ფრანგული კვალი საქართველოში
ევროპა, საქართველო და ბრძოლა ევროპისათვის. ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას მსხვერპლის გაღება უხდებოდა. სანაცვლოდ რას ვიღებდით ევროპისგან? განვითარებას: როდესაც ევროპასთან ვიყავით, სწორედ მაშინ ვძლიერდებოდით, წყვეტის მომენტში კი ვეცემოდით, მათ შორის, კულტურაშიც. საფრანგეთის დიპლომატიას საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდა და წარმომადგენლებს სპეციალურად გზავნიდა. ჯერ კიდევ XVII საუკუნის მოგზაურით, ჟან შარდენით დაწყებული, ფრანგებს რამდენიმე ქართული რუკაც კი აქვთ შედგენილი. მეცნიერებათა დოქტორი, ფრანგოლოგი რუსუდან თურნავა ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებზე გვესაუბრება.
- ქალბატონო რუსუდან, საქართველოში ევროპის ქვეყნებს თავიანთი ინტერესები ყოველთვის ჰქონდათ. თუმცა სიახლოვით და ფრანგულ-ქართული ვოიაჟებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი განსაკუთრებული სიმპათია საფრანგეთის მხარეს იყო. რა იყო მიზეზი?
- რთულია თქმა. თუმცა ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ მჭიდრო ქართულ-ფრანგული სიახლოვის საფუძველი ქართველებისა და ფრანგების საერთო თვისებები იყო, მაგალითად, ხელოვნების სიყვარული ან გამომსახველობის უნარი, ჩვენც თეატრალიზებული ხალხი ვართ და ფრანგებიც. იმდროინდელი ქართული თეატრები ფრანგული თეატრების მომნუსხველ გავლენას განიცდიდა, საფრანგეთის სცენაზე დადგმული სპექტაკლები ქართულ სცენაზე გადმოჰქონდათ. ფრანგებს ძალიან მოსწონდათ ქართული ოპერაც. მაგალითად, ალექსანდრე დიუმას ჯერ გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ თბილისში ოპერის თეატრი ყოფილა, მაგრამ მერე აღიარა, თბილისის ოპერა ზღაპრულ სასახლეს მაგონებს, სადაც ფერიები არიანო. თუნდაც საქართველოს ლტოლვილი მთავრობა გავიხსენოთ, სხვა ქვეყნებშიც შეეძლოთ წასვლა, მაგრამ საფრანგეთში წავიდნენ. ცხადია, საქართველოთი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროპის სხვა დიდი ქვეყნებიც, ინგლისიც და გერმანიაც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ფრანგებთან ქართველებს განსხვავებული სიახლოვე ჰქონდათ. ეს არა მარტო ჩვენი არისტოკრატიის პარიზულ ვოიაჟებში ვლინდებოდა, არამედ ლიტერატურულ სიახლოვეშიც, პარიზში ქართველ სტუდენტთა უზარმაზარ ნაკადში. წარმოიდგინეთ, სოფლებიდანაც ისევე მიდიოდა მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახების ახალგაზრდობა პარიზში სასწავლებლად, როგორც, ვთქვათ, დღეს თბილისში მოდიან. ახლახან აღმოვაჩინეთ ქართველი ახალგაზრდა ქალების ფრანგულად დაწერილი წერილები, რომლებიც პარიზში ფრანგებს ისე სწერდნენ, რომ შეცდომასაც ვერ უპოვი. მოდაზეც წერენ, პარიზის სტილზეც. გარდა იმისა, რომ თბილისში ფრანგი მკერავები კერავდნენ, პარიზიდან სამოსის გამოწერა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგალითად, თბილისში იყო მდიდარი ვაჭარი, მენთეშოვი. მისი წერილებიდან ჩანს, რომ ცოლს პარიზიდან კორსეტი გამოუწერა, ცოლმა კი კორსეტს იმხელა პოპულარიზაცია გაუკეთა, მენთეშოვმა პარიზში ნაცნობებთან წერილი აფრინა, კიდევ 100 ცალი მაინც უნდა გამომიგზავნოთო. თბილისში ფრანგებზე არანაკლებად რომ მისდევდნენ მოდას, დიუმამაც დაწერა: ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებიანო.
- სად იყო ფრანგული კოლონია?
