"ეს თვისება ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს" - რა არის ბედნიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლო?
ადამიანური ურთიერთობები რთული რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიყვარულს და წყვილის თანაცხოვრებას ეხება. რაში მდგომარეობს ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ პოპულარულ ტელეწამყვანთან და პროდიუსერთან - ნიკა ხაჩიძესთან:
- ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან ყველაფერი ინდივიდუალურია, თითოეული ჩვენგანი ინდივიდია და ყველას განსხვავებული ხასიათი და მოთმინების უნარი აქვს. ყოფით პრობლემებსაც ყველა ერთნაირად ვერ იტანს - ვიღაცის სიყვარულის შკალა იმდენად მაღალია, რომ ცდილობს, ყოველდღიურ წვრილმანებზე თვალი დახუჭოს, ოღონდ თავისი რჩეული შეინარჩუნოს, მაგრამ ვიღაცისთვის ყოფითი პრობლემა ან პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი მცირედი უთანხმოებაც განშორების მიზეზი ხდება.
ფაქტია, რომ ოჯახის შენარჩუნებისთვის მარტო სიყვარული საკმარისი არ არის.
ხშირად ვფიქრობ ჩვენი მშობლების თაობაზე: 1990-იან წლებში პატარა ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რამდენი პრობლემა ჰქონდათ, არც შუქი იყო, არც გაზი, ელემენტარული პირობებიც კი არ იყო, მაგრამ იმხელა სიყვარული ჰქონდათ, რომ ყველა დაბრკოლებას ერთად უძლებდნენ.
- ადრე ქართველი ქალიც უფრო მეტს ითმენდა და ყველანაირად ცდილობდა, ოჯახი შეენარჩუნებინა - ოჯახის სიმტკიცის ერთ-ერთი მიზეზი ესეც ხომ არ იყო?
- შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მარტო ქალმა კი არა, კაცმაც ბევრი უნდა დათმოს და ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი, თუ ურთიერთობის შენარჩუნება უნდა. რაც შეეხება ქართველ ქალს, ის ფენომენალური მოვლენაა: იმავე 1990-იანებში, დედები რას არ იგონებდნენ, რომ ოჯახი და შვილები გადაერჩინათ. იმას არ ვამბობ, რომ მამაკაცები არ ცდილობდნენ, მაგრამ ქალებმა მაინც საოცარი გამძლეობა გამოიჩინეს. სწორედ ამ გამოცდილებიდან ვიცი, რომ წყვილმა ცუდი ამბავიც ერთად უნდა გადაიტანოს და კარგიც.
მეგობრობა და სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს და როდესაც ურთიერთობაში მუდმივი თმენაა საჭირო, ეს ცუდის ნიშანია. თუ ერთი მხარე მუდმივად თმობს და რაღაცას იტანს, წყვილის ურთიერთობაში უარყოფითი ენერგია გროვდება, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს.
- ნიკა, რას ფიქრობთ მეტისმეტად აქტიურ ქალებზე? - დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
- თუ "აქტიურში" საქმიან და შემდგარ ქალებს გულისხმობთ, ეს ძალიან მომწონს, მაგრამ თუ თავისი აქტიურობითაა შემაწუხებელი, ეს არ მომწონს.
ჭკვიან და აქტიურ ქალებს ვაფასებ, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას თვითონ თუ მიიღებს და მე უფუნქციოდ დამტოვებს, ეს ნამდვილად არ მომეწონება.
- რას ფიქრობთ, როცა ურთიერთობაში პირველ ნაბიჯს ქალი დგამს?
- ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ნაბიჯი მეც გადამიდგამს და მეორე მხარესაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ძალიან კარგად დასრულებულა.
როცა ურთიერთობა იწყება, პირველი იმპულსი შეიძლება პირველი შეხედვით ან გაღიმებით წარმოიშვას. ქალმა გამოიხედა პირველად თუ კაცმა - ამას რა მნიშვნელობა აქვს? - მთავარია, მათ შორის "ქიმია" შედგეს და ის ნაპერწკალი გაჩნდეს, რაც დასაწყისისთვის აუცილებელია.
