„მე დაუმორჩილებელი ადამიანი ვარ“
გორში ნიღბიანმა პირებმა სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და გაუსწორდნენ. როგორც ვახო ამბობს, მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ფიცხელაურს ჩამტვრეული ნეკნი და თავზე არაერთი დაზიანება აქვს. საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... "წამითაც არ შემშინებია, ვიცოდი, ყველა დარტყმას რისთვის ვიღებდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ველოდი კიდეც. რომელ შიშზეა ლაპარაკი, წლებია, გაცნობიერებული მაქვს, რა მინდა და რისთვის ვიბრძვი. მე სასწორზე მაქვს დადებული ჩემი სიცოცხლე..."
- რუსთაველზე გორიდან ჩემი მანქანით დავდივარ და სხვებიც დამყავს. აქამდე 2-ჯერ დამაჯარიმეს (1000-1000-ლარიანი ჯარიმები გამომიწერეს გზის გადაკეტვის ბრალდებით, რაც ფონდებმა გადამიხადეს). დარბევაში არასდროს მოვყოლილვარ, მაგრამ რაღაცნაირად ველოდი ამ ამბავს, რომელიც ჩემს ეზოშივე მოხდა. სამსახურიდან სახლში გადავედი, ახლოს მაქვს მაღაზია, ნახევარი საათი გავჩერდი, ჩემს 2 და 4 წლის პატარებს ვეთამაშე. იმ დღეს აქციაზე ვერ ვახერხებდი წასვლას. ამ დროს სტუმრები მოვიდნენ და მეუღლემ მთხოვა, მარკეტიდან პროდუქტი ამომეტანა. სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მანქანის უკან სამარშრუტო მანქანა "ფორდ ტრანზიტს" გასასვლელი ჰქონდა ჩახერგილი. მძღოლმა მთხოვა, მოდი, ძმურად, ვერ ვქოქავთ და მიწოლაში დაგვეხმარეო. მეც დავიწყე მიწოლა და უცებ მანქანიდან მეორე გადმოხტა, საბარგულს ახადა, ხელი მკრა და შიგნით შემაგდო. სამნი იყვნენ და როცა მანქანაში ჩამაგდეს, სამივემ ნიღაბი აიფარა. ვეკითხებოდი, ამიხსენით, ვინ ხართ, რა გინდათ-მეთქი. არაფერი გვინდა, ვიცით, ვინც ხარ და უნდა მოგკლათო. გამეტებით მირტყამდნენ, კასტეტით მცემდნენ, მე სახეს ვიფარავდი. ამასობაში ჯიბიდან ტელეფონი ამომივარდა, აიღეს და თავში რამდენჯერმე ჩამარტყეს. ყველაფერი წამართვეს - საფულე, გასაღები, ტელეფონი, ყურსასმენები, ანუ თან გამძარცვეს. მერე მოშორებულ ადგილზე წამიყვანეს, სადაც მინდორი და ბარაკებია, გზადაგზა კი ცემას განაგრძობდნენ. სახეზე ხელს ვიფარებდი, ისინი კი მეუბნებოდნენ, სახეს ტყუილად მალავ, მაინც უნდა დაგამახინჯოთო. ისე ვიყავი ნაცემი, რომ არ ეგონათ წინააღმდეგობას თუ გავუწევდი. მანქანა როცა გააჩერეს და საბარგულს ახადეს, ფორთხვით მარცხენა ფეხი ჩამოვყავი და ყვირილი დავიწყე. ცოტა დაიბნენ, მეორე ფეხსაც ძალა დავატანე და ვისაც შიგნით ვეჭირე, ხელი გავაშვებინე, გადმოვხტი, მაგრამ გაქცევის თავი არ მქონდა, დავიხარე, ვითომ ქვას ვიღებდი და ამ დროს ყვირილს მოვუმატე. ჩემს ბედზე ვიღაცამ კოტეჯში შუქი აანთო და ეგრევე გაიქცნენ. არ ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ.
- რატომ არ გაქვთ გამოძიების იმედი?
- საიდანაც გამიტაცეს მინიმუმ 5 კამერა მაინც არის, სადაც უეჭველად უნდა ჩანდეს მანქანაც და ის პირებიც. შესაბამისად, ეს ზონდერები უკვე დაჭერილი უნდა იყვნენ. არც ჩანაწერებს გვაძლევენ და არც გამოძიების იმედი მაქვს. ერთ კაცს ვთხოვე ჩანაწერის ამოღება, რომლის სახლთანაცაა ვიდეოთვალი დამონტაჟებული, დამთანხმდა და წამოსვლიდან ერთ საათში მწერს, იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ვერ მოგცემო. დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები რომც იპოვონ, გაუშვებენ.
მე დაუმორჩილებელი, თავისუფალი ადამიანი ვარ. აქციებზე სულ დავდივარ, ვაპროტესტებ როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა. შვილებს რუსეთში არ ვაცხოვრებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. როდესაც სააკაშვილის პოლიციური რეჟიმი არ მომწონდა, ოპოზიციაში ჩავდექი და არჩევნებზე "ოცნებას" დავუჭირე მხარი. როცა შევატყვე, რომ არაფრის გამკეთებლები და არასწორები იყვნენ, მას მერე ოპოზიციაში ვარ. მობილურების შემკეთებელი ვარ, მაქვს ჩემი სერვისცენტრი, ჩემით ვისწავლე მობილურების პროგრამირება. ყველას მინიმალურ ფასად და კეთილსინდისიერად ვემსახურები, ქალაქში პატივს მცემენ. სამსახურში ევროკავშირის და საქართველოს დროშები მაქვს გამოკრული, იქ ხშირად გვიწევს პოლიტიკაზე საუბარი და ზუსტად ვიცი ხალხის განწყობა. უმრავლესობა პროევროპელია, ზოგი დაშინებულია, ზოგზე პროპაგანდა მუშაობს...
- თქვენი გატაცება, სავარაუდოდ, შიშის დათესვას ემსახურება.
- წუთითაც არ დავიხევ უკან. გორში ბევრი მიცნობს და ახლა უფრო გამიცნეს, რასაც იმაში გამოვიყენებ, კიდევ უფრო მეტი ხალხი რომ შემოვიკრიბო. მიუხედავად იმისა, რომ ნეკნი მაქვს ჩატეხილი, გამოკითხვებზე რომ არ ვყოფილიყავი სასიარულო, დღესაც რუსთაველზე ვიდგებოდი. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც დაშინდა, მე ეგეთი არავინ მინახავს. ბევრი საქმე და ვალდებულება მაქვს, მათ შორის ბანკის, ჩემი შრომით ყველაფერს ავუდივარ, აქციებზეც ჩემი ხარჯით დავდივარ, დამოუკიდებელი ვარ და ვინ უნდა დამაშინოს? ადრე ოჯახის წევრები გააფრთხილეს, გაჩერდესო. ამან რომ ვერ იმუშავა, დარჩა ეს ვარიანტი, რომ ვეცემე. იმდენად სუფთად ვცხოვრობ, ჩირქს ვერ მომცხებდნენ, ვერაფერს ჩამიდებდნენ, რაც მომიხერხეს ესაა - უბნიდან გამიტაცეს, ან უნდა მოვეკალი, ან დავესახიჩრებინე. მე ხომ ერთი არა ვარ, სხვებსაც უსწორდებიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეჟიმი სწრაფი ტემპით ცდილობს მოიშოროს ყველა ის, ვინც ხმაურობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ამაოა მათი ცდები.
ნანა ფიცხელაური