„ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, არა აქვს არავითარი გეგმა“ - კვირის პალიტრა

„ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, არა აქვს არავითარი გეგმა“

"ქართული ოცნება" არაფრის დათმობას არ აპირებს, ამასთან, ოპოზიციის ქმედუ­უნარობაზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილი. არსებული ვითარება კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ შეაფასა:

- ქვეყანაში ორი განსხვავებული რეალობა გვაქვს - დეკემბრისა და იანვრის მოვლენები. "ოცნება" ამ ხნის განმავლობაში­ სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავდა. დეკემბერში, პირველი ერთი კვირის შემდეგ, როცა დასრულდა საპოლიციო ძალების გამოყენება, როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, შეცვალეს სტრატეგია და აღარ ჩანდნენ­ ქუჩაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებში მოქმედებდნენ. ეს განპირობებული იყო იმით, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგობამ მყარად დააფი­ქსირა პოზიცია და ხელისუფლება მიხვდა, შეუძლებელი იყო ძალის გამოყენება ისე, რომ საზოგადოების უფრო დიდი აგრესია­ არ მიეღო. ამიტომ დამალვა არჩია­ და მთელი­ დეკემბერი პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ აკონტროლებდა.­ ის მოპასუხის რეჟიმში იყო და რეაქტიულად მოქმედებდა.

იანვარში გადაწყობა დაიწყეს. გახსოვთ­, ალბათ, "ქართული ოცნების" განცხადება, სადაც დეეპ სტატე-ზე ძალიან ბევრი ილაპარაკეს. ეს იყო გარდამტეხი მომენტი მათ სტრატეგიაში, "ქართული ოცნება" შეეცადა­ პოლიტიკური­ დღის წესრიგის­ განმსაზღვრელი თვითონ ყოფილიყო. ამისთვის­ საერ­თაშორისო ასპა­რეზზე დაიწყო ტერმინ­ დეეპ სტატე-ს გამოყენება, რომლითაც ჩაანაცვლა ყბადაღებული "გლობალური ომის პარტია". ეს ტერმინი გაუგებარი იყო, დეეპ სტატე-ს ხსენებით­ კი შეეცადნენ ულტრაკონსერვატიულ მოძრაობას დამთხვეოდნენ ტერმინოლოგიაში­ და გაეგებინებინათ­ მათ­თვის, რაზე ლაპარაკობენ­. მეორე მხრივ, თავიანთ მომხრეებს აჩვენეს, რომ კონ­­სო­ლი­დირებული, ძლიერები არიან და სიტ­უაციას აკონტროლებენ, მესამე - ხელისუფლებამ­ დაიწყო სხვა ტიპის ძალადობა. დიდი ძალით აღარ ჩნდება ქუჩაში,­ რობოკოპები, შავებში ჩაცმული არმია აღარ გამოჰყავთ, რადგან ხვდებიან, მაგრამ გადაწყვიტეს ძალადობის სხვა ფორმა გამოიყენონ, ოღონდ ეს ნაკლებად თვალში მოსახვედრია. მაგალითად, პატარა აქციების დროს მომიტინგეების დაკავება მოსამართლეების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ან სახლში მიკითხვა, ქუჩიდან ხალხის მოტაცება...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი პირდაპირი დასტურიa იმისა, რომ ჩვენი ხალხის მოთხოვნებს იზიარებენ ის ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. ჩვენ დავარწმუნეთ­ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები და მათი დელეგაციები, რომ ჩვენი მოთხოვნები - ახალი­ არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება - სათანადოდ არგუმენტირებულია. წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს შიდა საქმეებში, ოღონდ ჩარევა, ცხადია, საერთაშორისო სამართალთან აბსო­ლუტურად თანხვედრაშია. ეს არის ორგანიზაცია, რომლის წევრი ჩვენც ვართ და ჩვენ, როგორც წევრ სახელმწიფოს,­ გვაქვს უფლება­ იგივე ვუთხრათ სხვა ქვეყანას, თუ შევამჩნევთ, რომ არასწორი გზით მიდის­ და გვითქვამს კიდეც.­ როცა ამ ორგანიზაციაში გავწევრდით, დავთანხმდით, რომ დიახ, მეგობარმა სახელმწიფოებმა უნდა გვითხრან, თუ ჩათვლიან, რომ რამეს არასწორად ვაკეთებთ და ახლა დადგა ეგ მომენტი. ამ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი არღვევს ადამიანის უფლებებს და მოქმედებს დემოკრატიის წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ თუ კითხვები არსებობდა, დღეს უკვე აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მასშტაბური გამოსვლა იქნება. უკვე ვხედავთ "ქართული­ ოცნების" სასოწარკვეთილ ლიდერებს, ნახევარსაათიან პროპაგანდისტულ მესიჯებს იყენებენ, რომლებიც საპნის ბუშტივით ქრება.

ერთადერთი სისუსტე, რაც აქვს წინააღმდეგობას, ქართული ოპოზიციაა. სწორედ ოპოზიციური პარტიებია სუსტი რგოლი­, რაზეც ხელისუფლება დღემდე ახერხებს სპეკულირებას. ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, არა აქვს არავითარი გეგმა, არ შეუძლია დღის წესრიგის შექმნა ან არსებულში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ელემენტარულ კითხვებზე არა აქვთ პასუხები. ევროპას უნდა შევუერთდეთო, ეს არის მაგათი პასუხი­. ევროპა ჩვენ იმიტომ კი არ გვინდა,­ რომ წყარო იყოს, რომელსაც უნდა შევუერთდეთ, გვინდა იმიტომ, რომ ის არის სახელმწიფოების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რაც მათ მოქალაქეებს აწუხებთ. დღეს ოპოზიციას ყველაზე სასარგებლო, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ამ საპროტესტო­ ტალღისთვის, სიჩუმეა, ხმა არ უნდა ამოიღონ, იმიტომ, რომ როცა ლაპარაკობენ, ისეთ რაღაცებს ამბობენ, საქმეს აფუჭებენ. ხალხი მათ არ ენდობა, იმიტომ, რომ ბევრჯერ გაუცრუეს იმედი. თუ იმუშავებენ, თავს შეიწუხებენ, რაღაცის გაკეთებაზე იზრუნებენ, შეიძლება ეს მოცემულობა შეიცვალოს და მოსახლეობის რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვონ.

- რა უნდა გააკეთონ ამისთვის?

- უპირველესად უნდა იფიქრონ, სად არის პოლიტიკური გამოსავალი. რა აწუხებს საზოგადოებას, რა კითხვები აქვს, მოკრიბონ, ჩამოწერონ, მერე დასხდნენ­ და მოიფიქრონ, ამ კითხვებს როგორ უპასუხებენ.­ ხალხს უნდა დაანახონ და უთხრან, რომ მათი სატკივარი გასაგებია, ამაზე ნაფიქრი აქვთ და როგორ გააყუჩონ მათი სატკივარი, წამალი იციან. ახლა ნებისმიერი ოპოზიციურ პარტიას - გინდ სოფელში გავიდეს, გინდ ქალაქში, გინდ რომელიმე გზაგამტართან - პასუხი არაფერზე არა აქვს. რა აზრი აქვს ახლა, ხალხში გავლენ თუ კაბინეტებში ჩაიკეტებიან. ფიზიკურამდე ინტელექტუალური მოქმედებაა საჭირო. ამ დროს კი ერთმანეთზე უარეს ინტერვიუებს ვისმენთ. გახარია რატომ ჩანს ყველაზე ადეკვატური? იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობს, ხვდება,­ რომ სათქმელი არა აქვს და მხოლოდ მაგის ხარჯზე გამოდის ადეკვატური, მეტი არაფრის.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს?

- ძალიან კარგი იქნება, თუ გამოჩნდება, ეს გაამრავალფეროვნებდა პოლიტიკურ ლანდშაფტს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის სტრუქტურული ბარიერები, რომლებიც შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს ახალი ძალისთვის. მე მივესალმები არა მხოლოდ ახალი ჯგუფების გაჩენას, არამედ არსებული პარტიების გადახალისებასაც. როდესაც საუბარია ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ჩვენ ვსაუბრობთ გამართულ ძლიერ ერთობაზე და არა ერთი კაცის პარტიაზე, რომელსაც ეყოლება ერთი ლიდერი, სამი თანაშემწე და უშინაარსო სადღეგრძელოებით ილაპარაკებენ. ჩვენ გვინდა, ისეთი ახალი პარტია, რომელიც იმისგან არსებითად განსხვავებულ რაღაცას შესთავაზებს საზოგადოებას, რასაც ახლანდელი პოლიტიკური პარტიები გვთავაზობენ. ისეთი პარტიები უნდა იყოს, რომლებიც დემოკრატიული სისტემებით იმართებიან. თუ თავად პარტია არ იმართება დემოკრატიულად, მაშინ მისი დაპირება ქვეყნის დემოკრატიულ მართვაზე უკვე კითხვის ნიშანს ბადებს - ჯერ მანახე, რომ შენ შიდა დემოკრატია გაქვს და მერე დაგიჯერებ! ოპოზიციურმა პარტიებმა სტრატეგია უნდა გადაახალისონ, უნდა იფიქრონ, ვის წარმოადგენენ. უნდა დაიწყონ იმ ხიდის შენება საზოგადოებაში, რომელიც დღეს არ არსებობს. ამომრჩეველი არჩევნებზე რომ მიდის,­ მეორე დღეს სირცხვილით ვერ ამბობს, ვის მისცა ხმა, იმიტომ, რომ მუდმივად გვაქვს ტრაგიკული არჩევანი, რომ ამათ ვაძლევთ ხმას. მისასალმებელია, თუ შეიქმნება დემოკრატიული, საზოგადოებრივი ჯგუფებიდან ამოზრდილი ძალა, რომელსაც ექნება ხალხის კითხვებზე პასუხები.

- თქვენ ახსენეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ვნახეთ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება­ ასამბლეაში მუშაობის შეჩერებაზე. რამდენად დამაზიანებელია ეს ქვეყნისთვის?

- "ქართული ოცნება" ყოველწუთიერად­ გვაშორებს ჩვენს სტრატეგიულ და ისტორიულ არჩევანს, დასავლეთში ინტეგრაციას, დემოკრატიულ მისწრაფებებსა და კეთილდღეობას. სტრასბურგის შემთხვევაც ამის საუკეთესო მაგალითი იყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრება საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იყო. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და მახსოვს ის იმედი და სიხარული, რაც ამ მოვლენას თან ახლდა. იმის მიუხედავად, რომ ევროსაბჭოს წევრობა ისეთივე რთული არ არის, როგორიც ევროკავშირის წევრობა, მაშინ ეს ნაბიჯი ჩაითვალა იმის მანიშნებლად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის ნაწილია და აკმაყოფილებდა იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც ევროსაბჭოს წევრს მოეთხოვებოდა. სამწუხაროდ, ახლა ამ მოვლენიდან 26-ე წლისთავზე აღმოჩნდა, რომ ვეღარ ვაკმაყოფილებთ, ისე წაიყვანა საქმე "ქართულმა ოცნებამ".

რა იქნება აპრილის შემდეგ ანუ მას შემდეგ, რაც დათქმების შესრულების ვადა ამოიწურება, არ ვიცი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ევროსაბჭოს წევრობას­ დავკარგავთ, სტრასბუ­რგის სასამართლოს იურისდიქცია­ აღარ გავრცელდება ჩვენზე და ჩვენ დავკარგავთ­ ადამია­ნის­ უფლებების დაცვის ეფექტიან ინსტრუმენტს.

სოფო კაჭარავა