უსინათლო, რომელიც სამყაროს „სათუთად და სიფრიფანად“ ხედავს - კვირის პალიტრა

უსინათლო, რომელიც სამყაროს „სათუთად და სიფრიფანად“ ხედავს

ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე საზღვრისპირა სოფელში, დაბადებიდან უსინათლოა, არსოდეს უნახავს მზე, ცა, დედა და ასევე უსინათლო ძმა... არ სწყინს, როცა ბრმას ეძახიან. თუმცა, გარემოსთან მხედევლი ადამიანივით არის ადაპტირებული და სოციალურ ქსელებშიც თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნებისმიერ დროს უპასუხებს მესიჯებს, კითხულობს პოსტებს, წერს კომენტარებს, სოცქსელში უძღვება ლიტერატურულ გვერდს. მართალია, ამაში თანამედროვე ტექნოლოგიები ეხმარება, მაგრამ დამერწმუნებით, რომ ყველას არ შეუძლია, ასე უყვარდეს სიცოცხლე და იბრძოდეს, რომ იყოს საზოგადოების სრულყოფილი წევრი, როგორც ზვიად ხუბულურს.­ ის `კვირის პალიტრასთან~ ამბობს, რომ უკვე ასაკიანი დედა ერთადერთი მხედველი ადამიანია ოჯახში, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული. ზვიადი 47 წლისაა, გორის რაიონში, სოფელ ახალუბანში ცხოვრობს. დაამთავრა თბილისის უსინათლოთა სკოლა-პანსიონი.

-„მაშინ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება, თუმცა კი ძალიან მინდოდა. ამჟამად ვცხოვრობ სოფელში და შეძლებისდაგვარად ვეხმარები ოჯახს. მყავს ძმა, რომელიც შშმ პირია და დედა. მამა გარდაიცვალა.

დაბადებიდან შშმ პირი ვარ. უფრო სწორად, ოთხთვე-ნახევრის ვყოფილვარ, რომ გამიღვიძია და აკვანზე გაბმული სათამაშOოებისთვის თვალი არ გამიყოლებია. აქედან მიმხვდარან, რომ მხედველობა დავკარგე. ჩემი ძმაც შშმ პირია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის ვერც ხელავს­ და ვერც საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ჯანმრთელები არიან, ორივე შვილი შშმ პირი ვართ. მე მხედველობა მაქვს ნული პროცენტი, ფერებსაც ვერ ვხედავ.

სამყაროს შეხებითა და სმენით აღვიქვამ, თუმცა სმენის პრობლემაც მაქვს, სავარაუდოდ, გრიპისგან დამაკლდა ორივე ყურში.

dedastan-ertad-1738522216.jpg

სოცქსელში მესიჯებსა თუ პოსტებს სინთეზატორი მიხმოვანებს, რომელიც დაინსტალირებული მაქვს ტელეფონსა და კომპიუტერზე და რაც მონიტორზე გამოდის, ხმით გადმოსცემს. წერის დროს კი კლავიატურაზე შრიფტს ჩემით ვკრეფ - ღილაკების განლაგება ვიცი. წიგნები ბრაილის შრიფტით ნაკლებად გამოდის, სამწუხაროდ, ხარჯებთანაა დაკავშირებული და თანდათან პოპულარობასაც კარგავს, რაზეც გული მტკივა. სამაგიეროდ, მაქვს საკმაოდ მდიდარი ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და რაც ახალგაზრდობაში, 90-იანებში ვერ წავიკითხე, ახლა ვკითხულობ.

2019 წელს, მე და ქალბატონმა ირმა სარაულმა დავაფუძნეთ ლიტერატურული­ ჯგუფი `ნიჭიერთა სამყარო~, სადაც ვდებ ქართულ და უცხოურ ნაწარმოებებს.­ ჯგუფში თავის ნაწარმოებებს ასევე დებენ მოქმედი მწერლები. ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა ჯგუფი, სადაც წიგნებს დავდებდი და წაიკითხავდნენ. მე პირადად არ ვწერ, თუმცა სულ ვკითხულობ... რთული 90-იანები რომ არა, ალბათ ფილოლოგიურზეც ვისწავლიდი. დღემდე ვამაყობ, რომ ჩემი შერჩეული ავტორები­ პოპულარულები არიან ინტერნეტში. დღემდე მყავს­ აქტიური მკითხველები.

უსინათლოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლად გადაადგილებაა და ამაში ახლობლები მეხმარებიან. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ოჯახი არ მყავს. ვარიანტები კი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ან მე არ ვიყავი მისი შესაფერისი, ან ის - ჩემი. ერთი ქალბატონი ინტერნეტში გავიცანი. ვუვყარდი. მეც შემიყვარდა, შევხვდით კიდეც, მარა მალევე დამშორდა და მძიმედ გადავიტანე...

ჩემი ძმა 55 წლისაა, დაბადებიდან ვერ ხედავს და ვერც ლაპარაკობს. ყველას უკვირს, ჯანმრთელი მშობლების ორივე შვილს თითქმის ერთნაირი პრობლემები რომ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა, წინაპრებიდან იყო ვინმე უსინათლო. ჩემი ძმა მწოლიარეა, ძალიან ცოტა ხნIით შეიძლება წამოჯდეს. შეუყვარდა წოლა. ჭამს და არის თავისთვის, აგრესიული არ არის, მარტოც ვტოვებთ ხოლმე, ასე ყოფნა უყვარს. სმენა კი აქვს, შეგრძნებებიც, გონებრივად აბსოლუტურად სრულფასოვანია. დედა 81 წლისაა, ძალიან ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა. ამბობს, მთელი ცხოვრება არ გამიხარიაო. ამას როცა ამბობს, მაგრად განვიცდი ხოლმე. მაქვს სოციალური შემწეობა და დედას - პატარა მაღაზია, სადაც მეც ვმუშაობ და ოჯახს ვარჩენთ.

ფულს როგორ ვცნობ? ადრე ტელეფონზე მქონდა პროგრამა, ფულს აჩვენებდი კამერას და გეუბნებოდა, რა კუპიურა იყო. გაფუჭდა ეგ პროგრამა. რომ ვიცი, ლარიანი მაქვს, მეორე მონეტას დავატოლებ და ოდნავ დიდი თუა, ე.ი. ორლარიანია და ასე... ქაღალდის კუპიურები კი ცალ-ცალკე მაქვს დახარისხებული და ვიცი, რომელი სად მიდევს.

p.s. ზვიადს ვკითხე, შენი წარმოდგენით ლამაზი როგორია-მეთქი? - რაღაცნაირი, სათუთი და სიფრიფანაო. ჩვენ, ხილული ადამიანები ვერასოდეს გავიგებთ, როგორ აღიქვამენ უსინათლოები გარემოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღქმა მათ უფრო გამძაფრებული აქვთ და შესაძლოა, უფრო ფერადადაც კი ხედავენ, ვიდრე ჩვენ.

მარიამ როინიშვილი