"ერთხელ მამამ მითხრა, არასწორად იცხოვრეო... შენს თავზე ცოტა მეტი უნდა გეფიქრაო... შენში ის შეცდომა ტოვებს­ ნაკვალევს, რომელიც იარასავით გაჩნდება და ტკ - კვირის პალიტრა

"ერთხელ მამამ მითხრა, არასწორად იცხოვრეო... შენს თავზე ცოტა მეტი უნდა გეფიქრაო... შენში ის შეცდომა ტოვებს­ ნაკვალევს, რომელიც იარასავით გაჩნდება და ტკივილს გაყენებს"

"ერთხელ მამამ მითხრა, შენ არასწორად იცხოვრეო. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მივუტრიალდი და ვკითხე, - რატომ? - შენს თავზე ცოტა მეტი უნდა გეფიქრაო", - იხსენებს პოეტი ნანა ცინცაძე­. რა ისწავლა დაშვებულ შეცდომებზე, რა შემთხვევაში შეუძლია პატიება, რის გამო საყვედურობენ ახლობლები და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს შეიტყობთ რუბრიკაში "დასრულებული წინადადება".

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ადამიანი, რომელიც ოცნებებში იპყრობდა სამყაროს. მსახიობიდან ქიმიკოსობამდე არაერთ პროფესიაზე ვფიქრობდი. სკოლაში ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებს თანაბრად კარგად ვსწავლობდი. მაშინ წესი იყო, ოქროს მედალზე თუ გადიოდი, აუცილებელი იყო, ოლიმპიადებში მიგეღო­ მონაწილეობა და მეც დავდიოდი ხან ქიმიის,­ ხან ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადებზე, წარმატებაც თანაბრად მქონდა. ოჯახში, ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით, აზრი გაყოფილი იყო. მე თითქმის გადაწყვეტილი მქონდა კლასიკური ფილოლოგიის ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ უცნაური რამ მოხდა. ის, რასაც ახლა გეტყვით, გაგიკვირდებათ. ივნისის ბოლოს, ჩემი ოლიმპიადის მეგობარი შემხვდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ. მითხრა, სამედიცინოზე ვაბარებო.­ მეც ჩემი გადაწყვეტილება გავანდე... უცნაური ტონით მითხრა, ჩემგან ინტერვიუ უნდა აიღო? კი, როგორც ექიმმა ჟურნალისტმა ექიმისგან-მეთქი. იმ დღეს სახლში მივედი და მშობლებს გამოვუცხადე, რომ სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება მივიღე. ასე გავხდი ექიმი და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- რომ მილიონი სახე მაქვს. ამბობენ, რომ ძალიან რბილი ვარ. ვინც არ მიცნობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისეთი ადამიანი ვარ, ვისთან ურთიერთობაც გაუჭირდება. ზოგისთვის ექსტროვერტი ვარ, ზოგისთვის ინტროვერტი, რეალურად კი ამბივერტი ვარ, რომელიც ორივეს აერთიანებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- თავდაყირა დავაყენებდი ყველაფერს და ძირითადს მაინც არ შევცვლიდი­. ჩემი გონებიდან გამომავალ ხაზებს არ შევცვ­ლიდი.

- თქვენი გონება და გული თანხვედრაში რამდენად იყვნენ?

- ხან გული უსწრებდა, ხან - გონება.

- მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელს უფრო "უჯერებდით"?

- გონებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ჩემი პირველი წარმატება...

- იყო საბავშვო ბაღში, როდესაც ბალეტის პარტია ვიცეკვე. ძალიან სასაცილო ვიყავი (იცინის).

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, ოჯახსაც.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- დავიბადე, ცოცხალი ვარ, ვუყურებ ამ საოცარ სამყაროს და მიყვარს სიცოცხლე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- სიცოცხლის, რაც არ უნდა მძიმე სიტუაციაში ვიყო, ყოველთვის მაქვს სურვილი გავცდე ყოფითობას და ირეალური სამყარო შევუფარდო იმას, რაც დღეს რეალურად ჩემში არსებობს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- რბილი ხასიათი მაქვს, მაგრამ ამავე დროს ვარ ძალიან შეუვალი და მტკიცე.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- რბილი ხასიათი ყოველთვის არ არის საჭირო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- დაფიქრება.

