რა მოხდება თუკი აფხაზეთში „ოპოზიცია“ გაიმარჯვებს
ოკუპირებულ აფხაზეთში რაც უფრო ახლოვდება ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - 15 თებერვალი, ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ბოლო ერთ კვირაში რამდენიმე ამბავი ერთმანეთს წაეწყო, ერთ-ერთი უკავშირდება უხუცესთა საბჭოს წევრის, აპოლონ შინკუბას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის "პრეზიდენტობის კანდიდატ" ადგურ არძინბასთან შეხვედრის დროს. შინკუბამ აფხაზურად ილაპარაკა და იარაღი ახსენა. როგორც დე ფაქტო სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერმა პარტია "ამცახარამ" განაცხადა, შინკუბა "წინა ხელისუფლების" კანდიდატის, ბადრა გუნბას გამარჯვების შემთხვევაში "გადამალული იარაღის გამოტანით" დაიმუქრა. "ამცახარამ" შინკუბას დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ადგურ არძინბას კი მისი მხარდამჭერის "უპასუხისმგებლო გამოსვლის" დაგმობისკენ მოუწოდა. ამასთან, უხუცესთა საბჭოსგან მოითხოვა შინკუბას გარიცხვა და "უხუცესის საპატიო სტატუსის ჩამორთმევა". გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ადგურ არძინბამ დაფინანსება გამოუყო 170 შეიარაღებულ პირთა ჯგუფს, რომლის ამოცანა იქნება ცესკოს შენობის შტურმი, თუკი არძინბა დამარცხდება და ბადრა გუნბა გაიმარჯვებს.
საპასუხო განცხადებებით გამოვიდნენ ადგურ არძინბას მხარდამჭერებიც. ითქვა, რომ გუნბას შტაბში აფხაზური ენის უცოდინარები არიან, რადგან ვეტერანს იარაღით ანგარიშსწორებაზე არაფერი უთქვამს, "ამცახარამ" კი პროვოკაციული თარგმანი გაავრცელა. ოპოზიციის განმარტებების მიუხედავად, ამ სკანდალს დე ფაქტო გენერალური პროკურორი უმალვე გამოეხმაურა და შინკუბას გამონათქვამზე გამოძიება დაიწყო.
ვეტერან აპოლონ შინკუბას ეს სკანდალური გამოსვლა განაპირობა რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულმა რუსულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა. აფხაზეთში სატელეფონო გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულმა ცენტრმა (ВЦИОМ) ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, ე.წ. მმართველი პარტიის კანდიდატ გუნბას 32% უჭერს მხარს, "აფხაზეთის სახალხო მოძრაობისა" და ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას 15%. პასუხის გაცემა გაუჭირდა 34%-ს. დაიწყო განხილვები, რომ ეს არის გარედან ჩარევით "არჩევნებზე" ზემოქმედების ცდა. გამოკითხვას უკანონო უწოდა დე ფაქტო ცესკომაც, რომელმაც "აფხაზეთის მოქალაქეებს" მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში, რადგან რუსული კვლევა ცესკოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. კიდევ ერთი ამბავი, რაც რუსეთის მიერ ბადრა გუნბას გუნდის მხარდასაჭერად გაკეთდა და დიდი უკმაყოფილებაც მოჰყვა, კან კვარჩიასა და ლევან მიქაასთვის რუსეთის მოქალაქეობის შეჩერებაზე ცნობა იყო. ეს ორი ოპოზიციონერი ნოემბერ-დეკემბერში ადგურ არძინბასთან ერთად ედგნენ სათავეში ასლან ბჟანიას გადასაყენებელ გადატრიალებას. ლევან მიქაა ბიზნესმენია, ახალგაზრდული საპროტესტო ორგანიზაცია "ხარა პიცუნდას" დამფუძნებელი, ასევე ყოფილი "დეპუტატი" და ე.წ. აფხაზეთის გმირი. მას დე ფაქტო ხელისუფლების გუნდი ანტირუსად და პროთურქ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. კან კვარჩია კი მოქმედი "დეპუტატია", ისიც ანტირუს პოლიტიკოსად მიიჩნევა. მის გამო მოხდა სისხლიანი გარჩევა "პარლამენტში", რა დროსაც ერთი "დეპუტატი" მოკლეს, კვარჩია კი დაჭრეს.
