„შესაძლოა უმრავლესობას გრიპის სიმპტომები გაუხანგრძლივდეს, მაგრამ გართულებების რისკი ნაკლებია“ - კვირის პალიტრა

„შესაძლოა უმრავლესობას გრიპის სიმპტომები გაუხანგრძლივდეს, მაგრამ გართულებების რისკი ნაკლებია“

ჩვენი საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ პრეპანდემიურ სიტუაციაში ვართ მომრავლებული გრიპით დაავადებულთა გამო. როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, ამის შესახებ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება.

- ცივი სეზონი (გვიანი შემოდგომა და ზამთარი) იმით გამოირჩევა, რომ რესპირა­ციული ინფექციების შემთხვევები იმატებს­, და წლევანდელი წელიც არ არის გამორჩე­ული - მატება გვაქვს. ეს განსაკუთრებით გრიპის ვირუსზე ითქმის, რომელიც ყველაზე საყურადღებო რესპირაციული ინფექციაა და ახასიათებს მძიმე გართულებები და მიმდინარეობა. თუ შევხედავთ ბოლო რამდენიმე კვირის მონაცემებს, გრიპის ვირუსის წილი რესპირაციულ ინფექციებში­ გაზრდილია დეკემბრის თვესთან შედარებით და დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეებს აღენიშნებათ­ რესპირატორული სიმპტომები, მათ ნახევარს ეს გამოწვეული აქვს გრიპის ვირუსით.

- ე.წ. ღორის გრიპზეა ხომ საუბარი?

- ამჟამად გრიპის ვირუსის რამდენიმე­ ქვეშტამი ცირკულირებს. ორ მათგანს გამოვყოფ - ეს არის A ტიპის ერთ-ერთი ქვეშტამი, კონკრეტულად H1N1, ღორის გრიპი, და B ტიპის. რესპირაციული ინფექციების 40-50%-ის უკან ეს ორი დგას.

გრიპის გარდა, სხვა რესპირაციული ვირუსებიც გვხვდება, მათ შორის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ძირითადად, გვხვდება ბავშვებში, რაც ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება. ამ ეტაპზე გრიპის შემდეგ ყველაზე საყურადღებოა ეს ვირუსი და სხვა კორონავირუსები, რომელთაც ახასიათებთ უფრო მსუბუქი სიმპტომატიკა.

- როგორი კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება ზემოხსენებული გრიპის ვირუსები?

- გრიპი იმითაც გამოირჩევა სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, რომ მას უფრო მეტად გამოხატული ინტოქსიკაცია და მძიმე სიმპტომები ახასიათებს. დასაწყისი, როგორც წესი, მწვავეა, ადამიანს ეწყება მაღალი ტემპერატურა, შეიძლება ახლდეს სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი, ამას მოსდევს რესპირატორული ჩივილები, როგორიცაა მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი... ეს სიმპტომებია საშუალოდ 5-7 დღის განმავლობაში, როცა სხვა რესპირაციული ინფექციების დროს სიმპტომები შეიძლება 3-4 დღეს გაგრძელდეს, ხოლო გრიპის დროს ეს სიმპტომატიკა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, შეიძლება გახანგრძლივდეს 1 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარეობს აღქმა, რომ რთულად გადააქვთ ეს ინფექცია.

გამოვყოფდი რისკ-ჯგუფებს, რომლებმაც შეიძლება მძიმედ გადაიტანონ გრიპის ვირუსი. ყველა დადასტურებული ან საეჭვო გრიპი არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტს, მაგრამ არის კატეგორია, რომელმაც აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ესენი არიან მცირეწლოვანი ბავშვები, იმიტომ, რომ მაღალი ტემპერატურის მართვა სახლის პირობებში შეიძლება გაჭირდეს, ასევე 60 წელს გადაცილებულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონენი, ან ვისაც აქვს თირკმლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტი და სხვა.

რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, უმრავლესობას შესაძლოა სიმპტომები გაუხანგრძლივდეს, მაგრამ გართულებების რისკი ნაკლებია.

- გართულებებში რა იგულისხმება?

