ოსმალეთის ხელდასმით შექმნილი „ქართული ლეგიონი“ - ბრძოლა რუსეთის, შემდეგ კი ოსმალეთის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ოსმალეთის ხელდასმით შექმნილი „ქართული ლეგიონი“ - ბრძოლა რუსეთის, შემდეგ კი ოსმალეთის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ ქართველმა ახალგაზრდა ისტორიკოსმა მიშა ლაბაძემ გაარკვია, რომ მისი წინაპრები, ბაბუის ბიძები, პირველ მსოფლიო ომში "ქართული ლეგიონის" რიგებში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ქართველებისგან დაკომპლექტებული ლეგიონი, რომელიც ჯერ რუსების, შემდეგ კი ოსმალების წინააღმდეგ იბრძოდა, თავად ოსმალეთის სულთნის დაფინანსებით შეიქმნა. "ქართული ლეგიონის" გმირული ბრძოლების, უცნობი და ნახევრად ცნობილი ამბების შესახებ გმირი ლეგიონერების შთამომავალი მიშა ლაბაძე გვიყვება:

- პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველმა მამულიშვილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი შექმნეს. ამ კომიტეტის გაანგარიშებით, როდესაც რუსეთი დამარცხდებოდა, საქართველოში მონარქია უნდა აღმდგარიყო, მაგრამ ბაგრატიონების ნაცვლად გერმანიის სამეფო ტახტის წარმომადგენლები, ჰოენცოლერნები უნდა გამეფებულიყვნენ. საქართველოს მეფედ პრინცი იოაჰიმი მოიაზრებოდა. ეს იყო ქართველი მამულიშვილების ძალიან დეტალურად და კარგად დამუშავებული ჩანაფიქრი.

- კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ქართველი მამულიშვილები?

- ისინი იყვნენ "დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრები ანუ ის ქართველები, რომლებიც რუსეთის 1905-1907 წლების რევოლუციის შემდგომ საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ოსმალები გერმანელების სასარგებლოდ ჩაერთვნენ ომში, ქართველები ოსმალეთში გადავიდნენ, რათა საქართველოს საზღვართან ახლოს ყოფილიყვნენ. მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა და გაიხსნა კიდეც 1915 წელს. ერთ-ერთი მამულიშვილი, ლეო კერესელიძე, ოსმალეთში სულთანთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, რათა ოსმალეთის არმიის შემადგენლობაში შექმნილიყო "ქართული ლეგიონი", რომელიც დაკომპლექტდებოდა ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისა და ოსმალეთში მცხოვრები ქართველებისგან. სულთანი დათანხმდა და ამ საქმისთვის გამოყო ფული, აღჭურვილობა, შეიარაღება და დროშა - შავ-წითელი ალამი. ლეგიონერებს ჰქონდათ საკუთარი ორდენები, მათ შორის იყო თამარ მეფის რამდენიმე ხარისხის ორდენი. სხვათა შორის, მათ შორის იყვნენ ტაოელები, განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ლაზები. ლეგიონერებს შორის იყვნენ ვანო და სერგო ლაბაძეები, ბაბუაჩემის ბიძები - ერთი მეტყვიამფრქვევე იყო, მეორე - რადისტი. პირველი საბრძოლო ნათლობა 1915 წელს მოხდა, მაგრამ ბედის უკუღმართობის გამო დამარცხდნენ. მარცხი ქართველების ბრალი არ იყო. ოსმალებმა უკან დახევის ბრძანება გასცეს და ჩაითვალა, რომ "ქართული ლეგიონი" რუსებთან ბრძოლაში დამარცხდა.

