„ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაჭრას ყველა ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის“
ბოლო დღეებში "ოცნების" გადაწყვეტილებამ, რომ დაეტოვებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ მათთვის დასავლური ბერკეტები აღარ არსებობს. ამ დროს კი ქვეყანაში ისევ გრძელდება აქციები, რომელთაც ხელისუფლება არ იმჩნევს... სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გვესაუბრება.
"ტაქტიკის შეცვლაა საჭირო"
ირაკლი მელაშვილი: - ვფიქრობ, ხელისუფლებას გაცნობიერებული არც აქვს, რა შეიძლება მოხდეს, თუ მზია ამაღლობელის მდგომარეობა გაუარესდება. ორი პარალელური პროცესია - მთავრობა თავისას აკეთებს, ბოდიში და, უბერავს, ხოლო ქუჩაში დგას ხალხი, რომელიც აპროტესტებს, მაგრამ პოლიტიკური პროცესიდან გამოსავალი არ ჩანს, მეტიც, პოლიტიკური პროცესი არც მიმდინარეობს. ქვეყანა დაასანქცირეს, ხელისუფლება გამოვიდა ევროპული სტრუქტურებიდან. ძალიან საინტერესოა, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს - ცდილობს ჩაჭრას ყველა მოქმედების ბერკეტი, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს საქართველოზე ზემოქმედებისთვის. გავიდნენ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებიდან, იმიტომ, რომ მოთხოვნები უნდა შეესრულებინათ პროცესის გასაგრძელებლად. გავიდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდანაც, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებასა და მსგავს საკითხებზე მუშაობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ევროპის სინდისს".
ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დასავლეთთან ურთიერთობის ყველა იმ ფორმატის მოშთობა დაიწყო, სადაც შეიძლება დასავლეთმა მათ ადამიანის უფლებების დაცვისთვის მოთხოვნები წაუყენოს, მოსთხოვოს ახალი არჩევნების დანიშვნა და ა.შ. ჰგონიათ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტებს წაართმევენ საერთაშორისო ორგანიზაციებს - აი, ასეთია "ქართული ოცნების" პოლიტიკა.
რამდენად გვაწყობს ეს, ოპოზიციური სპექტრისა და ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია, რადგან მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი გავლენა ექნება დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაზე, მით მეტად შევძლებთ მოქმედებას. ფაქტია, ჯერჯერობით ქუჩიდან არანაირი ბერკეტი არ იქმნება. კი, არის გამოსვლები და ხელისუფლება ამას შეეგუა, მით უმეტეს, არანაირი პოლიტიკური მოთხოვნები არ დგება, ხელისუფლებასთან არ არის არანაირი კონტაქტი, არ არსებობს ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ და პოლიტიკურ პროცესებს დაიწყებენ.
ხელისუფლება ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მასზე ზემოქმედების ბერკეტები. მე სულ ეს კითხვა მაქვს - ხომ არ იქნება უპრიანი ხელისუფლებასთან შეხვედრა, ყველაფრის დოკუმენტებით დამტკიცება და მასზე ზეწოლა? ამბობენ, აზრი არა აქვსო, მაგრამ აზრი თუ არა აქვს, მაშინ სადამდე მივალთ? ასე ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, აქციებს აზრი არა აქვსო, და უნდა შეწყდეს?
გასაგებია, ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერი გზით, შეამციროს ზეწოლა საკუთარ თავზე და ზემოქმედების ბერკეტები მოუსპოს დასავლეთს. ამიტომაც გადის ყველა იმ ორგანიზაციიდან, სადაც შეიძლება მოთხოვნები წაუყენონ. ქვეყანაში უზარმაზარი საპროტესტო მოძრაობაა, მაგრამ მას ხელისუფლებასთან შეხება არა აქვს. კი დგანან ქუჩაში და გაიძახიან, პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო, მაგრამ ეს არ კმარა. ვფიქრობ, ტაქტიკის შეცვლა, რაღაცებზე დაფიქრებაა საჭირო, რომ გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე.
