„იმედი მაქვს, რომ წელს ომი დასრულდება“ - კვირის პალიტრა

„იმედი მაქვს, რომ წელს ომი დასრულდება“

ტრამპის ინაუგურაციამდე გაკეთებული განცხადებები მიუთითებდა, რომ ის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, სადაც ეროვნული უსაფრთხოება და ამერიკის ინტერესები ცენტრალური პრიორიტეტებია. თუმცა ბოლო კვირებში მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა დაბრკოლებებს წააწყდა, უპირველესად კი უკრაინის ომის "ერთ დღეში დასრულების" პირობა. იანვარში, ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ სურს უკრაინის ომის დასრულებაზე რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს მალევე, როგორც კი თეთრ სახლში დაბრუნდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის. რამდენიმე დღის წინ კი რუბიომ უკრაინის ომზე მთელი პასუხისმგებლობა ბაიდენს დააკისრა, რაც ნიშნავს, რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ომს უკრაინისა და დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგებით დაასრულებს, მაშინ ცხადია, ყველაფერს თავის თავზე მიიწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას მიეწერება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა გეგმა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების შესახებ, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებას რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისა და კონგრესის წევრების კრიტიკის გამო, რომელთა აზრით, ასეთმა მოლაპარაკებამ შესაძლოა უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას, ეს ინიციატივა დროებით შეჩერდა. მეორე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-ჩინეთის ურთიერთობის საკითხი. ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა ახალი სავაჭრო შეთანხმების პროექტი ჩინეთთან, რომელიც მიზნად ისახავდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას. თუმცა ამერიკელი ბიზნესწრეებისა და კონგრესის ზოგიერთი წევრის კრიტიკის გამო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შეთანხმება არ არის საკმარისად მომგებიანი ამერიკული კომპანიებისთვის, ეს მოლაპარაკებაც დროებით შეჩერდა.

კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა ტრამპის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა. ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ახალი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ამერიკული სამხედრო დანაყოფების შემცირებას და ადგილობრივი კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარებას. თუმცა პენტაგონისა და კონგრესის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობის გამო, რომლებიც შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი რეგიონში ძალთა ბალანსს დაარღვევს, ამ სტრატეგიის განხორციელებაც დროებით შეჩერდა. რა მოლოდინს აჩენს ტრამპის განცხადებები და ინაუგურაციის შემდგომი ნაბიჯები, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ბიძინა ლებანიძესა და თორნიკე შარაშენიძეს.

"ამერიკისთვის სამოქმედო თეატრი მაინც ჩინეთი, აღმოსავლეთი აზიაა და არა ევროპა"

ბიძინა ლებანიძე: - ტრამპის გლობალური ხედვის ნაწილია, რომ ამერიკამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, მოკავშირეებმა კი მეტი წვლილი უნდა შეიტანონ თავიანთი არმიების შეიარაღებაში. როგორც ითქვა, ნატოს წევრ ქვეყნებს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 2%-მდე უნდა გაეზარდათ, ახლა კი საუბარია 3-5%-ზე. ბრიკსის ქვეყნებზეც თქვა, ვინც დედოლარიზაციას დაიწყებს, ავწევ ტარიფებს და, თუ არ მოგწონთ, სხვა მოძებნეთო. ასე რომ, ყველა სფეროში მსგავსი პოლიტიკა ექნება, მეტ აქტიურობას და მეტ ჩართულობას მოსთხოვს პარტნიორებს როგორც აზიაში, ისე ევროპაში. სხვათა შორის, ევროპა ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, ევროპელი მოკავშირეები ძალიან აღიზიანებს მის მთავრობას. ამიტომ მოსალოდნელია, ნატოს ევროპელმა წევრებმა უსაფრთხოებაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ.

უკრაინის საკითხზე კი ტრამპის ადმინისტრაციაში სხვადასხვაგვარი შეხედულებაა. მარკო რუბიო უფრო ტრადიციული ისტებლიშმენტის წარმომადგენელია და არ სურს ამერიკა წაგებული დარჩეს. ეს არც ტრამპს სურს, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯის შენარჩუნება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ბაიდენის იმიჯი ძალზე დაზარალდა იმით, რომ ავღანეთიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცნენ. ამის გამეორება უკრაინაში ტრამპს ნამდვილად არ უნდა და ვფიქრობ, პუტინთან უპირობო დათმობაზე არ წავა, თუმცა ნამდვილად უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრება, რადგან ეს ამერიკისთვის ყურადღების ზედმეტი ხარჯვაა. ამერიკისთვის მთავარი სამოქმედო თეატრი მაინც ჩინეთი, აღმოსავლეთი აზიაა და არა ევროპა. ამასთან, თავისი იმიჯის განმტკიცებაც უნდა, როგორც დილმეიკერის, რომ მან თქვა და ომი დაამთავრა.

