„ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ აკავებენ აქციის მონაწილეებს?!“ - კვირის პალიტრა

„ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ აკავებენ აქციის მონაწილეებს?!“

2 თებერვალს თბილისის გასასვლე­ლთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლის"­ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა,­ სადაც მომიტინგეები გეგმავდნენ საავტომობილო­ გზის გადაკეტვას. ადგილზე უამრავი პოლიციელი იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც...

შსს-ს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, ამ ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა - თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოს რამაზ­ საყვარელიძეს ვესაუბრეთ:

- 2 თებერვალს აქციაზე დააკავეს აქტივისტები და პოლიტიკოსები... თქვენი შეფასებით, ამ ქმედებით რისი ჩვენება უნდა ხელისუფლებას და რატომ იქცევა ასე?

- არ ვიცი, რა გითხრათ. როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, მთავარი ის არის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას: ეს პოლიტიკური ბრძანებაა, თუ შემსრულებლების გადაცდენა, თორემ არც ერთი რომ არ არის სასურველი, ცხადია.

- ამ აქციამდე იყო აქტივისტების ჩხრეკისა და დაკავების ფაქტებიც. დაკავებულია კიდევ ერთი ჟურნალისტი. თუ ეს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის, მაშინ რატომ არ ისჯებიან პოლიციელები?

- ჟურნალისტობა ალიბი ხომ არ არის? ეს ერთი და მეორე, არ ვიცი, რატომ აკავებენ. თუ დავუშვებთ, რომ ეს პოლიტიკური ბრძანებაა, ისიც ხომ ფაქტია, ნებისმიერი სიმკაცრე ზრდის საპროტესტო აქციის მასშტაბს...

samadashvili-jafaridze-1-1738527264.jpg

- ხალხის გაბრაზება და პროტესტის მასშტაბების გაზრდა რაში აწყობს "ოცნებას"?

- დიახ, წესით, ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ბუნტი, ამიტომ შესაძლოა ეს შემსრულებლების პრობლემა უფროა, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება.

- ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და თუ შემსრულებლების პრობლემაა, რატომ იმეორებენ მუდმივად, რატომ არ აკავებენ ამ პოლიციელებს ან რატომ არ ათავისუფლებენ დაკავებულებს?

- ვიდრე კონფლიქტი არ არის დამთავრებული და ხელისუფლებას პოლიცია სჭირდება, იქამდე არც ერთი ხელისუფლება არ სჯის პოლიციას. როგორც წესი, მერე იწყება ხოლმე ის პროცესი, როდესაც დამნაშავე პოლიციელებს ავლენენ, ცხადია, თუ მოისურვეს დასჯა. რაც შეეხება დაკავებულების გათავისუფლებას,­ აქაც ზუსტად იგივე მოტივია... ხომ არ შეიძლება, ხელისუფლებას თავისივე სტრუქტურებისა და მით უმეტეს, პოლიციის დემონიზების სურვილი ჰქონდეს? არა, ხომ?! პოლიციელის დასჯაც და დაკავებულების არგამოშვებაც ზუსტად ამ მოტივებით აიხსნება. ამიტომ ძნელია მსჯელობა ისეთ პროცესებზე, რომლის დეტალები არ იცი. არც ერთ მხარეს არ ვამართლებ, მაგრამ ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ აკავებენ აქციის მონაწილეებს?!

აქ ორი მოტივია. ერთი ის, რომელსაც ხშირად ახსენებს ოპოზიცია, რომ დააშინონ ხალხი, მაგრამ სჭირდება კი ამ ხალხის დაშინება? ჩემი აზრით, არ სჭირდება, რადგან არ სჭირდება არც დიქტატურა და არც ტირანია, რადგან მოსახლეობის ხმების დიდი ნაწილი მაინც "ოცნებისაა". ამასთან, ასეთ დაკავებებს მოჰყვება დასავლეთიდან კრიტიკა და ეს კრიტიკა ხომ ისევ ოპოზიციას აწყობს?! ამიტომ გაუგებარია დაშინების ვერსია. დღეს ხელისუფლების ამოცანა არ უნდა იყოს კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. იქ, სადაც უმრავლესობა ხელისუფლების წინააღმდეგია, კი ბატონო, მაგრამ ცალსახად ასე არ არის. მეორე ვერსიაა ის, რომ ასეთი პროცესების დროს სისულელეებიც ბევრი ხდება...

