დარჩა თუ არა ხელისუფლება რეალობის მიღმა - კვირის პალიტრა

დარჩა თუ არა ხელისუფლება რეალობის მიღმა

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ქსნის დაწესებულების ე. წ. ახალ ნაწილში პატიმართა უფლებების სავარაუდო მასობრივად დარღვევების გამო. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ქსნის დაწესებულებაში პატიმრებს შეხვდნენ.

"მსჯავრდადებულები ამბობენ, რომ ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაწესებულებაში მიღებისას და სამარტოო საკანში მოთავსებამდე ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა; მცირედი გადაცდომისთვის დასჯის უკანონო მეთოდების გამოყენება. დაწესებულებაში ხშირად არ მუშაობს ტელეფონი, პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და არა აქვთ რადიომიმღებები. ასახელებენ რამდენიმე პირს, რომლებიც უშუალოდ არღვევენ მათ უფლებებს. ესენი არიან დაწესებულების ხელმძღვანელი შოთა თოლორდავა და მისი მოადგილე, ასევე დიმა ჩხაიძე, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა", - ნათქვამია გიორგი ტუღუშის განცხადებაში. სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილ განცხადებას ხელს აწერს 693 მსჯავრდადებული.

 

ცხადია, ეს პირველი ინფორმაცია არ არის, რომელიც პატიმრების უფლების შელახვაზე ვრცელდება, მაგრამ ანგარიშგასაწევია უკმაყოფილო, რისკიან პატიმართა რაოდენობა. მით უმეტეს, რომ უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაში, პატიმრებზე ზეწოლა არათუ მცირდება, პირიქით, ძლიერდება. ძნელი სათქმელია, ომბუდსმენის მიმართვაზე რა რეაგირებას მოახდენს მთავარი პროკურორი და გააცნობს თუ არა გიორგი ტუღუში ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოებრიობას, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდება, რის გამოც საზოგადოება ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას არ მოისურვებს.

იურისტი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, "ევროსტანდარტების დონეზე გაკეთებულ ციხეებში" (ხელისუფლების თქმით) ამ რაოდენობის პატიმართა უკმაყოფილება დიდი დარტყმაა.

- ვერ გეტყვით, რომ ხელისუფლებას ამ 700-მდე პატიმრის უფლებების დასაცავად ქმედითი ღონისძიება გაეტარებინა. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მმართველი გუნდი მოქალაქეების საჩივრებსა და პრობლემებზე არ რეაგირებს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე პატიმრებს ეხება. მჯერა, რომ გიორგი ტუღუში საერთაშორისო საზოგადოებრიობას გააცნობს საქმეს, რადგან მხოლოდ მათი ჩარევის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გარღვევა. დიდი ხანია, ხათუნა კალმახელიძესთან პატიმრებსა და მათ ახლობლებს სრულიად დასაბუთებული პრეტენზიები აქვთ. სახალხო დამცველი ძალიან აქტიური ფიგურაა, მაგრამ ვნახეთ, რომ საპარლამენტო მოსმენების დროს კალმახელიძე მაინც გადარჩა. თუმცა, არც მისი გათავისუფლებით მოგვარდებოდა ეს პრობლემა. ერთი პირის, მით უფრო, კალმახელიძის, მოხსნით ქართულ ციხეებს არაფერი ეშველება. არ ვიცი, რა იქნება ოქტომბრამდე, მაგრამ შემდეგ ამ სისტემაზე სხვა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა გავრცელდება.

- მიგაჩნიათ, რომ წნეხის მიუხედავად, არჩევნები მაინც გაიმართება?

- საბედნიეროდ, დღეს არჩევნების ბედს მიხეილ სააკაშვილი კი არა, ამომრჩეველი წყვეტს. ოქტომბრის არჩევნებზე იმდენად ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ 2008 წლის თბილისი, როცა ხელისუფლებამ გაყალბება ვერ გაბედა, საარჩევნო უბნებთან მოსული გამყალბებლები მანქანებიდან გადმოსვლას ვერ ბედავდნენ. ამის კარგი მაგალითია აქციები, რომლის მასშტაბურობაც თრგუნავს ხელისუფლებას და პროვოკაციის მოწყობას ვერ ბედავს. მცირე მასშტაბის შეხვედრის დროს კი თითქმის ყველა რაიონში გაბედეს ძალადობა.

- პარალელურად, აყადაღებენ "ქართუ ბანკის", "ქართუ ჯგუფისა" და სხვა არაერთი კომპანიის წილებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გატარდება. რას ელოდებით?

- უარესს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცოდით და ნაფიქრიც გვქონდა იმაზე, რომ ხელისუფლების სიგიჟე პროგრესირებადი იქნებოდა. უარესს ველოდებითY1-ელ ივლისს მცხეთაში გამართული აქციის შემდეგ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზვავი, რომელიც აგორდება, არ შეჩერდება, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.

- "სასურველი შედეგის" მისაღებად საჭიროა ფინანსები...

- დიახ, მაგრამ ფინანსები საჭიროა რაღაც ეტაპამდე, მას შემდეგ უკვე სხვანაირად განვითარდება პროცესები. ვერც ჯარიმა შეგვაჩერებს და ვერც ყადაღა. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ისე გაგრძელდება, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან უკანონოა და არ გვინდა უკანონობის თანამონაწილე გავხდეთ. გარდა ამისა, ამ ჯარიმას ვერ გადავიხდით, რადგან 2 მილიონ ნახევარზე მეტია.

- ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში რა შეიძლება ხელისუფლებამ მოიმოქმედოს?

- მისი ყველა ქმედება უკანონო იქნება... სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ ჯონ ბასმა წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე არჩევნების თემას საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა, ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილია ხელისუფლებისთვის, რადგან ქვეყანაში წინასაარჩევნოდ განვითარებულ პროცესებზე ის არის პასუხისმგებელი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)