„სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...“ - რა მოხდება საქართველოში გაზაფხულზე?! - კვირის პალიტრა

„სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...“ - რა მოხდება საქართველოში გაზაფხულზე?!

26 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რაც დღეს ხდება - ა.წ. 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PAჩE) საქართველოსადმი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. მან ასევე იმსჯელა, შეეწყვიტა თუ არა უფლებამოსილება ქართული დელეგაციისთვის და მიუხედავად იმისა, ამას მხარი არ დაუჭირეს, უფლებამოსილებები შეუზღუდა, პირობები დაუწესა და გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს აპრილში მიუბრუნდებიან. ამ პირობების თანახმად, ასამბლეა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდა აპრილამდე გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი; დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. პასუხად, ქართული დელეგაციის სახელით იუსტიციისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას თავად შეწყვეტენ, ხოლო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა: "რასაც დღეს ვხედავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იქ მუშაობას არავითარი აზრი არა აქვს, ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივოა... ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია მძიმე მდგომარეობაშია, ეს ეხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს". 2 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან", გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, მოლთან უამრავი სამართალდამცავი იყო თავმოყრილი. მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც დააკავეს რამდენიმე კაცი, მათ შორის, პოლიტიკოსები. ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა, აქციის დაწყებამდე კი შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.

dzabiradzee.png

- თუ დავაკვირდებით პროტესტის დინამიკას და ხელისუფლების ქცევას, ცხადია, "ქართულ ოცნებას" დღეს საკუთარი ძალაუფლების ბურჯად ძალოვანები მიაჩნია და მოსალოდნელი იყო, რომ აქციაზე სწორედ ამ სტრუქტურების უამრავ წარმომადგენელს გაიყვანდნენ.

სწორედ მათი ხელით სცადეს პროტესტანტების დაშინება თავიდანვე, თუმცა არ გამოუვიდათ. ამის მერე დაიწყეს კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ინტერესებზე მორგება, გაზარდეს ჯარიმები, ახლა გზების სტრატეგიულ ობიექტებად გამოცხადება გადაწყვიტეს, ოღონდ კი პროტესტი როგორმე შეაჩერონ. ხალხის ციხეში გაშვებას აპირებენ გზის გადაკეტვის გამო და მერე იტყვიან, კანონიერად ვმოქმედებდითო, მაგრამ არის კი ეს კანონები სამართლიანი? 1937 წლის რეპრესიებიც საბჭოთა კანონების შესაბამისი იყო, მაგრამ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ იმდენი ადამიანი კანონიერად გაანადგურეს? ამგვარი კანონები რეპრესიულია, არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს და მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის გასაძლიერებლად იღებენ. "ქართული ოცნება" უფრო უარესზეა წამსვლელი. არ არის გამორიცხული, უფრო ძალადობრივად იმოქმედონ პროტესტანტების წინააღმდეგ, რაც ამ აქციაზე მათი დაკავების დროსაც ვნახეთ. ის, რაც პაპუაშვილმა იკადრა, როდესაც ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომლის ვალდებულებაა ინფორმაციის გავრცელება, ლამის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში დაადანაშაულა, არის ნიშანი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაშიც მტერს ხედავს და მის შევიწროებასაც დაიწყებს, როგორც რუსეთში მოხდა. სამწუხაროდ, ურთულესი და საშიში 2-3 თვე გველის...

ყველა ის ნაბიჯი, რაც "ქართულმა ოცნებამ" განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გადადგა, არის იმ რიტორიკის სრული რეალიზება, რასაც ეს პარტია ბოლო ხანს, უფრო სწორად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამბობდა ჩვენს პარტნიორებზე. კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ვითომ 2028 წლამდე, თუმცა ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს მხოლოდ მორიგი ტყუილია. ის, რაც მოხდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ამ პოლიტიკას, უკეთეს შემთხვევაში, ჰქვია იზოლაციონისტური - ჩვენ იმ ქვეყნებს და სივრცეს ვემიჯნებით, რომლისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდით; უარეს შემთხვევაში კი, უფრო მკაფიოდ თუ ვიტყვით, ეს არის რუსულ სივრცეში დაბრუნება. სხვაგვარად ამის ახსნა ყოვლად შეუძლებელია. რას ითხოვდა ეს რეზოლუცია ასეთს, რამაც "ქართული ოცნება" ასე აღაშფოთა? იმასვე, რასაც ჩვენი პარტნიორები - გნებავთ, ევროპა და გნებავთ, ამერიკა, ჩვენგან ამ წლების განმავლობაში ითხოვდნენ: თანამედროვე, სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენებას. ამას ითხოვდნენ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ისინი ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამებით თუ სხვა ტიპის დახმარებით ცდილობდნენ შეგვექმნა თანამედროვე ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ძალაუფლების მარადიულად შენარჩუნებისა და ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი ხელისუფლებები. დღეს ეს უფრო მძიმე ფორმით ხდება. ავტორიტარიზმისთვის უცხოა ის, რასაც დემოკრატიული გარემო ჰქვია, სამაგიეროდ, მისაღებია რუსული, ჩინური თუ ირანული ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები. ამ სისტემის შექმნას ცდილობს "ქართული ოცნება". ამიტომაც პირდაპირ თქვეს უარი, რათა ვიღაცებს ილუზიები არ შეჰქმნოდათ, რომ 2 თვის თავზე მაინც რაღაცას შეიგნებდნენ და შეწყვიტეს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა. არ ვიცი, ნუთუ მაგათ მომხრეებში კიდევ ვინმეს სჯერა, რომ ესენი ევროპისკენ მიდიან?