ამ სკანდალების დროს მედიაში გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობა, სადაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერია, მათ საქმეში არევაზე წუხს. ბგანბამ პუტინს თხოვნით მიმართა, დაიცვას "რესპუბლიკა" რუსული მედიის თავდასხმებისგან. მისი თქმით, რუსული მედია აქტიურად ერევა საარჩევნო პროცესში და პრეზიდენტობის კანდიდატებს ყოფს "პრორუსებად" და "ანტირუსებად" და სთხოვს პუტინს დაეხმაროს, რომ "არ დაზარალდეს აფხაზეთისა და რუსეთის ხანგრძლივი მეგობრული კავშირი".
"აფხაზებმაც რომ დაიწყონ ლაპარაკი, რუსეთი ოკუპანტიაო, არა მგონია, რუსეთს ეს აწყობდეს"
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთმა აშკარად ბადრა გუნბაზე დადო ფსონი. კრემლს დასაკარგი ბევრი აქვს, ფული უკვე გადახდილია აპარტამენტების მშენებლობისთვის, დე ფაქტო პარლამენტის "დეპუტატების" ნაწილს, ვისაც ხმა უნდა მიეცა, ასევე დე ფაქტო მთავრობის წევრებს შეღავათიანი კრედიტები სხვადასხვა ფორმით მისცეს... დიდძალი ფულია დახარჯული იმისთვის, რომ ბჟანიას გუნდს აპარტამენტების საკითხი დაეკანონებინა. არ გამოვიდა, პირიქით, ბჟანიას ეს ძვირად დაუჯდა, ხალხმა ის ჩამოაგდო. ახლა რუსეთს სჭირდება გუმბას მაქსიმალურად "ლეგიტიმური" გამარჯვება. ამიტომაა, რომ მთელი დესანტი გადმოსხეს აფხაზეთში და საკმაოდ უხეში ფორმებით ატარებენ სოციოლოგიურ კვლევას. რუსეთს კვლევები იმისთვის სჭირდება, რომ დაფიქსირდეს დიდი განსხვავება გუნბასა და არძინბას შორის და დამაჯერებელი იყოს არგუმენტები, თითქოს აფხაზების დიდი ნაწილი არ ეწინააღმდეგება აპარტამენტების მშენებლობას, მეტიც, მომხრეა. ამით გუნბას მეტი შანსი მიეცემა თამამად შეასრულოს კრემლის ნაკარნახევი, ხოლო თუ არძინბა გაიმარჯვებს, მაშინ არძინბა იტყვის, ხომ ხედავთ, არ გავიდა აპარტამენტების საკითხი, ჩვენ არა ვართ რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგნი, მაგრამ ეს ოლიგარქები უნდა მოგვაცილოთ, რადგან ხალხს არ მოსწონს და ამიტომ არ მისცა გუნბას ხმაო.
აქამდე რუსეთს აფხაზეთში მსგავსი კვლევები ასეთი აგრესიული, უტიფარი ფორმით არ ჩაუტარებია. ამითაც ჩანს, რომ გაყალბებისთვის ემზადებიან, რომ "არჩევნებზე" დაწერილი გაყალბებული შედეგები დაემთხვეს კვლევისას და თქვან, რომ კვლევაც აჩვენებდა ამ განწყობებს. თუმცა, აფხაზი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც მიუღებელია აპარტამენტების საკითხი. ამიტომ, ალბათ, მეორე ტური იქნება და გუნბასა და არძინბას შანსები გათანაბრდება.