- ბევრი შეცდომა გაქვთ დაშვებული?

- მაგის გარეშე ადამიანი არ არსებობს.

- ძალიან მტკივნეულიც?

- შეცდომა, რომელიც მსუბუქია, არც გამახსოვრდება. შენში ის შეცდომა ტოვებს­ ნაკვალევს, რომელიც იარასავით გაჩნდება და ტკივილს გაყენებს.

- პატიება შემიძლია...

- მხოლოდ იმ შემთხვევაში, ადამიანი მართლა გულწრფელად თუ მოიხდის ბოდიშს. ამ დროს იმ დონეზე შემიძლია პატიება, რომ ის წყენა აღარასდროს გავიხსენო.

- ასეთი გულწრფელი ბოდიში რამდენად იყო, ან არის თქვენს ცხოვრებაში?

- ძალიან ცოტა შემთხვევა მახსენდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- მინდა დროს გავუსწრო, რადგან დარჩენილი დროის მეშინია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- თავშეკავება მაქსიმალურად შემიძლია. ჩემს ჩხუბს თითქმის ვერავინ გაიხსენებს­. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვფლობ საკუთარ თავს და კონფლიქტური არ ვარ, ფიქრებში შეიძლება იმ ადამიანის სისხლის გემოც კი ვიგრძნო, ვინც ისე მატკინა, რომ ჩემს ცხოვრებას კვალი დააჩნია.

- მეზარება...

- საერთოდ არაფერი არ მეზარება, სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და დაუშვებელია, რამე გეზარებოდეს.

- სიყვარული ეს...

- სამყაროს საწყისია, სიყვარულის გარეშე ყველაფერი არარაობაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ბაღში დავდიოდი, ის ბიჭი ხელს ჩამჭიდებდა და იატაკზე მასრიალებდა, ეს პროცესი ისე მომწონდა, ჭკუაზე არ ვიყავი.

- მაკვირვებს...

- რატომ იცლიან ადამიანები ცუდის­ კეთებისთვის? სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და ვიღაცას ცუდი რატომ უნდა გაუკეთო.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე­ დამაყენოს...

- გულწრფელად ნათქვამმა ერთმა ტკბილმა სიტყვამ.

- ვრისკავ...

- ხშირად, თამამად, თუმცა ექსტრემალი­ არ ვარ. თუ არ გარისკე, ცხოვრებაში არაფერი იქნება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ადამიანს ჩემთვის რაც არ უნდა ცუდი ჰქონდეს გაკეთებული, მას თუ უჭირს, არ შემიძლია, არ დავეხმარო. ვაცნობიერებ, რომ ამას ბევრი არ იმსახურებს, მაგრამ მაინც დასახმარებლად გავრბივარ.

- ვამაყობ...

- რომ ვარ მამაჩემის შვილი. მყავს ყველაზე კარგი მეგობრები, ვამაყობ, რომ შემიძლია, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც გავაკეთო. ვამაყობ, რომ ვარ ადამიანი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- მერიდება, თუმცა მიხარია. სუფრასთან ჩემს სადღეგრძელოსაც რომ ამბობენ, იმ წუთში სურვილი მიჩნდება, იქაურობას დროებით გავეცალო.

- როდესაც გაქებენ, როგორც პიროვნებას ან როგორც პოეტს, სიხარულის და მორიდების განცდა რა დროს უფრო დიდია?

- გააჩნია ვინ და რა კუთხით ლაპარაკობს. როცა შენ წერ ლექსებს და ის ხდება საჯარო, ყველაზე დიდი ბედნიერებაა იმ ლექსის აღიარება, რომელიც შენმა სულმა ადამიანებამდე მიიტანა.

- ბოლოს ვიტირე...

