"შიმშილობა ორგანიზმში სერიოზულ საფრთხეებს ქმნის, შესაძლოა, გულის გაჩერება, ასევე თავის ტვინში შეუქცევადი პროცესების დაწყება" - ვატო სურგულაძე მზია ამაღლობელის შიმშილობაზე
ადამიანი, რომელიც სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობს პრობლემისა და საშიშროების წინაშე დგება და როდესაც მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღეს, ვიღაც ექიმი აცხადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ არის, ამას ჩვენ ვერ დავიჯერებთ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ვატო სურგულაძემ, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვატო სურგულაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ექიმთა ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს, რათა საზოგადოებას ყოველდღიური ინფორმაცია ჰქონდეს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„შიმშილობა ადამიანის ორგანიზმში სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. ნებისმიერ პერიოდში შესაძლოა, გულის გაჩერებაც მოხდეს, ასევე თავის ტვინში დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. მივმართავ, ე.წ სახალხო დამცველს, რომელმაც თქვა, რომ, როცა საჭიროება გახდება ექიმთა ჯგუფს მაშინ შექმნის. არა ლევან! ჯგუფი ახლავე უნდა შეიქმნას, რომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ყოველდღიური ინფორმაცია უნდა გვქონდეს. 9 აპრილის შემდეგ, მინისტრი მენაღარიშვილი ყოველდღიურად გვახსენებდა, მოწამლული ადამიანების შესახებ ჯანმრთელობის ინფორმაციას. ახლანდელი ფსევდო მინისტრი [მიხეილ სარჯველაძე] საქმის კურსშიც არ არის.
სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო საზოგადოებას და ლევან იოსელიანს მოგმართავთ, ნუ გავიმეორებთ ნაზი შამანაურის ტრაგედიას, რომელიც კომუნისტებმა, უშუალოდ „კა-გე-ბემ“ ჩაატარა, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმ კომუნისტურ და ბოლშევიკური წყობისკენ მიდის.
გადავარჩინოთ ქალბატონი მზია!“- განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მზია ამაღლობელი კი დაკავების მომენტიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-20 დღეა.
"ინტერპრესნიუსი"