ლეგიონი რამდენიმე ასეულ კაცს ითვლიდა. ზუსტი ცნობები იმიტომ არა გვაქვს, საბჭოთა კავშირმა ძალიან ბევრ სხვა ისტორიულ მოვლენასთან ერთად ეს ამბავიც მიჩქმალა. სამაგიეროდ, გვაქვს ცნობები, რომლებიც ლაზისტანს ეხება. სწორედ მათზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული ჯარის დანაყოფები ტრაპიზონამდე მივიდნენ. დაკავებული ტერიტორიების ანუ ლაზეთის გუბერნატორად დაინიშნა ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. მამულიშვილებმა აჯანყება გადაიფიქრეს და რუსი სამხედროების წინააღმდეგ პარტიზანული მოქმედებები დაიწყეს. ლეგიონის მებრძოლები მოსახლეობაში კეთილგანწყობით სარგებლობდნენ და მათ ანსანერებს ეძახდნენ. "აქსიონ" ფრანგული სიტყვაა და ქმედებას ნიშნავს, "აქსიონერ" კი მოქმედს. ლაზებმა სიტყვა "აქსიონ" გაიგეს როგორც "ანსიონ" და ლეგიონერებსაც ანსანერები დაარქვეს. 1916-1917 წლებში რუსეთმა ტრაპიზონი ოსმალებს დაუბრუნა და კავკასიის ფრონტიდან გავიდა. "ქართულმა ლეგიონმა" კი ოსმალეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მამულიშვილები შეეცადნენ ოსმალეთის სულთანსა და ქემალ-ფაშას დაპირისპირება გამოეყენებინათ და ლაზეთი (ტერიტორია დღევანდელი ხოფიდან ქემერამდე) საქართველოს შემადგენლობაში დაებრუნებინათ. ეს იყო 1918 წელს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ვითარება ისე დალაგდა, რომ კავკასია და მათ შორის საქართველო ბრიტანეთის მანდატის ქვეშ აღმოჩნდა. ბრიტანეთმა დაიკავა ბათუმის ოლქი, რომელიც მაშინ დღევანდელი თურქეთის ნაწილსაც მოიცავდა. შესაბამისად, "ქართული ლეგიონი" საქართველოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა - ერთ მხარეს საქართველო იყო, მეორე მხარეს - ლეგიონერები, შუაში კი ინგლისელები. ამას გარდა, მესხეთ-ჯავახეთისა და ახლანდელი თურქეთის ანუ არტაანის ტერიტორიაზე სერვერ-ბეგ ათაბაგმა დაიწყო გამოსვლები სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების შექმნის მიზნით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, იმიტომ, რომ იქაური ქართველი მოსახლეობა შეეწინააღმდეგა. სერვერ-ბეგ ათაბაგი 1919 წელს დამარცხდა, მაგრამ შეტაკებები მაინც გრძელდებოდა და "ქართული ლეგიონი" ლაზეთში ჩაიკეტა. 1920 წელს, როდესაც ბათუმი საქართველოს დაუბრუნდა, ლეგიონის პირადი შემადგენლობა უკვე გაფანტული იყო. 1918 წლის მარტში, როდესაც ოსმალების არმია ქიაზემ კარაბექირის ხელმძღვანელობით ლაზეთისკენ დაიძრა, მცირერიცხოვანი "ქართული ლეგიონის" მეთაურებმა ახალციხეში დაბანაკებულ სერვერ-ბეგ ათაბაგის წინააღმდეგ მებრძოლ მამულიშვილებთან შიკრიკი აფრინეს მაშველი ძალის სათხოვნელად. იმხანად საზღვაო გზა სახიფათო იყო, ამიტომ შიკრიკი მთა-მთა წავიდა. ის სერვერ-ბეგ ათაბაგის ხალხმა დაიჭირა და დახვრიტა. ლაზეთში მყოფ მამულიშვილებს მარტო მოუხდათ ოსმალურ არმიასთან დაპირისპირება და უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა, ნაწილი კი გაიფანტა და ფირალობა დაიწყო. მოსახლეობამ ისინი კეთილშობილ ყაჩაღებად მონათლა, ვინაიდან ლაზებს ოსმალების ჩაგვრისგან იცავდნენ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი დაიღუპა, ზოგი თურქეთში დასახლდა, ზოგიც საქართველოში დაბრუნდა. ბაბუაჩემის ერთ-ერთი ბიძა, ვანო ლაბაძე, დაბრუნდა და ბათუმის რკინიგზის სადგურის რადისტად მუშაობდა, სერგო ლაბაძე კი დაიკარგა. 90-იან წლებში მისი შთამომავალი დაგვიკავშირდა არქაბიდან. დღეს ისინი ფეიზოღლუს გვარით ცხოვრობენ. შთამომავლებს შევხვდით, თურქეთშიც ვესტუმრე, ისინიც ჩამოვიდნენ, თუმცა ხშირი ურთიერთობა ვერ ხერხდება.

img-5875-1738524371.jpg

- რამდენად აქვთ შენარჩუნებული ქართველობა?

