"შარიანი" ალ-შარაა: ულტიმატუმი პუტინს - გადასცემს თუ არა კრემლის ბინადარი სირიის ახალ ხელისუფლებას ბაშარ ალ ასადს?!
ულტიმატუმი პუტინს - მოგვეცით ასადი, გადაგვიხადეთ კომპენსაცია რუსული დაბომბვებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ...
მიუხედავად იმისა, რომ სირიის შემდგომი ბედი თანდათანობით ირკვევა-დასავლეთი ივიწყებს „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტულ წარსულს და ცნობს აბუ მუჰამედ ალ ჯულანის იგივე აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სირიის პრეზიდენტ დანიშვნასაც კი, ყველა სულგანაბული ელოდება თუ როგორ გადაწყდება ორი რუსული სამხედრო ბაზის შემდეგომ ბედი ამ ქვეყანაში...
საზღვაო მატერიალურ-ტექნიკური პუნქტი სირიის ტარტუსის საზღვაო პორტში კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, 1971 წლიდან ჰქონდა მოწყობილი, რაც შეეხება ჰმეიმიმის საჰაერო ბაზას, ის 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა, მას შემდეგ რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პუტინის სამხედრო ავიაცია სირიაში „მიიწვია“ შეიარაღებული ოპოზიციის დაუნდობელი დაბომბვებისთვის და საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად.
2024 წლის მიწურულს, სულ რაღაც ათიოდე დღეში ასადის რეჟიმი ისე სამარცხვინოდ ჩამოიშალა, რომ მისი რეჟიმის გახანგრძლივებას, ვერც ჰმეიმიმიდან აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენების დაბომბვებმა და ვერც ტარტუსის პორტთან ამოყვინთულმა ასევე რუსულმა წყალქვეშა ნავმა ვერ უშველეს...

სამაგიეროდ, სირიის ახალ ხელისუფლებას არ დავიწყებია რუსული ბომბების აფეთქებები და ისინი კრემლს ულტიმატუმს უყენებენ - გადაუხადეთ ახალ სირიას კომპენსაცია ათწლიანი რუსული დაბომბვების გამო და უკან დაგვიბრუნეთ მოსკოვში გაქცეული და თავშეფარებული ბაშარ ასადი, რომ ის სირიაში გავასამართლოთ, თუკი გსურთ...
რა შეიძლება სურდეს პუტინის კრემლს სირიაში, თუკი მისმა „ჯილამ“-ასადმა კურდღელივით შეშინებულმა ისე მოკურცხლა სამშობლოდან, რომ თავისი არმიის გენერლებიც კი სახტად დატოვა?
პუტინი, რომელსაც სურს აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გლობალური სამხედრო-პოლიტიკური გავლენა მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, ცდილობს შეინარჩუნოს რუსული სამხედრო საზღვაო და საჰაერო ფლოტების ოპერატიული ოპერირების საშუალება ხმელთაშუა ზღვაში.

ამის განხორციელება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიიდან უბრალოდ შეუძლებელია ,მით უმეტეს მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ თურქეთმა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გასასვლელი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაუკეტა ამ ომში მონაწილე მხარეებისთვის - თუმცა უკრაინისთვის, რომელსაც სამხედრო ხომალდები აღარც ჰყავს, ეს მეათე ხარისხოვანი პრობლემაა, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთზე, რომელსაც ამის გამო ტარტუსის სამხედრო-საზღვაო ბაზის მომარაგება შავი ზღვიდან კი არა, არამედ ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან უწევდა ევროპის კონტინენტის შემოვლით...
ამიტომაც კრემლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორმე შეინარჩუნოს ჰმეიმიმის საჰაერო და ტარტუსის საზღვაო სამხედრო ბაზები სირიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
მაგრამ, დამასკოს ულტიმატუმის შემდეგ, პუტინი შეიძლება მართლაც დათანხმდეს სირიისთვის მილიონების გამოყოფას, რაც გინდ კომპენსაციად, გინდ რუსეთ-სირიის ახალ თანამშრომლობად „გაპრავდება“, მაგრამ დაუბრუნებს კი პუტინი მოსკოვს თავშეფარებულ ასადს სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მას აუცილებლად გაასამართლებს და დიდი ალბათობით სიკვდილითაც დასჯის?

პუტინმა უკვე შეიფარა უკრაინიდან გამოქცეული იანუკოვიჩი და მას ზელენსკის რა თქმა უნდა არ გადასცემს, მაგრამ ბაშარ ასადის შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი?
თუკი ის ასადს მართლაც „დაუბრუნებს“ უკან, ეს კრემლის უდიდეს პოლიტიკურად სისუსტედ აღიქმება დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ სირიაში სამხედრო ბაზების შენარჩუნებაც რომ ასე სურს კრემლს...
უფრო სავარაუდოა, რომ პუტინი არ დააბრუნებს სირიაში ასადს, ჰმეიმიმისა და ტარტუსის რუსული სამხედრო ბაზები ნელ-ნელა შეწყვეტენ ფუნქციონირებას(თუნდაც სულაც იმიტომ, რომ ცალკე თურქეთი და ცალკე ევროპა და აშშ კულუარულად, მაგრამ დაჟინებით ამას მოითხოვენ სირიის ახალი ხელისუფლებისგან), ხოლო ხმელთაშუა ზღვაში ცურვასა და ფრენას რუსული სამხედრო ხომალდები და თვითმფრინავები უკვე ლიბიის იმ პორტებიდან და აეროდრომებიდან გააგრძელებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს კრემლის ხშირი სტუმარი, ლიბიელი ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი და სადაც იქმნება რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ ბაზები…