- "ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოდან შეახსენეს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ვალდებულებაა და არა არჩევანი, თუმცა ხელისუფლება არათუ გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს, პირიქით, უფრო და უფრო ხისტ, ლამის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შესაძლოა გარიცხონ ევროსაბჭოსა თუ სხვა ევროპული სტრუქტურებიდან.

- სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" სწორედ ამისკენ მიჰყავს ყველაფერი. ეს კარგა ხანია დაიწყეს... ვინაიდან არჩევნების შემდეგ არ იყო მასშტაბური პროტესტი, გადაწყვიტეს, ბარემ ბოლომდე მიეყვანათ საქმე და მოვისმინეთ კიდეც 28 ნოემ­ბერს კობახიძის განცხადება. ის მასშტაბური პროტესტი, რაც ამას მოჰყვა, "ქართული ოცნებისთვის" მოულოდნელი იყო, თუმცა გადაწყვიტეს უფრო ხისტად ემოქმედათ და უკვე აშკარად დასდგომოდნენ ანტიდასავლურ კურსს. სცადეს პროტესტის ჩახშობა იმ მეთოდებით, რომელთაც აქამდე იყენებდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაინც იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში პროტესტი შესუსტდება, ხალხი დაიღლება. ამასობაში კანონებს. პირდაპირ საკუთარ თავს არგებენ... შეიძლება ითქვას, დღეს მათი პოლიტიკა უკვე გამჭვირვალეა, აღარ თამაშობენ, რომ "ევროპისკენ ღირსებით მიდიან", როგორც არჩევნებამდე გაიძახოდნენ. "ქართული ოცნება" ვა-ბანკზე მიდის, აცხადებს, რომ არ დაუშვებს ვადამდელ არჩევნებს. სასაცილოა, რომ საპარლამენტო მოწყობის მმართველობაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მთავრობას გადატრიალების ტოლფასად მიაჩნია, მაშინ როდესაც საპარლამენტო მმართველობა უფრო მოქნილია ასეთი კრიზისების დროს, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა.

1111-1738526756.jpg

დღეს უკვე ეჭვგარეშეა, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს ქვეყნის ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან დისტანცირებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის კიდევ უფრო ხისტ და ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდეს პროტესტანტებთან, თუ მოასწრო და შეძლო...

უახლოესი 2 თვე ძალიან რთული და მძიმე იქნება, თუმცა ბევრ რამეს გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, მმართველ ძალაზე დასავლეთის ზეწოლა გაძლიერდება. ფაქტია, ჯერ "ქართული ოცნება" ნამდვილად არ არის მზად კონსტრუქციული ურთიერთობისთვის.

ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თაობაზე. ორივე ქვეყნისადმი დამოკიდებულება განიხილება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ჭრილში. ჩვენზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ უკრაინის თემა უკვე დღის წესრიგში დგას. ტრამპის პასუხი რუსეთისთვის უკრაინის საკითხზე ბევრ რამეს გადაწყვეტს. როდესაც ვამბობ, ორი თვე კრიტიკული იქნება-მეთქი, ამასაც ვგულისხმობ. ეს ის პერიოდია, როდესაც ტრამპის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უნდა გამოიკვეთოს - წავა კომპრომისების გზით თუ იმოქმედებს ხისტად იმ მუქარების შესაბამისად, რაც უკვე მოვისმინეთ მისგან - ვგულისხმობ, ნავთობზე ფასების დაწევას. თავის დროზე, როდესაც რეიგანი მოვიდა პრეზიდენტად, მას ჰქონოდა სამი პრინციპი, მათ შორის ის, რომ საბჭოთა კავშირს დასვამდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ოპეკის ქვეყნებს აიძულებდა დაეწიათ ნავთობზე ფასები - მან ეს შეასრულა...

