ვინ იბატონებს სირიაში?! - კვირის პალიტრა

ვინ იბატონებს სირიაში?!

"დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ­ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს. წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან", - ეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაანონსებული ამოცანებია, თუმცა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორ და რა შედეგებით შეძლებს მისი ადმინისტრაცია კონფლიქტების დასრულებას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ისრაელმა შესაძლოა ტრამპის წახალისებითა და მხარდაჭერით ირანსაც დაარტყას (კერძოდ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე გაილაშქროს) და გამომდინარე აქედან, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის მომსწრენიც გავხდეთ. ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში პრობლემების კასკადია, ისრაელ-პალესტინის პრობლემა, ირანის ბირთვული პროგრამა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ერაყში არსებული ძალზე რთული სიტუაცია... დიდი გამოწვევების წინაშე დგას არა მარტო ახლო აღმოსავლეთი, ახლა მთელი ყურადღება მიპყრობილია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისკენ. არავინ იცის, როგორ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ და ამ კონტექსტში, რა პროცესებს უნდა ველოდოთ საქართველოში.

ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილთან ინტერვიუ სირიაზე საუბრით დავიწყეთ.

- ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ვინ აკონტროლებს სირიას? ცნობილია, რომ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს აკონტროლებს.

- სირიაში დასრულდა ასადის სის­ხლიანი რეჟიმის ეპოპეა, რომელიც ათწლე­ულების განმავლობაში გრძელდებოდა - მამა-შვილი ასადები 50 წელიწადზე მეტხანს ბრუტალური საშუალებებით მართავდნენ ქვეყანას, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია­ და რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი კაცი შეეწირა, 2 მილიონი დაიჭრა და დასახიჩრდა, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა ლტოლვილად წასულიყო, სირიაში ეკონომიკა, ფაქტობრივად, განადგურებულია. კონფლიქტი დასრულებული არ არის, იმიტომ, რომ არის ქურთების საკითხიც, რომლებიც ქვეყნის მესამედს აკონტროლებენ, და რომელთაც მხარს უჭერს ოფიციალური ვაშინგტონი (როგორც ფინანსურად, ისე შეიარაღებით). ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ხელისუფლება ახლა სირიის­ ჩრდილო-აღმოსავლეთს აკონტროლებს. ახლა არის დროებითი ხელისუფლება, რასაც, წესით, უნდა მოჰყვეს არჩევნები, ანუ ლეგიტიმაციის მიღება, მაგრამ ესეც ძნელია, იმიტომ, რომ ქვეყანა დანგ­რეულია, მოსახლეობა გაქცეული, საერთაშორისო აღიარება არა აქვთ.

- რას აპირებს თურქეთი სირიის ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე>. როგორც ამბობენ, ერდოღანი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება...

- ქურთულ შენაერთებს, რომლებიც სირიაში ოპერირებენ, თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის გაგრძელებად მიიჩნევს, შტატებსა და დასავლეთის ქვეყნებს­ კი ეს შენაერთები მოკავშირედ მიაჩნდა, მას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა (ისლამურ სახელმწიფოს ჰაერიდან თუ დასავლეთის თვითმფრინავები ბომბავდნენ, ხმელეთზე მას ქურთთა ნაწილები ებრძოდნენ). როგორ განვითარდება მოვლენები, ეს დიდწილად ახალ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, როგორ პოლიტიკას გაატარებს ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის სირიის საკითხში.

- ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმო­სავლეთში ქაოსს შეაჩერებს და თავიდან აიცილებს მესამე მსოფლიო ომს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ისრაელმა ირანს დაარტყას სწორედ ტრამპის მხარდაჭერითა და წახალისებით, ვიდრე ირანი ბირთვულ ქვეყნად ჩამოყალიბდება.

- ცნობილია, ტრამპს წინა პრეზიდენტობის დროს როგორი ხისტი დამოკიდებულება ჰქონდა ირანთან, სანქციები გაამკაცრა, ლიკვიდირებულ იქნა ცნობილი ირანელი სამხედრო ლიდერი, გენერალი ყასიმ სოლეიმანი. მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის პოზიცია ახლაც მკაცრი იქნება. ბირთვული ობიექტების გასანეიტრალებლად სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს თუ არა, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ან ვერა ვაშინგტონი­ ირანი დათმობაზე დაიყოლიოს. შეიძლება შესთავაზოს, რომ მან უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, სამაგიეროდ, მოუხსნის სანქციებს. თუ თანხმობა­ არ იქნა მიღებული, შეიძლება ისრაელთან ერთად შეუტიოს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სახმელეთო ოპერაციას, ირანი ძალზე დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყანაა და სამხედრო ოპერაციის ჩატარება იოლი არ არის.

- ტრამპმა თქვა, რომ პუტინსა­ და ზელენსკის­ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს­. უკრაინას თავისი პირობები აქვს და მისი ნების გარეშე ეს კონფლიქტი არ და ვერ დასრულდება. როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას ტრამპის ადმინისტრაცია?

