„საშიში“ წიგნები და ბუკინისტები
"ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ, გავიხსენებ ბუკინისტებს, რომლის მსგავსნიც დღეს საქართველოში აღარ არიან და ბიბლიოთეკის თანამშრომელს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს, რომელიც მასზე ამ ადამიანებმა მოხდინეს.
ტიმოთე მახაური
- ტიმოთე რომ გავიცანი, უკვე ხანდაზმული იყო, მელიქიშვილის გამზირზე, ბუკინისტურ მაღაზიაში მუშაობდა. მაშIინ თბილისში სულ სამი ბუკინისტური მაღაზია არსებობდა და სახელმწიფოს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში გარკვეული ლიტერატურის გავრცელება აკრძალული იყო. ტიმოთეს მაღაზია იყო უფრო მნიშვნელოვანი, რადგან იშვიათ გამოცემებზე მუშაობდა...
მას ჰქონდა 1712 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი", თავად მითხრა, რომ უნივერსიტეტში "დააბინავა" და შემდეგ ამის გამო პრობლემები ჰქონდა. ტიმოთემ ისიც იცოდა, ვის რა უნიკალური წიგნი ჰქონდა სახლში. მე რომ წიგნი მიყვარს, ტიმოთე მახაურის დამსახურებაა. მას ხშირად სტუმრობდნენ კონსტანტინე გამსახურდია, სერგი ჭილაია, გიორგი ლეონიძე... შემდგომში უფრო ახალგაზრდა მწერლებიც.
ერთხელ მითხრა, ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" 4 ტომია გავრცელებული, არსებობს მეხუთე ტომი, რომელიც 1951 წელს გამოვიდა, მაგრამ გავრცელება ვერ მოასწრო, მერე სტალინიც გარდაიცვალა და აკრძალეს, რადგან მასში საქართველოს რუსეთთან შეერთების თემა იყო. წიგნები ისტორიის ინსტიტუტის ეზოში დაწვეს, მივედი, 3 ცალი ქამარში ჩავიდე და ჩუმად გამოვიტანეო. იმ სამი ეგზემპლარიდან ერთი მაჩუქა, ჩემთან ინახება.
ტიმოთესგან ვიცი, რომ ვადბოლსკის "ჰერალდიკური სიმბოლიკა", რომელიც 1979 წელს გამოვიდა და ნაწილობრივ განადგურდა, მხოლოდ რამდენიმე ათეული ცალი გავრცელდა, დანარჩენიდან ამოჭრეს ქართველ თავადაზნაურთა გვარების ისტორია, რომელშიც ჩართული იყო ცენტრალური კომიტეტი. მაშინ იდეოლოგიის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივანი ჟიული შარტავა გახლდათ და მასთან დაასმინეს, ეს წიგნი გამოვიდაო. შარტავას გასანადგურებლად დანანებია და ის გვერდები ამოუჭრიათ, სადაც თავადაზნაურთა გვარების სია იყო. თუმცა მე სრული ეგზემპლარი მაქვს, რომელიც ტიმოთემ მაშოვნინა...
ტიმოთე გლეხი კაცი იყო, რომელიც თბილისში სოფლიდან ჩამოვიდა. ამაყობდა, რომ გენში ქისტური სისხლი ერია. წიგნებს კითხულობდა, მწერლებთან, გამომცემლებთან ჰქონდა ურთიერთობა, ასე მიიღო თვითგანათლება. ბევრ ისეთ ამბავსაც მიყვებოდა, რომლებსაც საჯაროდ ვერ ვიტყვი...
ტიმოთე რომ გავიცანი, მაშინ საბჭოთა კავშირის რღვევაზე ლაპარაკი საერთოდ არ იყო. პირველად მისგან გავიგე, რომ კონსტანტინე გამსახურდიას შვილმა, ზვიადმა, გასავრცელებლად ჟურნალი "ოქროს საწმისი" მიუტანა. მაშინ ის ჟურნალი არ მომცა, შენ ეს გაგაუბედურებსო. ვერც მივხვდი, ეს რატომ მითხრა და თავი დავანებე. 2 წელი რომ გავიდა, ქართულის მასწავლებელმა მითხრა, ზვიად გამსახურდია კარგი კაცია, საქართველოს განმათავისუფლებელიო და გამახსენდა ტიმოთე... 1987 წელი იყო, ტიმოთესთან წავედი და შევახსენე, ერთხელ თქვენ ზვიადზე რაღაც მითხარით-მეთქი... ჯერ შეცბა, მერე მითხრა, 10-12 წლის იქნებოდა ზვიადი, მამამისმა ჩემთან რომ შემოიყვანა და გამაცნო, მე ვუთხარი, აბა, როგორი ბიჭია-მეთქი? როგორია და ორ რუსს ერთად სცემსო, ანუ მაგარიაო... პირველად ზვიადი მიტინგზე ვნახე, კოსტავასთან ერთად იდგა, არასდროს დამავიწყდება ულამაზესი ფერის თვალები ჰქონდა.
