ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო

ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღესაც 70-80 წელია. რა თქმა უნდა, დედამიწაზე გამონაკლისებიც იბადებიან, მაგრამ მათი რიცხვი არც ისე დიდია. გინესის რეკორდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში ყველაზე დიდხანს ფრანგმა ქალმა ჟანა კალმეტმა იცოცხლა, რომელიც 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორი ფსიქოტიპები ცოცხლობენ სხვებზე უფრო დიდხანს? - ამ საკითხზე ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს ვესაუბრეთ:

- საკმაოდ რთული თემაა, ამიტომ ერთ კვლევას მოვიშველიებ, რომელიც იაპონელებმა ჩაატარეს: ისინი 100 წელზე მეტი ხნის ადამიანების ფსიქოლოგიითა და მათი ცხოვრების წესით დაინტერესდნენ. ყველაფერი გამოიკვლიეს იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს: კლიმატური პირობები, საცხოვრებელი გარემო და სხვა ფაქტორები... მათ სურდათ ენახათ,­ არის თუ არა რაღაც საერთო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს შორის. ტიბეტშიც იყვნენ და აფხაზეთშიც ჩამოვიდნენ, რომელიც მაშინ საქართველოს იურისდიქციაში იყო. იაპონელ მეცნიერებს იმ დროს შევხვდი, როცა მათი კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და შედეგებით დავინტერესდი,­ ვკითხე, რაღაც საერთო აღმოაჩინეთ-მეთქი? მითხრეს, რომ საინტერესო რამ შენიშნეს: ყველა ხანდაზმული ადამიანის რაციონში ბუნებრივი საკვები შედიოდა, მათ შორის მაწონი ან იოგურტი. მე არ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება მთავარი ფაქტორია, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის საერთო სწორედ ეს იყო. ამ კვლევის დროს დაადგინეს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რაც მათ აერთიანებდათ: ისინი პატივსაცემი ადამიანები იყვნენ და ფუნქციები შენარჩუნებული ჰქონდათ. მთაში ოდითგანვე იყო უხუცესთა საბჭო. მათ ყველა ჭკუას ეკითხებოდა, ხანდაზმულს "ჩამოწერილად" არავინ მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, იმ საზოგადოებაში ან მიკროსოციალურ გარემოში, სადაც ხანდაზმულებს პატივს სცემენ, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ. მე, როგორც ფსიქოლოგს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია.

- ამას თქვენი გამოცდილების საფუძველზეც ამბობთ?

- რასაკვირველია. ჩემთან კონსულტაციისთვის მოსულან 70 წელს გადაცილებული შეყვარებულები, რომლებიც 25 წლის ახალგაზრდებისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ - იმდენად პოზიტიურები და ბედნიერები იყვნენ, რომ მეც კი გამკვირვებია. ადამიანი როცა გაიფიქრებს, რომ დაბერდა, რომ არავის სჭირდება, ეს დეპრესიის მიზეზი ხდება და მის ჯანმრთელობაზეც აისახება. თქვენ შეიძლება ნახოთ 20-25 წლის მოხუცი და 70 წლის ახალგაზრდა. როგორ? - ეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რაც მათ აზროვნებაზეც აისახება და გარეგნობაზეც. დადგენილია, რომ უფუნქციო ადამიანი უფრო სწრაფად იწყებს დაბერებას, რადგან სოციალური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, როცა ხანდაზმულ ადამიანს პენსიაში უშვებენ, თუ რაღაც ფუნქცია არ გამოუჩნდება, თავს ძალიან ცუდად გრძნობს. უფუნქციოდ ყოფნას განსაკუთრებით მამაკაცები განიცდიან და ამით აიხსნება განსაკუთრებული სიყვარული ბაბუებსა და შვილიშვილებს შორის: შვილები უკვე დიდები არიან და მშობლების დახმარება აღარ სჭირდებათ, ამ დროს უეცრად ჩნდება შვილიშვილი,­ რომელზეც ბაბუა ან ბებია იწყებს ზრუნვას და მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ყალიბდება. ეს მათი სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. შესაბამისად, ადამიანისთვის სოციალური ფუნქცია უმნიშვნელოვანესია - თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას პატივს არ სცემენ, რომ მარტოა და მიტოვებულია, მისი სასიცოცხლო ენერგიაც ნაკლებია.

- როგორ მოქმედებს ხანდაზმულზე სტრესული გარემო?

