"საქართველოს დათმობა ამერიკისთვის იგივეა, რაც ბანქოს მოთამაშისთვის მოგებული ხელის განგებ წაგება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს დათმობა ამერიკისთვის იგივეა, რაც ბანქოს მოთამაშისთვის მოგებული ხელის განგებ წაგება"

დასავლეთიდან სანქციები, აღმოსავლეთიდან ინვესტიციები, - ასეთია ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებული მოცემულობა. მაშინ როდესაც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ უკვე ინდივიდუალური სანქციების რეჟიმს უერთდება ჩეხეთის რესპუბლიკა, საქართველოში "საქართველო-ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის" პრეზენტაცია იმართება.

მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ღონისძიების მიზანი ქართული და ჩინური ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. მანამდე "ქართული ოცნების" ლიდერებმა აბუ-დაბიში ვიზიტისას გაფორმებული შეთანხმების შესახებ გვაცნობეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს. როგორც მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა.

არის თუ არა დღეს არსებულ რთულ ვითარებაში გამოსავალი ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება და დასავლური ინვესტიციების აზიურით ჩანაცვლება, რა რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს ჩინეთთან პარტნიორობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე

ანალიტიკოსი გიორგი­ კობერიძე­ გვესაუბრება.

- ორივე, როგორც ჩინური, ასევე არაბული სამყარო, ძალიან ფრთხილობენ ინვესტიციების განხორციელებისას, თუმცა ამ ინვესტიციებს ყოველთვის აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური შორს მიმავალი გეგმები. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩინეთმა რომელ ქვეყანაშიც განახორციელა ინვესტიცია, ყველგან მიიღო პოლიტიკური ან ეკონომიკური ბერკეტი, ან კიდევ უარესი, საკონტროლო პაკეტი. ასევეა არაბული სამყაროც, ინვესტიციების განხორციელებისას ყოველთვის აყენებენ საკუთარ მოთხოვნას და ეს ხშირად საკონტროლო პაკეტი და დიდი რაოდენობით მუშახელის ჩამოყვანაა. საზოგადოდ, ინვესტიცია არ არის საჩუქარი, ინვესტორი ყოველთვის ცდილობს სწრაფად ამოიღოს იმაზე მეტი ფული, ვიდრე დახარჯა, ან მიიღოს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები. როდესაც მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი და ინვესტორი შესაბამის ფინანსურ სარგებელს ვერ იღებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა სახის სარგებელს მოითხოვს. ამის ძალიან ბევრი მაგალითია კამბოჯაში, ლაოსში, ჯიბუტიში და ა.შ. სხვათა შორის, არაბებმა თურქეთში ჩადებული ინვესტიციებით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს და საკონტროლო პაკეტებიც მოიპოვეს, შემდეგ კი იმ ტერიტორიებზე საკუთარი ბიზნესქსელი განავითარეს და მათთვის სასურველი მოსახლეობა ჩაიყვანეს. დღეს საქართველოში არ არის ისეთი გარემო, ინვესტორმა მოკლე ვადაში ეკონომიკური სარგებელი რომ მიიღოს.

- ჩინეთის და არაბული სამყაროს ინტერესები სხვადასხვა ქვეყანაში გასაგებია, მაგრამ საქართველოში რა შეიძლება აინტერესებდეთ?

- შავი ზღვისა და სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად გაკონტროლება, რაც თავისთავად სამხრეთ კავკასიის გაკონტროლებას ნიშნავს. ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ბერკეტია.

- ასეთ შემთხვევაში როგორია ჩვენ წინაშე არსებული საფრთხე?

- ჩვენ დავკარგავთ კონტროლს და ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩინეთი არც დემოკრატიული მოთამაშეა და არც საერთაშორისო წესებს ემორჩილება. როგორც წესი, სადაც კაპიტალს აბანდებს, შემდეგ იქ სამხედრო კომპონენტის გაჩენასაც ცდილობს. შეგახსენებთ, როდესაც ჩინეთმა ინვესტიციები განახორციელა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, შემდეგ იქ სამხედრო და საპოლიციო დანაყოფები გაგზავნა. სწორედ ასეთი საშუალებით დაიწყო შრი-ლანკის საზღვაო პორტების გაკონტროლება, სრულად აკრძალა იქ ჩინელების კონტროლის გარეშე გემების შესვლა-გამოსვლა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, პანამის არხსაც ჩინეთი აკონტროლებსო. ტრამპი აზვიადებს,­ შეუძლებელია ის ტერიტორია ჩინეთმა გააკონტროლოს ამერიკელების ფაქტორის გამო, მაგრამ ნამდვილად კი ცდილობს. ახლა თავად განსაჯეთ, ამერიკის კონტინენტზე ცდილობს ჩინეთი საკუთარი პოლიტიკური თუ სამხედრო ინტერესების გატარებას და რას იზამს საქართველოში! რაც შეეხება აბუ-დაბისთან დაკავშირებულ პროექტს, ჯერ მხოლოდ სიტყვების რახარუხი მოვისმინეთ, კონკრეტულად და გასაგებად არაფერი თქმულა. არ ვიცით, რა პროექტია და სად უნდა განხორციელდეს.

- როგორც ვიცით აჭარაში.