- საზოგადოდ, როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება?

- 1990-იან წლებში თბილისში რომ სამოქალაქო ომი იყო, პარლამენტთან და ქალაქის სხვა ნაწილებში, ქვეყანა რომ ინგრეოდა,­ დაახლოებით იგივე სიტუაციაა,­ ოღონდ უფრო მკვეთრი განსხვავებით, რაღაც­ წერტილებში არის სიმწვავე, მაგრამ­ მთლიან მოსახლეობაში, ნაკლებად... ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მძაფრადაა ჩართული საპროტესტო აქციებში, არ არის ოპოზიცია, ოპოზიციის ფიგურები ნაკლებად ჩანან. ყური შეეჩვია ფრაზას, რომ ახალგაზ­რდებს არ უნდათ ოპოზიციის გაკარება, მაგრამ, მგონი, არც ოპოზიცია ცდილობს მათ რიგებში ჩადგომას. ვვარაუდობ, რაღაც სხვა თამაში მიდის. მგონი, ოპოზიცია მაინც თავის იმიჯს ინახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას­ იმ არეულობებზე, რაც ბევრს აღიზიანებს, ანუ სურს არ დაკარგოს იმათი ხმები, ვინც ამ პროცესით გაღიზიანებულია.

- ამ პროტესტით ვინც ღიზიანდება, ალბათ, "ოცნების" მხარდამჭერია... როდესაც პარლამენტის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაა, მისი დაკმაყოფილების გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?

- ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და ამ საკითხს წულუკიანმა სტრასბუ­რგში, ასე ვთქვათ, გაჰკრა კბილი - არჩევნები რომ დავნიშნოთ, ჩვენი ამომრჩეველი ვერ გაგვიგებსო. რადგან ეს ითქვა, ნიშნავს,­ რომ ასეც აპირებენ და ლოგიკურიცაა. წარმოიდგინეთ, არჩევნები რომ დანიშნონ, ამომრჩეველთა ის რაოდენობა, ვინც მათ ხმა მისცა, შეიძლება განახევრდეს იმის გამო, რომ "ოცნებამ" მათი ხმები დათმო.­ რომ ჩანდეს, რატომ დათმო, მკაფიო ლოგიკა­ რომ იყოს, მაშინ შეიძლება­ არ გაბრაზდნენ. დაახლოებით ასეთივე ლოგიკა იყო მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა პატიმრები გამოუშვა. მაშინ თქვა, ამას საქართველოსთვის ვაკეთებ, თორემ ამ პირებს­ უდანაშაულოდ არ ვთვლიო. ახლა ეს ლოგიკა აღარ გაჭრის, რადგან დასავლეთი კი ითხოვს არჩევნების დანიშვნას, მაგრამ საზოგადოების თვალში­ უკვე დასავლეთის იმიჯია გაბზარული, უფრო სწორად, "ოცნების" მომხრეთა­ დიდ ნაწილში, და მათთვის მიუღებელია ამ მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევა. მოხდა დასავლეთის­ პოლიტ­იკური მოთხოვნების დევალვაცია, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ევროსაბჭოში უთხრეს, თქვენ კი გაღიარებთ, მაგრამ ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო. გაუგებარია, თუ მაღიარებ, მაშინ რატომ უნდა ჩავატარო არჩევნები და, თუ უნდა ჩავატარო, მაშინ მომეცი მოტივი. ასე რომ, თავად დასავლეთია არეული მეტ-ნაკლებად საქართველოს საკითხში და არა მხოლოდ. ამ დღეებში ფიცომ თქვა, სლოვაკეთის არეულობაში უკრაინაში მებრძოლი ქართველები მონაწილეობდნენო, და ამაში არის ლოგიკა, რადგან თავის დროზე ფიცოს ხომ ესროლეს? ის კი, ვინც ფიცოს ესროლა, იმის უკან ხომ ლიბერალური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები იდგნენ? მთელ მსოფლიოში ფრონტის ხაზი კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის გადის და მისი დიდი ნაწილი ევროპაშია. ამ ბრძოლაში საქართველომ დიდი წონა მიიღო, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩინური ტრასა აქ გაივლის. ახლა მის გაკონტროლებაზეა ლაპარაკი, ეს ვინ უნდა გააკეთოს, კონსერვატორებმა თუ ლიბერალებმა. დღეს ჩვენთან ხელისუფლებაში კონსერვატორები არიან, რომლებიც ხელს შეუწყობენ დასავლეთის კონსერვატიულ ძალებს, რომ გააკონტროლონ ჩინეთის ყოფნა კავკასიაში. ეს კი, წესით, ლიბერალებისთვის მისაღები არ უნდა იყოს, და რადგან არ არის, ე.ი. ლიბერალებმა უნდა სცადონ და ხელისუფლება შეცვალონ მანამდე, ვიდრე ჩინური მანქანა ამუშავდება.

