როდის და როგორ დასრულდება პოლიტიკური კრიზისი?!
საქართველო კვლავ ცხოვრობს პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში. სამწუხაროდ, ჰორიზონტზე რაიმე კონკრეტული გამოსავალი არ ჩანს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თვითონ პოლიტიკური კრიზისი კი არ არის, არამედ მისი თანმდევი მოვლენები. ვგულისხმობთ იმას, რომ დღეს საზოგადოების ყურადღება (მედიიდან გამომდინარე) კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით - როდის და სად გაიმართა აქცია, რა თქვა ხელისუფლებამ, რა კომენტარი გააკეთა ოპოზიციამ, რა განაცხადეს ამერიკელმა სენატორებმა თუ ევროპარლამენტარებმა და ა.შ.
თუმცა ქვეყნის ყოველდღიური პრობლემები არსად წასულა, დაწყებული სოციალური თემებით და ეკონომიკური საკითხებით დამთავრებული. ეს, სამწუხაროდ, უკვე ყურადღების მიღმაა და მისი იგნორირება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
როგორ ან როდის შეიძლება ამ კრიზისის დასრულება, მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია მსჯელობა.
ვერსია პირველი - "კოჭლი" პარლამენტი 2028 წლამდე?!
შეიძლება თუ არა 2028 წლამდე ახალი არჩევნები არ დაინიშნოს? რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება, ოღონდ იმ პირობით, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი რაიმე რადიკალურ ნაბიჯებზე არ გადადგამენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს არ შეუწყვეტენ სავიზო რეჟიმს. სიტუაცია თუ ისეთ მდგომარეობაში "გაიყინა", როგორიც დღეს არის... გასაგებია, რომ უკვე 60-ზე მეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქციები თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში (თუმცა ისეთი ხალხმრავალი აღარ არის, როგორიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში). აქციები დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება - ვინც ყოველდღე რუსთაველზე იკრიბება, იმ ხალხსაც აქვს ყოველდღიური პრობლემები მოსაგვარებელი, წინ კი ზაფხულია, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ჩვენ არ ვიცით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება თუ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერობისთვის ბრძოლა საკმაოდ დამაინტრიგებელია. არც ის გამორიცხოთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი შემდეგი პოზიციით გამოვიდეს: "საკრებულოებიდან დავიწყოთ ხელისუფლების შეცვლა". შესაბამისად, შესაძლოა მთლიანი პოლიტიკური ყურადღება ადგილობრივ არჩევნებზე გადავიდეს.
რა თქმა უნდა, 2025 წლის შემოდგომიდან 2028 წლის შემოდგომამდე დიდი დროა. თუმცა ვიმეორებთ - თუ "გაყინული" სიტუაცია შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული, ამ პარლამენტმა მიატანოს შემდეგ არჩევნებამდე. ამის მინიმოდელი გვქონდა 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის სახით.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რა მოხდა და როგორ მოხდა, ამაზე არ შევჩერდებით. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი იმ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევდა და ბოიკოტი გამოუცხადა. საბოლოოდ ოპოზიციონერი დეპუტატების 70% არ შესულა პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ შეძლო რამდენიმე ოპოზიციონერის გადაბირება, იქით "ჯიბის ოპოზიცია" ჰყავდა და კი მიატანა 2012 წლამდე. განსხვავება ის იყო (რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა), მაშინ დასავლეთს არც სანქციები დაუწესებია და არც ახალი არჩევნების ჩატარება მოუთხოვია. თუ სიტუაცია "გაიყინა", გამორიცხავთ, რომ ოპოზიციონერთა ნაწილმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტოს? ქართულ პოლიტიკაში მოქმედებს ერთი პრინციპი - არასოდეს თქვა არასოდეს.
ვერსია მეორე - ეკონომიკური კრიზისი
რა თქმა უნდა, მოვლენები შესაძლოა სულ სხვა სცენარით განვითარდეს. მაგალითად, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გადადგეს რადიკალური ნაბიჯები და ხელისუფლების დასანქცირება კი არა, არამედ უფრო გლობალური სანქციების დაწესება დაიწყეს. თუ ოფიციალურმა თბილისმა ამის დაკომპენსირება ვერ მოახერხა, მაშინ სამწუხაროდ, სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გველოდება, თავისი ლარის კურსის დაცემით და ფასების რყევებით.
თუ პოლიტიკურს ეკონომიკური კრიზისიც დაემატა, ეს შექმნის "კოქტეილს", რომელიც პროტესტს რამდენჯერმე გაზრდის და თან შეიძლება უფრო მწვავეც იყოს. შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყება ახალი და მძლავრი რყევები. ეკონომიკურმა კრიზისმა შეიძლება გაანაწყენოს ხელისუფლების მომხრეებიც, მათ შორის დღემდე ლოიალურად განწყობილი ბიზნესი. თავად ხელისუფლების სიმყარესაც შესაძლოა ბზარი გაუჩნდეს. ერთია, მშვიდად თუ ემოციურად იმსჯელო პოლიტიკურ შეხედულებებზე და დაუსრულებლად განიხილო, ვინ "მტერია" და ვინ "მოყვარე", თუმცა მეორეა, როდესაც შენს ჯიბეს დაემუქრება კრიზისი. თუ ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, ხელისუფლება შესაძლოა იძულებული შეიქნეს და დანიშნოს ახალი არჩევნები.
დაახლოებით იმავე სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტა. თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ ბრიუსელში ამაზე არ წავლენ.
ვერსია მესამე - უბედურება
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რომ შეტაკებებისას რაიმე უბედურება არ მოხდა. დღეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებით მშვიდად არის. თუმცა, სანამ არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, ყოველთვის არის ესკალაციის დაწყების საფრთხე.