- იგულისხმება სასუნთქი სისტემის გართულებები, პნევმონია, ფილტვებისა და ქვემო სასუნთქი სისტემის დაზიანება, თუმცა არის სიმპტომები, რომლებიც საყურადღებოა და თუ მზარდია, ნებისმიერი ასაკის და იმუნური სტატუსის ადამიანმა­ უნდა მიმართოს ექიმს. თუ სიცხე გახანგრძლივდა და იწვევს ძლიერ სისუსტეს, არ ემორჩილება მედიკამენტებს, თუ ადამიანს აქვს მზარდი სუნთქვის უკმარისობა, დისკომფორტი მკერდის არეში, ან აქვს ძილიანობა და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

რისკ-ჯგუფებში დროული მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც ეფექტურია, თუ დაინიშნება პირველი 48-72 საათის განმავლობაში. ის ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკებს. ბევრი ამა თუ იმ მედიკამენტს, მათ შორის ანტივირუსულსაც, თვითნებურად იღებს, რაც არ არის სწორი, დოზა ექიმმა უნდა დანიშნოს.

- ამ ეტაპისთვის საავადმყოფოებში რა სიტუაციაა?

- მომართვიანობა გაზრდილია, მაქვს ინფორმაცია ბავშვთა კონტინგე­ნტზეც, მაგრამ განსაკუთრებით მოზრდილებში, როგორც ამბულატორიულში, ასევე სტაციონარშიც მომა­რთვა გახშირებულია. პაციენტთა უმრავლესობა ქრონიკული დაავადე­ბების მქონეა და 90%-ზე მეტი არ არის ვაქცინირებული. ვაქცინაცია ერთ-ერთი­ ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალებაა და ამცირებს დაავადების­ მძიმე მიმდინარეობას.­ სასურველია მისი ჩატარება შემოდგომის ბოლოს, თუმცა მერეც არა აქვს უკუჩვენება.

- სიკვდილიანობის მაჩვენებელი თუ არის?

- საზოგადოდ, გრიპს 0.1-0.5%-მდე სიკვდილიანობა ახასიათებს. ამას გარდა, რისკ-ჯგუფებში მოსალოდნელია გართულება ფილტვების ანთებით ან სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანებით, რაც შემდეგ საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობასა და დაყოვნებას საავადმყოფოში. გრიპი იმითაც არის ვერაგი ინფექცია, რომ შეუძლია დააზიანოს სხვა ორგანოთა სისტემები, ან გაართულოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადება. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, თუ ადამიანმა გადაიტანა გრიპი, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალმა, აუცილებლად მივიდეს ექიმთან და შეაფასებინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა..

- მეტწილად ვის ემართება გრიპის ეს ვირუსები, ბავშვებს თუ მოზრდილებს?

- ყველა კონტინგენტში გვხვდება. ბავშვთა ასაკში გავრცელებას ხელს უწყობს შეკრებები, სკოლები, ბაღები....

- გვაქვს თუ არა პრეპანდემიური სიტუაცია?­

- მე ვიტყოდი, საყურადღებო ეპიდსი­ტუაცია გვაქვს, თუმცა ეს სეზონზე ბუნებრივია და არა მგონია, ისეთი მასშტაბი მიიღოს, საზიანო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაძლებელია შემთხვევების ზრდის ტენდენცია 1-2 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყება.

- პანდემიის დაწყების შიში იმასაც მოჰყვა,­ რომ გავრცელდა ინფორმაცია ჩინეთში გავრცელებული ვირუსის შესახებ, რომელსაც რამდენიმე პროვინციის ჩაკეტვა მოჰყვა.

- ჩინეთში მეტაპნევმონიის ვირუსია, რომელიც დიდი ხანია ცირკულირებს, მათ შორის საქართველოშიც გვაქვს ხოლმე შემთხვევები, ძირითადად, ბავშვებში. ამ ვირუსს გრიპთან შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. მეტაპნევმონიით გამოწვეული ინფექციით შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება, ისეთივე გავრცელება აქვს, როგორიც წინა წლებში.

- ახლა გრიპის პიკი გვაქვს?

- შეიძლება ასეც ითქვას. რომელსაც როგორც მოგახსენეთ, ძირითადად, 2 ქვეშტამია დომინანტი. ჩემი პროგნოზით, 2-3 კვირაში დაიწყება შემთხვევათა კლება.