ცუდი ის არის, ერთი ნაწილის ნებისმიერ ცდას, რომ რაღაცა გადავიაზროთ, რაღაც საკითხები დაისვას, ნებისმიერ კრიტიკულად დასმულ კითხვას ვიღაცების დიდი აგრესია ხვდება (სხვათა შორის, ამას უკვე ახალგაზრდებიც ამბობენ), არანაირი კონტაქტი, არანაირი დიალოგი, ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, ჩვენ ქუჩაში უნდა ვიდგეთ, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა გამარჯვებაო. ჩემი აზრით, ფიქრი ყოველთვის საჭიროა იმაზე, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ტაქტიკა, რა გზა უფრო მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის ამ ვითარებაში - ის, რომ არანაირი კონტაქტი არ არის, თუ ის, რომ შეიძლება შეხვედრა, მოთხოვნების წაყენება, არგუმენტებით მსჯელობა. თორემ ყოველდღე გამოვდივართ, პატიმრები შიმშილობენ და პროცესებს ძვრა არ ეტყობა. ცვლილებებია საჭირო, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის არსისა და მეთოდების გამოკვეთა და დახვეწა.
- ეს ვინ უნდა გააკეთოს?
- ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც. მოგვწონს თუ არა, ასეთი ოპოზიცია გვყავს. უბრალოდ, ოპოზიციამაც უნდა გაიგოს, რომ პოზა, რომელიც უკავიათ, რომ არსებობს 4 პოლიტიკური პარტია და დანარჩენები არაფერს წარმოადგენენ, შესაცვლელია. ყველა წარმატება, რომელიც იყო საქართველოში, 2003 წელს იქნებოდა, 2012-ში თუ მანამდე, იყო მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანდებოდა და არ ითვლიდნენ პროცენტებს, ვის რამდენი აქვსო. თუ ერთიანობაზე, კოორდინირებაზეა საუბარი, ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც მიზანი აქვს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს, მით უმეტეს, ამ 4 პოლიტიკური პარტიიდან არც ერთს არ აქვს ახლა ისეთი რეიტინგი, რომ ვიღაცებს ზევიდან უყუროს. არ გვყავს დღეს ისეთი პოლიტიკური ლიდერები პარტიების სათავეში, როგორიც თავის დროზე იყვნენ, ვთქვათ, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ჟვანია. ზოგს ავტორიტეტი ჰქონდა, ზოგს დიდი რეიტინგი, ზოგსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი ლიდერები ჩვენ არ გვყავს ახლა ოპოზიციაში, რომ ვიღაცამ ვიღაცასთან დაჯდომა იუკადრისოს. ამიტომ ვფიქრობ, ოპოზიციამაც ცოტა განახლებისა და გაძლიერებისკენ, გამსხვილებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯი. უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია, არ უნდა ჩაიკეტოს ეს 4 პოლიტიკური პარტია საკუთარ თავში, მით უმეტეს, რომ არა აქვთ დიდი მხარდაჭერა.
- მოვლენების განვითარების რა სცენარებია, რა ვერსიებზე შეიძლება ვიფიქროთ?
- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სცენარი უფრო გაზაფხულისკენ არის მოსალოდნელი, როდესაც არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური პერიპეტიების მთავარი ხაზი არის საქართველოს დაშორება ევროკავშირიდან და ამის ეკონომიკური შედეგები დაიწყებს დადგომას. მთავრობამ გამოაცხადა, რომ წინა წელს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. რამდენადაც ვიცი, ამ ციფრებს არ ეთანხმება მათ შორის სამთავრობო უწყებების ნაწილი. მე მაქვს ხშირი კონტაქტი ბიზნესმენებთან, ტელეეთერებშიც ვისმენთ სპეციალურ ეკონომიკურ გადაცემებში, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიზნესის აქტივობა, შემცირებულია ინვესტიციები, მძიმე მდგომარეობაშია ტურიზმი, სამშენებლო ბიზნესი, გაყიდვები გაჩერდა, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ფულსაც ვეღარ უხდის მომწოდებლებს - ანუ ჩვენ ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ. ჯერ ეს თითქოს ხელშესახები არ არის, მაგრამ გაზაფხულისთვის, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
ბოლო დღეებში დაწყებული რეპრესიების ახალი ტალღა, როდესაც სახლში მაშხალის ქონისთვის აკავებენ აქტივისტებს, სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს უფრო გაამკაცროს რეჟიმი, კიდევ აქვს იმედი, რომ შიშით გადატეხენ სიტუაციას. როგორც კი ხალხის მასა შემცირდება რუსთაველზე, ფიქრობენ, კარგი დროაო, და მაშინვე იწყებენ რეპრესიების ახალ ტალღას. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ხალხი მუდმივი დაპირისპირების რეჟიმს ვერ გაუძლებს და ცდილობენ, ამას "ხელი შეუწყონ" რეპრესიებით.
