სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზეც გაიყიდება - კვირის პალიტრა

სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზეც გაიყიდება

26 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე ჰაიკე ქრონქვისტის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ფრაზა: "ამ მუხლის 1, 1, 1, 2 და 1, 3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში"...

აღნიშნული პუნქტებით კი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების ფლობის უფლება ჰქონდათ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე ამ მუხლის 1 1, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. ამასთან, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე.

ამავე დროს კანონით უცხოელი და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებული იყვნენ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაესხვისებინათ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმეოდათ საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა აღნიშნული მუხლები და ჩათვალა, რომ ისინი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამ კანონით ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რომელიც თანაბარია მოქალაქეობის კუთვნილების მიუხედავად.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი: "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულყოფილად არ ვიცნობთ, რადგან ოფიციალურ ვებგვერდზე არ დევს და კარგი იქნებოდა, მისი დეტალურად განხილვის საშუალება გვქონოდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია პრესრელიზი ამ პლენუმის გადაწყვეტილებისა, საიდანაც ჩანს ამ გადაწყვეტილების არსი და მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და შესაბამისად ძალადაკარგულად გამოაცხადა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის მუხლები, რომლითაც უცხოელს ეკრძალებოდა საქართველოში საკუთრებაში ჰქონოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6 თვეზე მეტი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის ვალდებული იყო ეს მიწა გაესხვისებინა. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ მემკვიდრეობის გზით. ამ ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს, რომ აღნიშნული შეზღუდვა აღარ იარსებებს საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა საქართველოს მიწის ბაზარზე ჰქონდეს ისეთივე უფლებები, როგორიც საქართველოს სხვა მოქალაქეებს აქვთ. შესაბამისად, მას ექნება უფლება იყიდოს მიწის ნაკვეთი, მიუხედავად მისი დანიშნულებისა და ამ თვალსაზრისით რამე შეზღუდვა კანონმდებლობით გათვალისწინებული, არც შესყიდვის და არც მემკვიდრეობის გადაცემის თვალსაზრისით მასზე არ გავრცელდება. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის მიმართვის შემდეგ, არ ეხება მხოლოდ კონკრეტულად ამ მოქალაქეს, არამედ ნებისმიერ უცხოელს შეეძლება თავისუფლად შეიძინოს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

რამდენად სამართლიანია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ამის შეფასება მიჭირს არსებული რეალობიდან გამომდინარე. თავის დროზე, ეს შეზღუდვა კანონმდებლობაში ჩაიდო იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიჩნეული იყო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული დანიშნულების მქონედ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამიერიდან უცხოეთის მოქალაქეებს შეეძლებათ შეიძინონ საქართველოში, მაგალითად, როგორც 500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ასევე გაცილებით დიდი ნაკვეთებიც, ეს გარემოება დაფიქრებად ნამდვილად ღირს. გამომდინარე იქიდან, რა რეალობაც დღეს არის საქართველოში, ვგულისხმობ იმას, რომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან დიდი მოცულობის მიწის არასასოფლო-სამეურნეო ფართობებს ასხვისებს უცხოელებზე და ყოფილა შემთხვევები, როცა სოფლის საძოვრები, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ტყის მასივებიც გაუსხვისებიათ. შესაბამისად, ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რამდენად სწორი და მიზანშეწონილია ნამდვილად დასაფიქრებელია".

(სპეციალურად საიტისთვის)