"შეიძლება ხვალ ჩვენი მატარებელი სადღაც გადაიჩეხოს. ყველანი ერთი მატარებლის მგზავრები ვართ, მაგრამ ამას ზოგი გვიან ხვდება და ზოგი ადრე"
"მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო იყოს. სამართლიან სასამართლოში ყოველთვის სიმართლეა გამარჯვებული"
"დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, და შეიძლება ხვალ ჩვენი მატარებელი სადღაც გადაიჩეხოს"
იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება, მართებულად მივიჩნიეთ გავსაუბრებოდით ფსიქოლოგს, რომ გაგვეგო, ამ მდგომარეობამ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
გვესაუბრება ფსიქოლოგი მაია ცირამუა:
- ეს არის პოლიტიკური და სოციალური კრიზისის პერიოდი, არა პირველი და მეორე, არამედ მესამე ფაზა, როდესაც გავლილია ის პირველი შოკის ეტაპი - ბრძოლის ეტაპი, ამ ბრძოლაში დამარცხების, მერე ისევ ძალის მოკრების, სოლიდარობის, მხარდაჭერის პერიოდი. ახლა გადამწყვეტი მომენტია, ახლა გვჭირდება რაღაცების, რაც უკვე მოხდა, გააზრება, დალაგება, ყველაფრისათვის სახელის დარქმევა, სად ვართ? რას ვაკეთებთ და ხვალინდელ დღეს როგორ ვხედავთ? მე ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რწმენა და იმედი ამ მოძრაობის, რომელიც ჩვენ თვალწინ იბადება, ძალას იკრებს, ხასიათს იძენს, თავის იდეებს ავრცელებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უიმედოდ არიან და ეს ძალიან ბუნებრივია. რაღაც მომენტში, როცა ხელს ჩაიქნევ, მერე ისევ იმას ხედავ, რასაც ახლა შევესწარით. აი, აქ, ახალი თეატრის ეზოში, ჩვენ ერთმანეთს ვკვებავთ ამ მუხტით. ბევრნი ვართ, შეიძლება ვიღაც დაიღალა, ვიღაც წაიქცა, მაგრამ მაინც ერთმანეთს ხელს ვაშველებთ, რომ არ დავეცეთ და იმედი არ დავკარგოთ. არა გვაქვს ამის უფლება, იმიტომ, რომ მთავრობამ კედელთან მიგვაყენა. ჩვენ ვიცით, რომ კედლის იქით არის ისევ ის, რაც ჩემს თაობას გამოუცდია - რკინის ფარდაჩამოფარებული, გატეხილი ქვეყანა, რომლის გარშემო სულ სხვა განწყობები დუღს, მაგრამ აქ რაღაც გამოგონილი რეალობაა: თითქოს მშვიდობა, კეთილდღეობაა, არადა, ხალხს წართმეული აქვს ხმა. ადამიანებს ერთმანეთის დანახვა უჭირთ, დაცლილი არიან ემპათიისგან, იმიტომ, რომ ასეთ საზოგადოებაში ადამიანი განიძარცვება ხოლმე ემოციურად. გავიხსენოთ გასული საუკუნის 30-იანი წლები, შეიძლება უკან დაგვაბრუნონ, იმ კედელთან მიყენებული. ამიტომ, თუ ახლა სწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, აუცილებლად იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ემპათთიისგან, თანაგრძნობისაგან განძარცული ადამიანები გადარჩენისათვის ერთმანეთის დასმენას, მიყურადებას დაიწყებენ და ეს ბუნებრივი პროცესია. არავინ თქვას, რომ მაშინ ცუდი იყო ქართველი და დღეს განსხვავებულია, არა, ეს ასეთ სისტემას მოაქვს. რადგან გვაქვს ასეთი გამოცდილება, მეორედ აღარ უნდა დავუშვათ, აღარ უნდა მივცეთ ამის უფლება. დემონსტრაციაზე გამოსული ადამიანები იბრძვიან არა მარტო თავისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, პოლიციელებისთვისაც და ასე შემდეგ.
- როგორც ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, ყველანი ერთ მატარებელში ვსხედვართ და ესენი ამას ვერ აცნობიერებენო.
- ნამდვილად კარგი მეტაფორაა. დიახ, ყველანი ერთი მატარებლის მგზავრები ვართ, მაგრამ ამას ზოგი გვიან ხვდება და ზოგი ადრე. ახლა მატარებელს გეზი უკვე აღებული აქვს და უნდა ვეცადოთ, რომ ვინც წინა ვაგონში ზის და ჰგონია, მატარებელი მისია, უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ სხვა გზით გვინდა წასვლა და არა იმ გზით, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება, ჰგონია, ეს პატარა ქვეყანა თავისი ხალხით, ისტორიით მისი საკუთრებაა. დიქტატურა ყოველთვის ასე უყურებს სახელმწიფოს მოწყობას და აქამდე რომ მოვედით 28 ნოემბრიდან დღემდე ისე, რომ ძაფი არ გაწყვეტილა, იმ საზოგადოების ნაწილის დამსახურებაა, ვინც ახლა ქუჩაში დგას და იყინება. სრულიად ახალი მოძრაობა გაჩნდა. ამაშია სწორედ ჩვენი ძალა და ეს არის სიმართლე, სამშობლოს სიყვარული.