- სტრესულ გარემოში მუდმივად ყოფნა ნებისმიერ ადამიანზე ცუდად მოქმედებს. დადგენილია, რომ ინფარქტის საშიშროება ყველაზე მაღალი 40-დან 50 წლის ასაკშია. თუ ადამიანს მუდმივ სტრესში უწევს­ ცხოვრება, 100 წლამდე კი არა, გაცილებით ადრე დაასრულებს სიცოცხლეს. რატომ ხდება, რომ ზოგჯერ 50-55 წლის ქალი თავის ასაკზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება? - მე ამას ბანალური მიზეზით ავხსნიდი - დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორ უვლის თავს. თავის მოვლაში მარტო მაკიაჟს ან ლამაზ ჩაცმულობას არ ვგულისხმობ: ადამიანს, რომელმაც იცის დასვენების, დროის ფასი, უფრო დიდი შანსი აქვს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ერთხანს მოდური იყო ასეთი რამ: ადამიანი ფარული სიამაყით გეტყოდა, შვებულებაში 5-6 წელია არ ვყოფილვარო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაგარი ხარ, შვებულება იმისთვის არსებობს, რომ დავისვენოთ. ჩვენი ცხოვრების რიტმი ისედაც აჩქარებულია და დასვენება აუცილებელია არა მხოლოდ მთელი წლის, არამედ დღის განმავლობაშიც.

- ჩვენს ფსიქიკაზე ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობაც ხომ ცუდად აისახება?

- ცხადია, უარყოფითი ემოციების სიჭარბე ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს, ბედნიერებას, კმაყოფილებას, დადებით ემოციებს კი დადებითი ზეგავლენა აქვს. აღარაფერს ვიტყვი ისეთ ბანალურ საკითხებზე, როგორიცაა ვარჯიში ან ზედმეტი კილოგრამების მოცილება... საერთოდ, სიტყვა "ზედმეტს" რასაც დავაყოლებთ, ყველაფერი ცუდია. ზედმეტი სიგამხდრეც არ არის კარგი, ისევე როგორც ზედმეტი წონა. ხშირად ამბობენ, რომ ბოღმა და სიძულვილი ადამიანს ადრე აბერებს და ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები: წამით წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კორპუსში ათი კაცი ცხოვრობს­ და ვერც ერთ მათგანს ვერ იტანთ, დილით ყველას რომ დაინახავთ, რა ხასიათზე დადგებით? თუ ათივე მეზობელი მოგწონთ და გიყვართ, პირიქით, ყოველდღე კარგ ხასიათზე ხართ, მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი გძულთ, თქვენთვის უარესია. ამის საპირისპიროდ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვართ, თქვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. შესაბამისად, ჭკვიან ადამიანს ბევრი ადამიანი უყვარს და არავინ სძულს, შედეგად, თავს ძალიან კარგად გრძნობს.

- როგორ უნდა მოვექცეთ ასაკოვან ახლობელს ან ოჯახის წევრს, რომელიც დეპრესიაშია და მომავლის იმედი დაკარგული აქვს?

- ზემოთ მოგახსენეთ, რომ სიტყვა "ზედმეტი" ყველაფერს აფუჭებს, ასევეა ზედმეტი მზრუნველობაც. როდესაც ადამიანი ასაკშია, რაღაც უნდა მოვიგონოთ და მას ფუნქცია მივანიჭოთ, თუნდაც არ გვინდოდეს, რომ ძალიან დავიტვირთოთ. ცხოვრების ჯანსაღი წესით, სწორი კვებითა და ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვით შევ­ძლებთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას. რაც მთავარია, ეცადეთ, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ და სტრესისგან დაიცვათ.

ყველაზე ხანდაზმულები

გინესის რეკორდების წიგნში ყოველწლიურად შეჰყავთ ყველაზე ხანდაზმული ადამიანები. 2024 წელს მსოფლიოს უხუცეს ადამიანად ხუან ვისენტე პერესი აღიარეს, რომელიც 114 წლისა გარდაიცვალა. შემდგომ მსოფლიოს უხუცეს მამაკაცად დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 112 წლის ჯონ ალფრედ თინისვუდი დაასახელეს, რომელიც მოხუცთა სახლში გარდაიცვალა. დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდხანს ფრანგმა ქალმა, ჟანა კალმეტმა იცოცხლა. რაც შეეხება საქართველოს, 2012 წელს გარდაიცვალა ანტისა ხვიჩავა - ქალი, რომელზეც ახლობლები ამბობდნენ, რომ 132 წლისა იყო, მაგრამ მისი ასაკი კამათის საგანი გახდა - მას დაბადების მოწმობა დაკარგული ჰქონდა. ამჟამად ვინ არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი საქართველოში? - ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე