"ფიცოს შემდეგ ვიქტორ ორბანიც დამადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში და შემდეგ ალბათ, ლუკაშენკო" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი - კვირის პალიტრა

"ფიცოს შემდეგ ვიქტორ ორბანიც დამადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში და შემდეგ ალბათ, ლუკაშენკო" - რას ჰყვება მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, - განაცხადა ფიცომ.

ცოტა ცხნის წინ საქართველოში სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი ერიკ კალინიაკი იმყოფებოდა. ის თბილისში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კალინიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველ გუნდთან განიხილა „საქართველოში მთავრობის გადატრიალების ცოტა ხნის წინანდელი გეგმა“. მისი მტკიცებით საქართველოსა და სლოვაკეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან ერთი ძალა დგას, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით მართავს პროცესს. მან ამ კონტექსტში მოიაზრა „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილიც. უფრო ვრცლად ამ ბრალდებებსა და სახელმწიფო გადატრიალების ვერსიებზე მამუკა მამულაშვილი თავად გვესაუბრება:

- სად მე და სად სლოვაკეთი? ის რასაც ფიცო ამბობს, არის კრემლში დაწერილი მორიგი სცენარი და ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობა. „ქართული ლეგიონი“ არის არამხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლების ჯგუფი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის და ეწინააღმდეგება დიქტატურას, რუსეთის იმპერიალიზმს და ერთ-ერთი მოწინავე მტერია პუტინისთვის. ასე გვიცნობენ ევროპაში და ასე გვიცნობენ სლოვაკეთშიც. შესაბამისად, პუტინის თანამოაზრე პოლიტიკოსები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ფიცო არის რუსული პოლიტიკის ნაწილი და რუსული პოლიტიკის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, გაჰყვა კრემლში დაწერილ იმ რუსულ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ წლების წინ ვიქტორ იანუკოვიჩი გვადანაშაულებდა „მაიდნის“ მოწყობაში. მისი თქმით, „ქართული ლეგიონი“ საქართველოდან სახელმწიფო გადატრიალებისთვის იყო ჩასული. ე.ი. ფიცომ პირადად მე დამადანაშაულა, ამიკრძალა სლოვაკეთში შესვლა. ახლა მაქვს ინფორმაცია, რომ ცოტა ხანში ვიქტორ ორბანი აპირებს ჩემს დადანაშაულებას სამხედრო გადატრიალებაში. ალბათ მას ლუკაშენკოც მიჰყვება... სამწუხაროა, ამ რუსულ სცენარს საქართველოც მიყვება.

- მათი ვერსიით, როგორ აწყობდით გადატრიალებას?

- ვერაფერს ვერ ამბობენ, ვერაფერს ვერ ხსნიან, მტკიცებულებები არ აქვთ და ვერც ექნებათ, იმიტომ ბუნებაში არ არსებობს.

- თქვენ საქართველოშიც არაერთგზის დაგადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ეს გაიხსენა კალინიაკმაც და მის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა. ხომ არ გაქვთ მოლოდინი, საქართველოში ამ საკითხს ისევ გააქტიურებენ?

- ხომ გითხარით, ერთი სცენარით მოქმედებენ. ფიცომ პრესკონფერენცია მომიძღვნა, დიდ ეკრანზე აჩვენებდა ფოტოებს, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული სლოვაკ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, მათ შორის, სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრ ლუცია შტასელოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს, კი ეს ფოტოები ნამდვილია. სხვათა შორის, მე არც კი ვიცოდი შტასელოვა პოლიტიკოსი თუ იყო. სლოვაკმა მწერალმა ჩემზე წიგნი დაწერა და პრეზენტაციაზე დამპატიჟა, როგორც მთავარი გმირი. პრეზენტაცია სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და შესაბამისად, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო უამრავმა ადამიანმა, რომელთა შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. შეიძლება, შტასელოვას გარდა სხვებიც იყვნენ პოლიტიკოსები. საიდან უნდა ვიცოდე? თანაც ეს ფოტო ორი წლის წინ არის გადაღებული. სასაცილოა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამ ფოტოებს იყენებს ჩემს დასადანაშაულებლად.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ბრალდებებს ჩემ მიმართ. ძალიან დიდი ხანია, თბილისში არ ვყოფილვარ. ბოლოს მაშინ ვიყავი, როდესაც მამაჩემი იყო ცუდად. „იმედის“ ჟურნალისტები მომადგნენ სახლში და მკითხეს, სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხარ ჩამოსულიო. მე ვუპასუხე, რომ მამა მყავდა მისახედი და ამჯერად სახელმწიფო გადატრილებების სერია გადადებული მქონდა, სხვა დროისთვის. სამ დღეში უკრაინაში წავედი და მამაჩემი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდი. ისევ დამიწყეს დევნა ტელევიზიებმა, - ხარ თუ არა ჩამოსული, სამხედრო გადატრიალებისთვისო. მე სარკაზმით ვუპასუხე, რომ სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად ასე არ ჩამოვალ, ამისთვის იარაღია საჭიროთქო. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში სამხედრო გადატრიალებას აღარ მაბრალებენ, პოლიტიკური ოპოზიციის მობილიზებაში უფრო მდებენ ბრალს. გაზაფხულის აქციებზე, საქართველოს ხელისუფლებამ დამადანაშაულა, ოპოზიციის მობილიზებაში, ახლა ფიცომ სხვათა შორის, ფიცომ ჩემს გარდა კიდევ 9 კაცს აუკრძალა სლოვაკეთში შესვლა.

- ვინ არიან ისინი?

- ჯერ ვერ მივხვდი, სავარაუდოდ „ქართული ლეგიონიდან“ იქნებიან.

- საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისარებად უკრაინიდან არაერთი ქართველი მებრძოლი ჩამოვიდა. მათ შორის „ქართული ლეგიონიდანაც“. თქვენც ხომ არ განიხილავთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში ჩართვას?

- მე მაქვს ჩემი მიზანი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შესაძლებლობა მომეცა უკრაინაში და ახლა მთლიანად ამ საქმით ვარ დაკავებული. არ ვაპირებ, ეს საქმე შუა გზაზე მივატოვო. ქართულ საზოგადოებას აქვს იმის ძალა და უნარი, რომ მშვიდობიანად შეცვალოს ხელისუფლება. მე ძალიან მინდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გონიერება ეყოფა და საქართველოში რუსეთის ჯარს არ შემოიყვანს, საკუთარ მოსახლეობასთან დასაპირისპირებლად.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE