თბილისში მომხდარი შოკის მომგვრელი დანაშაული: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა - „დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“ - კვირის პალიტრა

თბილისში მომხდარი შოკის მომგვრელი დანაშაული: უსინათლო გოგონას დედას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა - „დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე!“

დანაშაული, რომლის დეტალებს გიამბობთ, სულისშემძვრელია. სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, ციხეშია გამოკეტილი 50 წლის ქალი შოკის მომგვრელი ბრალდებით - ის საკუთარი არასრულწლოვანი უსინათლო შვილის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის გაასამართლეს. მართალია, ქალი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმეში ბევრი მტკიცებულება დევს მის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბავშვების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ძალაში დარჩება უმკაცრესი სასჯელი, რადგან ამბავი იმდენად მძიმეა, სხვა ვერდიქტი მართლაც წარმოუდგენელია. გასამართლებულია და უკვე ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა 35 წლის მოძალადე მამაკაცის საქმემ, რომელიც 50 წლის ქალთან ერთად ცხოვრობდა, და მასაც უსინათლო გოგონას გაუპატიურებისთვის 18 წელი მიესაჯა. ბავშვების უფლებებს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი თამარ გაბოძე იცავს. ორგანიზაციას საქმეში ჩართვა არასრულწლოვანი გოგონას პედაგოგმა სთხოვა და მას შემდეგ ადვოკატი და-ძმის უფლებებს იცავს. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ადვოკატი თამარ გაბოძე:

- ეს ამაზრზენი დანაშაული საზოგადოებისთვის 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონაზე ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებს: ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობას, ტრეფიკინგს, იძულებით მოწყალების სათხოვნელად ბავშვის გაყვანას. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

2018 წლის ზაფხულში, და-ძმა, 8 და 7 წლის ბავშვები ზრუნვის სააგენტომ საცხოვრებლად საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანა. მიზეზი დედის მიერ შვილების უგულებელყოფა იყო, მშობლის უნარების ნაკლებობა, ასევე სოციალური საკითხები. და-ძმამ მინდობით აღზრდაში ექვსი თვე გაატარა. მოგვიანებით, 2018 წლის დეკემბერში, ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბავშვები ბიოლოგიურ დედასთან დააბრუნეს ისე, რომ პრობლემა, რის საფუძველზეც იქიდან­ გაიყვანეს, არ აღმოფხვრილა­. სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვე­ბთან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი მუშაობდა. იმხანად მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი, 35 წლის მამაკაცი. სწორედ აქედან დაიწყო 8 წლის გოგონაზე ფიზიკური, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის უწყვეტი ციკლი, რომელიც სამი წელი, 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ ერთ ღამეს უსინათლო გოგონა სახლიდან არ გაიქცა.

იმ ღამეს კაცმა ბავშვს სცემა, თავში ჯოხი ურტყა, მან კი გაქცევა მაინც მოახერხა და დახმარება ითხოვა. 112-ში ანონიმური­ ზარი შევიდა. სამართალდამცავები საცხო­ვრებელ კორპუსთან მალე მივიდნენ. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. 11 წლის გოგონამ სამართალდამცავებს სთხოვა მეორე დღეს მასთან სკოლაში მისულიყვნენ და იქ მოჰყვებოდა დეტალებს, ბავშვების დედა კი ცდილობდა დანაშაული დაეფარა. მან პოლიციას ბავშვებთან გასაუბრების უფლებაც არ მისცა, ამბობდა, არანაირი ძალადობა არ ყოფილა, შინაური ცხოველის გამო იყო მცირე უთანხმოებაო. თუმცა მეორე დღეს პოლიციამ სიტუაციის გასარკვევად გოგონას სკოლაში მიაკითხა და ბავშვმა პედაგოგის თანდასწრებით პოლიციას უმძიმესი დანაშაულის დეტალები უამბო, როგორ აუპატიურებდა მას მათ სახლში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი. რაც ყველაზე მძიმეა, ხშირად დედა იყო ამ ფაქტის შემსწრე, ბავშვი დედას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. ამ დანაშაულის შემსწრე გოგონას 7 წლის ძმაც იყო.

საქართველოს კანონმდებლობით, სექ­სუალური ძალადობის შემსწრე ბავშვიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ცხადია, მოვითხოვეთ გოგონას ძმის დაზარალებულად ცნობა სექსუალურ ძალადობაში. ამჟამად მასაც მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

- დამნაშავე პოლიციამ მაშინვე დააკავა?­

- დიახ, ბავშვის სისტემატურად გაუპატიურების საქმეზე სისხლის სამართლის­ საქმე აღიძრა და დააკავეს ბავშვის მამო­ბილი. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვადიანი სასჯელი იმიტომ განესაზღვრა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ კაცი ნაწილობრივ შერაცხადად ცნო და ამის გამო მაქსიმალური სასჯელი­, უვადო პატიმრობა, სასამართლომ ვეღარ გამოიყენა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა გაუპატიურებული იყო და ეს ხდებოდა ხშირად. როცა ბავშვზე ძალადობა ხდება, როგორც წესი, მოძალადე ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდის დარჩება ბავშვთან მარტო, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ხელს არავინ უშლიდა, ამიტომ არ სჭირდებოდა მომენტების შერჩევა­. გოგონამ იცოდა, რომ დედა სახლში­ იყო და დახმარებას სთხოვდა, ეძახდა, დედა, ვიცი, რომ აქ ხარ, დამეხმარე. ძალადობის შესახებ უყვებოდა დედას უმცროსი შვილიც, ბიჭიც, მაგრამ დედა მის ნათქვამსაც უგულებელყოფდა. როცა ძმა ყვიროდა და სთხოვდა დედას, დახმარებოდა დას, დედა პასუხობდა, მაინც უნდა გაიგოს ეგ რა არის და რაც მალე გაიგებს, უკეთესიაო.

ბავშვებმა მოსამართლის წინაშე ისეთი დეტალები გაამხილეს, რომელიც დედის დანაშაულზე აშკარად მიუთითებდა. მაგალითად, როგორ უწევდა ხმას მუსიკას, რომ დაფარულიყო ბავშვის ტირილი, როგორ ტოვებდა ბავშვს მოძალადესთან მარტო, როგორ რთავდა კაცს ნებას, რომ ბავშვი იძულებით შეეყვანა სააბაზანოში. როდესაც ის ცდილობდა შესწინააღმდეგებოდა მოძალადეს, დედა ეუბნებოდა, ხომ ხედავ, გეძახისო და აიძულებდა მასთან მისულიყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამობილის მოთხოვნითა და დედის თანხმობით უსინათლო ბავშვს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ. 2023 წელს მოძალადე მამაკაცი გაასამართლეს, ხოლო 2024 წლის 25 იანვარს ბავშვების დედაც დააკავეს. როდესაც ცნობილი გახდა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, და-ძმა მაშინვე გაიყვანეს ოჯახიდან, დედას კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. როგორც კი გავიდა 30 დღე, შემაკავებელი ორდერის ვადა, დედამ მოინახულა ბავშვები და სთხოვდა მათ, არ მიეცათ ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ. დედა უგზავნიდა გოგონას ხმოვან შეტყობინებებს და საყვედურობდა, უმადური ხარო. ქალი გამუდმებით ცდილობდა შვილებზე ზეგავლენას. ამიტომ სანამ მას უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ,­ მოსამართლე რომან ხორავამ ქალი დამნაშავედ ცნო ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულშიც­, რაც გულისხმობს ზემოქმედებას გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, და ქალს პირობითი­ მსჯავრი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამ ბრალდებით დედა გაასამართლეს.

- რას ამბობდა დედა?

