"მძიმეა, როცა მეგობარი, ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს და დროს პოულობს იმისთვის, რომ ქართველ მოღალატეებს საქართველოს დაზიანებაში დაეხმაროს" - დავით მათიკაშვილი უკრაინაზე
ყველაზე რთული სანახავი ის არის, თუ როგორ უხარიათ ქართველ მოღალატეებს საქართველოს დაზიანების რაიმე შემთხვევა - ეს საზოგადოებამ კარგად იხილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს რადიკალი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების ქმედებებით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მანამ, სანამ საპარლამენტო ასამბლეაში არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ქვეყნისა და მის ხელისუფლების მიმართ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არ გააგრძელებს.
„იმ ძალმომრეობაზე, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოხატული, ჩვენი ნაბიჯი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ევროსაბჭოში, ვაგრძელებთ მუშაობას ამ სტრუქტურაში, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას მანამ, სანამ არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ჩვენი ქვეყნისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ბუნებრივია, არ გავაგრძელებთ“. ეს არის უღირს ქმედებებზე ჩვენი პასუხი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, „მძიმეა, როდესაც მეგობარი, ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს და დროს პოულობს იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებაში ქართველ მოღალატეებს დაეხმაროს“.
„ალბათ, ყველაზე რთული სანახავი ის არის, თუ როგორ უხარიათ ქართველ მოღალატეებს საქართველოს დაზიანების რაიმე შემთხვევა და ეს საზოგადოებამ კარგად იხილა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს რადიკალი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების ქმედებებით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ისინი უკრაინულ დელეგაციასთან ერთად მოქმედებდნენ. მძიმეა, როდესაც მეგობარი, ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს და დროს პოულობს იმისთვის, რომ საქართველოს დაზიანებაში ქართველ მოღალატეებს დაეხმარონ. ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“.
"ინტერპრესნიუსი"