას ესპანეთის ნაკრების ლიდერი ინტერვიუშიც აცხადებდა...

ესპანელები ზედიზედ მესამედ ევრო, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებს ვეღარ დაამარცხებენ, მაგრამ მოუგებენ კი იტალიელებს, რომელთა შეჩერებაც გერმანელებთან მოგებული მატჩის შემდეგ, ვერც ზინედინ ზიდანის საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? მოდით, ამ საკითხზე მატჩის დღეს ვიმსჯელოთ, იქამდე ხომ დაპირისპირების წინა ფსიქოლოგიური პორტრეტის მრავალი შტრიხი გაიშიფრება. ახლა კი ერთს ვიტყვით, რომ Mმარიო ბალოტელი ჩემპიონატის მოქმედ ფორვარდთაგან ყველაზე ახლოსაა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულთან. მას ამისათვის ფინალურ მატჩში იკერ კასილიასისათვის ერთი გოლის გატანა დასჭირდება...

გუშინ ბალოტელიმ გერმანელთა წინააღმდეგ მატჩში დუბლი შეასრულა. ფეხბურთელი იმდენად იყო აჟიტირებული, რომ ჩეზარე პრანდელიმ აღარ გარისკა და მატჩის პირველ ნახევარში გოლის მაისურის გახდით აღნიშვნისათვის მიღებული ყვითელი ბარათი რომ არ გაწითლებულიყო, მეორე ტაიმში იგი შეცვალა.

ჩემპიონატის ყველაზე ეკზოტიკური ფეხბურთელი უეფა-ს შემოსავლის წყაროდაცაა ქცეული: მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრები მას თამაშის დროს ტრიბუნებიდან ბანანებს უშენდნენ, რაზედაც უეფა-მ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია საკმაოდ სოლიდური თანხით დააჯარიმა. ევროპის უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს რასიზმის გამოვლენის გამო, 20000 ევროთი წუხელ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც დააჯარიმა.

მაგრამ ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ უეფა-ს სანქციებით ხომ არ შემოიფარგლება. ჩემპიონატის მასპინძელმა ქვეყნებმა ბუნებრივია, რომ დიდი სარგებელი სწორედ რომ ფეხბურთით მიიღეს. მაგალითად, ბოლო ინფორმაციით დონეცკის ბიუჯეტი 300 მილიონი უკრაინული გრივნით შეივსო. ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრეზიდენტს, კლუბ "შახტარის" პრეზიდენტ რინატ ახმეტოვს და, რაღა თქმა უნდა, უეფა-ს ხელმძღვანელობას ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის გაწეული დახმარებისათვის. უკანასკნელი მონაცემებით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს დონეცკში სამი კვირის განმავლობაში 300 000 კაცი დაესწრო. მათგან 70000 ფეხბურთის მოყვარული ქალაქს რკინიგზითა და ავტომობილებით, ხოლო 57000 კი ავიატრანსპორტით ეწვია. სტუმართაგან რა თქმა უნდა რუსები (39000 კაცი) სჭარბობდნენ, ფრანგები და ინგლისელები კი თითქმის თანაბარი რაოდენობით (შესაბამისად 15700 და 15300 კაცი) აღმოჩნდნენ დონეცკში.

ბოლოს კი მაინც იტალიის ნაკრებზე შევჩერდებით. ალბათ ფეხბურთის მოყვარულთ კარგად გვახსოვს "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის მიერ ევროპის ჩემპიონატამდე იტალიის ჩემპიონატში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  "მსოფლიო ფეხბურთის საჭიროებისათვის" იგი მზადაა, რომ იტალიის ნაკრებიც ზვარაკად შეეწიროს შექმნილ სიტუაციას და მოიხსნას ტურნირიდან... საინტერესოა, ახსენდება ახლა იტალიელთა თავკაცს ერთი თვის წინანდელი გამონათქვამი?

ეს ჩვენ გვახსოვს და გვეღიმება კიდევაც, მაგრამ, მაინც რატომაა, რომ როდესაც იტალიის ფეხბურთში სკანდალია აგორებული, ნაკრები მაშინ იმარჯვებს უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ტურნირში? ასე იყო 1982 და 2006 წელს, როდესაც იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მაგრამ ახლა ხომ ევროპის ჩემპიონატია, რომელზედაც იტალიის ნაკრებს ერთადერთი ტიტული 1968 წელს აქვს მოპოვებული და თანაც ახლა ნამდვილად ვერ გავიხსენებთ იტალიის იმდროინდელ ჩემპიონატში შექმნილ ვითარებას...

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)