მოლაპარაკება რუსეთთან ადვილი არ იქნება. პუტინსაც ჰგონია, რომ გამარჯვებულის პოზიციაშია და დასათმობი ბევრი არაფერი აქვს. რაღაც მომენტში მოლაპარაკება დაიწყება, მაგრამ ეს ადვილი არც ტრამპისთვის იქნება. ამიტომაც ჯერ ამ საკითხზე ლაპარაკი ძნელია, არ ვიცით, რუსეთს როგორი რეაქცია ექნება ამ შეთავაზებებზე. ერთი რამ ცხადია, როგორც ადრე სკეპტიკოსებს წარმოედგინათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მთლიანად დაუთმობდა უკრაინას და ამ რეგიონს რუსეთს, დათანხმდებოდა პუტინის მოთხოვნებს, ასე ნამდვილად არ იქნება. თუმცა უკრაინასაც მოუწევს დათმობა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე და მინიმუმ, დე ფაქტო მაინც, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ რუსები იმ ტერიტორიებიდან არ გავლენ. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ამჟამად არის ის, თუ დანარჩენ უკრაინას რა ბედი ეწევა. რამდენიმე ვარიანტი იყო: ერთი, რომ ნატოში გაწევრდეს, და ეს იდეა დღეს არაპოპულარულია. მეორე, რომ დასავლეთმა გარანტიები მისცეს უკრაინას, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო. ზოგიერთი იდეა იმასაც ითვალისწინებდა, რომ ევროპის ქვეყნების ან ამერიკის ჯარები ჩადგნენ განსაზღვრულ მონაკვეთებზე. უფრო პესიმისტური ხედვა კი ის არის, რომ მოხდეს უკრაინის ნეიტრალიზაცია, რაც, ბევრად დააზარალებს უკრაინის პოზიციებს საზოგადოდ და სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთობაშიც. ეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ხელსაყრელი ვარიანტი იქნებოდა უკრაინისთვის და ზოგადად ამ რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, რადგან ეს რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

"საქართველოში მოლოდინია, ტრამპი მოგვხედავსო"

თორნიკე შარაშენიძე: - რუბიო აშკარად უსვამს ხაზს, რომ წინა ადმინისტრაციის ბრალია უკრაინაში ომის მიმდინარეობა. ეს ნიშნავს, რომ შეეცდებიან ომი დაასრულონ და, თუ ვერ დასრულდება ისე, როგორც ამერიკის ინტერესებს სჭირდება, დააბრალებენ წინა მთავრობას, ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, ნუ მოგვთხოვთ მათ მაგივრად პასუხსო. თუმცა, ვფიქრობ, მაინც დასჭირდება მშვიდობის მიღწევა ისე, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილებს ორივე მხარეს - უკრაინა-დასავლეთსაც და რუსეთსაც. ეს კი, მგონი, იოლი არ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ძალიან დიდი მადა აქვს, რომელიც ბოლო დროს სამხედრო წარმატებასთან ერთად უფრო გაეზარდა; დასავლეთსაც სჭირდება რაღაც კონკრეტული ამხელა დახმარების შემდეგ. ევროპამ ამ ომის გამო დიდი ეკონომიკური ზარალი ნახა, ამერიკამ - ნაკლებად და რა აქედან? ამიტომ კომპრომისის მიღწევა რთული იქნება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ წელს ეს ომი დასრულდება.

- ვითარება მოლაპარაკებისთვის მზადაა?

- არის და პროცესიც მზადაა, მაგრამ ორივე მხარე, აშშ-ც და რუსეთიც, დარწმუნებული არიან საკუთარ თავში და გამოირჩევიან სიჯიუტით. ამიტომ ორივე შეეცდება თავისი გაიტანოს. ამიტომაც არ იქნება იოლი მოლაპარაკება. ის, რომ ტრამპს ომის დამთავრება უნდა, შესაძლოა რუსებისთვის გარკვეულწილად უპირატესობაც იყოს, რადგან იციან, რომ ეს მას სურს.

- პუტინი-ტრამპის შეხვედრაა გაურკვეველი და ეს ვისი უპირატესობაა? ან როდის შედგება, როდესაც შეთანხმებული იქნება ქვედა დონეზე, თუ უშუალოდ ტრამპი და პუტინი გადაწყვეტენ პირისპირ მოლაპარაკების დროს?

- რა თქმა უნდა, წინასწარ რაღაცაზე შეთანხმდებიან და ისე არ დაეტაკებიან ერთმანეთს, რადგან არსებობს რისკი, რომ შეხვედრა აბსოლუტურად უშედეგოდ დამთავრდეს. სავარაუდოდ, ორივე მხარეს ეცოდინება, მეორე მხარე რისთვის არის მზად და მერე გაიმართება შეხვედრა.

ტრამპისთვის გადამწყვეტი იქნება რამდენიმე საკითხი. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მას რამდენიმე წარმატება სჭირდება: პირველი - ომის დასრულება და თუკი ეს მოახერხა, წარმატებად ჩაიწერს. შესაძლოა ვერ მიიღოს რაღაცები, რაც უნდოდათ, მაგრამ იტყვის, რა ჩემი ბრალია, ბაიდენმა გააფუჭა საქმე და მე ვეღარაფერს გამოვასწორებო; მეორე - შეეცდება ახალ სავაჭრო პირობებზე დაითანხმოს პარტნიორები, ევროპა და კანადა; მესამე - შეეცდება ახლო აღმოსავლეთში მიაღწიოს უფრო მდგრად მშვიდობას ისრაელის ინტერესების გათვალისწინებით. ასევე საინტერესოა, ირანის საკითხში როგორ პოლიტიკას აირჩევს. საქართველოში დიდი მოლოდინია, მოგვხედავსო. მთავრობა ამბობდა, როგორც კი მოვა, დავლაგდებითო, მეორე მხარე გაიძახოდა, ეგრევე სანქციებს დაადებს "ოცნებასო". საქართველოსთვის ახლა მას, ცხადია, არ სცხელა. გრანდიოზული გეგმები აქვს, კანადის შემოერთებით დაწყებული, გრენლანდიის ყიდვით დამთავრებული და რა დროს საქართველოა! საქართველოში საერთაშორისო პოლიტიკაზე გადაჭარბებული შეხედულება აქვთ, თითქოს ამერიკის პრეზიდენტები 24 საათი საქართველოზე ფიქრობენ. ყველაზე კარგი ის იქნება, ობიექტურად შევხედოთ ყველაფერს.

რუსა მაჩაიძე