- ხელისუფლების მიერ აქციებისა­ და მოშიმშილეთა "არშემჩნევა" როდემდე უნდა გაგრძელდეს?

- საგამოძიებო კომისია მუშაობას რომ დაიწყებს, აქციები მერე ნახეთ.

- რისთვის სჭირდება ახლა "ოცნებას" ეს?

- გააჩნია, რა ამოცანა აქვთ.

- რა ამოცანა შეიძლება ჰქონდეთ?

- კაცმა არ იცის, რადგან უკვე 12 წელია გასული. 12 წლის წინანდელი რაღაცები კი აღარაა აქტუალური. აქტუალური ახლა არის ლიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირება.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში პროცესების განვითარების რა სცენარები არსებობს?

- საქართველოს ბედი არ წყდება საქართველოში და მსოფლიოში რა მოხდება, პროგნოზირება მიჭირს. ტრამპს აქვს ერთი დიდი ხარვეზი - შესანიშნავად შედის პოლიტიკაში, პიარის გემო იცის, მაგრამ ყოველთვის ვერ აკეთებს იმას, რის პირობასაც დებს. ამიტომ სადამდე გაგრძელდება კონსერვატიზმის ეს გამარჯვება, რაც ამერიკაში მოხდა, ამის თქმა მიჭირს. კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის ბრძოლა, შეიძლება ითქვას, შუა გზაშია, ჩვენ კი ამ დროს მკაფიოდ კონსერვატიზმის მხარეს ვართ. თუკი ლიბერალიზმი გაიმარჯვებს, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, მაშინ რევოლუციის დაკვეთა განმეორდება და დაცემულების წამოყენება დადგება დღის წესრიგში - ეს ერთი, და მეორე, რამდენიმე ვერსიაა თუკი კონსერვატიზმი გაიმარჯვებს­ - კერძოდ, თუ კონსერვატიზმმა გაიმარჯვა და ჩინეთთან დალაგდა ურთიერთობა ან ვერ დალაგდა. თუ ტრამპმა ჩინეთთან ჭიდაობაში აგრესიული შინაარსი ჩადო, ეს ჩვენთვის რთული სიტუაცია იქნება, მეორე მხრივ, თუ არ ეჭიდავეს ერთმანეთს, არამედ იპარტნიორეს (დღეს ტრამპი ამაზე ლაპარაკობს კიდეც, ამიტომ მიდის ჩინეთშიც და ა.შ.), ეს ჩვენთვის იდეალური სიტუაცია იქნება, რადგან თუკი ჩინეთი გაძლიერდა და შემოვიდა კავკასიაში, მაშინ შეიძლება რეალური საუბარი დაიწყოს, რომ ამერიკამ გააკონტროლოს კავკასიაში ჩინეთის ყოფნა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ჩინური ტვირთების ტრანსპორტირებიდან მილიარდები დარჩება. ამავე დროს ექნება პოლიტიკური დივიდენდი ჩინეთიდან, რადგან ჩინეთს არ სჭირდება კონფლიქტები იქ, სადაც თავად არის. ჩინეთი კონფლიქტების მოგვარებაში, როგორც ადრე ჩინეთის ელჩმა თქვა, შეიძლება დაგეხმაროთო. რეალურია, დაგვეხმაროს და ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი სიტყვას ვერ უბრუნებს. ესეც დადებითი სცენარი.

რუსა მაჩაიძე