- წარსულისა და იმ ადამიანების გახსენებაზე, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით აღარ არიან, თუმცა ამას ნაკლებად ვიმჩნევ.

- მეშინია...

- წლების ცვლის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ახლობლები იმის გამო, რომ ყველაფრის დათმობა შემიძლია.

mshoblebi-1738520512.jpg

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- არ ვიცი, ვერ გავბედე თუ არ გამომივიდა, სიამოვნებით ვითამაშებდი კარგ როლს ისტორიულ ან დრამატულ ფილმში­, ეგებ რომელიმე რეჟისორმა გაიგოს (იცინის).

- ვუფრთხილდები...

- ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ვინც ღირსი არ არის, ჩემს ცხოვრებაში არ უნდა შემოვუშვა.

- ვიტყუები, როცა...

- ადამიანის კეთილდღეობას ეხება. ექიმი ვარ, არ მესმის, როცა ამბობენ, ადამიანს სიმსივნე თუ აქვს, ეს მას პირდაპირ უნდა უთხრაო. ჩემი აზრით, არ შეიძლება თქმა, შენ თუ არ იცნობ მის ფსიქოტიპს. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეგიძლია ადამიანი მოკლა და მოარჩინო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ფული ძალაუფლებაა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მილიარდერი იყო და იმის გამო, რომ ქველმოქმედებაში ბევრი დახარჯა, მილიონერი გახდა, "ჰარი პოტერის" ავტორია. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი და ყველაზე მეტ თანხას ნიჭიერ ახალგაზრდებში ჩავდებდი. ახლობლებს ვასიამოვნებდი, ბევრს ვიმოგზაურებდი.

- მენატრება...

- ბავშვობა. 11 თვის უკვე გამართულად­ ვლაპარაკობდი. როცა ვიტყოდი "წყალი მინდა", დედა წამოდგებოდა ხოლმე და მე ვეუბნებოდი, შენ არა, დედევანამ (მამას გედევანი ერქვა) მომიტანოს. აი, იმ "დედევანას" დაძახება მენატრება.

- ბედისწერა...

- დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანი რომ იბადება, იღბალი დაჰყვება. ტიტანიკზე ამბობენ, იქ ყველა ჯანმრთელი და მდიდარი იყოო... ადამიანმა მხოლოდ იღბალი უნდა ინატროს.

mama-1738520513.jpg

- რა შეგიძლიათ თქვათ თქვენს ბედისწერაზე?

- უფლის ნების გარეშე ერთი თმის ღერიც კი არ ჩამომვარდნია.

- დღე, რომელსაც ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან...

- ასეთი დღე კი არა, დღეები მაქვს, მაგრამ რატომ უნდა გაიგოს ქვეყანამ?

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- მარტო დარჩენა მიყვარს, თუნდაც იმიტომ რომ ჩემი ახლობლები არ დავძაბო. მარტოობა არ მიყვარს, მაგრამ განმარტოება ხშირად საჭიროა. ვიცი, ვისაც ვუყვარვარ, ისინი ძალიან ინერვიულებენ და ვისი სიყვარულიც ჩემდამი მოჩვენებითია, გაიხარებენ.

- თქვენ ბევრ ადამიანს უყვარხართ.

- უამრავი შეტყობინება და სიყვარულის ახსნა მომდის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მადლობა თითოეულ მათგანს, ამისთვის ღირდა დაბადება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ერთხელ მამამ მითხრა, შენ არასწორად იცხოვრეო. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მივუტრიალდი და ვკითხე, - რატომ? - შენს თავზე ცოტა მეტი უნდა გეფიქრაო. მაშინ 45 წლამდე ვიქნებოდი.

- დაბოლოს...

- მიიღეთ ჩემგან უდიდესი სიყვარული ყველამ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. ცოტათი მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, არ დაიტოვოთ დრო სხვისი ცუდისთვის, ეცადეთ, იყოთ ბედნიერები და გახსოვდეთ, სხვა იმას ვერასდროს გაგიკეთებთ, რაც თავად უნდა გააკეთოთ თქვენი თავისთვის!

თამუნა კვინიკაძე