პირლო არ ხუმრობს! (ევრო 2012, დღე XXII) - კვირის პალიტრა

პირლო არ ხუმრობს! (ევრო 2012, დღე XXII)

პოლონეთი ევროპის ჩემპიონატს უკვე დაემშვიდობა, ხოლო კიევი კი დიდი ფინალის მოლოდინში ძალებს იკრებს, რათა ღირსეულად შეხვდეს ძველი კონტინენტის ორ უძლიერეს გუნდს, აგრერიგად რომ მოხიბლა სრულიად საფეხბურთო სამყარო...

ესპანელები კიევს პორტუგალიელებთან უმძიმესი მატჩის დასრულებისთანავე ეწვივნენ. მათ საკმაოდ უცნაურად დახვდათ უკრაინის დედაქალაქი. საქმე ისაა, რომ კიევი ნელ-ნელა იცლება, ხალხი სიცხეს აგარაკებზე გასვლით ემალება და თანაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ფეხბურთთან ნეიტრალურად განწყობილ მოქალაქეებს უკვე მოწყინდათ ევროპის ჩემპიონატი და მის გარშემო ატეხილი დაუსრულებელი აჟიოტაჟი.

ამგვარად, როდესაც დედაქალაქის ქუჩები თითქოს დაიცალა, ამ დროს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ფეშენებელურ სასტუმრო "ოპერას" მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა მოაკითხეს. უკრაინის დედაქალაქი მთლიანობაში 11000-მდე ესპანელი გულშემატკივრის მოლოდინშია. ისინი მზად არიან, რომ ტრიბუნებზე უპირატესობას მიაღწიონ "ტიფოზებთან", რაც ცოტათი მაინც დაეხმარება მათ კუმირებს საოცრად ცბიერ და არაპროგნოზირებად "სკუადრა აძურასთან" შეხვედრის მოსაგებად...

გულშემატკივართა უმრავლესობა უკრაინის დედაქალაქს დონეცკიდან ეწვევა. სპეციალურად ფინალისათვის ჩამოსულ სტუმრებს კი მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიისა და ხირონას აეროპორტებიდან ელიან.

ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაკავების გამო, ევროკავშირის ქვეყნების მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, ესპანური პრესის ინფორმაციით, ფინალურ მატჩზე დასასწრებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთა მხარდასაჭერად, კიევის ოლიმპიურ სტადიონს ესპანეთის პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი და ასტურიის პრინცი დონ ფელიპე ხუან პაბლო ალფონსო ეწვევიან.

თავად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები კი უკეთეს კიევურ "დახვედრას" ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, რადგან სასტუმროს კარებთან ტრადიციული აყალმაყალის ნაცვლად, კასილიასსა და კომპანიას ოციოდე ჟურნალისტი და ამდენივე ცნობისმოყვარე უსაქმური დახვდა...

დონ ვისენტემაც ძალიან კარგად შეიფერა შექმნილი სიტუაცია, დამხვდურ ჟურნალისტებს მათდა სამწუხაროდ ინტერვიუზე უარი განუცხადა, კიევის "დინამოს" ბაზაზე გუნდი დახურულ რეჟიმში ავარჯიშა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმაც პირველი უკრაინული გამოცდა, როგორც ჩანს წარმატებით ჩააბარეს. დღეს გუნდი უკვე ღია ვარჯიშს ჩაატარებს და პრესკონფერენციაზე ესპანელთა მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტების არაერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. იტალიელთაგან განსხვავებით ფინალური მატჩი კიევში, ევროპის მოქმედ ჩემპიონთათვის პირველი იქნება.

მსოფლიოს წამყვანი საბუკმეიკერო კანტორები კი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალის განმეორებას ვარაუდობდნენ. აბა, რას უნდა მივაწეროთ გერმანია-იტალიის მატჩის წყვილში, ევროპის სამგზის ჩემპიონთა აშკარა ფავორიტად გამოყვანა? ამ შეხვედრაში გერმანელთა მოგებაზე კოეფიციენტი 2.0-ის ირგვლივ მერყეობდა, ხოლო იტალიელთა გამარჯვებაზე კი 4,35-მდეც კი აღწევდა...

მართალია, ძნელი გამოსაცნობია კარსმომდგარი ფინალის შედეგი, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომ ესპანეთის ნაკრები სამშობლოში ორშაბათს დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისა თუ მხოლოდ ფინალისტობის შემთხვევაშიც, მას ტრადიციისამებრ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა საჩემპიონო შეკრების ადგილას - სიბელესის მოედანზე, ურიცხვი ქომაგი დახვდება. ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში კი, აქ ხომ ცოტა ხნით თვით "ბარსელონასა" და "რეალის" ქომაგებიც კი დაუმეგობრდებიან ერთმანეთს...

აი მიუნჰენის "ბაიერნისა" და ბუნდესლიგის კიდევ რომელიმე სხვა კლუბის გულშემატკივრებს კი გერმანიის ნაკრების შინ დაბრუნება ნამდვილად ვერ გააერთიანებს.

იტალიელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, გერმანელ ინტერვიუერთა უმრავლესობა საკმაოდ მოწყენილია და ეს ბუნებრივიცაა. ზედიზედ მე-16 ოფიციალური შეხვედრა ბუნდესნაკრებმა უკვე ვეღარ მოიგო, რადგანაც ტრადიციულად უხერხულ მეტოქესთან მოგება, როგორც ჩანს იოაჰიმ ლიოვის მიერ გაწვრთნილ ბიჭებსაც კი არ ძალუძთ... ბუნდესნაკრების მთავარ მწვრთნელს ხომ თვით ფრანც ბეკენბაუერმაც კი "უკბინა": "იტალიელების წინააღმდეგ გამოყვანილი შემადგენლობა არ ასახავდა იმ ბუნდესგუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის აქამდე ჩატარებულ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები კი "იტალიური წყევლის" ზეწოლას რატომ განიცდიან ასე მტკივნეულად, გაურკვეველია" – განაცხადა კაიზერ ფრანცმა.

სამაგიეროდ გერმანელებთან მოგებული მატჩის შემდეგ, თავისი ბიჭების თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავდა "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი: "გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და იტალიის ნაკრები ძალიან ლამაზ და შემოქმედებით თამაშს უჩვენებს. ეს, რა თქმა უნდა ფეხბურთელთა მაღალი კლასის დამსახურებაა. პირლო და ბალოტელი "გუნდის ტვინს" წარმოადგენენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები მათ ჩამორჩებიან ან ნაკლები დამსახურება მიუძღვით მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ესპანეთის ნაკრები ჩვენთან ფავორიტის როლშია, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ გულხელდაკრეფილნი ჯდომას" – აღნიშნა პრანდელიმ. ანდრეა პირლოს გამონათქვამი კი შემთხვევით ფინალური მატჩის პროგნოზირებაში ხომ არ დაგვეხმარებოდა? - "რაღა რომში ჩასულხარ და რომის პაპი არ გინახავს და რაღა ევროპის ჩემპიონატზე გითამაშია და იქიდან თასი არ წამოგიღია" – განაცხადა ფინალურ მატჩში "სკუადრა აძურას" გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთმა უმთავრესმა კანდიდატმა.

ასე რომ, პირლო არ ხუმრობს!

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)