ის, რომ რუსეთი ძალიან უხეშად მოქმედებს აფხაზი ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ, ამაზე მეტყველებს კვარჩიასა და მიქაასთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც, თუმცა ეს კონტრშედეგის მომტანი იქნება, ასეთი შანტაჟით რუსეთი ვერაფერს მოიგებს. განსხვავებით კან კვარჩიასგან, მიქაას აფხაზეთში დიდი ავტორიტეტი აქვს, ბიზნესმენია, მეღვინე, მეცენატი, მან შექმნა აფხაზური ენის კომპიუტერული პროგრამა. ამიტომ ამან შეიძლება რუსეთის წინააღმდეგაც იმუშაოს, როცა ასეთ პატივცემულ ადამიანს, პატრიოტს, რომელიც სულ აფხაზეთზე ლაპარაკობს (თუ დააკვირდებით, ხშირად მხოლოდ აფხაზურად საუბრობს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს), ურტყამს რუსეთი. ეს ძალიან სერიოზული შეტყობინებაა დანარჩენებისთვის - რად გვინდა რუსეთი, თუკი ისეთ პატრიოტ ადამიანს, როგორიც მიქააა, ასე უსწორდებაო. ამით ხმებს ნამდვილად ვერ მიიღებენ რუსეთი და გუნბას გუნდი. აფხაზეთში არის ხალხი, რომელსაც ძალიან პრინციპული დამოკიდებულება აქვს ამის მიმართ. ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელმა ამ კვლევების შემდეგ თქვა, იარაღი გამოვიყენოთო. ეს ბევრისთვის მიუღებელია, მათივე ბანაკშიც კი, მაგრამ ასეთი ხალხი არის და, როგორც წესი, ასეთი ხალხი საშიშია მთავრობისთვის. სამივე შემთხვევა, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტები გააგდეს, ასეთი პრინციპული პირების წყალობით მოხდა. შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ შეუძლიათ შეიჭრან, ჩაამტვრიონ ფანჯრები, კარები შეამტვრიონ და გამოყარონ "პრეზიდენტები".
- ბადრა გუნბას გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია სიტუაცია დაიძაბოს?
- აფხაზები ერთმანეთს არ ესვრიან. მადლობა ღმერთს, ეს მცირერიცხოვანი ხალხის უპირატესობაა. სამივე შემთხვევაში, როდესაც "პრეზიდენტები" ჩამოყარეს, არც ერთხელ იარაღი არ გამოუყენებიათ. გამოიყენეს ქვები, მუშტები და იყო შევარდნები. თუ გუნბა გაიმარჯვებს და გაყალბების მტკიცებულებები არ იქნება, დაძაბულობას არ ველოდები. მისი გამარჯვება კი არ იქნება წითელი ხაზი, არამედ მერე რა პოლიტიკას გაატარებს. თუ გუნბა აპარტამენტების საკითხს ისევ წამოაყენებს, მაშინ შეიძლება მოხდეს ის, რასაც ამბობთ, მაგრამ არა იარაღის გამოყენებით, არამედ დაუმორჩილებლობით, პროტესტით, მიტინგებით და კრიტიკულ სიტუაციაში შევარდნებითა და ისევ ჩამოგდებითაც კი.
- ადგურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში რა ელით აფხაზებს? შესაძლებელია რუსეთმა ბლოკადა მოუწყოს, რაც დეკემბრის დამდეგს მცირე ხნით იყო კიდეც?
- ბლოკადა ზაფხულში აღარ გაამართლებს. როგორც ამბობენ, და მგონი, სიმართლესთან ახლოსაა, კრემლში შეიცვალა აფხაზების კურატორი. ადრე იყო კოზაკი, რომელმაც არ გაამართლა და ახლა აფხაზეთის მიმართულება ჩააბარეს სერგეი კირიენკოს, რომელიც გავლენიანი ფიგურაა პუტინის კარზე. ის აფხაზეთშია დაბადებული და არ არის მომხრე ხელების ამოგრეხით ელაპარაკონ ამ ხალხს. ეს არის შეტყობინება, რომ რუსები უშვებენ არძინბას გამარჯვებას და შესაბამისად, ემზადებიან არძინბასთან დიპლომატიური პოლიტიკის გატარებისთვის, არა ისეთი ხისტის, როგორიც იყო დღემდე. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, რუსული პოლიტიკა უფრო მოქნილი და დამთმობი გახდება. მგონი, რუსეთს მოუწევს აპარტამენტების საკითხის 1-2 წლით გადავადება. რუსებს შეცდომები მოსდით, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს კბილებით თუ იარაღით მაინც ასხამენ ხორცს. რუსეთისთვის აფხაზეთი სტრატეგიული ტერიტორიაა შავ ზღვაზე გავლენისა და ნატოს წინააღმდეგ გამოყენებისთვის, შემდეგ არის ოლიგარქების ინტერესები და აპარტამენტების საკითხი. ამიტომ შესაძლოა კირიენკომ დააჯეროს პუტინი, რომ არ არის ახლა ოლიგარქების დრო, უნდა გადავადდეს, მთავარია, შავ ზღვაზე შევინარჩუნოთ გეოპოლიტიკური გავლენა, აგერ თურქეთი როგორ გვაწვებაო... ამ ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში აფხაზეთში პირველად გამოაშკარავდა საჯაროდ ანტითურქული განწყობა და ეს შემთხვევითი არ არის. თურქეთმა გააძევა რუსეთი კავკასიიდან, ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და ცოტა ხნის წინ რუსები სირიიდანაც გააძევა. რუსეთი გამწარებულია და პირდაპირ გადავიდა თურქებთან შეტევაზე ისეთ უმნიშვნელო ტერიტორიაზეც, როგორიც აფხაზეთია. თურქეთს არაფერში სჭირდება აფხაზეთი ცალკე. აფხაზეთთან ურთიერთობა, რასაკვრიველია, მისთვის საინტერესოა, მაგრამ თურქეთს არ უნდა არც რუსეთთან და არც საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. თუკი რომელიმე ეს ქვეყანა წინააღმდეგი იქნება აფხაზებთან თურქეთის ურთიერთობის, ის არ წავა ამ ნაბიჯზე. მიუხედავად ამისა, აღვირახსნილი ანტითურქული კამპანია დაიწყო აფხაზეთშიც კი და აშკარად ჩანს, რომ ეს რუსეთის ბრძოლაა.
- ახსენეთ, რომ კირიენკო ხისტ დამოკიდებულებას დიპლომატიურით შეცვლის. აფხაზები სულ რაღაც 120 ათასი კაცია და რატომ ვერ ახერხებს რუსეთი ამ მცირე ხალხის დამორჩილებას თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით, ისე, რომ რუსულ დირექტივებზე ამხელა სკანდალი და გადატრიალება არ მოაწყონ?
- უკრაინის ფრონტიდან გამომდინარე, რუსეთს არ სცალია ყველგან მიედ-მოედოს, მით უმეტეს, კავკასიაში პრობლემები აქვს - სომხეთშიც, საქართველოშიც არა აქვს გარკვეული, რა და როგორი ფორმით დასრულდება კრიზისი. ამ ფონზე აფხაზეთიც რომ დაემატოს პრობლემად, აფხაზებმაც დაიწყონ ლაპარაკი, რომ რუსეთი ოკუპანტია, არა მგონია, კრემლს ეს აწყობდეს. აფხაზები დღემდე გაიძახიან, ჩვენი მამა-მარჩენალი და მფარველი რუსეთიაო. აფხაზეთი არ არის ე.წ. სამხრეთ ოსეთივით სადღაც მთებში გამოკეტილი, სადაც არავის არაფერი აინტერესებს, ტურისტებიც კი არ ჩადიან. აფხაზეთი უნიკალურ, სტრატეგიულ და ეკონომიკურად მომგებიან ადგილზეა. თუ იქ ისეთი დაძაბულობა დაიწყო, რომ რუსი ტურისტებიც არ ჩავიდნენ და ვერ აითვისეს რუსული ფული, რუსეთს არ მიება აფხაზეთის ტერიტორია, რაც გამორიცხული არ არის, რუსეთი დაკარგავს საყრდენს აფხაზეთში. რუსებს აფხაზეთში ჯარის შეყვანა არ სჭირდებათ, ყაზარმებში ჰყავთ, მაგრამ მისი გამოყვანა სახალხო მღელვარებას გამოიწვევს. აფხაზები მზად არიან იბრძოლონ. რამდენ დღეს გაძლებენ და რას მიაღწევენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ წინააღმდეგობას გაუწევენ. ამით რუსეთის რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყევა და სჭირდება ახლა კრემლს ეს, როცა შეუძლია კირიენკოს პოლიტიკით ეცადოს დაბალანსებას?! თუ დიპლომატია არ გამოუვიდა, შეიძლება თქვენი ვერსია არ გამოირიცხოს. ჯერ აქამდე საქმე არ მისულა.
ეკატერინე ბასილაია