- დღემდე უარყოფს ყველაფერს, ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბავშვები იტყუებოდნენ და ძალადობაში ბრალდებული­ კაცის მხარეს იჭერდა. ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ჩვენება არ მიეცათ მის წინააღმდეგ, არ დაეჯერებინათ ჩვენთვის, მათი ადვოკატისთვის, ცდილობდა ბავშვებს არ ჰქონოდათ კომუნიკაცია ჩვენთან.

- ბავშვები ახლა მინდობით აღზრდაში არიან?

- დიახ, მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები, მაგრამ ახლაც ძალიან მძიმეა­ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც დედა მოხვდა ციხეში,­ ის ისევ ცდილობს ბავშვებზე ზემოქმედებას, ითხოვს მათთან შეხვედრას და ახლა ზრუნვის სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს დედობის უფლების ჩამორთმევის საკითხი. ეს საქმე­ იმის ნათელი მაგალითია, სახელმწიფო როგორ ვერ იცავს ბავშვებს ვერც ზრუნვაში, ვერც ოჯახებში, ვერც ქუჩაში...

და-ძმასთან მუშაობდა სახელმწიფო ზრუნვის სოციალური მუშაკი. ყველამ იცოდა, რომ ბავშვები რეინტეგრაციიდან დაბრუნებული იყვნენ, მაგრამ ბავშვები დააბრუნეს იქ, სადაც მათი უფლებების დარღვევის რისკი მათთვის ცნობილი იყო. ბავშვებს შინ სავსებით უცხო კაცი დახვდათ და ამას არავინ მიაქცია ყურადღება.­ ეს სისტემური პრობლემაა. სამი წლის განმავლობაში ბავშვს მშობელი და მოძალადე ემუქრებოდნენ, რომ თუ ვინმეს ეტყოდა, სკოლაში არ ატარებდნენ, შეარცხვენდნენ. ძალადობის წინაშე ბავშვი მარტო იყო. ხომ არ შეიძლება დაველოდოთ უბედურ შემთხვევებს და მერე დავიწყოთ გამოძიება. სახელმწიფოს ევალება ყველა ბავშვს აარიდოს ზიანი, ჩაატაროს ეფექტურად პრევენცია, რათა ბავშვები არ დაექვემდებარონ ძალადობას და როგორც კი რაღაც საეჭვო შეიძლება გაჩნდეს, მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება, რაც არ გააკეთა სააგენტომ, არავინ შეხვედრია ბავშვებს. მათ რომ ჰყოლოდათ სათანადო მხარდამჭერი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სახით, სამი წლის განმავლობაში არ იქნებოდნენ ასეთ მდგომარეობაში.

- ბრალდებულს დედობის უფლება არ ჩამოერთვა?

- ეს საკითხი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კომპეტენციაა. დღემდე დედა ითხოვს შვილებთან შეხვედრას. ჩვენ სოციალურ მუშაკს გავუგზავნეთ ინფორმაცია და სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რომ შედგეს მათი შეხვედრა.

- მოძალადის სასამართლო პროცესზე ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ მის დანახვაზე?

- მოძალადე არ ყოფილა სასამართლო პროცესზე. ეს არის კანონით სტანდარტი, როდესაც არასრულწლოვანი დაზარალებულადაა ცნობილი და იკითხება, მოძალადე ტოვებს სასამართლო დარბაზს, მხოლოდ მისი ადვოკატი ესწრება პროცესს.

გოგონა ახლა 12 წლის არის, ძმა - 11-ის, ისინი მინდობით აღზრდაში არიან. ყოველდღე გვეკითხებიან, ხომ არ დავტოვებთ მათ, ხომ ისევ ვიქნებით მათი ადვოკატები. სხვა მხარდამჭერი არავინ ჰყავთ. ახლა ორივეს კარგი აღმზრდელი ჰყავთ, რომელიც ცდილობს ისწავლოს მეტი ამ ბავშვების საჭიროებებზე, რადგან ისინი ძალადობაგამოვლილი ბავშვები არიან.