- როდესაც ჩვენი ინტერვიუ იწერება, 22 დღეა მას შემდეგ, რაც ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველას უკიდურესად გვაშფოთებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მას სოლიდარობა...

- მეც ვუერთდები თქვენს ნათქვამს და მას გამძლეობას ვუსურვებ. ის იქცა დღეს საპროტესტო მოძრაობის ორიენტირად. უკანონობის კასკადი, რომელსაც ეს ერთი ადამიანი ამხელს გამაოგნებელი სიმტკიცით, აღმაშფოთებელია, რეჟიმი კი ცდილობს აჩვენოს უკომპრომისობა. შესაძლოა სურთ კიდეც რაღაც დათმობაზე წასვლა, - გავიხსენოთ პაპუაშვილის თუ კობახიძის განცხადებები, ნაწილობრივ მაინც უნდა აღიაროს, რომ არასწორად მოიქცაო და ა.შ. - შესაძლოა ეძებენ კიდეც რაღაც კომპრომისს, მაგრამ ამის საშუალება არა აქვთ. გასაჭირში არიან, რადგან ავტორიტარულ მმართველობას არა აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი. ამაღლობელის გამოშვების კი არა, დათმობის ეშინიათ, იმის, რომ თუ ამას დაუშვებენ, მათ მომხრეებში დაიწყება რყევა. ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში არიან.

ალბათ, შეცდებიან საპროტესტო აქციების დასაწყისში როგორც ძალადობრივად იქცეოდნენ, ასევე გააგრძელონ, დარბევები განაახლონ, დაიწყონ "ნაციონალური მოძრაობის" ვითომ გასამართლება და ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელიწადს ამით გადაფარონ ეს პროტესტი.

ბარემ აქვე ვიტყვი - არ ვიცი, ამ იზოლაციონისტურ პოლიტიკას როგორ გაუძლებს ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. უცებ, უახლოეს 2-3 თვეში, არ ჩამოიშლება, ეკონომიკას ინერციულობა ახასიათებს, ჯერ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ტემპს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, თანდათან შენელდება და ერთ დღეს შესაძლოა მართლაც კუპონად იქცეს ლარი. ის არაბული 6 მილიარდი ძალზე არარეალურად მეჩვენება, რომც იყოს ამხელა ინვესტიცია, ეს უცებ ვერ მოხდება და თანაც ჩვენს პარტნიორებს დიდი გავლენა აქვს საამიროებზე. მოკლედ, პოლიტიკურ იზოლაციაზე მიზანმიმართულად წამსვლელ ხელისუფლებას დიდად არ უნდა ჰქონდეს ამ ინვესტიციების იმედი, მით უფრო, თუ დასავლეთის ქვეყნებმა პოლიტიკურს ეკონომიკური სანქციებიც მოაყოლეს. აი, მაშინ კი ხელისუფლება სრულად დაკარგავს გავლენას საჯარო სივრცეზე და, ფაქტობრივად, ვეღარ შეძლებს მართვას, მოიშლება მთელი სისტემა. ეს მძიმე იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. არადა, სწორედ იქით მიჰყავს პროცესი "ქართულ ოცნებას". არის კიდევ ერთი მძიმე საკითხი - ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, რომელიც დასავლეთშია სამუშაოდ წასული და იქიდან გამოგზავნილი ფულით ოჯახებს ინახავს, უმრავლესობა არალეგალია, მათი გამოსახლება თუ დაიწყო, მაშინ რა იქნება? აღარაფერს ვიტყვი ვიზალიბერალიზაციაზე, მისი ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია - თუ ამათ ასე გააგრძელეს, აუცილებლად შეგვიჩერებენ და ასე, ნელ-ნელა აღმოვჩნდებით კედლის მეორე მხარეს - პუტინის რეჟიმის გავლენაში. ეს დამღუპველი იქნება "ქართული ოცნების" ელიტისა და მათი მსახური ბიზნესისთვისაც. ამას როგორ ვერ ხვდებიან?! ჩემი აზრით, მშვენივრად ხვდებიან, მაგრამ ძალაუფლების დათმობა იმდენად არ სურთ, მზად არიან ქვეყნის და საკუთარი მომავალიც სასწორზე შეაგდონ. ამჟამად გარკვეულწილად პატური სიტუაციაა, ხელისუფლება ვერ ახერხებს პროტესტის აღკვეთას და ვერც პროტესტი ახერხებს, რომ აიძულოს ხელისუფლება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება, 2-3 თვეში უკვე გაირკვევა რაღაც და დაიწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

ნათია დოლიძე