ტიმოთემ ერთ დღეს მითხრა, ებრაული ენციკლოპედიის 13-ტომეულია და შეიძინეო. მაშინ არ მოვინდომე და წლები რომ გავიდა, ვინანე, მასში ეწერა, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ებრაელებმა თავიანთი კულტურა არ განავითარეს და ქართული კულტურის ნაწილი გახდნენო. ეს იშვიათი გამოცემა იყო.
მამული კოხრეიძე
- მამული კოხრეიძეც ბუკინისტი იყო, მაღაზია რუსთაველის მეტროსთან ჰქონდა. მართალია მასზე ტიმოთე თავისი გამოცდილებით, პროფესიული უნარებით ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ მამული გაცილებით უფრო ჩუმი და ფრთხილი კაცი იყო. ტიმოთე თუ ბედავდა და იშვიათ, აკრძალულ გამოცემებს ჩუმად უფასოდ ავრცელებდა, მამული ასეთ რამეს არ აკეთებდა. ყველა ბუკინისტიურ მაღაზიას ჰქონდა კატალოგი იმ წიგნების, რომლის წაკითხვაც არ შეიძლებოდა (მაგალითად, მასში ბერია თუ იყო ნახსენები). როცა ვინმე ასეთ წიგნს მიიტანდა, მამული ეტყოდა, ეგ წიგნი არ მინდაო და იქვე ჰქონდა დიდი ყუთი, რომელშიც ასეთ "დაწუნებულ" წიგნებს ყრიდნენ.
მამული ყუთს უყურადღებოდ არ ტოვებდა და წიგნებს ჩუმად არჩევდა. ზოგჯერ სანამ მამული გამოვიდოდა, იმ ჩაყრილ წიგნებს მე ვნახულობდი, რამე კარგს თუ ვიპოვიდი, ჩემი იყო. ერთ დღეს აღმოვაჩინე ბუკოვსკის თეთრყდიანი წიგნი საბჭოთა კავშირზე, რომელსაც დაბლა ეწერა "ნიუ-იორკი". ამერიკაში რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი პირველად ვნახე, დავავლე ხელი და სახლში წამოვიღე. ყველამ რომ დაიძინა, კითხვა დავიწყე. ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი არის ადამიანების ციხე, ეწერა კომუნისტური მმართველობის სიმახინჯეები, მოკლედ, ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა. როგორ დასდევდნენ ხალხს, როგორ უთვალთვალებდნენ... მთელი ღამე ვკითხულობდი. მივხვდი, შინ საშიში წიგნი მქონდა. ვფიქრობდი, ეს წიგნი რომ წამოვიღე, ხომ არავინ დამინახა. მაღაზიაში წავედი, მამულიმ მკითხა, ყუთში ერთი წიგნი იდო, ნიუ-იორკში გამოცემული და შენ ხომ არ წაგიღიაო? არა-მეთქი, ვიუარე. შენ თუ წაიღე და ვინმემ ნახა, იცოდე, ეგ წიგნი დაგღუპავსო. დავბრუნდი შინ და წიგნი საგულდაგულოდ დავმალე ისე, რომ თავადაც გადამავიწყდა და რამდენიმე წლის შემდეგ, კარადა რომ დავშალეთ, მაშინ ვიპოვე, მაგრამ უკვე საბჭოთა კავშირიც დაშლილი იყო. იმ წიგნს ახლაც ვინახავ, ჩემთან სტუმრად მოსულ ლევან ბერძენიშვილს ვაჩვენე, გაუკვირდა, შენ ეს წიგნი სერიოზულ პრობლემას შეგიქმნიდაო.
მამულის ბუკინისტური მაღაზია რომ ჩააბარეს, 1961 წელი იყო. მაშინ ვინმე საშა მიქელაძე ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან. საშას ბაზრობაზე უნახავს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დაკითხვის ოქმები, რომელშიც ხორცს ახვევდნენ. თურმე წამოიღო ის ოქმები, გადაწერა, ხალხთან დაიწყო ლაპარაკი, რომ ილიას მკვლელობის დოკუმენტები მოსპეს... დაიბარეს საშა და სულ სხვა საქმეზე დაიჭირეს, ეს დოკუმენტები ჩამოართვეს და გადასახლებაში გაუშვეს. გადასახლებიდან დაბრუნებული, ერთ დღეს მამულისთან შედის მაღაზიაში და ეუბნება, საბჭოთა კავშირი არის гавно. ამბობდა, რომ ლენინის ტომებს აღარავინ წაიკითხავდა და საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. მამული მეუბნებოდა, საშა მაღაზიაში რომ შემოდიოდა, თავს ვარიდებდიო. ბუკინისტურ მაღაზიებს უშიშროება სულ აკონტროლებდა... მამული მოულოდნელად აირია, თქვეს გაგიჟდაო, ფსიქიატრიულში დააწვინეს და იქ გარდაიცვალა...