დარწმუნებული ვარ, იმ ხალხსაც უყვარს სამშობლო, რომელიც შეიძლება ჩვენ არ გვეთანხმება, ოღონდ ისინი სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს და ჩვენი ამოცანაა დავანახოთ, რომ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, და შეიძლება ხვალ ჩვენი მატარებელი სადღაც გადაიჩეხოს.
- მერე რა მოხდება?
- თუ ახლო მომავალში არ გავიმარჯვებთ, შეიძლება დავბრუნდეთ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში. მეტიც, შეიძლება უფრო მძიმედ განვითარდეს მოვლენები. დაწყებულია რეპრესიები, რომლებიც თანდათან მძიმე სახეს იღებს, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დახვეწილი მეთოდოლოგიით, რომელიც დღეს სწორედ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა, კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ადამიანებს და მეტ უსამართლობას მოიტანს. ამიტომ მივესალმები `ახალი თეატრის~ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. რეგიონებში ბევრმა არც იცის, რა ხდება თბილისში. ამის ერთი მთავარი მიზეზია, რომ მოწამლული არიან პროპაგანდით. ისინი იმ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ, რომელსაც სთავაზობენ ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიები - თითქოს აყვავდა ქვეყანა და ადამიანსაც ეს უნდა? უნდა სადღაც თავი შეაფაროს, მით უმეტეს, თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. კი ღარიბი კაცი ხედავს ტელევიზორში, როგორ არბევენ და ასახიჩრებენ ადამიანებს, მაგრამ მას სხვა რამის დანახვა უნდა. სწორედ ამ გამოგონილ რეალობაში მცხოვრებთა აქეთ გამოხედვაა ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ, არიან ისეთებიც, ვისაც შეიძლება არც აინტერესებთ, სად იქნება ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ დღეს ლუკმაპური უნდა იშოვოს და არ სცალია სხვა რამისათვის. ასეთი, რაც ვიცით, 60000 ათასი კაცია, შემწეობად კაპიკებს იღებს სახელმწიფოსგან. ყველა მათგანთან უნდა მივიდეთ, ყველამ უნდა გაიგოს, რას ნიშნავს წესიერ, სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება. დგება მომენტი, როცა საჭიროა ერთად დგომა. ერთ მატარებელში რომ ვსხედვართ, ზუსტად ეს უნდა გავაცნობიეროთ.
ზოგჯერ გვერდზეც უნდა გაიხედოთ, უნდა მოხვიდეთ და დაგველაპარაკოთ, ოღონდ იმ წინასწარი განწყობით კი არა, რომ გვეჩხუბოთ. არა, უნდა მოგვისმინოთ. ერთმანეთის მოსმენით შევძლებთ ერთმანეთს სწორად მივაწვდინოთ ხმა.
ალბათ, არიან ისეთებიც, ვინც, ისევე როგორც გასულ საუკუნეში, რუსეთის ჯარს თბილისის კარი გაუღეს, მაგრამ ის, ვინც ხვალ შეიძლება ჩვენ გვერდით დადგეს, მათთან მისასვლელი გზის ძიებაა საჭირო, თუნდაც ასეთი ემოციური პერფორმანსებით. ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია ადამიანების შემობრუნება სინათლისკენ!
მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო იყოს. სამართლიან სასამართლოში ყოველთვის სიმართლეა გამარჯვებული.
ახლა კი ვერ ვისაუბრებთ სამართლიანობაზე. ალბათ, ბევრი ფიქრობს, უსამართლობა მე გვერდს ამივლისო, და ეს ბაზისური რწმენა არ ერყევათ, სანამ პირადად არ შეეხებათ. ტოტალიტარულ სისტემასა და ავტორიტარიზმის ნიშნების მატარებელ საზოგადოებაში ძალიან ხშირია ასეთი განცდა. ამგვარი დამოკიდებულება ხშირად არ არის ადამიანზე დამოკიდებული, არ არის მისი არჩევანი. მას ქმნის ავტორიტარული სისტემა. ყველაზე მაღალი სტანდარტი მოსამართლისა და სამართლიანობისათვის ის არის, როდესაც მოსამართლე იღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, როცა დამნაშავეს სირცხვილისა და ბრალეულობის განცდა კი არა აქვს, არამედ სინანულის. ჩვენს სინამდვილეში კი რა ხდება? დამნაშავეა თავად მოსამართლე და არა ის პოლიტპატიმრები. სასამართლოს ინსტიტუტი მოშლილია და როგორ უნდა ელოდოს ხალხი სიკეთეს, როდესაც მოსამართლეს ვიღაც დიდი დიქტატორი მართავს. ვუსურვებ ჩვენს სინდისის პატიმრებს მალე თავისუფლებას. ყოველ შემთხვევაში, მინდა ამის მჯეროდეს. თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
რუსუდან შაიშმელაშვილი