„სამშობლო ჯერ კიდევ ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი გვგონია“ - კვირის პალიტრა

„სამშობლო ჯერ კიდევ ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი გვგონია“

მისი გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის ყურადღებას იქცევს. ჩვენი თაობის გამორჩეული პოეტი კატო ჯავახიშვილი ყოველთვის ჩუმი, საოცრად გულახდილი და მართალი ადამიანია. რაც კი საქართველოში აქციები გამართულა, 9 აპრილიდან დღემდე, კატო სულ იქ დგას. `მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი შვილები დგანან. იქ, სადაც ჩვენი ახალგაზრდების ხმა ისმის და ყოველთვის ასე იქნება~ - მითხრა და ჩვენი დიალოგიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

- პატარაობიდანვე რუსთაველზე ვდგავართ ჩვენს მშობლებთან ერთად, მაგრამ დღეს რაც ხდება, გასაოცარია. მე საბჭოთა­ პერიოდში დავიბადე. კარგად არ მახსოვს­ ის დრო, რადგან მალევე დაინგრა, მაგ­რამ მეხსიერება შემომრჩა, ალბათ, მაინც შევითავსე ცხოვრების ის რიტმი. ჩვენს თაობას­ მაინც დარჩა შიში, მაგრამ ეს არის თაობა,­ რომელსაც არ ეშინია, იმიტომ, რომ დაიბადა­ დამოუკიდებელ საქართველოში. ეს არის ამათი უდიდესი ძალა, ეს არ უნდა შეწყდეს და არც შეწყდება. წარმოიდგინეთ, რომ დიდი ტალღა მოდის, უზარმაზარი ლოდი, რა ბარიერიც არ უნდა დაუდო, უფრო მეტი სისწრაფით წამოვა.

- ისე რომ არ განვითარდეს მოვლენები,­ როგორც ეს თაობა ფიქრობს?

- შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ქართველი ძალიან ჯიუტია, განს­ხვა­ვებით სხვა ტოტალიტარული ქვეყ­ნებისგან­, რომლის მაგალითიც უამრავია, მაგალითად, ავტოკრატია ბელარუსში,­ ჩრდილოეთ კორეაში. ჩვენ მენტალურად ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ, ჩვენი­ მენტალიტეტი აბსოლუტურად განსხვავებულია მათი ტემპერამენტისაგან. არ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ, რომ ახლა არის დრო, ზუსტად ის უცნაური, ძალიან საინტერესო­ მომენტი,­ როცა ვკარგავთ სახელმწიფოს, რომლის რეალური აღქმაც აქამდე არ გვქონია. ჩვენ შეიძლება გვქონდა ქვეყნის აღქმა, რადგან­ ქვეყანა გვიყვარს, მაგრამ სახელმ­წიფო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღქმა, არ გვქონია. ამიტომ დღეს ან დავკარგავთ სახელმწიფოს, ან დავაყენებთ იმ რელსზე, რომელსაც იმსახურებს­. კულტურაც გამოვიდა გარეთ, თეატრი, მუსიკა, ლექსი, ესეც რაღაც ახლის ნიშანია. დღეს აღარ არის საკონცერტო დარბაზების, თეატრების, სალონური შეხვედრების დრო, დღეს ქუჩაში გამოსვლის დროა. ჩვენ გვაქვს უდიდესი ტრიბუნა, საიდანაც ყველაზე მთავარი უნდა ვთქვათ, რომ არ გვეშინია!

ახლა ყველაფერი ხელისგულზე დევს: ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში­ ქართველი ხალხი რჩება მეგობრებისა და მხარდამჭერების გარეშე, რაც საბოლოოდ იზოლაციამდე მიგვიყვანს, ეს კი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს, უკვე გამოვიარეთ. რა ხდება? რა და, წითელი ნაჭრის აფრიალება ხალხისთვის, თანაც იმ დროს, როცა ადამიანების უმრავლესობა ნიჰილიზმში იყო; შეფურთხება ჩვენი ისტორიისთვის, წარსულისა და მომავლისთვის­. ომის შიშით - მშვიდობის მკვლელობა;­ გამარჯვების სახელით წინსვლის, `ღირსებით­ ევროპისკენ~ - ევროპული მომავლის სლოგანით. არ თქვათ, რომ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში პატარა ქვეყნების მთავრობებს პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ. სწორედ ისინი ახერხებენ გულამოცლილი და პილპილმოყრილი სამშობლოს ლანგარზე დაგდებას, პირში ბოლოკისა და მწვანილის გაჩრას და მტრის საახალწლო სუფრაზე ჩამოტარებას. ამ გოჭს ჰგავს ახლა ჩვენი ქვეყანა, სანელებლებით კარგად შეზავებულ გოჭს. ამჟამინდელი მთავრობაა ამ პროცესების დამკვეთიც და შემოქმედიც. გამოსავალი ერთადერთია: თუ ოდნავ მაინც შერჩათ ადამიანობა, დაანებონ ქართველი ხალხის გაპამპულავებას თავი და წავიდნენ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.