ეს განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, თუ ამ პროტესტთან დაკავშირებული რაიმე ტრაგედია მოხდა. მაშინ სიტუაციიდან მხოლოდ ახალი არჩევნებით თუ გამოვძვრებით, უკვე საქმე იქნება.
ვიმეორებთ - ჩვენ მხოლოდ თეორიულად ვმსჯელობთ. იმედია, რაც მოხდა, იმაზე ცუდი ამბები არ მოხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში, "არჩევნებს-არა არჩევნებს" კი არა, მთლიანად სახელმწიფოს დაემუქრება საფრთხე. ათასჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვით - ჩვენს მეზობლად არის ერთი ვერაგი სახელმწიფო, რომელიც თავისი სპეცსამსახურებისა თუ აგენტების მეშვეობით ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენივე ქვეყანა ჩვენივე ხელით კიდევ ერთხელ დავანგრიოთ.
ვერსია მეოთხე - მოლაპარაკება
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე იმის იმედი, რომ შესაძლოა მხარეებს შორის დიალოგი დაიწყოს და პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, ფანტასტიკის სფეროა. თუმცა შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა ამაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
მაგიდაზე შეიძლება დაიდოს არა მხოლოდ არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი, არამედ მთელი კომპლექსი, რომელიც საქართველოს სამომავლოდ მსგავს კრიზისებს თავიდან ააცილებს. გარკვეულწილად, ეს შეიძლება იყოს საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ცესკოს ახალი დაკომპლექტების წესი და ა.შ. თუმცა მთავარია სასამართლოს რეფორმა, რადგან როდესაც სასამართლო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ასოცირებული იქნება სამართლიანობა, პოლიტიკური კრიზისები სასამართლო დარბაზებში გადაწყდება და არა ქუჩებში.
ევროსაბჭოს რეზოლუცია
29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება კი დაუტოვეს, მაგრამ ჩაწერეს დათქმები. ერთ-ერთი დათქმა ასეთი იყო: აპრილამდე ახალი არჩევნების დანიშვნა. "ქართულმა ოცნებამ" საპასუხოდ ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. რა თქმა უნდა, საკამათოა, რამდენად სწორია რეზოლუციაში ახალი არჩევნების მოთხოვნა. ფაქტი ერთია - რაც მოხდა, ცუდია ქვეყნისთვის. უფრო ცუდი იქნება, თუ ახდება ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზი და ქვეყანას ევროსაბჭოს დაატოვებინებენ.
ოპოზიციის დილემა
ადრეც ვთქვით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - პარადოქსული პროცესია: არის ქუჩის პროტესტი, მაგრამ ისინი პარტიებს ახლოს არ იკარებენ. არადა, როგორც წესი, პოლიტიკურ პროტესტში გამწევი ძალა სწორედ პოლიტიკური პარტიები არიან ხოლმე. მოკლედ, ქუჩის პროტესტი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ოპოზიცია - თავისი. სწორედ ამიტომაც გია ხუხაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროტესტში ოპოზიციის რეინტეგრაცია უნდა მოხდეს. თუმცა როგორ? - ამის რეცეპტი ექსპერტს არ მოუწოდებია. შეგახსენებთ, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდა არა 26 ოქტომბრის შემდეგ (როდესაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე აყვირდა), არამედ 28 ნოემბრის შემდეგ (როდესაც პრემიერმა ევროკავშირის შესახებ ის ცნობილი განცხადება გააკეთა).
პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობის გამოსწორება ასე იოლი არ არის, ზოგჯერ კი საერთოდაც შეუძლებელია. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ახალი პარტიები უნდა აღმოცენდნენ, ახალი სახეებით. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა ყველაზე კარგი სცენარი იყოს, მაგრამ ახალი პარტიები ხეზე არ იზრდება, რომ მოკრიფო და წამოიღო. ოპოზიციამ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - როგორ იქცეოდა არჩევნებამდე ან როგორ იქცევა არჩევნების შემდეგ. როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი, ისე გეტყვით - მაგალითად, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვინც უყურა ნიკა მელიასა და ხვიჩია-მეგრელიშვილ-რაქვიაშვილ-საბოს "გირჩების" "დებატებს", შეიძლება ვინმეს ან მელიას, ან "გირჩების" პოლიტიკური სიმპათია გაუჩნდეს? თუ არ გჯერათ, ჩანაწერი ნახეთ. ჯერ ერთი, რაზე იყო დებატები, გაუგებარია. ყველა ცდილობდა საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებას და საბავშვო ბაღს დაემსგავსა ყველაფერი - ასე სერიოზული პოლიტიკოსები არ იქცევიან. აგერ მამუკა ხაზარაძეს კოლეგა-ოპოზიციონერები დაესივნენ ერთი განცხადების გამო - ამერიკაში ყოფნისას ზოგიერთ ბიზნესმენს ადვოკატირებას უწევს, რომ არ დაასანქცირონ, რადგან კომპანიების ჩამოშლა ათასობით ჩვენი მოქალაქის ბედზე აისახებაო და ატყდა ერთი ამბავი, რას ჰქვია, რომ ადვოკატირებას უწევსო - ანუ ადამიანს არ შეიძლება თავისი პოზიცია ჰქონდეს? მით უმეტეს, როგორც დიდი ბიზნესის პატრონს შესაძლოა სხვებზე უკეთესად ესმის გარკვეული საკითხები... დაესხნენ თავს ხაზარაძეს და შემდეგ გააგრძელეს საუბარი ერთიანობაზე... და ამ იწილო-ბიწილოს შემხედვარეს, შემდეგ ზოგიერთს უკვირს, თუ რატომ არ ხდება პარტიების რეინტეგრაცია პროტესტში.
გიორგი კვიტაშვილი