- ეს იყო მოდასა და სასტუმროებში დასაქმებული 160 კაცი, რომლებიც, სავარაუდოდ, ძველ თბილისში, დაახლოებით კოტე აფხაზისა და დიუმას ქუჩის მიდამოებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. იქვე იყო პირველი ფრანგული სასტუმროც. პირველი თავისუფალი ვაჭრობა, ასე ვთქვათ, პირველი ოფშორული ზონა საქართველოში, XVIII საუკუნეში თბილისში საფრანგეთის კონსულმა ჟაკ ფრანსუა გამბამ შექმნა. ის ევროპელებს, განსაკუთრებით ფრანგებს ეხმარებოდა საქართველოში ფულის დაბანდებაში. სხვათა შორის, ქუთაისში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, სად არის დაკრძალული, უცნობია. წიგნიც კი დაწერა საქართველოზე. პირადად მე ჩვენი ქვეყნისთვის უდიდეს კეთილისმყოფლად დამოუკიდებელ საქართველოში საფრანგეთის კონსული აბელ შევალიე მიმაჩნია. კაცი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა საქართველოს მთელი მთავრობა თუ არა, ნაწილი მაინც, მაშინ როდესაც გემით ევროპისკენ მიცურავდნენ. როდესაც სოხუმთან ახლოს ბოლშევიკებმა ჩვენს გემს ცეცხლი გაუხსნეს, სწორედ შევალიემ სთხოვა საფრანგეთის ხელისუფლებას, ჩვენთვის შავ ზღვაზე მყოფი ფრანგული ხომალდი მოეშველებინა. ხომალდის ეკიპაჟმა საქართველოს მთავრობის დაცვა და საფრანგეთში მშვიდობიანი ჩაყვანა იკისრა. სწორედ შევალიეს ეკუთვნის ის წერილი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა: "საქართველო ერთი სახელმწიფოთაგანია, რომელსაცა აქვს შესაძლებლობა, თვითვე განაგოს თავისი ბედი. საქართველოს აგრესიული მიზნისთვის გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის ინტერესებს, ასევე ახლო აღმოსავლეთის ინტერესებს. ჩემი მისია არის ზავისა და არა ომის, კეთილგანზრახვების და არა ძალდატანებისა. ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა დამოუკიდებლად. იგი ღირსია ყველა სუვერენული უფლებისა, რომელიც კი აქვს რომელიმე ერს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ეროვნულ თავისუფლებისა და დემოკრატიული გრძნობისა. ვიტყვი დასასრულ, რომ შეუძლებელია მისი დროშა ძირს დაეშვას!"
სხვა ფრანგებზე რას იტყვით, რომლებიც საქართველოში იყვნენ მოვლინებული?
- სია ვრცელი არ არის.. თუმცა დღეს უკვე შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ XVII საუკუნეში საქართველოში ჟან შარდენი, სავარაუდოდ, მხოლოდ სამოგზაუროდ არ ყოფილა. როდესაც მას ქართლის მეფე ვახტანგ V -ს შეხვდა, მეფემ სთხოვა, რომ ახლო აღმოსავლეთით სავაჭროდ მიმავალ ევროპელ ვაჭრებს საქართველოში გაევლოთ. ეს კი დიდ შემოსავალს ნიშნავდა.
- საოცარი ისტორიებია ფრანგული კვალით, ფრანგული გუვერნანტებითა და სალომე ზურაბიშვილით, რომელიც ასევე საფრანგეთში დაიბადა.
- ქართველები ფრანგ გუვერნანტებს აღმზრდელებად უფრო ხშირად იწვევდნენ, ვიდრე გერმანელ ძიძებს. ამის მიზეზი ფრანგის მსუბუქი და მოსიყვარულე ხასიათია, რომელიც ბავშვის აღზრდისათვის მაცოცხლებელია. ამასთან, ფრანგები განათლებულებიც იყვნენ. სხვათა შორის, თბილისში პირველი გიმნაზიის ტიპის სასწავლებლები სწორედ ფრანგებმა გახსნეს, სადაც მდიდარი სპარსელების შვილებიც სწავლობდნენ, ბავშვები საგანგებოდ ირანიდან ჩამოჰყავდათ.
ფრანგული კვალი საქართველოში კვლავ გვკარნახობს, რომ ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, არც ჩვენ ვართ მარტივი ქვეყანა, რაც ევროპას კარნახობს, რომ ყურადღება ჩვენკენაც ჰქონდეს მომართული. ვნახოთ, რა გამოვა. იმედით უნდა ვიყოთ.