ფერიდე კვაჭანტირაძე
- ქალბატონი ფერიდე იყო ადამიანი, რომელმაც ბიბლიოთეკაში მუშაობა დამაწყებინა. იქ ერთი კონკრეტული წიგნის სანახავად მივედი და მაშინ გავიცანი. არც სურვილი მქონდა და ვერც წარმომედგინა მუშაობას ბიბლიოთეკაში თუ დავიწყებდი. მაშინ თანამშრომლის ხელფასი 18 ლარი იყო, დირექტორის - 38. ქალბატონმა ფერიდემ დედაჩემსაც კი დაურეკა, იქ რომ მუშაობა დამეწყო. დედამ მთხოვა, შვილო, ერთი წელი როგორმე გაძელიო. ბიბლიოთეკას აქვს უცნაური თვისება, იქ თუ მიხვალ, ისე გითრევს, თავს ვეღარ აღწევ.
ფერიდე კვაჭანტირაძემ აღადგინა იშვიათ გამოცემათა განყოფილება, რომელიც 1954 წელს შეიქმნა, 1957 წელს აკრძალეს და 1984 წელს აღადგინა, თავად გახდა განყოფილების გამგე, შეკრიბა ჯგუფი, მეც მიმიყვანა და ამ საქმის ინტერესს მიჩენდა. იმდენი ქნა, დასვენების დღეებშიც კი სამსახურში დავდიოდი, ის კი მთხოვდა, შინ წადი, დაისვენეო. ფერიდეს ოცნება იყო ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გახსნილიყო. ამაზე თავიდან მეცინებოდა, რა მუზეუმი, ბიბლიოთეკა ისედაც წიგნის მუზეუმი არ არის-მეთქი? წიგნის კითხვის სიყვარული სხვა რამ არის, როცა წიგნი გიყვარს ისე, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ამას უკვე ბიბლიოფილობა ჰქვია. ბიბლიოფილები წიგნებს ეფერებიან, წიგნებია მათი შთაგონება. ფერიდე იყო ბიბლიოფილი, მას წიგნი, როგორც ძეგლი ისე უყვარდა...
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას მესამე კორპუსი რომ აქვს, ეს შენობა ფინანსთა სამინისტროს საკუთრება იყო. 1956 წლის მერე ოცნებობდნენ ბიბლიოთეკაში, რომ ეს კორპუსი გადმოსცემოდათ. ერთ დღეს ფერიდემ კაკო ძიძიგურს სთხოვა, იქნებ თქვენ შეძლოთ ამ კორპუსის გადმოცემაზე შედეგს მიაღწიოთო. მაშინ კაკო ძიძიგური ბიბლიოთეკაში ახალი მისული იყო. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. მათი სახლი ფაქტობრივად სალონი იყო, იქ იკრებებოდა, როგორც პარტიული ელიტა, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მოკლედ, ძიძიგურმა ჯუმბერ პატიაშვილს მიმართა ამ თხოვნით. საქმე იწელებოდა, ბოლოს ბატონი ჯუმბერი ბიბლიოთეკაში მოიპატიჟა. ახლა რომ არის ცალკე რარიტეტის ოთახი, ეგრე კი არ იყო, ერთი სეიფი იყო და იქ ისხდნენ ყველანი. არც ტემპერატურული რეჟიმი და არც არანაირი პირობა არ არსებობდა, სიცივე იყო. ძიძიგურს პატიაშვილი ფერიდესთან გაყინულ ოთახში შეუყვანია და უთქვამს, ყველაზე იშვიათი წიგნები აქ ალაგიაო. ფერიდეს აუხსნია, როგორ პირობებში უწევდათ მუშაობა, როგორ პირობებში ინახებოდა წიგნები. პატიაშვილს თვალებიდან ცრემლი წამოსვლია და იმ შეხვედრიდან ერთ კვირაში მესამე კორპუსი ბიბლიოთეკისთვის გადაუცია. ეს გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს რომ არ მომხდარიყო, ბიბლიოთეკა ვეღარ განვითარდებოდა. ეს ადგილი იქცა შეხვედრების ადგილად, ახლა ყველაზე ცოცხალი ადგილია და ამაში ფერიდე კვაჭანტირაძის წვლილი ძალიან დიდია.
თამუნა კვინიკაძე