თუმცა ხელისუფლების მდგომარეობა მაინც სულ უფრო და უფრი მძიმდება. ევროსაბჭოდან დელეგაციის გამოწვევას შესაძლოა პირდაპირი ეკონომიკური შედეგები არა აქვს, მაგრამ სახელმწიფოს იმიჯზე უმძიმესი დარტყმაა. რუსეთიც იყო ერთი ასეთი ქვეყანა, რომელსაც გარიცხვას უპირებდნენ და თვითონ გავიდა. 60-იანი წლების ბოლოს, როცა საბერძნეთში ე.წ. შავი გენერლების დიქტატურა დამყარდა, მასაც გარიცხვას უპირებდნენ ევროსაბჭოდან და თავად გავიდა საბერძნეთის დელეგაცია. მსგავსი რამ ახლა ჩვენ ჩავიდინეთ. ეს კიდევ უფრო შეამცირებს იმის შესაძლებლობებს, რომ ჩვენი ეკონომიკა კარგად განვითარდეს.
- შემოვა 6-მილიარდიანი არაბული ინვესტიცია და ეს კრიზისს არ შეამცირებს?
- ხელისუფლება ეძებს ჩანაცვლების ვარიანტს და იმიტომ წავიდნენ არაბეთში. "ოცნება" ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ცდილობს, რომელთაც თავად არა აქვთ დემოკრატია და არც სხვას სთხოვენ დემოკრატიული პრინციპების დაცვას. თუმცა ამ გზის ეფექტურობაში ეჭვი მეპარება, რადგან არაბული სამყაროსთვის დასავლეთთან ურთიერთობა ფინანსურად მილიონჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე საქართველოსთან და, თუ საქართველო და მისი ეკონომიკა სანქცირებული იქნება, არაბი ინვესტორები მოერიდებიან ასეთ ქვეყანაში ფულის ჩადებას. აგერ, ჩინეთისთვის რუსეთი ბევრად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიდრე არაბული სამყაროსთვის საქართველო, მაგრამ ერთი თვეც არ გასულა და, როგორც კი რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესეს ამერიკელებმა, ფაქტობრივად, მთელი რუსული ხომალდები, რომლებიც ჩინეთის პორტში უნდა შესულიყვნენ, გაჩერდნენ ზღვაში, რადგან პორტებმა უარი თქვეს მათ მიღებაზე.
სანქცირებულ საქართველოსთან არავის არ უღირს ურთიერთობა, არც ერთ ეკონომიკურ აგენტს არ მოუნდება, თუ ამას შეიძლება საფრთხე მოჰყვეს ამერიკულ და ევროპულ საბანკო სისტემასთან ურთიერთობებში.
რაც შეეხება 6-მილიარდიან ინვესტიციას, ჯერ მხოლოდ მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმი მხარეების სურვილების დეკლარაციაა, ის არ აჩენს ვალდებულებებს. არაბულ კომპანიებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვან მის შესრულებაზე. მემორანდუმიდან ხელშეკრულებამდე დიდი მანძილია, მანამდე უამრავი რამაა გასაკეთებელი, პროექტები შესათანხმებელი... არ ვიცი, ხელისუფლების ინიციატივით თუ არა, მაგრამ მედიაში გაჩნდა რაღაც პროექტების რენდერები, მაგრამ არაბულმა კომპანიამ თქვა, რომ მათ პროექტი ჯერ არ შეუთანხმებიათ ქართულ მხარესთან. ეს მიანიშნებს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხავ, ეს იყო შიდა პოლიტიკისთვის გამიზნული სვლა, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, თქვას, კი ამბობენ, თითქოს იზოლაციაში ვართ, მაგრამ როგორ ვართ იზოლაციაში, როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიცია მოვიზიდეო.
რუსა მაჩაიძე