- ვაშინგტონის გეგმით, ცეცხლი უნდა შეწყდეს არსებული მდგომარეობით,­ და მოხდეს მხარეების დაშორიშორება, შუაში­ ჩადგეს ევროპული ნაწილები, რითაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა ანუ უკრაინის სახელმწიფოებრიობა გადარჩება. რუსეთის გეგმაში, როდესა­ც ის ომს იწყებდა, ნამდვილად არ ყოფილა­ მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქე­ბის ოკუპაცია. მას მთლიანად უკრაინის დაპყრობა სურდა. ეს ვერ შეძლო და ახლა "სამშვიდობო გეგმის" საფარქვეშ­ ცდილობს ცეცხლის დროებით შეწყვეტას­, როგორც არა­ერთხელ უქნია, მერე ძალა მოიკრიბოს და ხელახალი შეტევისთვის მოემზადოს. ამიტომ არ სჭირდება ევროპული სამხედრო­ ნაწილების შუაში ჩადგომა, რომელიც მისთვის­ ხელის შემშლელი ფაქტორი­ იქნება. ეს იქნება იმის გარანტია, რომ რუსეთი­ უკრაინას ვერასდროს დაიპყრობს. ამას არ ეთანხმება რუსეთი, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, დაეთანხმოს ტრამპის სამშვიდობო წინადადებას. მან შეიძლება დაიწყოს ვითომ მოლაპარაკება იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს სანქციები და უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება.

- საქართველოზე რას იტყვით, აშშ დათმობს თავის ინტერესებს რეგიონში?

- საქართველოს ე.წ. ხელისუფლება­ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ჩამოაშოროს დასავლური განვითარების გზას, ცივილიზებულ სამყაროს და დააბ­რუნოს იქ, სადაც 200 წლის განმავლობაში­ ვიყავით. ამას აკეთებს ძალზე გეგმაზომიერად, რასაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი. დასავლეთი ხედავს ჩვენს შემართებას და მხარს გვიჭერს, რაც გამოიხატება­ კონკრეტულ პირთა ჯგუფის სანქცირებით.­ დასანქცირება ახალი დაწყებულია და, დიდი ალბათობით, უფრო გაფართოვდება,­ ეს კი ნიშნავს, რომ ყველას, ვინც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგია და ცდილობს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს, პრობლემები შეექმნებათ საერთაშორისო არენაზე. უპირველესად ეს შეეხება მათ, ვინც თავს ასაღებენ საქართველოს მმართველებად. ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ბევრ მიმართულებაზე აქვს საბოლოო პოზიცია ჩამოსაყალიბებელი, მათ შორის საქართველოს საკითხზეც. ვაშინგტონის ინტერესები­ რეგიონში თანხვედრაშია ქართველი ხალხის ინტერესებთან, რაც გულისხმობს, რომ საქართველო აღარ უნდა გახდეს რუსეთის ნაწილი.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ "საქართველომ შესაძლოა 3++3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს". კრემლს რამ გაუჩინა ამის იმედი? როგორც წერენ, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს, რომ კავკასიის ქვეყნებმა, განსაკუთრებით საქართველომ, უარი თქვას ამ ფორმატზე.

- მოსკოვს იმედი გაუჩინა "ოცნების" ქმედებებმა, რომელიც გულისხმობს დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციას. 3+3 ფორმატს, ალბათ, მოჰყვება დსთ, ევრაზიული კავშირი და საბოლოოდ შეიძლება რუსეთის ფედერაციის ნაწილადაც გვაქციონ. 3+3 ფორმატი ნიშნავს იმას, რომ საქართველო მთლიანად ჩამოეკიდება რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება გრძელვადიანი რეგიონული­ თანამშრომლობა და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ოკუპანტ ქვეყანასთან?­ ქვეყა­ნასთან, რომელიც­ არ აღიარებს ჩვენს ტერი­ტორი­ულ მთლიანობას, რომ ცხინვალი და სოხუმი საქარ­თველოს ნაწილია და ასეთ ქვეყანა­სთან რაღაც სტრატეგიებზე უნდა ვისაუბროთ? ოკუპანტს უნდა ესაუბ­რო ერთადერთ საკითხზე - დეოკუ­პაციაზე, სხვა საკითხები მხოლოდ შემდგომ შეიძლება განვიხილოთ. ამის გარეშე საუბარი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ნიშნავს, რომ პირდაპირ თუ ირიბად აღიარებ ოკუპაციას და არ აღიარებ საკუთარი ქვეყნის მთლიანობას.

საქართველოში ისევ 1921 წელია, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 25 თებერვალი არ დამდგარა, არის ის ხალხი, რომელიც ყოველდღიურად აპროტესტებს ხელისუფლების ქმედებებს. რა დღესაც შეწყდება­ წინააღმდეგობა, პირდაპირი გაგებით­, იმ დღეს დადგება 25 თებერვალი­. არავინ გაახარებს მათ, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეა, უკვე ჩართეს რეპრესიული მანქანა და ყველას სათითაოდ გაუსწორდებიან - ახლა თუ რეპრესიები ათობით­ ჩვენს მოქალაქეს ეხება, მერე ათასობით პირს შეეხება. 1921 წელსაც ბევრს არ ეგონა, რომ 37 წელი დადგებოდა, მაგრამ დადგა.