„ძვირფას მონეტებს მხოლოდ კოლექციონერები ყიდულობენ და თანაც იაფად“ - კვირის პალიტრა

„ძვირფას მონეტებს მხოლოდ კოლექციონერები ყიდულობენ და თანაც იაფად“

ხმარებიდან გამოსული კუპიურები და მონეტები დიდად ფასობს, ისინი ხომ საკოლექციო მნიშვნელობას იძენენ და ისტორიას ადასტურებენ. თუკი ხმარებიდან ამოღებული მონეტა ოქროს ან თუნდაც ვერცხლის არის, ყოველმხრივ შეგიძლია მოიხმარო. მართალია, ძვირფასი მონეტების ბაზარზე გამოჩენა შავი არქეოლოგიის დამსახურებაა და კანონით ისჯება, მაგრამ შავი არქეოლოგები კვლავ მუშაობენ, რის შედეგსაც მშრალ ხიდზე და საჯაროდ ნაკლებად მოჰკრავთ თვალს.

ნუმიზმატი ირაკლი ბერაია გვიამბობს, რატომ ინახავენ ადამიანები ხმარებიდან გამოსულ კუპიურებს და მონეტებს.

sheu-copy-1738521610.jpg

- ბატონო ირაკლი, ვადაგასული კუპიურები ბევრ ოჯახში მინახავს და რომ მიკითხავს, რად გინდათო, ბევრს პასუხი ვერ გაუცია, მხოლოდ უთქვამს, იყოს, რას მიშლისო! რატომ უნდა შეინახო ვადაგასული კუპიურა?

- თუ ძვირფას ლითონებზე არ არის საუბარი, რომლებიც შეიძლება ყველა დროში გამოიყენო, ვადაგასულ კუპიურებს ან მონეტებს საკოლექციოდ ყიდულობენ, დრო მათ ფასს უმატებს, მაგრამ მხოლოდ ეს პასუხი ვერ იქნება სრულყოფილი - საქმე ის არის, ფულის შენახვა სხვა თემებთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის იმასთანაც, რომ ფული მისტიკური მოცემულობაა, მასთან დაკავშირებულია სურვილების ასრულება, რის გამოც ვადაგასულ კუპიურებს ზოგი თილისმასავითაც ინახავს. როდესაც ნორმალურ სახელმწიფოში ინფლაციის პატარა მომენტიც კი დგება, სახელმწიფო უშვებს ფასიან ქაღალდებს, რომელთაც მოსახლეობა ყიდულობს როგორც სახელმწიფოსაგან სესხს და რომელიც სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს დათქმულ ვადაში. თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირამდე ჩვენთანაც მოქმედებდა მსგავსი სისტემა. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი ბებიის უძველეს სკივრში შესაძლოა ობლიგაციებიც ამოქექოთ, რაშიც ასაკის გამო კოლექციონერები არცთუ ურიგო ფასს იხდიან.

იმ კუპიურებსა და მონეტებში, რომლებსაც ბევრ ოჯახში ნახავთ, მხოლოდ კოლექციონერები იხდიან ფულს. მართალია, გაცილებით ცოტას, ვიდრე ფულის ნიშანი ასაკითა და იშვიათობით იმსახურებს, მაგრამ ხანდახან ეგ ფასიც ურიგო არ გამოდის. გააჩნია, რა ასაკის მონეტა და კუპიურაა. მართალია, ჩვენში უფრო საბჭოთა კუპიურებია შემორჩენილი ბელადების თავებით, თუმცა არსებობს კიდევ უფრო ძველი საკოლექციო მონეტებიც. მაგალითად, 1824-1831 წლებში მოქმედი ვერცხლის ქართული მონეტის საკოლექციო ფასი ამჟამად 500 ლარია. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენ არა გვყავს მდიდარი კოლექციონერები. თუმცა მშრალ ხიდზე შეიძლება მონეტა უცხოელმა გაცილებით მაღალ ფასში იყიდოს.

1898-mepe-nikolozis-rubli-4000-lari-1738521610.jpg

- ბელადისთავიანი მონეტები რა ღირს?

- მაგალითად, 1970 წელს გამოშვებულ ლენინისთავიან მონეტაში 50 ლარი გადაიხადეს. მონეტა დროის შემდეგ იმით აღარ ფასდება, რომელ სახელმწიფოს ემსახურებოდა. ის ფასდება წლებითა და ისტორიით, რომელშიც მან იარსება და მისი არსებობა შეწყდა. მაგალითად, მარია კალასის სახელობითი ამერიკული მონეტა, რომელიც გაცილებით ახალგაზრდაა, კოლექციონერებში 70 ლარად იყიდება, 1992 წელს გამოცემული ესპანეთის მონარქიის მონეტები - 300 ლარად.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტებიც იყიდება კოლექციებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ასაკი არა აქვთ. 2023 წელს გამოშვებული ერეკლე მეფის ვერცხლის მონეტა გამოშვებისთანავე 3.000 ლარად გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება 700 ლარი იყო, იმიტომ, რომ სულ 1500 ცალი მოიჭრა და როდესაც მარაგი ამოიწურა, მყიდველმა მაშინვე შეიძინა.

maria-kalasi-80-lari-1738521610.jpg

- ბოლო დროს კოლექციებისთვის რომელი მონეტა გაიყიდა ყველაზე ძვირად?

- 1898 წელს გამოშვებული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მონეტა. წესით, მეტადაც უნდა გაყიდულიყო, მაგრამ მეტი არ გადაიხადეს. ისიც უცხოელმა წაიღო.