ცხოვრება არჩევანის უქონლობა არ უნდა იყოს. ალბათ, ხშირად ვფიქრობთ ყველანი, `საით მივდივართ?~ ჩემი პასუხი იქნება - ადამიანის გათავისუფლებისკენ.

- ბოლო დროს ღირებულებათა კრიზისში­ ვცხოვრობთ.

- გააჩნია, რას დავარქმევთ ღირებულებას და აქვს თუ არა მას მთლიანობითი ხასიათი. თუ ჩემთვის მთავარი ღირებულება ჰუმანიზმია და სამყაროს ცენტრად ადამიანს განვიხილავ, მასზე მორგებული სამყარო მინდა: სხვისი აზრის მიღება, პატივისცემა, ლოიალურობა. თუ პროცესს შევაბრუნებთ, მივიღებთ აგრესიას, შეუწყნარებლობას, დაუნდობლობას და აღარ აქვს მნიშვნელობა საწყისს, მიზანს, რის გამოც ეს პროცესები დაიწყო. ნებისმიერ იდეოლოგიას აქვს უნარი ტრანსფორმირდეს, ფორმა დაკარგოს და რადიაქტიურ სუბიექტად იქცეს. რა გახდა ამის მიზეზი, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ღირებულებათა კრიზისია ყველგან, სადაც ადამიანს ივიწყებენ. ხშირად ფუნდამენტური ღირებულებების წარმოსაჩენად წარსულს იშველიებენ ხოლმე და აგრესიული ფორმით ცდილობენ თემით სპეკულირებას, ან პირიქით, `ნათელი მომავლის~ პრინციპით იქნევენ ხმალს. ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვენს დროში, სხვა დროებს ვეპოტინებით.

0826d17d-4aff-4533-b221-6973e4a2d540-copy-1738515628.jpg

- როგორი საზოგადოება ვართ დღეს?

- ჩვენ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი­ საზოგადოება ვართ. ბევრი რამ ვისწავლეთ, რაღაცები - ვერა. რაც მთავარია, დამოუკიდებლობა ვერ ვისწავლეთ. ჯერ კიდევ ჩარჩოებიდან გამოსვლას ვცდილობთ, სამშობლო ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი გვგონია. ზოგჯერ ერთჯერად პერფორმანსებზე წამოვეგებით ხოლმე და მთავარი უკან გვრჩება. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დავდგით სპექტაკლები­, განვავითარეთ კულტურა, გავხსენით სამკითხველოები, მაგრამ პარალელურად გვშიოდა, გვციოდა, გვწყუროდა. მერე ავირიეთ, ერთმანეთი დავჯიჯგნეთ, ვწერეთ საჩივრები ერთმანეთზე, გვიშველეთო, ვიხვეწებოდით და მოვიდა რუსი - ნახევარი ომით დავხვდით, განახევრებული ქვეყნით... მერე ერთმანეთიც გავყიდეთ და წითელი დროშაც აგვიფრიალეს. საკუთარი შეცდომების გაანალიზება ერთი საუკუნის შემდეგ მაინც უნდა შეგვეძლოს, წინ რომ წავიდეთ. მთავარია, სწორად სიარული ვისწავლოთ... არც ის უნდა გამოგვრჩეს, რა რეალობაში ვცხოვრობთ - მიეცით ადამიანს ძალაუფლება და დააკვირდით, თანდათან როგორ დაეჭიმება კისრის ძარღვები, შემდეგ ამაყად ასწევს ამ საწყალ კისერს ცისკენ, ხმა და გამომეტყველება შეეცვლება და იმ ოდესღაც მშიერი თვალებიდან დიდი ნაყროვანებითა და სიამაყით გასცემს `სატრიბუნე თანაგრძნობას~. მიეცით ძალაუფლება იმას, ვისი ნამდვილი სახის დანახვაც გინდათ. ზოგჯერ სულ პაწაწინაც საკმარისია. მთავარია, მნიშვნელობა მიანიჭოს ვინმემ, რათა დაიჯეროს­, რომ რაღაცას წარმოადგენს, გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების გაცემის უფლება მიეცეს. ასე, კისერაწვდილებისა და კისერჩავარდნილების ცქერაში, მათი დიდკაცობის ყურებაში გადის ძვირფასი დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია­ ჩვენთვის. თავისუფალი საზოგადოება ვიქნებით მაშინ, როდესაც სახალხო დღესასწაულები ხალხის გარეშე არ ჩატარდება და ქუჩებში¬ივლიან ადამიანები, რომლებიც წლებია წიგნებს გაზის, შუქის და ნაგვის ქვითრებზე კითხულობენ, ან როცა ევროპისკენ მიმავალი გზა მშიერი ბავშვების თვალებზე არ გაივლის... ხანდახან რაღაცაზე, თუნდაც­ სოციალურ პრობლემებზე გადავირევით, აღვშფოთდებით, გამოვალთ, ვიყვირებთ, მიტინგებს გავმართავთ და შემდეგ გადაგვავიწყდება. ხანდახან ჩვენი საზოგადოება დაშლილ ფაზლს მაგონებს - სულ ვცდილობთ ფაზლის ერთი პაწაწინა ნაწილი მაინც ავიღოთ, ერთი პრობლემა, ძირითადად, იმწუთიერი, იმ დღის, იმ გაბრაზების, კონკრეტული რეაქცია კონკრეტულ ფაქტზე. პასუხი როგორი უნდა იყოს? პრობლემა ან უნდა მოგვარდეს, ან გადავადდეს, ან სხვა პრობლემა მოგვარდეს ხომ?