- თურქეთ-საქართველოს საზღვარი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად კი არა, რუსეთად აღიქვამდნენ, რუსეთი კი, 1938 წლიდან მტერ სახელმწიფოთა სიაში იყო. შესაბამისად, როგორც ბევრი ქართველი, ვანო ლაბაძის შთამომავლებიც ასაიდუმლოებდნენ თავიანთ წარმოშობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ თურქეთში ეთნიკურ წარმოშობაზე არ კეთდება აქცენტი, მთავარია, თურქეთის მოქალაქე იყო. ამ მიდგომამ განაპირობა, რომ სხვა ერებთან ერთად ქართველებიც ინტეგრირდნენ თურქ მოსახლეობაში. ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ ქართველები არიან, წინაპრების ისტორიითაც ინტერესდებიან და საქართველოშიც ხშირად ჩამოდიან, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობა, 60-იანელები, თავს გურჯებად მიიჩნევენ. ამბობენ, ჩვენ გურჯები ვართ, თქვენ კი ქართველებიო. მათი აზრით, ქართველები ქრისტიანები არიან, გურჯები კი მუსლიმანები. ლაზები საკუთარ წარმოშობას საქართველოს არ უკავშირებენ, გურჯების ბიძაშვილებად მიიჩნევენ თავს. ასეთი გამოთქმაც კი არის: "ლაზი და გურჯი ბიძაშვილები".

"ქართულ ლეგიონს" დროშასთან ერთად ფორმაც ოსმალებისგან განსხვავებული ჰქონდათ. მათი სამხედრო ფორმა ჩაქურას (მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში) ელემენტების საფუძველზე იყო შექმნილი. ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია "ქართული ლეგიონის" ერთ-ერთი დანაყოფის ქართველი მებრძოლები და ოსმალურ ფორმაში ჩაცმული გენერალი, მოიპოვა და საკუთარ დისერტაციას დაურთო ლაშა ბაქრაძემ. ამ თემაზე საყურადღებო ნაშრომი აქვს ისტორიკოსს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს, რომელმაც ტრაპიზონის ისტორია გამოიკვლია. ამას გარდა, ლაზეთში მცხოვრები ლეგიონერების შთამომავლებისგანაც ვიღებთ ცნობებს, რომლებიც ხან დასტურდება, ხან არა.

- რაიმე ჩანაწერი თუ არის შემორჩენილი იმ ქართველების შესახებ, რომლებსაც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ სთავაზობდნენ "ქართული ლეგიონის" წევრობას?

- იმხანად საქართველოში პოპულარული იყო მოძრაობა ავტონომისტობა. როგორც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ სხვა არარუს ხალხს, უკრაინელებს, პოლონელებს ჩვენც მიგვაჩნდა, რომ რუსეთის შემადგენლობაში საქართველო ფართო ავტონომიით აღჭურვილი უნდა ყოფილიყო. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც მაშინ დუმის დეპუტატი იყო. როგორც ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, სწორედ ამის გამო დაესხნენ თავს მემარცხენეები. 1905 წელს გურიაში გამოცხადდა საქართველოს მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა. ე.ი. გურიამ გურიის დამოუკიდებლობა კი არ გამოაცხადა, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, არა, გურიაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ბახვში მოხდა. გურიის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო ბენია ჩხიკვიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა არათუ სხვადასხვა ქალაქში, თბილისის რამდენიმე უბანშიც კი გამოცხადდა. მაგალითად, შეიქმნა ნაძალადევის რესპუბლიკა. ეს, ძირითადად, მეფის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. ერთი სიტყვით, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი რესპუბლიკური წყობის გამტარებელი კომიტეტი ჩამოყალიბდა. მათ პირველ მსოფლიო ომში რუსეთის არმიის რიგების შევსებამ მოუწიათ, მაგრამ რადგან განსხვავებული მრწამსი და იდეოლოგია ჰქონდათ, გერმანელებთან თუ ოსმალებთან ტყვედ ჩავარდნისას დიდი სიამოვნებით თანხმდებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმას, ოღონდ დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ქვეშ. ეს მოცემულობა გამოიყენეს ლეო კერესელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა და ოსმალეთის სულთანს დააარსებინეს "ქართული ლეგიონი". საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ამ ლეგიონმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა.

ხათუნა ბახტურიძე