შემდეგ ეტაპზე მთავარია, წყვილი ერთმანეთს ავსებდეს და ყველა პრობლემას ერთად წყვეტდეს - მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოყალიბდება მათ შორის მტკიცე და ბედნიერი ურთიერთობა. ზოგი ფიქრობს, რომ კაცი ოჯახში შემომტანი უნდა იყოს, ხოლო ქალი - დიასახლისი, რაც არასწორია. ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ოჯახს მიხედოს და დიასახლისობას დასჯერდეს თუ კარიერა გაიკეთოს - ეს მისი არჩევანია. ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი შემოსავალი ჰქონდეს - ქალსაც, კაცსაც და თვით არასრულწლოვანსაც კი.
ძალიან მომწონს, რომ ეს თაობა სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ არა მხოლოდ ეს თაობა: მაგალითად, მე 16 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. ყველას უკვირდა - ვერ იგებდნენ, რა უჭირდათ ჩემს მშობლებს ისეთი, რომ მუშაობა დამაწყებინეს... ამ დროს არავის არაფერი უჭირდა, უბრალოდ, მე მინდოდა, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა. სწორედ ასე მოიქცა ჩემი მეგობარი, რომელიც ცნობილი ოჯახიდან იყო - ისიც 16 წლიდან ბარმენად მუშაობდა და ეს ამბავიც ყველას უკვირდა. დღეს, ბარმენობა ერთ-ერთი პრესტიჟული და მოთხოვნადი საქმიანობაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ახალი თაობაც ადრეული ასაკიდან იწყებს ზრუნვას, რომ თავისი შემოსავალი ჰქონდეს.
ძალიან მომწონს, რომ ძველი შეხედულებები მთლიანად დაიმსხვრა და ამ თაობას ფიზიკური შრომაც არ ეთაკილება. ისინი ოჯახის შექმნასაც არ ჩქარობენ მანამ, ვიდრე თავისი შემოსავალი არ გაუჩნდებათ და მშობლებისგან დამოუკიდებლები არ გახდებიან.
- ნიკა, რას ფიქრობთ, როცა ლამაზი ქალი ცოლად შეუხედავ მამაკაცს მიჰყვება?
- ესეც გემოვნების ამბავია. ვიღაცისთვის შეიძლება ადამიანი შეუხედავი იყოს, მაგრამ მე მის ნაკლოვანებებს ვერც ვამჩნევდე. შესაბამისად, ათ კაცს თუ ერთი ქალი მოსწონს და მე სულ სხვა მომეწონება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება ჩემი რჩეული ვიღაცისთვის "შეუხედავი" იყოს, მაგრამ ჩემთვის იყოს ლამაზი და მოსაწონი... ადამიანები იმაზეც კამათობენ, შავგვრემანი ქალი უფრო ეშხიანია თუ ქერა, არადა, თმის და კანის ფერს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. შეიძლება გოგონას ლურჯად ჰქონდეს შეღებილი, მაგრამ ძალიან ლამაზი და ეშხიანი იყოს.
მთავარია, ქალს ის ხიბლი ჰქონდეს, რომელიც მიგიზიდავს.
მაგალითად: მე ძალიან ეშხიანი წითური გოგონებიც მინახავს, შავგვრემანიც და ქერაც. თმის და თვალის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები იმ ადამიანთან, რომელიც მოგვწონს. ნათესავების ან ოჯახის წევრების გემოვნებას ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს.
მესამე, რაც უნდა კეთილმოსურნე იყოს, წყვილის ურთიერთობაში მაინც ზედმეტია. არსებობს უთქმელი ზღვარი, რომელიც მესამე პირმა არ უნდა გადალახოს.
შვილების ცხოვრებაში, ზედმეტად მშობლებიც არ უნდა ჩაერიონ, შეიძლება მშობელმა შვილს რჩევა მისცეს, მაგრამ ეს უთქმელი ზღვარი არ უნდა გადალახოს.
- თქვენი დაკვირვებით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს წყვილს, რომ მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს?
- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი თვისებაა: ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა - ამის გარეშე ჯანსაღი ურთიერთობა წარმოუდგენელია. ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგაგება ყველა ეტაპზე აუცილებელია.
რა არის ყველაზე საშინელი თვისება, რომელიც ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს? - მე ვიტყოდი, რომ ეს თვისება ეჭვიანობაა! "ენდე, მაგრამ შეამოწმე" სუსტი ადამიანების მოგონილი მგონია.
მე თვითონ, ეჭვიანი საერთოდ არ ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანები ცხოვრებაში ხშირად შემხვედრიან, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ეჭვიანობა ურთიერთობის პირველი მტერია. შესაბამისად, ეჭვიან ადამიანებთან ურთიერთობა საშინლად არ მომწონს.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)