- როცა ეს დაჭერები დაიწყო, პირველი­ რა გაგახსენდათ?

- ჯერ კიდევ 1921 წელს, როდესაც­ საქართველოს ანექსია მოხდა, სწორედ იმ პერიოდში ძალიან ბევრს ეგონა, რომ სახელმწიფო დავკარეთ, არადა, სინამდვილეში რეჟიმი შეიცვალა, როცა მენშევიკები შეიცვალნენ ბოლშევიკებად და ხალხი გამოვიდა გარეთ და ააფრიალა წითელი დროშები. ისინი ვერ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში ქვეყანა დავკარეთ. სხვათა შორის, ბოლშევიკებმა იმ წელს 26 მაისი­ აღნიშნეს, ხალხი აზეიმეს. `დამოუკიდებელი საქართველო~ აზეიმეს. მერე რა მოხდა, ხომ ყველამ ვიცით? ამიტომ ძალიან სწორი ხედვა უნდა ამ ყველაფერს. ძალიან სწორი შედარებები. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ წარსულიდან. გინდა ის 1937 წელი, გინდა 1921 წელი და კიდევ უმძიმესი 1801 წელი. რით ვერ გავიგეთ აქამდე, რომ არ უნდა ველოდოთ არასდროს აი, იმ ქვეყნიდან დახმარებას, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი ამ ყველაფერს სულ ქართველების ხელით აკეთებდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მაქვს ღრმა რწმენა და მჯერა, რომ საზოგადოება, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, ამას არასოდეს დაუშვებს.

- ხელისუფლებას რას ეტყოდით?

- მე რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვიყო და უცხოეთიდან ვადევნებდე ამ ყველაფერს თვალს, ვიტყოდი, რომ ეს დიდი თოჯინების თეატრია და ძალიან სასაცილოა სინამდვილეში ეს ყველაფერი, რაც ხდება, თავისი პატარ-პატარა და დიდი პერსონაჟებით. ეს არის მარიონეტების თეატრი, რომელსაც ერთი დიდი ადამიანი­ ათამაშებს. სინამდვილეში ეს არ არის სასაცილო მაშინ, როდესაც შენ თანაცხოვრობ ამ დროში, უკვე აღარ გეცინება, რახან ამ ყველაფრის მონაწილე შენ თვითონვე ხდები. არ ვიცი, რა შეიძლება ვურჩიო ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც აირჩია ტერორის, დაშინების, მხარის, საშინელი გზა და ამ გზით არავის არასოდეს გამარჯვებისთვის არ მიუღწევია! ახალი თაობის წინ გადადგომისთვის, არავის გამარჯვება არ მოუპოვებია! ერთს ვეტყოდი მხოლოდ: სანამ კიდევ ძალიან გვიანი არ არის, გონივრული ნაბიჯები გადადგან და გამოუშვან უკანონოდ დაჭერილი, საოცარი, განათლებული და განვითარებული ახალგაზრდები. აქვე მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა თქვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის მიმართ.

რუსუდან შაიშმელაშვილი