- დიახ, მხოლოდ ეგ ვიცით, რომ ზღვით არიან დაინტერესებული. მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა საქართველოში დიდძალი არაბული კაპიტალი, რომელსაც პოლიტიკური მდგენელი ექნება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და არგუმენტირებულ პასუხებს საჭიროებს. 6 მილიარდი რომ ჩადეს, ჯერ ეს თანხა უნდა ამოიღონ და შემდეგ მოგებაც მიიღონ მოკლე ვადაში. აქვს საქართველოს ამის რესურსი? თუ არა გვაქვს, მაშინ რას ვპირდებით ამ ხალხს, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური ინტერესები და ამბიციები აქვთ რეგიონში? საპორტო ბიზნესს ძალიან დიდი ფული მოაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ხელში იქნება. არის კიდევ ასეთი კითხვა - თუ არაბული ინვესტიცია სათამაშო ბიზნესში ჩაიდება, გვაწყობს მისი განვითარება ჩვენს ქვეყანაში? ამასაც თავი დავანებოთ, 6 მილიარდით საქართველოში რამდენიმე ქალაქის აშენება შეიძლება. არის ვერსია, რომ შეიძლება სწორედ ამას გულისხმობს აბუ-დაბის პროექტი. კი, მაგრამ ვის ვასახლებთ ამ ქალაქებში აშენებულ კორპუსებში? საქართველოში ფიზიკურად არ არის იმდენი მოსახლეობა, რომ ახალი ქალაქები დაგვჭირდეს, ვისთვის აპირებენ არაბები ქალაქების აშენებას საქართველოში? ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვია ამ ინვესტიციებზე. ამიტომ არ შეიძლება უცებ აღფრთოვანება. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, რა პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მიზნები შეიძლება იდგეს მათ უკან და რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს. ჩინურ-არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბუნდოვანება და გაურკვევლობაა. წესით, ეს ერთი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი არ უნდა ყოფილიყო. ამ საკითხზე დისკუსიები და მსჯელობები უნდა გამართულიყო პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში. ვინაიდან ასე არ მოხდა, ნათელია, რომ ამ ეკონომიკური პროექტების უკან ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის ინტერესები დგას.

- კონკრეტულად რა ინტერესს ხედავთ?

- მმართველ გუნდს სურს თავი გადაირჩინოს და მოკლე ვადაში ფინანსური დახმარება შემოიტანოს დასავლეთის გვერდის ავლით. "ქართული ოცნება" სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებდეს, ამ ინვესტიციების საკითხი ასეთი ბუნდოვანებით არ იქნებოდა მოცული და ერთ დღეს სიურპრიზად არ გაგვეგო.

- ე.ი. თქვენც ზოგიერთი თქვენი კოლეგის მსგავსად ფიქრობთ, რომ შეიძლება ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს საკითხით აღარ არის დაინტერესებული და ახლა სულერთია, საქართველო ვის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გავლენაში მოექცევა?

- არა, ასე არ ვფიქრობ, ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს საკითხით სერიოზულად არის დაინტერესებული. ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები შეეხებოდა გრენლანდიას, პანამის არხსა და ჩინეთის გავლენის შესუსტებას ზღვაზე. როდესაც ტრამპი ზღვაზე ჩინეთის გავლენის შესუსტებაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, გულისხმობს საქართველოს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკული სანაპიროების მიმართულებებსაც. უკრაინაც კი არ შეიძლება იყოს ისეთი პრიორიტეტი, როგორიც საქართველო.

- მაშინ რით ახსნით გავრცელებულ ვერსიებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველო ტრამპისა და პუტინის გარიგების საგანი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში?

- ვერ გეტყვით. მე ის ვიცი, რომ ტრამპის განცხადებები მთლიანად მიმართულია ჩინეთის შეკავების აუცილებლობაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ორი-სამი დღის ან თუნდაც რამდენიმე კვირის ამბავი, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია - დღევანდელი "ცივი ომიდან" გამომდინარე ჩინეთის შეკავება კონკრეტულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი იქნება. საქართველო რეგიონში გზაგამტარი ფუნქციის მატარებელია და შეუძლებელია ამერიკისთვის ინტერესის საგანი არ იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი საქართველოში საერთოდ ვერ შემოვა, რა თქმა უნდა, შემოვა, მით უფრო, თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაც უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი ჩინეთი ჩვენს რეგიონში, მით უფრო ანტაგონისტურად იქნება განწყობილი დასავლეთი ჩინეთის ხელშემწყობ ძალებთან.

- ტრამპი კი საუბრობს ჩინეთის შეკავებაზე, მაგრამ სი ძინპინი იმ გამონაკლის ლიდერებს შორისაა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე დაპატიჟა. ამასთან, რჩება განცდა, რომ ჩინეთის ლიდერის როლი მნიშვნელოვანი იქნება ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებაში.

- მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკება ადვილად მისაღწევია. პირიქით, ძალიან რთულია. მათ შორის ნდობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დღეს ჩვენ არა გვაქვს იდეალისტური პოლიტიკა, ჩვენ ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს. ამ მოცემულობაში ყველა პოლიტიკური მოთამაშე მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი პოზიციის დაცვას. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, ლოგიკაში არ ჯდება, რომ დასავლეთი, რომელიც უკვე შემოსულია რეგიონშია, აქედან გავიდეს და რუსეთს ან ჩინეთს დაუთმოს ასპარეზი. დასავლეთი საქართველოდან რომ გავიდეს და მთლიანად მოსწყდეს შავი ზღვისპირეთს, რა უნდა მიიღოს ამის სანაცვლოდ? ეს ხომ არ არის უცხო, რთულად შესაღწევი რეგიონი დასავლეთისათვის? რატომ უნდა დატოვოს ამერიკამ საქართველო, როდესაც აქ საკმაოდ ფესვგამდგარია? გასაგებია, რომ გამოვიდა ყირგიზეთიდან და ავღანეთიდან, მაგრამ კავკასიაში ვაშინგტონს ყოველთვის გაცილებით უფრო სერიოზული და შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ამიტომ საქართველოს დათმობა ამერიკისთვის იგივეა, რაც ბანქოს მოთამაშისთვის მოგებული ხელის განგებ წაგება.

ხათუნა ბახტურიძე