როგორ შევარჩიოთ კურორტი - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიოთ კურორტი

დამღლელი სამუშაო წლის, სტრესული გარემოსა და დაძაბული სოციალური ფონის შემდეგ ორკვირიანი შვებულება მართლაც რომ, შვებაა. თუმცა, არასწორად დაგეგმილმა დასვენებამ, შესაძლოა, მთელი სამუშაო წლის განმავლობაში დამატებითი პრობლემები შეგვიქმნას. იმისთვის, რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ ავითვისოთ შვება-დასვენებისთვის განკუთვნილი დღეები, მიღებული ენერგია კი მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს, გთავაზობთ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისი-სპა ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის თერაპევტის, მანანა ტაბიძის რჩევებს:

- საქართველო ძალიან მრავალფეროვანია კურორტებით. ყოველ კურორტს თავისი დადებითი და უარყოფითი მაჩვენებელი აქვს, ამიტომ აუცილებელია მათი სწორად შერჩევა.

- მათ, ვისაც ჩვილი ჰყავს, სად შეიძლება დააღწიონ თავი ქალაქის ხვატს?

- უმჯობესია, ახალდაბადებული ბავშვი საცხოვრებელი ადგილიდან არ გავიყვანოთ, მას უჭირს სხვა გარემოსთან ადაპტირება. უკიდურეს შემთხვევაში სჯობს, ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტზე შევაჩეროთ არჩევანი. 1 წლამდე ბავშვის ზღვაზე წაყვანაც არ არის სასურველი, ამ შემთხვევაში მთის კურორტი საუკეთესო არჩევანია.

- იმისთვის, რომ ბავშვმა შეირგოს კურორტის დადებითი თვისებები, რამდენი ხნით უნდა წაიყვანოს მშობელმა?

- ამისთვის თვე-თვენახევარი აუცილებელია. ჯერ მინიმუმ ერთი თვით უნდა გავიყვანოთ მთის კურორტზე, შემდეგ კი ორი კვირით ზღვაზე. ტემპერატურული სხვაობა, გრილი ჰავა, ჟანგბადის პარციალური წნევა, წიწვოვანი ტყის ჰაერის დადებითი თვისებები იწვევს შინაგანი რესურსების გაძლიერებას, რომელიც ბავშვსაც და მოზრდილსაც მთელი წლის განმავლობაში ჰყოფნის.

- საქართველოში, დასაქმებულთა უმეტესობას, ორკვირიანი შვებულება გვაქვს. როგორ შევარჩიოთ კურორტი სწორად?

- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის სისტემა, სჯობს წახვიდეთ იქ, სადაც მინერალური წყალია. თუ ადვილად ცივდებით და ბრონქების პრობლემა გაქვთ, ამ შემთხვევაში მთის კურორტებია იდეალური. და საერთოდ, თუ გაქვთ სოფელი, სადაც არ არის დაბინძურებული ჰაერი (როგორიც მაგალითად ზესტაფონის რაიონის სოფლებშია, ფეროშენადნობ ქარხანასთან სიახლოვის გამო), იქ დასვენება თქვენს ჯანმრთელობას დადებითად წაადგება.

- მათ, ვისაც სამუსაო გრაფიკიდან გამომდინარე, უძრავად ყოფნა ან ხშირად ჯდომა უწევს, სად ურჩევთ შვებულების გატარებას?

- სჯობს, გაემგზავროთ ისეთ კურორტზე, სადაც ზღვა ან მდინარეა. ამ დროს ცურვა იდეალურია თქვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.

- ჯანსაღ ადამიანს, რომელსაც სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა, როგორ დასვენებას ურჩევთ?

- ამ შემთხვევაში სჯობს, ყური მიუგდოთ საკუთარ ორგანიზმსა და მოთხოვნილებებს. თუ თქვენ გრძნობთ, რომ ენერგიის ასანაზღაურებლად მეტი ძილი, მშვიდი გარემო და ზოგადად, პასიური დასვენება გჭირდებათ, არ მოიკლოთ ეს სიამოვნება. თუმცა, ზოგს აქტიური დასვენება და ღამისთევაც უნდება, არც ეს არის პრობლემა. მთავარია, სწორად გადავანაწილოთ დრო და დავზოგოთ ენერგია, რომ დასვენების ნაცვლად კიდევ უფრო არ გადავღალოთ ორგანიზმი. ნებისმიერ კურორტზე აუცილებელია, რაციონალურად დასვენება.

- რას ურჩევთ მათ, ვინც საერთოდ ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას?

- ეცადეთ, შაბათ-კვირა მაინც გამოიყენოთ, რომ ბუნების წიაღში გახვიდეთ. მერწმუნეთ, ეს თქვენი ორგანიზმისა და ფსიქიკისთვის აუცილებელია.

ელენე აბულაძე (სპეციალურად საიტისთვის)