"შეკვეთაზე მიდიოდა, მერე იქ რა მოხდა არ ვიცით..." - ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"შეკვეთაზე მიდიოდა, მერე იქ რა მოხდა არ ვიცით..." - ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გუშინ ლილოში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა.

ცნობილია, რომ მოკლულია 4 შვილის მამა. 47 წლის თემო ტოლიაშვილი.

მკვლელობის ფაქტზე ძალოვნებმა ორი პირი დააკავეს. ერთი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მეორე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისშეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახითაა დაკავებული. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჩანს, ამ ფაქტს კონფლიქტი უძღოდა წინ, სავარაუდოდ, დამნაშავე ბრალს აღიარებს, რადგან ის პოლიციაში თავად მივიდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე გასროლა გაიგეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ტოლიაშვილს პატარა ბიზნესი ჰქონდა. მას ჰყავდა მანქანები და სხვადასხვა სამშენებლო საქმეებში იყო ჩართული.

თვითმხილველების თქმით, მანქანას, საიდანაც გასროლები მოხდა სანომრე ნიშნები მოხსნილი ჰქონდა, ამიტომ არის ვარაუდი, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.

"რესტორანთან ქვევით, მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს, რომელიც მანქანაში იჯდა. იყო რამდენიმე გასროლა, რის შემდეგ მანქანა ინერციით წამოვიდა და დასუფთავების მანქანას შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე იყო გარდაცვლილი. სამწუხაროდ შევესწარი, მაგრამ ახლოს ვერ მივედი, საშინელ ავარიას შევესწარი ამასწინათ და მას შემდეგ შიში მაქვს"- წერს სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველი წერს, რომ უბანში ეს შემზარავი ფაქტი ყველას თვალწინ მოხდა და რომ მომხდარით შეძრულები არიან.

"ძალიან სამწუხაროა. თან უბანში ყველას თვალწინ მოხდა. მაცხოვრებლები შოკში ვართ. ჩვენ არ ვიცნობთ მოკლულს", - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ეს და სხვა დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, ის რაღაც შეკვეთისთვის მივიდა, იქ რა დაპირისპირება მოხდა, ეს ახლობლებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

"თემო ტოლიაშვილს ვიცნობდი, კარგი ადამიანი იყო, კარგი იუმორი ჰქონდა, მას თავისი ბიზნესი ჰქონდა. როგორც ვიცი, თვითმცლელის ტიპის რამდენიმე მანქანა ჰყავდა და სამშენებლო საქმიანობაში იყო ჩართული. რომ თხრიან მიწებს და მერე გადააქვთ, ძირითადად ასეთ საქმეებს ასრულებდა. როგორც გავიგე, შეკვეთა უნდა მიეღოდა იმ დღეს შემკვეთთან შესახვედრად წასულა. ახლობელი ამბობს, ნახევარი საათით ველაპარაკე და მითხრა, შეკვეთაზე მიდიოდა, მერე იქ რა მოხდა და რატომ დატრიალდა ეს ამბავი, ნამდვილად არ ვიცით. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. 4 შვილის მამა იყო, რატომ ვის გადაეკვეთა და რა იყო ამ ტრაგედიის მიზეზი, მართლა არ ვიცი. გადამზიდ თემებში იყო ჩართული. ძალიან დამწყდა გული. მას ჰქონდა ასევე საბურთალოზე პატარა პროფილაქტიკა. ძირითადად მაინც ამ მანქანებით მუშაობდა, ჰქონდა პატარა ბიზნესი, ყავდა მუშები, კრაზის სტილის მანქანები. ძალიან დამწყდა გული, მომხდარის ირგვლივ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", -ამბობს ჩვენთან საუბარში მისი ნაცნობი.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მეტი დეტალი მოგვიანებით გახდებაცნობილი.

თეა ხურცილავასპეციალურად საიტისთვის

TOP.GE